Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

დილა გაიხსნება, ჩვენ გავიტანთ

21-07-2015
0 კომენტარი

პარტიზანმა ტრადიცია დაარღვია და წინასამატჩო ვარჯიში იმ სტადიონზე არ ჩაუტარებია, სადაც თამაში უნდა გაიმართოს. ბელგრადული კლუბის თავკაცმა ზორან მილინკოვიჩმა თბილისი-გორი და გორი-თბილისის 70-კილომეტრიანი დისტანციის ზედმეტად დაფარვაზე უარი თქვა და პარტიზანის მატჩამდელი ვარჯიში თბილისში დანიშნა. „ვიცით, რომ გორში მაღალი ხარისხის გაზონია და გადავწყვიტეთ, მისი შემოწმებისა და დამატებითი მგზავრობისგან თავი შეგვეკავებინა. თბილისში დილის ოთხის ნახევარზე ჩამოვფრინდით და კიდევ ტრანსპორტში ჩაჯდომა სიკეთეს არ მოგვიტანდა“, - გვითხრა მილინკოვიჩმა. 

წვრთნა, თავდაპირველი ინფორმაციით, „დინამო არენაზე“ უნდა გამართულიყო, მაგრამ სტუმრებმა ბოლოს კარლო მჭედლიძის „ოლიმპიკის“ აკადემიას მიაშურეს. ვარჯიში, ტრადიციულად, საწყისი 15 წუთის განმავლობაში იყო ღია და საათზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა – აშკარაა, რომ სამწვრთნელო შტაბი ნამგზავრი ფეხბურთელების ზედმეტად დატვირთვას მოერიდა.

მანამდე კი სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ წინასამატჩო პრესკონფერენცია გაიმართა. პარტიზანი სწორედ იქ არის დაბინავებული. პრესკონფერენციაზე ბელგრადულ კლუბს მთავარი მწვრთნელი ზორან მილინკოვიჩი და 27 წლის სლოვენიელი მცველი გრეგორ ბალაჟიჩი წარმოადგენდნენ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში ლვოვის კარპატიში მურთაზ დაუშვილის თანაგუნდელი იყო.

ბალაჟიჩი რუსულად საუბრობდა და ამავდროულად თარჯიმნის ფუნქციებიც შეასრულა. მწვრთნელის სიტყვებს სწორედ იგი თარგმნიდა, ასევე არ დაგვზარდა და სერბი ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებიც გვითარგმნა. უნდა ითქვას, რომ სტუმრები ჩვენ მიმართ კეთილად იყვნენ განწყობილნი, აქ ჩამოსული ბევრი უცხოელი კოლეგისგან განსხვავებით, მილინკოვიჩი მალიმალ საათზე არ იყურებოდა და შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. 

პარტიზანს საქართველოში ათამდე ჟურნალისტი ჩამოჰყვა, კლუბის ოცამდე გულშემატკივარს კი დღეისთვის ელიან.

ზორან მილინკოვიჩი:

მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. აქ ერთბურთიანი უპირატესობით ჩამოვედით, მაგრამ კარგად გვესმის, რომ საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლა კი არა, ამ კონკრეტული მატჩის მოგებაცაა.

დილა ძლიერი მეტოქეა და მის შესაძლებლობებს ადეკვატურად ვაფასებთ. გორში სულ სხვაგვარ თამაშს ველი. დილას გოლი აქვს გასატანი და ამიტომაც დაცვაში ვერ ჩაჯდება. ვალდებულია, შეუტიოს, ჩვენც შეტევა გვიყვარს და სწორედ ამიტომ სანახაობრივი ფეხბურთის მოლოდინში ვარ.

დილას შემადგენლობიდან ყველაზე სახიფათო ფეხბურთელად ირაკლი მოდებაძე მიმაჩნია. მას ბელგრადში არ უთამაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საპასუხო მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს და ბევრ თავსატეხს გაგვიჩენს.

ჩვენი გეგმის შესახებ კი დაუფარავად გეტყვით – გვინდა, სწრაფი გოლი გავიტანოთ და ამით ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი გადავწყვიტოთ.

რა არის პარტიზანის მიზანი მიმდინარე სეზონში?

შიდა ასპარეზზე სერბეთის ჩემპიონობის შენარჩუნება, ევროპაში კი – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრა. ვფიქრობ, საამისოდ საკმარისად კარგი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს.

როგორ ფიქრობთ, ბელგრადში დაფიქსირებული 1:0 ლოგიკური ანგარიში იყო?

მიმაჩნია, რომ არ იყო ლოგიკური. ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, იყო გაუმართლებლობის ფაქტორიც. როგორ შეუძლია პარტიზანს შეტევა და გატანა, ეს კარგად გამოჩნდა სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, როცა 4:0 გავიმარჯვეთ.

გრეგორ ბალაჟიჩი:

ჩვენი მეტოქე პატივისცემის ღირსია, მაგრამ მჯერა, რომ პარტიზანი დილაზე უკეთესი გუნდია და ამ ეტაპს გადალახავს. ჩვენი გუნდის ფილოსოფია შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებაა და გორში საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

***

პარტიზანი თბილისში 19 ფეხბურთელით ჩამოვიდა. მწვრთნელის თქმით, ყველა მათგანი ჯანმრთელადაა. დილასგან განსხვავებით, რომელსაც ბელგრადში გაძევებული გუგა ფალავანდიშვილი დააკლდება, პარტიზანს დისკვალიფიცირებულები არ ჰყავს. საქართველოში ბელგრადელთა ყველა ის ფეხბურთელია ჩამოსული, რომლებმაც დილასთან პირველ მატჩში ითამაშეს. ჩამოსულთაგან ყველაზე უფროსი 37 წლის საშა ილიჩია, ყველაზე უმცროსი კი – 17 წლის ივან საპონიჩი.

ძირითად თერთმეტეულსა და შვიდ სათადარიგოს მილინკოვიჩი შემდეგი 19 ფეხბურთელისგან აარჩევს:

მეკარეები: ჟივკო ჟივკოვიჩი, ფილიპ კლიაიჩი;

მცველები: ლაზარ ცირკოვიჩი, ნემანია პეტროვიჩი, მიროსლავ ვულიჩევიჩი, გრეგორ ბალაჟიჩი (სლოვენია), 
მიროსლავ ბოგოსავაცი, ფაბრისიო (ბრაზილია);

ნახევარმცველები: საშა ილიჩი, სტეფან ბაბოვიჩი, დარკო ბრაშანაცი, მარკო იევტოვიჩი, ანდრია ჟივკოვიჩი, ნიკოლა ნინკოვიჩი, ნიკოლა ტრუიჩი, საშა ლუკიჩი;

თავდამსხმელები: ვალერი ბოჟინოვი (ბულგარეთი), ივან საპონიჩი, აბუბაქარ ომარუ (კამერუნი).

***

გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სტადიონზე მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ასეთი ნაადრევი დაწყების მიზეზი ის არის, რომ გორის არენას ღამის განათება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული, დიდი ალბათობით, ბუქარესტის სტიაუას დაუპირისპირდება. იმედია, ევროსეზონი დილასათვის დღეს არ დასრულდება...

 

gff.ge
ლევან ჯანეზაშვილი

http://fci.ge/uploads/posts/2015-07/1437474974_dila.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi