Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ისევ იაშვილი, ისევ დინამოსთვის...

3-07-2015
2 კომენტარი

სიმართლე გითხრათ, არქივი არ გადაგვიქექია, ისე კი ვერ ვიხსენებთ კაცნაკლულმა ქართულმა გუნდმა საერთაშორისო მატჩი ბოლოს როდის მოიგო, ან საერთოდ მოუგია თუ არა... დინამო თბილისმა გუშინ სწორედ რომ ათი ფეხბურთელით დაამარცხა აზერბაიჯანული გაბალა და დინამო-არენას გაახლებულ 8 ათასს სკამზე მსხდომ ქომაგს დიდი სიხარული მოჰგვარა. კარგა ხანია მათ დინამოზე ისე არ უნერვიულიათ, როგორც გუშინ... გუშინ კი თბილისელებმა ისეთი თამაში გააჩაღეს, თქვენი მოწონებული... დინამო-არენაზე გუშინ ემოციები მოზღვავებული იყო, მიზეზიც იცოცხლეთ, საკმაო გახლდათ: დინამოს ახალი მწვრთნელი და ალექსანდრე იაშვილის მეთაურობით ახალი ფეხბურთელები, მონატრებული საერთაშორისო მატჩი და ყინჩი მეზობელები აზერბაიჯანიდან, თავი რომ ისე ეჭირათ, თითქოს თამაში უკვე მოგებული ჰქონოდათ... ისე, აზრებაიჯანის ხსენებაზე, სად იყო მაშინ გაბალა, როცა დინამო ვარსკვლავებს ეთამაშებოდა?! ჩვენმა კოლეგამ მოსწრებულად იხუმრა კიდეც, რას მოესწრო გაბალა, დინამოს ქომაგი მათ შეტევებს გამაყრუებელი სტვენით რომ პასუხობსო... გუშინ კი სტვენაც იყო და გულიანი ქომაგობაც... მეტოქის შეტევების ჩახშობას მაყურებელი ტრიბუნიდან სტვენა-ხმაურით ცდილობდა, გუნდი _ მოედანზე. დინამოელებს თავი არ დაზოგავთ, მოინდომეს, ბოლომდე იბრძოლეს და ამის შემხედვარი ქომაგიც მათ გვერდით დადგა. დამერწმუნებით, თამაშიც და ქომაგობაც ასე უფრო იოლია.

დინამოს შემადგენლობაში ერთი ცვლილება მატჩის დასაწყისშივე თვალში მოგვხვდა. დაცვის ცენტრში გია გეგუჩაძეს გველესიანი-ჭელიძის დუეტი გაემწესებინა, რენე სკამზე იჯდა, მარცხნივ კი კაპიტანი თოთაძე თამაშობდა... წინა სეზონი კი დინამომ ცენტრში სწორედ თოთაძე-რენეს დუეტით ჩაამთავრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გეგუჩაძისეულ გადაადგილებას ობიექტური მიზეზი ჰქონია _ რენეს, თურმე, ოჯახური პრობლემების გამო მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა და ოპტიმალურ ფორმაშიც არ ყოფილა... მოგვიანებით, ასევე ობიექტური მიზეზებით, მწვრთნელმა რენე თამაშში მაინც ჩართო და მანაც გაამართლა _ მეტოქის რამდენიმე შეტევა გააზრებულად ჩაშალა და უფორმობისაც ბევრი არაფერი ეტყობოდა... უფორმობისა რა გითხრათ, მაგრამ  გამოცდილებამ კი აშკარად დააღალატა დინამოს ტანმაღალი მცველი გველესიანი, ვინც მოედნის ცენტრში, სრულიად უხიფათო სიტუაციაში მეტოქეს ისე ეუხეშა, მსაჯს თავი გააძევებინა... მართალია, ებრაელ არბიტრს გველესიანის დანდობა შეეძლო, მაგრამ ნამეტანი პრინციპული გამოდგა. ფეხბურთში არსებობს მასპინძლის ფოლის გაგება, როცა არბიტრს მასპინძლისთვის წითელის ნაცვლად ყვითლის ჩვენება შეუძლია და კაციშვილი პასუხს ვერ მოთხოვს: როცა არბიტრი მასპინძლის სასარგებლოდ საკამათო ოფსაიდს ატარებს; როცა არბიტრი არჩევანისას გადაწყვეტილებას მასპინძლის სასარგებლოდ იღებს... მით უმეტეს, არბიტრს პირველ ტაიმში მსგავსი ფოლისთვის სტუმარი ფლორესკუ ჰყავდა დანდობილი. გუშინდელი შეხვედრის 51-ე წუთზე კი ებრაელმა როი რაინშრაიბერმა სხვანაირად განსაჯა და უგოლო თამაშისას მასპინძლები კაცნაკლულები დატოვა. გაბალამ გოლიც მაშინვე გაიტანა, მაგრამ კიდევ კარგი თანამსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა... 

გია გეგუჩაძეს კი სკამზე 38 წლის ალექსანდრე იაშვილი ეგულებოდა. გამოცდილი ფორვარდი, რომლის მოედანზე გამოჩენამაც დიდი ოვაციები გამოიწვია, ხოლო ფეხბურთელმა ერთხელაც დაადასტურა თავის უმაღლესი კლასი. არ გადავაჭარბებთ, დინამოს გუშინდელი წარმატება დიდწილად სწორედ აკუნა იაშვილის თამაშმა და მისმა ავტორიტეტმა განაპირობა. დინამოს, რომელიც იაშვილამდე თითქოს გაძლებაზე იყო, იაშვილის გამოჩენის შემდეგ მეორე სუნთქვა გაეხსნა და იქამდე თითქმის უიმედო შეხვედრა, სათავისოდ დაამთავრა... იაშვილმა თანაგუნდელებზე სტიმულატორივით იმოქმედა, მან გაბალელთა დაცვა აშკარად მოაყანყალა. ჯერ თავად სცადა შეტევა, შემდეგ კი საჯარიმოს მისადგომებთან ორი მცველი გაიყოლა, ბურთიანმა პაპუნაშვილმა კი გამოთავისუფლებულ ჯიღაურს პასი დროულად შეაყოლა და მანაც ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. დინამოს და ხალხის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გია გეგუჩაძე კი მოზეიმე დინამოელებში შევარდა და უფრო ყურადღებით თამაშისკენ მოუწოდა და შეაგულიანა. 

ფრთაშესხმულმა და დაწინაურებულმა დინამომ კიდევ მძლავრად შეუტია და მაშინვე მეორედ გატანაც შეეძლო _ სწორედ იაშვილს არ გაუმართლა, მისი დარტყმული ბეზოტოსნიმ გაჭირვებით კუთხურზე მოიგერია. იქვე თოთაძესაც არ გაუმართლა _ ორი მეტრიდან მის თავურს ძალა დააკლდა და გაბალა ამჯერადაც მეკარე გადაარჩინა. 

სტუმრებს შოკიდან გამოსასვლელად რამდენიმე წუთი დასჭირდათ, მერე კი ყველასთვის მოულოდნელად, გაბალას კაპიტანმა ჰუსეინოვმა ბურთს ისეთი შემოსცხო, თავადაც გაკვირვებული დარჩა. სტუმართა ჰავბეკმა ანგარიში მართალაც ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა. 

აზერბაიჯანელებმა საქმე მომთავრებულად ჩათვალეს, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრიბუნებმა ერხელაც იხუვლეს _ პაპუნაშვილს ერთბაშად ორი მცველი დაედევნა, ვერც ერთმა შეაჩერა, თავად კი მეკარეს ბურთი შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა. გაბალას მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა ხელები თავში წაიშინა... რის ნიშნად?! ეს უკვე გაბალაში გამოჩნდება...  

 



მერე დინამოს საყრდენი ცინცაძე დაუშავდა და შეცვლის ლიმიტის ამოწურვის გამო, გუნდს ორი წუთი ცხრაკაცით თამაშმა მოუწია. ცინცაძე მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ არბიტრმა სამაგიეროდ ძირითად დროს მთელი ხუთი წუთი წაამატა. დინამომ კი გაძლო და მოიგო. მართალია გაბალამ სტუმრად გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ ერთგვარი უპირატესობა მიიღო, მაგრამ ისიც ვთქვათ,  რომ გაბალას თამაში მოსაგები აქვს, ხოლო დინამოსთვის შემდეგი ეტაპზე გასასვლელად ფრეც იკმარებს. ამ დინამოს, ამ ბრძოლით და შემართებით ევროპის ლიგიდან გაბალას დათხოვნა ნამდვილად შეუძლია... დინამოს კარგი გუნდის პირი უჩანს... ეს გუშინდელი მატჩის პირველ ტაიმშიც კარგად გამოჩნდა, როცა მეტოქეს აშკარად სჯობდა, მაგრამ უქმად არც სტუმარი გუნდი იყო, მომენტები მათაც ბლომად ჰქონდათ... გაბალელთა საგოლე შანსები უფრო დინამოს დაცვის ელემენტარული შეცდომების შედეგი გახლდათ, ვიდრე მეტოქის ფეხბურთელების დამსახურება, არადა აზერბაიჯანელებს მაღალი დონის შემტევები ჰყავთ. 

მოკლედ, ვნახოთ, დინამოს თამაში მოგებული აქვს და აწი გაბალამ იკითხოს. ისე, მართლაც, რა დრო დადგა, რომ გაბალასთან დინამოს წარმატებას კიდევ ეჭვით ვუყურებთ... გავიმეოროთ და ერთხელაც ვიკითხოთ: სად იყო გაბალა, როცა დინამო ვარსკვლავებს ეთამაშებოდა?!



gff.ge
კობა ინასარიძე

http://fci.ge/uploads/posts/2015-07/1435937971_iashvili.jpg
მწვანე ზონა
კომენტარები: 1340
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  ogafa  
7 ივლისი 2015 01:24
იქაც მოიგებს დინამო
Merani-Martvili
Georgia
კომენტარები: 397
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 1  Ancient Alien  
4 ივლისი 2015 21:42
მართლა ისევ იაშვილი. მოედანზე რომ გამოვიდა ვიგრძენი რომ ნამდვილი ფეხბურთელი შემოვიდა.
Dinamo-Tbilisi
Georgia

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi