Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ევრო 2016: A ჯგუფის პროფილი

22-03-2016
2 კომენტარი

უკვე მარტის 22 რიცხვია, დადგა პირველი სანაკრებო პაუზა 2016 წელს და იგრძნობა საზაფხულო სურნელი, რომელიც ძალიან მალე მთელს ევროპას დაიპყრობს. საფრანგეთში გრანდიუზოლი ევროპის ჩემპიონატი გველოდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ სულ რაღაც ორ კვირაში დაიწყება, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა წლის მთავარ სპორტულ მოვლენამდე.

 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე კიდევ არის მოსამზადებლად, დროა ნელ–ნელა შევიქმნათ განწყობა და გავეცნოთ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს, რომლებიც ამჯერად უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე წინა წლებში. უეფას ინიციატივით, ევრო 2016–ზე 24 გუნდი იასპარეზებს, საიდანაც მხოლოდ რვა ვერ გადალახავს ჯგუფური ეტაპის ბარიერს. ამ ახლმა ინოვაციამ უკვე არაერთ ეროვნულ ნაკრებს მისცა იმის შანსი, რომ პირველად იასპარეზოს ასეთ დიდ ტურნირზე და A ჯგუფშიც გვყავს ასეთი კოლექტივი – ალბანეთის ეროვნული გუნდი, რომელმაც ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში. ალბანელების გარდა პირველ ჯგუფშ რა თქმა უნდა, არის ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და კიდევ ორი ძალიან საინტერესო გუნდი განსხვავებული სათამაშო სტილით: შვეიცარია და რუმინეთი. მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს ორი ნაკრები გაითამაშებს მეორე ადგილს, ფავორიტი და აუსტსაიდერი კი გამოკვეთილია. თუმცა, ეს ევროპის ჩემპიონატია, სადაც ყოველი მატჩი 90 წუთი გრძელდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, ფავორიტის სტატუსი ფურცელზე არაფერს ნიშნავს. ასეთ ტურნირებზე წარმატების მისაღწევად აუცილებელია სრული კონცენტრაცია და მაქსიმალური ყურადღება. ეს თითოეული ფეხბურთელის შანსია, დატკებს ამ უნიკალური შესაძლებლობით და რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს თავი ევროპულ კონტინენტზე.

 

ბრაზილიაში გამართული დიდებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ამ ევროს მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესი და მოლოდინია. ფრანგები, როგორც წესი, გამოირჩევიან ორიგინალურობით და ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ. მანამდე კი ვნახოთ რა სიტუაციაა პირველ ჯგუფში, სადაც სწორედ ტურნირის მთავარი ფავორიტი, უფროსწორად ერთ–ერთი მთავარი ფავორიტი იასპარეზებს.

 

ალბანეთი

 

საუკეთესო შედეგი: ეს მათი პირველი ევროპის ჩემპიონატია

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – ერიონ ბოგდანი (18); მოქმედი – ჰამდი სალიჰი (11).

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – ლორკ კანა (87); მოქმედი – ლორიკ კანა (87).

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1930

ზედმეტსახელი: არწივები

მთავარი მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი (იტალია)

 

ალბანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მთავარი სენსაციაა! ალბანელებმა იდეალურად გამოიყენეს უეფასგან ბოძებული შანსი და ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს. ალბანეთმა ჯგუფში ჩატოვა საკმაოდ კარგი შემადგენლობის მქონე სერბეთის ნაკრები და აგრეთვე ძალიან გამოცდილი დანიის ეროვნული გუნდი. ეს უდავოდ ნამდვილი სენსაცია იყო, მაგრამ არანაერად შემთხვევითი. ასეთ წარმატებები ვერ იქნება შემთხვევითი, რადგან ეს არ არის ერთი ან ორი თამაში, სადაც გამორიცხული არაფერია. ალბანეთური ფეხბურთი სერიოზულად ვითარდებოდა ბოლო წლებში, რაც დაეტყო საკლუბო ფეხბურთს, მოთამაშეთა წარმატებულ ასპარეზობას ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და დაგვირგვინდა ევრო პირველობაზე მოხვედრით. ალბანეთის ეროვნული გუნდის რიგებში რამდენიმე საინტერესო, წარმატებული ფეხბურთელია: ეტრიტ ბერიშა („ლაციო“), ელსედ ჰისაი („ნაპოლი“), მიორგლიმ მავრაი („კიოლნი“), ლორიკ კანა („ნანტი“), ტულანტ ჯაკა („ბაზელი“), შკელზენ გაზეი („ბაზელი“). გუნდის მთავარი მწვრთნელი კი გამოცდილი და ჭკვიანი იტალიელი სპეციალისტი ჯანი დე ბიაზი გახლავთ. ალბანელები რა თქმა უნდა ახლოსაც არ ყოფილან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან და მათი მოკლე პროფილი ასე გამოიყურება. ახლა კი უფრო დეტალურად გავეცნოთ ევრო 2016–ს ყველაზე მოულოდნელ სტუმარს.

 

სათამაშო სტილი

ალბანეთის ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა პორტუგალიის შემდეგ და გაუშვეს მხოლოდ ხუთი გოლი. ასეთი მაჩვენებელი კიდევ რამდენიმე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ამაზე უკეთესი მხოლოდ ოთხს. სამაგიერდ, დე ბიაზის გუნდმა მხოლოდ შვიდი გოლის გატანა მოახერხა რვა შეხვედრაში, რაც ყველაზე დაბალი შედეგია ევრო 2016–ზე მოხვედრილ გუნდებს შორის. ოფიციალურ სტატისტიკასი ათი გოლი წერია, რადგან სერბეთთან ჩაშლილი, სკანდალური თამაშის გამო ალბანელებს ავტომატური მოგება ჩაუთვალეს ანგარიშით 3:0. საკვალიფიკაციო ეტაპი ალბანელებმა ეგრევე სენსაციით დაიწყეს და 1:0 დაამარცხეს ავეიროში პორტუგალიის ნაკრები. ამას მოჰყვა ფრე დანიასთან და ზედიზედ ორი გამარჯვება. სერბეთთან ავტომატური 3:0–ს შემდეგ ალბანეთის ნაკრებმა სომხეთს მოუგო შინ 2:1 და ჯგუფის ლიდერი გახდა ოთხი ტურის შემდეგ ათი ქულით, რაც ნამდვილი საოცრება იყო. ჯანი დე ბიაზიმ ოთხივე შეხვედრაში ერთნაერი ტაქტიკით იასპარეზა და თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით. ალბანელები 4–5–1 სქემით მოქმედებენ, რომელიც საკმაოდ მოქნილი და პრაქტიკულია. დაცვითი თამაშის დროს იძლევა 6–3–1–ზე გადაწყობის საშუალებას, ხოლო შეტევითი პოტენციალის გასაძიერებლად მარტივად გადაეწყობიან 4–3–3 ან თუნდაც 4–3–1–2–ზე. ვარიანტები ასეთ ტაქტიკური განლაგების დროს საკმაოდ ბევრია და ამიტომაც იყენებს ბევრი შედარებით სუსტი ეროვნული ნაკრები, მაგრამ დე ბიაზი იტალიელი სპეციალისტია, შესაბამისად ტაქტიკური ელემენტები სრულფასოვნად ესმის. 59 წლის საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტი 2011 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებს ალბანეთს და საკმაოდ სერიოზული წარმატებით. თავდაპირველად მან 4–4–2 ტაქტიკა გამოსცადა და ნელ–ნელა მივიდა 4–5–1 განლაგებამდე. მის სიძლიერეს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ დაახლოებით რამდენიმე თვეში განაპირა ალბანელი მცველი ანდი ლილა, რომელიც უკვე დიდი ხანია ასპარეზობს ბერძნულ „პაოკში“ აქცია შემტევ ნახევარმცველად. ალბანელებმა ჯერ კიდევ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში აჩვენეს საკმაოდ ღირსეული თამაში. სტარტი მაშინაც იდეალური იყო, როდესაც ალბანეთმა ექვს ტურში ათი ქულა მოაგროვა, დაამარცხა სერიოზული გუნდები: სლოვენია, ნორვეგია და კვიპროსი. თუმცა, ჩააგდო დარჩენილი ნაწილი და საბოლოოდ მეხუთე პოზიციაზე გავიდა. თუმცა, დე ბიაზიმ გამოიტანა სწორი დასკვნები და გაითვალისწინა უკვე მომდევნო ციკლისათვის. ევრო 2016–ს საკვალიფიკაციო ეტაპამდე ნაყოფიერი პერიოდი გამოიარეს ალბანელებმა და აშკარად ემზადებოდნენ რაღაც არაორდინალურისათვის. ალბანეთმა ჩააგდო ამ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეც, მაგრამ გადამწყვეტი თამაში მოუგო გასვლაზე სომხეთის ეროვნულ გუნდს 3:0 და ისტორიული საგზური მოიპოვა. ალბანეთის ნაკრები დაცვითი სტილის ფეხბურთს თამაშობს, რომლის მთავარი კოზირი კონტრშეტევები და ეფექტური თამაშია. ალბანელები ძალიან ბევრს იბრძვიან ყოველ შეხვედრაში, საკმაოდ ორგანიზებულად და კომფაქტურად მოქმედებენ. ალბათ ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ–ერთი გამორჩეული თამაშები შედგა ფრანგების წინააღმდეგ. პარიზში ალბანელებმა ფრედ 1:1 ითამაშეს და შინ დაამარცხეს უდიდესი ისტორიის მქონე ნაკრები – 1:0, რაც ნამდვილი დღესასწაული იყო. დე ბიაზის ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც უდავოდ იმსახურებს პატივისცემას. გასაგებია, რომ ბევრს არ მოსწონს ასეთი სტილი, მაგრამ ალბანეთის ნაკრები სხვანაერად ვერ მიაღწევდა წარმატებას. მთავარია სწორი ტაქტიკა, სტრატეგია და რაც ყველაზე მთავარია – სურვილი. აშკარაა, რომ „არწივები“ მინდორზე ყველაფერს დებენ. თუმცა, გარდა ფიზიკური სიძლიერესია, გუნდს ტექნიკურადაც მშვენიერი მდგომარეობა აქვს. პორტუგალიის ნაკრებს ერთადერთი გოლი ჩინებულ სტილში შეუგდო ბეკიმ ბალაიმ. გარდა ამისა, საკმაოდ ტექნიკური ვინგერია „ბაზელის“ შემტევი გაში და ერმირ ლენიანი. ალბანეთის ეროვნული გუნდი კერკეტი კაკალის როლის თამაშს ეცდება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც უდიდესი მოვლენა იქნება მათთვის. ჯანი დე ბიაზი გამოიყენებს დაცვით ტაქტიკას, ამიტომ არავინ უნდა ელოდოს ალბანელებისგან საოცრად სანახაობრივ ფეხბურთს.

 

გულშემატკივრების ფაქტორი

 

 

შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ამ შესარჩევ ციკლში შესაძლოა ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ ალბანელებმა იგრძნეს საკუთარი ქომაგებისგან, რომლებიც ყოველთვის არანორმალურ ატმოსფეროს ქმნიდნენ სტადიონზე. ტირანაში არსებული არენა სულ რაღაც ოცი ათას მაყურებელს იტევს, მაგრამ ფანები მაინც ახერხებდნენ იდეალური ატმოსფეროს შექმნა, რაც უდავოდ ეხმარებოდა ჯანი დე ბიაზის უნიკალურ კოლექტივს. ალბანეთიდან საფრანგეთამდე დაახლოებით ორი ათასი კილომეტრია, მაგრამ ალბანეთის ნაკრებს ნამდვილად არ მოაკლდება მხარდაჭერა. დღევანდელ ფეხბურთში ძალიან დიდ როლს ასრულებენ ქომაგები, რომლებიც ფაქტიურად რეალური მე–12 მოთამაშე გახდნენ მინდორზე. პორტუგალიელებს ნამდვილი ჯოჯოხეთი დახვდათ, როდესაც ესტუმრნენ ტირანას და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ალბანეთს საოცარი, გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს. ევრო 2016 მთელი ქვეყნისათვის ზეიმია და მითუმეტეს ფეხბურთის მოყვარულთათვის, რომლებიც აუცილებლად ჩავლენ პარიზში და მთელი ჯგუფური ეტაპის განმავლობაში ღირსეულად დაუდგებიან გვერდით გმირ ფეხბურთელებს. ეს ის შესაძლებლობაა, რომელსაც „არწივების“ ფანტასტიკური ფანები არ გაუშვებენ ხელიდან. ასე, რომ ეს ფაქტორიც მნიშვნელოვანია და მიმზიდველი ალბანეთის ეროვნულ გუნდზე საუბრისას.

 

უპირატესობა

ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, პასუხი ერთფეროვანი და ბანალურია – თავისუფლება, მაგრამ სრულიად შეესაბამება რეალობას. ალბანეთზე მართლაც არანაერი ზეწოლა არ იქნება და დე ბიაზის შეგირდები ლაღად, ყოველგვარი ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე იმოქმედებენ. ეს ტურნირი არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებაც თითოეულმა ალბანელმა უნდა სცადოს. მათი ოცნება ახდა, ახლა მთავარია არ ჩავარდნენ ეიფორიაში და უბრალოდ დატკბნენ ამ მომენტით. ალბანეთის ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე გატარებული თითოეული წუთი ისტორიული იქნება და მოთამაშეებმა უნდა სცადონ ამ ლამაზი ისტორიის პრაქტიკულად დამშვენება. ალბანეთს არავინ მოთხოვს ფლეი–ოფში გასვლას ან რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას, ამიტომ ბიჭები მშვიდად გავლენ მინდორზე და უბრალოდ მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას. გარდა იმისა, რომ ევრო 2016 არის ნამდვილი მოვლენა ალბანური ერისთვის, ეს უდიდესი გამოცდილება იქნება როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჯანი დე ბიაზისთვის. თანაც, დაცვითი სტილის გუნდები ყველაზე კომფორტულად სწორედ მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც მათზე არანაერი ზეწოლა არ ხორციელდება. შესაბამისად, ალბანელთა მთავარი უპირატესობა სწორედ ის თავისუფლებაა, რომელიც ექნება ტურნირის დებიუტანტს.

 

პოტენციური შემადგენლობა

ახლა კი გთავაზობთ იმ მოთამაშეების სიას, რომლებიც ძალიან დიდი ალბათობით, აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე. გუნდებს 23 ფეხბურთელის წაყვანის უფლება აქვთ.

 

მეკარეები: ეტრიტ ბერიშა („ლაციო“).

 

მცველები: ელსიდ ჰისაი („ნაპოლი“), ლორიკ კანა („ნანტი“), მიორგლიმ მავრაი („კიოლნი“), ანსი აგოლი („ყარაბახი“).

 

ნახევარმცველები: ტულანტ ჯაკა („ბაზელი“), ბურიმ კუკელი („ციურიხი“), ამირ აბრაში („ფრაიბურგი“), ერმირ ლენიანი („ნანტი“).

 

თავდამსხმელები: ბეკიმ ბალაი („რიეკა“).

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

რუმინეთი

 


 

საუკეთესო შედეგი: მეოთხედფინალი, 2000 წელი

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – ჯორჯ ჰაგი, ადრიან მუტუ (35); მოქმედი – ჩიპრიან მარიკა (25).

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – დორინელ მუნტეანუ (135); მოქმედი – რაზვან რატი (108).

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1909

ზედმეტსახელი: სამფეროვნები

მთავარი მწვრთნელი: ანხელ იორდანესკუ (რუმინეთი)

 

რუმინეთის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს 2008 წლის შემდეგ, ისტორიაში კი მეხუთედ და ეცდება, რომ საუკეთესო შედეგი გაიმეოროს. რუმინული ფეხბურთის ოქროს პერიოდი 1990 წლიდან დაიწყო და ათი წელი გრძელდებოდა, როდესაც რუმინეთის ნაკრები ყველა დიდ ტურნირზე გამოვიდა: სამ მსოფლიო ჩემპიონატსა და ორ ევროპის ჩემპიონატზე. ყველაზე დიდი წარმატება იყო 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც გორგ ჰაგის კაპიტნობით რუმინეთი მეოთხეფინალამდე მივიდა, ხოლო ევრო პირველობის საუკეთესო მოგონება 2000 წლის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია, როდესაც რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა ფანტასტიკურ თამაშში 3:2 დაამარცხა ინგლისი და გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე. ეს ნამდვილი სასწაული იყო, რაც რუმინულ ფეხბურთს არასოდეს დაავიწყდება. მას შემდეგ დიდი პერიოდი გავიდა და ახლა სულ სხვა თაობაა. რუმინელები ახლოს იყვნენ 2014 წლის მუნდიალზე მოხვედრასთან, მაგრამ ვიქტორ პიტურცას გუნდი ფლეი–ოფის სტადიაზე დამარცხდა საბერძნეთის ნაკრებთან 2:4. მიუხედავად ამისა, პიტურცამ გააგრძელა მუშაობა და შესანიშნავად მოაზმადა ნაკრები ევრო 2016–ს საკვალიფიკაციო ეტაპისათვის. სტარტი გამოდგა შთამბეჭდავი: რუმინელებმა რევანში აიღეს და სტუმრად მოუგეს ბერძნებს, ფრედ ითამაშეს უნგრეთთან და დაამარცხეს ფინეთი. ამის შემდეგ, მოულოდნელად დატოვა გუნდი საკმაოდ წარმატებულად პიტურცამ და სამწვრთნელო სკამი ჩააბარა რუმინული ფეხბურთის ლეგენდას, ანხელ იორდანესკუს, რომელიც თავის დროზე ხუთი წელი მუშაობდა ეროვნულ გუნდში და 94 წლის წარმატებაც მას უკავშირდება. იორდანესკუს ბევრი არაფერი შეუცვლია, უბრალოდ სტაბილურად ერთი შემადგენლობა შეარჩია და ძირითადად 4–2–3–1 ტაქტიკით მოქმედებდა. მისი ხელმძღვანელობით რუმინეთმა პირველი ხუთი თამაში ჩაატარა მშრალად, საიდანაც ორი მოიგო და სამი უგოლოდ დაასრულა. შესარჩევის ბოლო ტურში რუმინელებმა ფარერების კუნძულები გაანადგურეს 3:0 და მეორე ადგილით მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზური. რუმინეთმა ეს დაიმსახურა თავისი ორგანიზებული და დამაჯერებელი თამაშით. იორდანესკუმ კარგი სამუშაო შეასრულა, ვინაიდან ღირსეულად გააგრძელა პიტურცას საქმე და ახლა ეცდება, რომ ღირსეულად წარუძღვეს თავის კოლექტივს ფინალურ ეტაპზე. რუმენელებს არ ჰყავთ შემადგენლობაში ვარსკვლავები, შესაბამისად არ იქნება სამართლიანი ამ გუნდის შედარება იმ ოქროს თაობასთან, მაგრამ ფაქტია, რომ რუმინეთმა დიდ წარმატებას მიაღწია. რუმინეთის ნაკრების ყველაზე გამორჩეული მოთამაშე გუნდის კაპიტანი და მარცხენა მცველი რაზვან რატია. აგრეთვე, შეიძლება ვლად ქირიქეშის და ალექსანდრუ მაქსიმის გამოყოფაც. ევრო 2016–ს შესარჩევ ციკლში კი ყველაზე კარგი შთაბეჭდილება რუმინელთა მეკარემ, ჩიპრიან ტატარუშანუმ და ვეტერანმა საყრდენმა, 36 წლის ლუსიან სანმიარტენმა დატოვეს. ამ გუნდს ნამდვილად არ ჰყავს ისეთი გამორჩეული ვარსკვლავები, როგორებიც 90–იან წლებში კრისტიან კივუ, ჰაგი, დან პეტრესკუ, ჯორჯ პოპესკუ ან თუნდაც ადრიან მუტუ იყვნენ. თუმცა, იორდანესკუს ამ მებრძოლ კოლექტივს თავისებური ხასიათი და ძლიერი ფსიქოლოგია აქვს. რუმინელები სწორ ფეხბურთს თამაშობენ და ევრო 2016–ს მასპინძლებთან დუელით დაიწყებენ. ანხელ იორდანესკუს გუნდი, სავარაუდოდ, არ იქნება ხელწამოსაკრავი ძალა ამ ევრო პირველობაზე, მაგრამ თუ რუმინელთა შემადგენლობით ვიმსჯელებთ, ამ ჯგუფში შვეიცარიის ნაკრები უფრო სოლიდურად გამოიყურება. თუმცა, როგორც წესი, ეს ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. რუმინელებს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებთ, პირველ რიგში კი იორდანესკუს გენიალური წარსული.

 

გაუვალი დაცვა

რუმინეთის ნაკრება ევრო 2016–ს შესარჩევ ეტაპზე ყველაზე ცოტა, მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, უფრო მეტიც – შთამბეჭდავი. გამომდინარე იქიდან, რომ შეტევაში სიტუაცია არც ისე სტაბილურია, რადგან იორდანესკო ბოლო პერიოდში ცენტრფორვარდის პოზიციაზე ხან მარიკას, ხან კეშერუს იძახებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდა. ნახევარდაცვაში მაქსიმი და სტანკუ საკმაოდ კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ რუმინელთა მთავარი კოზირი შესანიშნავი დაცვის ხაზია. იორდანესკოს ფაქტიურად არ დაუშლია ეს ოთხეული: პაპი–ქირიქეში–გრიგორი–რატი. ოთხივე მათგანი დიდი ხანია თამაშობს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში, შესაბამისად ისინი საკმაოდ კარგად არიან შეთამაშებულნი და იციან რა უნდა გააკეთონ მინდორზე. დრაგოშ გრიგორისა და ვლად ქირიქეშის დუეტი დაცვის ცენტრში საკმაოდ კარგად გამოიყურება. ორივე მოთამაშე ფიზიკურად ძლიერია, კარგად თამაშობს თავით, მაგრამ ქირიქეში „ტოტენჰემის“ რიგებშია, ხოლო გრიგორი „ალ საილიას“. თუმცა, სათამაშო პრაქტიკა უფრო მეტი დრაგოშს აქვს. რატი რუმინელთა ღირსეული კაპიტანი და ლეგენდაა, პაპი კი უნივერსალური მოთამაშე, ძალიან კარგი ტექნიკით და დიდი გამოცდილებით. რუმინეთის ნაკრების დაცვის ხაზი ორგანულია, ისინი თითქოს ავსებენ ერთმანეთს და საკმაოდ სოლიდურ ოთხეულს ქმნიან. საკვალიფიკაციოზე იორდანესკუს გუნდს არ ჰყოლია ძლიერი მეტოქეები, ამიტომ ამ დაცვის რეალურ ძალას სწორედ საფრანგეთში გავიგებთ რეალურად. ფაქტია, რომ რუმინელთა გაუვალმა დაცვამ გამოიღო თავისი შედეგი ევრო 2016–ს შესარჩევში და ახლა ფინალურ ეტაპზე ეცდებიან მეტოქეებისთვის ცხოვრების გართულებას. იორდანესკუს დაცვას პირველივე დღეს სერიოზული გამოცდა ელოდება.

 

პატარა ინტრიგა

რუმინეთის ნაკრების ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე ერთი პატარა ინტრიგაც აქვს, რომელიც ძალიან სახალისოა. მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე კურიოზული მომენტი 1998 წლის მუნდიალზე შედგა, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში. ანხელ იორდანესკუს რუმინეთმა პირველი ორი თამაში ჯგუფში მოიგო, მეორე ტურში კი ინგლისი დაამარცხა 2:1 შესანიშნავ სტილში და გაინაღდა ფლეი–ოფის საგზური. ამ გამარჯვებით გახარებულმა რუმინელებმა გადაწყვიტეს, რომ ბოლო ტურის მატჩისათვის ყვითლად შეეღებათ თმები, ასე გამოეხატათ ერთობა და თავისუფლება. სინამშვილეში კი, გადაყვითლებული რუმინელების ხილვა ნამვდილად სასაცილო იყო და ეს ეპიზოდი მუდამ დარჩება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როგორც ერთ–ერთი საინტერესო კურიოზი. სამწუხაროდ, ამ საინტერესო გადაწყვეტილებამ რუმინეთს ვერ უშველა მერვედფინალში, მაგრამ საინტერესოა ამჯერად რას იზამენ თუ გავლენ ევროპის ჩემპიონატის ფლეი–ოფში. რუმინეთმა წინა ოთხი ცდიდან მხოლოდ ერთხელ გააღწია ჯგუფიდან და თუ ახლაც მოახერხეს ამას ნამდვილად დიდი წარმატება იქნება. თანაც, რუმინელებს კვლავ იორდანესკუ ავარჯიშებს და ალბათ აქვს რაღაც გეგმა. თუმცა, კვლავ თმების ყვითლად შეღებვა ნამდვილად არ იქნება ეფექტური, ახლა წვერის მოშვება და ულვაშების შეღებვა შეიძლება, მაგრამ ეს შესაძლოა პრობლემა იყოს ზოგიერთი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის.  ასე, რომ წარმატების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ რუმინელებმა მორიგი სახალისო „პერფორმანსი“ შემოგვთავაზონ.

 

პოტენციური შემადგენლობა

 

მეკარეები: ჩიპრიან ტატარუშანუ („ფიორენტინა“).

 

მცველები: პოლ პაპი („სტიაუა“), დრაგოში გრიგორი („ალ საილია“), ვლად ქირიქეში („ტოტენჰემი“), რაზვან რატი („რაიო ვალეკანო“).

 

ნახევარმცველები: ოვიდიუ ჰობანი („ჰაპოელ ბერ’შავა“), დორუ პინტილი („სტიაუა“), გაბრიელ ტორხე („ოსმანილისპორი“).

 

თავდამსხმელები: ბოგდან სტანკუ („გენჩლერბირლიჯი“), კლაუდიო კეშერუ („ლუდოგორეცი“).

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

შვეიცარია

 

საუკეთესო შედეგი: ჯგუფური ეტაპი: 1996, 2004 და 2008.

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – ალექსანდრ ფრეი (42); მოქმედი – ხერდან შაქირი (17).

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – ჰეინც ჰერმანი (118); მოქმედი – გიოკან ინლერი (89).

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1895

ზედმეტსახელი: შვეიცარიული ნაცია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ პეტკოვიჩი (ბოსნია)

 

შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა შესანიშნავი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაატარა და დაამტკიცა, რომ საკმაოდ სერიოზული ძალა იქნება უახლოეს ევრო პირველობაზე. იაკობ კუნმა და ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს ბოლო 15 წლის განმავლობაში შვეიცარიის ნაკრებში და იდეალური საფუძველი შეუქმნეს ვლადიმერ პეტკოვიჩს. „გენერალმა“ შვეიცარიელები ზედიზედ ორჯერ გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, საკმაოდ ღირსეულად გამოიყვანა და ბრაზილიაში ფლეი–ოფშიც კი გავიდნენ, სადაც მომავალ ფინალისტთან დამატებით დროში წააგეს მხოლოდ და მხოლოდ. მიუხედავად ამისა, შვეიცარიის ნაკრები მოულოდნელად ჩავარდა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში და მონტენეგროს დაუთმო თავისი ადგილი. ამ წლის ციკლიც წარუმატებლად დაიწყო. შვეიცარიამ წააგო ინგლისთან და მთავარ კონკურენტ სლოვენიის ეროვნულ გუნდთან, მაგრამ ამის შემდეგ საგრძნობლად მოუმატა და ჯგუფში დარჩენილი რვა შეხვედრიდან შვიდი მოიგო, ერთი კი უემბლიზე ღირსეულად წააგო. გადამწყვეტი იყო სლოვენიასთან საშინაო მატჩი სენტ–იაკობ პარკზე, რომელსაც „წითლები“ 0:2 აგებდნენ, მაგრამ პეტკოვიჩის გუნდმა სასწაულებრივ მოახერხა ბოლო ათ წუთში და მსაჯის მიერ დამატებულ დროში სამი გოლის გატანა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება. სან მარინოს, ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებების დამარცხება შვეიცარიელებს არ გაჭირვებიათ და მოიპოვეს ნანატრი საგზური ევროპის ჩემპიონატზე. აქამდე, შვეიცარიის ნაკრები მხოლოდ ორჯერ გამოვიდა ევრო პირველობაზე. პირველად ეს 1996 წელს მოხდა და მეორედ 2008 წელს, როდესაც ევროს მასპინძლობდნენ ავსტრია და შვეიცარია. ორივე შემთხვევაში შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა ვერაფერი ვერ გააკეთა და ჯგუფში მარტივად ჩარჩა, მაგრამ ახლა საკმაოდ სერიოზულ ძალად ითვლება. პეტკოვიჩი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და შესანიშნავად იცნობს შვეიცარიულ ფეხბურთს. მის ხელში „წითლები“ შედარებით ფრთხილ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ტაქტიკა არ შეცვლილა. მნიშვნელოვან შეხვედრებში ბოსნიელი სპეციალისტი კვლავ 4–2–3–1 განლაგებას იყენებს, რაც ჰიტცფელდის დროს კარგად ჰქონდა ათვისებული გუნდს. შვეიცარიის ნაკრებს ბევრი ძალიან საინტერესო მოთამაშე ჰყავს შემადგენლობაში, რომელთა შორისაც უდავოდ გამორჩეულია მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ხერდან შაქირი, რომელიც ახლა „სტოკ სიტის“ შეტევების ლიდერია. შაქირი შვეიცარიის ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა, რომელსაც ძალიან კარგი პარტნიორები ჰყავს. შემადგენლობა ძლიერია, გუნდი დაბალანსებულია, შეთამაშებული და კარგად ორგანიზებული. ევრო 2016–ზე შვეიცარიის ნაკრებისგან მინიმუმ ფლეი–ოფში გასვლას ელიან და ვნახოთ რა გამოუვა ვლამიდერ პეტკოვიჩს თავის მშვენიერ კოლექტივთან ერთად. საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება პირველი მატჩი ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

 

ევრო 2016–ზე საუკეთესო შვეიცარიის ნაკრები წარსდგება

ორი აზრი არ არსებობს, რომ ასეთი ძლიერი შვეიცარიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არასოდეს გასულა. 1996 და 2008 წლის შვეიცარიის ეროვნული გუნდი ამ ბრწყინვალე თაობასთან ახლოსაც ვერ მოვა. შვეიცარიული ფეხბურთის პროგრესი 21–ე საუკუნეში თვალსაჩინოა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ყველაზე მეტად ამის დასტური „ბაზელია“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თუ ევროპის ლიგაზე მუდამ ამწარებს გრანდებს, განსაკუთრებით კი ინგლისურ კლუბებს. სწორედ „ბაზელის“ აღზრდილები არიან: იან ზომერი, გრანიტ ჯაკა, ხერდან შაქირი, ლუკა ზუფი. თაობა შვეიცარიის ნაკრებს მართლაც შესანიშნავი ჰყავს. ჯერ მარტო მეკარეებს გადახედეთ: იან ზომერი, რომან ბიურკი და მარვინ ჰიტცი. სამივე მათგანი გერმანიის ბუნდესლიგაში ასპარეზობს და სამივე თავისი გუნდის ძირითადი გოლკიპერია, თანაც ძალიან კარგად გამოიყურებიან. ბოლო პერიოდში პეტკოვიჩი მუდამ მიმართავს როტაციას კარის ხაზზე, მაგრამ ყველაზე რეალური მაინც „მ.ბორუსიას“ ახალგაზრდა მეკარის, ზომერის ალტერნატივაა. დაცვის მარჯვენა ფრთაზე ტურინის „იუვენტუსის“ ჩინებული დამცველი სტეფან ლიხშტაინერია, ევროპაში ერთ–ერთი უძლიერესი თავის პოზიციაზე. საპირისპირო ფრთაზე კი ბუნდესლიგის ერთ–ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესი, რომელიც „ვოლფსბურგის“ უცვლელი წევრია. დაცვის ცენტრში კიდევ ერთი ბუნდესლიგელი ფაბიან შერი ითვლება შვეცარიული ფეხბურთის ერთ–ერთ მთავარ იმედად და მისი მეწყვილეც როგორც წესი კიდევ ერთი ბუნდესლიგელი იოჰან ჯურუა. გამოცდილმა ჯურუმ „ჰამბურგში“ ახალი ცხოვრება დაიწყო, სადაც საკმაოდ დამაჯერებელი და კარგია. გერმანიის ჩემპიონატში შვეიცარიას 19 წლის უნიჭიერესი ნიკო ელვედიც ჰყავს, რომელიც უკვე გამოიყენა პეტკოვიჩმა. გარდა ამისა, მიხაელ ლანგი საკმაოდ საიმედო ცენტრალური მცველია და კარგად იცნობს ეროვნულ ნაკრებს. უკანა ხაზი იდეალურია, თანაც ყველანი მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ლიგას წარმოადგენენ. ნახევარდაცვის ცენტრის ლიდერიც ბუნდესლიგელია – გრანიტ ჯაკა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და ემზადება ევრო 2016–სთვის, რის შემდეგაც ალბათ რომელიმე დიდ კლუბში გააგრძელებს კარიერას. მიუხედავად იმისა, რომ „ლესტერში“ ჩაიკარგა, მაინც ნაკრების კაპიტანია გიოკან ინლერი, ამ ეტაპზე ყველაზე გამოცდილი შვეიცარიელი და საკმაოდ დიდი ძალა პეტკოვიჩის გუნდისათვის. პლიუს ამას, ნიჭიერ ტულანტ ჯაკა, გამოცდილი ბეჰრამი და ჯემაილი და ფრანგი ჟელსონ ფერნანდესი, რომელიც ჰიტცფელდის საწყის პერიოდში უცვლელი ფიგურა იყო. შეტევაში კი შაქირის გარდა უნდა გამოვყოთ ბერლინის „ჰერტას“ ფლეიმეიქერი ვალენტინ შტოკერი, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს. პლიუს ამას მშვენიერი ტექნიკის მქონე ფორვარდები: ადმირ მეჰმედი, ჰარის სეფეროვიჩი, ორივე მათგანი რაღა თქმა უნდა, ბუნდესლიგაში ასპარეზობს და კიდევ უნიჭიერესი ბრილ ემბოლო, რომელიც მხოლოდ 19 წლის არის, მაგრამ უკვე მიიღო მიწვევა და პირველი გოლიც გაიტანა ეროვნულ ნაკრებში. სამწუხაროდ, გამოტოვებს ევრო 2016–ს იოსიპ დრმიჩი, რაც უდავოდ დანაკლისია, მაგრამ პეტკოვიჩის განკარგულებაში სხვა ძლიერი მოთამაშეები არიან. როგორც ხედავთ, მთელი შვეიცარიის ნაკრები გაფანტულია ბუნდესლიგაში და იქ ყოველი მოთამაშე ერთ–ერთ წამყვან როლს ასრულებს თავის კლუბში. ამდენი საინტერესო და ძლიერი ფეხბურთელი შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს ძალიან დიდი ხანია არ ჰყოლია. თანაც, ვინ იცის, იქნებ წაიყვანოს საფრანგეთში პეტკოვიჩმა ერემ დერდიოკი, რომელიც თავის დროზე ლევერკუზენის „ბაიერის“ ოქროს ბიჭუნა იყო, ახლა კი „კასიმპაშას“ რიგებში ბრწყინავს. ის ჯერ კიდევ 27 წლისაა და შეუძლია ხელმეორედ დაბრუნება დიდ ფეხბურთში. ლიხშტაინერი, რ.როდრიგესი, ინლერი, ჯაკა, შაქირი, მეჰმედი – შესანიშნავი ფეხბურთელები არინა, ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობენ და მათზე ძალიან დიდი იმედები მყარდება.

 

პოტენციური შემადგენლობა

 

მეკარეები: იან ზომერი ("მ.ბორუსია"), რომან ბიურკი ("დ.ბორუსია").

 

მცველები: სტეფან ლიხშტაინერი ("იუვენტუსი"), ფაბიან შერი ("ჰოფენჰაიმი"), რიკარდო როდრიგესი ("ვოლფსბურგი").

 

ნახევარმცველები: გრანიტ ჯაკა ("მ.ბორუსია"), გიოკან ინლერი ("ლესტერი"), ხერდან შაქირი ("სტოკი").

 

თავდამსხმელები: ადმირ მეჰმედი ("ბაიერი"), ჰარის სეფეროვიჩი ("აინტრახტი").

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

საფრანგეთი

 

 

 

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონები: 1984, 2000

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – ტიერი ანრი (51); მოქმედი – კარიმ ბენზემა (27).

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – ლილიან ტურამი (142); მოქმედი – კარიმ ბენზემა (81).

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1919

ზედმეტსახელი: ლურჯები, მამლები

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი (საფრანგეთი)

 

ევროპის ორგზის ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ იასპარეზებს ევრო პირველობაზე, მაგრამ ამჯერად ყოველგვარი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდა ფინალურ ეტაპზე, რადგან მასპინძელია. თუმცა, როგორც წესი, დიდიე დეშამის გუნდი ჩვეულებრივ ატარებდა თამაშებს, უბრალოდ ამხანაგურის სტატუსით. საკმაოდ ძლიერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ფრანგები მეოთხედფინალში ღირსეულად დამარცხდნენ მომავალ ჩემპიონთან, „მამლებმა“ საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი პერიოდი ჩაატარეს. საფრანგეთი ბევრ სხვადასხვა საინტერესო ნაკრებს დაუპირისპირდა და ალბანეთთან წაგებაც კი მოახერხა გასვლაზე. თუმცა, ფრანგებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს შინ ბოლო სანაკრებო პაუზის დროს, მაგრამ ის შეხვედრა ნამდვილად გადაფარა უდიდესმა კატასტროფამ. დეშამის გუნდმა ნამდვილად ვერ დატოვა იდეალური შთაბეჭდილება, რადგან წააგო რთული მატჩების უმრავლესობა, მათ შორის ბოლოს დამარცხდა უემბლიზე ინგლისთან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. „ლურჯებს“ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რომელიც დეშამის მოსვლის შემდეგ ძალიან კარგად ვითარდება. შეიცვალა გუნდის მენტალიტეტი, რომელიც უფრო მტკიცე და მძლავრია, ვიდრე თუნდაც წინა ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც ლორან ბლანის გუნდი აბსოლუტურად უშანსოდ დამარცხდა ესპანეთის ნაკრებთან. 2000 წლის ტრიუმფის შემდეგ ფრანგები არც ისე სანახაობრივად გამოდიან ევროპის ჩემპიონატებზე და ახლა იდეალური შანსი აქვთ, რომ კვლავ ცადონ გაბრწყინები, თანაც საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. ორი აზრი არ არსებობს, რომ საფრანგეთის ნაკრები ტურნირის ერთ–ერთი მთავარი ფავორიტი იქნება და ამ გუნდს ნამდვილად აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ მოიპოვოს დიდი გამარჯვება.

 

უდიდესი მოლოდინი

ევროპის ჩემპიონატი ამ ულამაზეს ქვეყანაში აქამდე მხოლოდ ერთხელ ჩატარდა – 1984 წელს და დასრულდა „რომანტიკული ფეხბურთის“ ბრწყინვალე გამარჯვებით. ახლა, ზუსტად 32 წლის შემდეგ, ფრანგებს მორიგი შანსი ეძლევათ, რომ იზეიმონ უდიდესი გამარჯვება. შესაძლოა ახლა არ ჰყავს დიდიე დეშამს ისეთი დიდი ვარსკვლავი, როგორიც მაშინ მიშელ პლატინი იყო, მაგრამ ფრანგების ტრიუმფალური ნაკრების შემდეგ, ეს თაობა უდავოდ უძლიერესია და საკმაოდ რეალური შანსებიც აქვს. მოლოდინი უბრალოდ არანორმალურია! საფრანგეთი დიდი ხანი ემზადებოდა ამ ფორუმისათვის და როგორც იქნა მიაღწია მიზანს. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძალიან ბევრ სტადიონს, აშენდა ახალი შესანიშნავი არენა ლიონში, სადაც ევრო 2016–ს პირველი მატჩი გაიმართება და ფრანგები ემზადებიან საკუთარ გუნდთან ერთად დაუვიწყარი ერთთვიანი თავგადასვლის გასავლელად. დიდიე დეშამს საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, რომელმაც რთულია არ მოგხიბლოს. მთელი ერი ელოდება „ლურჯების“ წარმატებას, რადგან იგრძნობა ამის რეალური შესაძლებლობა. ეს გარკვეულწილად ძალიან დიდი ზეწოლა იქნება ფეხბურთელებზე, მაგრამ ქომაგები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ პახუსიმგებლობა სიამოვნებად უქციონ თავის „პოტენციურ გმირებს“. ფრანგული ფეხბურთი ბოლო წლებში ვითარდება და ეს მხოლოდ „პსჟ–ს“ დამსახურება არ არის, მაგრამ დასამტკიცებელი მაინც ბევრი აქვთ ფრანგებს. თუ „მამლები“ საშინაო არენაზე მოახერხებენ ევროპის ჩემპიონატის მოგებას, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამიტომაც არის განსაკუთრებული მოლოდინი და უბრალოდ არანორმალური სურვილი წარმატებისა. შესაძლოა საფრანგეთი არ არის ფეხბურთის არც პირველი და არც მეორე სამშობლო, მაგრამ აქაც ძალიან უყვართ ფეხბურთი, უფროსწორად განსაკუთრებული, მიმზიდველი, „რომანტიკული ფეხბურთი“. მთელი ერი ელის დიდიე დეშამის გუნდის პროგრესს და მაღალი დონის გამოსვლას ევრო არენაზე, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს ტიტულის მოპოვებით. თანაც, ფრანგებმა ყველაზე უკეთ იციან თუ როგორ უნდა დატოვონ ტიტული საკუთარ ტერიტორიაზე.

 

იმედისმომცემი თაობა

გერმანიისა და ესპანეთის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს უდავოდ ყველაზე ძლიერი, ნიჭიერი და მრავალფეროვანი თაობა ჰყავს. „მამლების“ კარს გამოცდილი და უკვე საკმაოდ თვითდაჯერებული უგო ლორისი იცავს, რომელიც შესანიშნავი გოლკიპერია. დაცვაში საკმარისად არიან როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მოთამაშეებიც. ბაკარი სანიამ, პატრის ევრამ, ჟერემი მატიემ 30 წელს გადააბიჯეს, ლორან კოსელნიმ კი ახლახანს მიუკაკუნა, სამაგიეროდ მეორე მხარეს არიან მამადუ სახო, რაფაელ ვარანი, ელიაკიმ მანგალა, ლუკას დინიე. ნახევარდაცვის ცენტრი ფანტასტიკურია პოლ პოგბას მეთაურობით, რომელსაც აუცილებლად გაუმაგრებს ზურგს ბრწყინვალე ბლეზ მატუიდი. პლიუს ამას ნიჭიერი ნ’გოლო კანტე, მორგან შნეიდერლინი, აგრეთვე გამოცდილი ლასანა დიარა, რომელიც ძალიან კარგად დაუბრუნდა ეროვნულ ნაკრებს. არც იოჰან კაბაიეს დავიწყება ღირს და მუსა სისოკოსი, რომელიც პრემიერ ლიგაში მორიგ მაღალი დონის სეზონს ატარებს. შეტევითი ხაზი კი საოცრად მრავალფეროვანია. ოლივიე ჟირუსა და ანტუან გრიზმანს რომ თავი დავანებოთ, შესანიშნავ სეზონს ატარებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ 20 წლის ენტონი მარსიალი, იდეალურია მიუნხენის „ბაიერნში“ 19 წლის კინგსლი კომანი, კვლავ ძალიან კარგია 24 წლის ალექსანდრ ლაკაზეტი. მეორედ მოევლინენ ამ ქვეყანას დიმიტრი პაიე და ჰატემ ბენ არფა. ორივე ფეხბურთელს საოცარი ტექნიკა აქვს და მიმდინარე სეზონში ბრწყინავენ: ერთი ინგლისში „ვესტ ჰემის“ მაისურით და მიჩნეულია საუკეთესო ვინგერად პრემიერ ლიგაში, მეორე კი „ნიცას“ მაისურით მშობლიურ ჩემპიონატს ალამაზებს ულამაზესი ფინტებითა და გოლებით. 30 წლის ანდრე–პიერ ჟენიაკი კი ევრო 2016–მა საოცრად დამუხტა, მან მექსიკის ჩემპიონატში 31 შეხვედრაში 26 გოლის გატანა მოახერხა და მუდამ იმსახურებს ადგილს ნაკრებში. ფაქტია, რომ საფრანგეთს ძალიან ძლიერი თაობა ჰყავს და ეს იმის ფონზე, რომ კურტ ზუმა სერიოზული ტრავმის გამო ტოვებს ზაფხულს, „ლ.ოლიმპიკის“ უნიჭიერესი შემტევი ნაბილ ფეკირიც დამტვრეულია და სკანდალის გამო მოკვეთილნი არიან ნაკრებიდან ვალბუენა და კარიმ ბენზემა. დიდიე დეშამს ნამდვილად დიდი ფუფუნება აქვს, მაგრამ აუცილებლად სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ვარანი, პოგბა და გრიზმანი ჯერ კიდევ ახალგაზრდებია არიან, ისინი მენტალურად მზად არიან იკისრონ ლიდერობა, ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი ფრანგების წარმატებაში. ახალგაზრდები კი ორმაგი მოტივაციით ეცდებიან თავის წარმოჩენას. თავის დროზე ტიერი ანრიმ და რობერტ პირესმაც სათადარიგო სკამიდან დაიწყეს, მაგრამ თავის სიტყვა მაინც თქვს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თუნდაც კომანი, მარსიალი ან ლაკაზეტი გამოუცდელები არიან, საგანგაშო არ არის. საფრანგეთის ნაკრებმა გადაიტანა საკმაოდ მძიმე თაობათა ცვლის პერიოდი და ახლა დეშამი აშენებს ახალ გუნდს, რომელმაც შესაძლოა მორიგი პატარა ეპოქა შექმნას.

 

სუსტი მხარეები

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მართლაც ერთ–ერთი უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს, მაინც არის სხვადასხვა მინუსები, რომლებზეც ახლა დეტალურად ვისაუბრებთ.

 

მარჯვენა მცველის პოზიცია

 

ფრანგები თითქმის იდეალურად არიან დაკომპლექტებულნი, მაგრამ თითქმის იმიტომ, რომ მაინც არის სუსტი რგოლი მარჯვენა მცველის პოზიციის სახით. დიდიე დეშამს ორი ძირითადი ალტერნატივა აქვს: ბაკარი სანია და კრისტოფ ჟალე, მაგრამ ორივე მათგანი უკვე ასაკშია, თანაც ეს ასაკი აისახება მათ თამაშის ხარისხზეც. სანია საკმაოდ სტაბილური და კარგი მცველია, მაგრამ მიმდინარე სეზონი ნამდვილად არ არის მისთვის კარგი „მანჩესტერ სიტიში“. მუნდიალზე მარჯვენა მცველის პოზიცია საკმაოდ კარგად ეჭირა მატიუ დებუშის, მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო მან „არსენალში“ დაკარგა ძირითადის ადგილი და ახლა „ბორდოში“ ცდილობს ფორმის აღდგენას, მაგრამ ძალიან გაუჭირდება ევრო 2016–სთვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა. დებუში სანიასგან და ჟალესგან განსხვავებით უფრო კარგი დამცველია, საიმედო და თანაც შეტევაში ნაყოფიერი. ჟალე ლიონის „ოლიმპიკში“ მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ საეჭვოა რამდენად შეესაბამება ევროპის ჩემპიონატის დონეს. შესაბამისად, დიდიე დეშამს ექნება გარკვეული პრობლემები ამ პოზიციასთან დაკავშირებით. მარცხენა ფლანზეც ბერდება პატრის ევრა, მაგრამ „იუვენტუსის“ უკანა ხაზელი ჯერ მაინც საიმედოა, თანაც ლუკას დინიე ისეთ სეზონს ატარებს „რომაში“, რომ ყველანაერ კითხვის ნიშანს სპობს ამ პოზიციის ირგვლივ.

 

„ულიდერობა“

 

საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთ მინუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტორი, რომ გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. იყო მიშელ პლატინი, იყო დიდიე დეშამი, იყო ზინედინ ზიდანი, მაგრამ „მამლების“ ამ შემანდგელობაში ასეთი გამოკვეთილი წინამძღოლი არ ჩანს. 2014 წლის მუნდიალზე ბოლომდე ვერ გასვლას ბევრი სწორედ ასეთი ლიდერის არყოლას აბრალებდა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო მაშინ ფენომენალურ ფორმაში მყოფი ფრენკ რიბერი, რომელიც ტრავმამ გაწირა. ფრანგების კაპიტანი უგო ლორისია, მაგრამ ის ნამდვილად ვერ ივარგებს, როგორც სულიერი ლიდერი. გულშემატკივრების აზრითა და სურვილით, ეს როლი უნდა იტვირთოს არც მეტი არც ნაკლები, მისტერ პოლ პოგბამ, მაგრამ მოახერხებს კი ამას ფრანგი ვუნდერკინდი? პოლი უნიკალური შესაძლებლობების მქონე მოთამაშეა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია მინდორზე, მაგრამ ლიდერობა ხომ განსაკუთრებულ თვისებებს მოითხოვს. სერ ალექს ფერგიუსონს აქვს ნათქვამი 1999 წლის ნახევარფინალის შემდეგ, სადაც როი კინმა საბედისწერო გაფრთხილება მიიღო, რომ როდესაც როის ჩავხედე თვალებში მივხვდი, რომ ფინალს მოვიგებდითო. ეს ის როლია, რომელსაც სჭირდება საოცარი მენტალიტეტი და სერიოზულობა. რთულია წარმოიდგინო გუნდის ლიდერად ფეხბურთელი, რომელიც თმებს ხან ლეოპარდის ზოლებს ახამებს ხან ცნობილი მულტფილმის სიმბოლოებს, მაგრამ გაიხსენეთ 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასასრული. თვით ანდრეა პირლომ ვერ შეიკავა ცრემლები მარცხის შემდეგ, ეს „უმაქნისი“ თინეიჯერი კი დონ ანდრეას ამშვიდებდა, ესეც საპასუხო არგუმენტი! გრიზმანისგან ლიდერის თვისებების მოთხოვნა ალბათ არ არის სამართლიანი, მაგრამ აი პოგბასგან ნამდვილად ელიან რაღაც განსაკუთრებულს. თუ ვინმემ უნდა გადაჭრას ეს „ულიდერობის“ პრობლემა სწორედ „იუვეს“ ათიანია.

 

არაჯანსაღი ატმოსფერო

 

ყველაზე დიდი თავსატეხი დიდიე დეშამისთვის ამ ეტაპზე ის დაუსრულებელი სკანდალია, რომელშიც მატიუ ვალბუენა და კარიმ ბენზემა გაეხვნენ. ეს უდავოდ მოქმედებს გუნდურ ატმოსფეროზე და სპორტული თვალსაზრისითაც ასუსტებს ეროვნულ ნაკრებს. ვალბუენა ძალიან კარგი შემტევი ნახევარმცველია, ტექნიკური და გამოცდილი, უდავოდ საჭირო დეშამისთვის. კარიმ ბენზემა კი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი, მშვენიერი შედეგიანობითა და მენტალიტეტით. კარიმი დეშამის ერთ–ერთი უსაყვალრესი მოთამაშეა, მაგრამ აშკარაა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ დიდიეს გადასაჭრელი არ არის. ასე რომ იყოს, ბენზემა აუცილებლად იქნებოდა ეროვნულ გუნდში, რადგან ის უბრალოდ აუცილებელია. ზემოთხსენებული ულიდერობის პრობლემაშიც სერიოზული ძალა იქნება მადრიდის „რეალის“ ძლიერი შემტევი, რომელმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად განავითარა საფეხბურთო ინტელექტი. ბენზემა იდეალური ცენტრალური თავდამსხმელია საფრანგეთის ნაკრებისთვის, რომელთანაც გრიზმანს ნამდვილად არ გაუჭირდება შეთამაშება. ასე, რომ რაც მალე მოგვარდება ეს საქმე, მით უკეთესი იქნება მთელი საფრანგეთისათვის. დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ბენზემას ირგვლივ სერიოზული უსამართლობა ტრიალებს. გამოიკვლიონ საბოლოოდ საქმე და როდესაც დაუმტკიცებენ დანაშაულს მერე დასაჯონ და თუ უკვე ყველაფერი ნათელია, მალავენ? ფარულად იხდის სასჯელს კარიმი? ეს უფრო გაართულებს სიტუაციას. ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი ნამდვილად ცუდად მოქმედებს ფრანგების განწყობაზე და ალბათ დიდიე დეშამიც ძალიან ნერვიულობს, რადგან 2014 წლის მუნდიალზე კარგად გამოჩნდა ბენზემას მნიშვნელოვანი „მამლებისათვის“. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ფრანგული ფეხბურთის ხელმძღვანელობა და სასამართლო ორგანოები თავად ებრძიან საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს, რაც ნამდვილად გაუმართლებელია. 2010 წელს გუნდში არსებულმა ცუდმა ატმოსფერომ პირდაპირ მუნდიალის მსვლელობისას იფეთქა და ე.წ. „ბუნტებში“ გადაიზარდა, ახლა კი დეშამი ამას ნამდვილად ვერ დაუშვებს, თანაც მშობლიურ ევროპის ჩემპიონატზე. ასე, რომ დროა დაამთავრონ ეს სკანდალი და საბოლოოდ დააბრუნონ ნაკრებში ორი წამყვანი მოთამაშე.

 

X ფაქტორი

ევრო 2016–ზე მუსიკალური კონკურსი ნამდვილად არ იგეგმება, მაგრამ ზაფხულის მთავარ მოვლენას აქვს თავისი “X ფაქტორი”, რომელიც თავად ფრანგებს შორის იმალება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგების მთავარი იმედი მიუნხენის „ბაიერნის“ ვინგერი ფრენკ რიბერი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ერთი წლით ადრე ევროპის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოიპოვა და უნიკალურ ფორმაში იყო. თუმცა, რიბერიმ პირდაპირ მუნდიალის წინ მიიღო სერიოზული ტრავმა და ცხელ გულზე დაასრულა საერთაშორისო კარიერა! ეს სრული შოკი იყო, რადგან ორ წელიწადში მშობლური ევროპის ჩემპიონატი იმართებოდა. 2015 წლის აპრილში რიბერიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტერფის უმძიმესი დაზიანება მიიღო და ბევრმა იფიქრა, რომ მისი კარიერა დასრულდა. თუმცა, რიბერი არ დანებდა, ცხრა თვე, ცხრა თვე მოითმინა და მინდორს დაუბრუნდა. ის დაბრუნდა რამდენიმე წუთით ბუნდესლიგის შეხვედრაში ბორუსია პარკზე და გოლი გაიტანა. რამდენიმე დღეში ძირითადში დაიწყო ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანი შეხვედრა ზაგრების „დინამოსთან“ და მიიღო სერიოზული კუნთის ტრავმა, რომელმაც ორი თვით გამოთიშა. აქ კი უკვე საბოლოოდ განაცხადა ბევრმა, რომ რიბერი გატყდა, მაგრამ არამც და არამც! ჩაიარა ამ საშინელმა ორმა თვემ, რიბერი უკვე ალიანს არენაზე დაბრუნდა და საგოლე პასი გააკეთა „დარმშტადტთან“ შეხვედრაში. ძალიან მალე, უკვე „ვოლფსბურგთან“ მნიშვნელოვა შეხვედრაში რიბერი ისევ წარმატებით შევიდა შეცვლაზე და გააკეთა საგოლე პასი. ბოლო შეხვედრებში კი ძირითადში მოხვდა და ტურინის „იუვენტუსთან“ მიუნხენში დაამტკიცა, რომ ჯერ არაფერია დასრულებული. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სტეფან ლიხშტაინერმა რიბერი გააქვავა, მაგრამ ფრენკი არ დანებდა და ბოლოსკენ სერიოზული პრობლემები შეუქმნა „იუვეს“ დაცვას. 32 წლის მორალურად განადგურებული ფრანგი ბოლომდე იბრძოდა, ჩინებული ტექნიკისა და ხასიათის გამო ახერხებდა მეტოქეებს შორის გაძრომას, სახიფათო ეპიზოდების შექმნა. ფრენკი ჯერ კიდევ 32 წლის არის, რატომაც არა? მან ხომ ცხელ გულზე მიიღო გადაწყვეტილება...“დავუბრუნდი მიუნხენის „ბაიერნს“ და ასი პროცენტით მზად ვარ. თუმცა მანამ, სანამ ვიფიქრებ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე, უნდა გავესაუბრო დიდიე დეშამს. ეს თავდაპირველი ნაბიჯია“, – ეს თავად ფრენკის სიტყვებია. ამ კომენტარმა ძალიან ბევრი ფრანგი გულშემატკივარი გაახარა, რადგან მათ უყვართ რიბერი და სურთ, რომ უბრალოდ იხილონ მშობლიურ ევრო პირველობაზე. დიდიე დეშამი ნამდვილად არ არის ის ადამიანი, რომელიც რიბერის არ მოუმენს და დამსახურების შემთხვევაში ძალით ჩაკეტავს ნაკრების კარებს. რიბერი გრძნობს, რომ არსებობს შანსი და სურს შეცდომის გამოსწორება. ევროპის ჩემპიონატი საკუთარ ქვეყანაში, შანსი იმისა, რომ აინაზღაურო ის, რაც დაკარგე ორი წლის წინ, რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? სწორედ ამიტომ გადალახა რიბერიმ ის საშინელი პერიოდი და ახლა ამიტომ იბრძვის ოფლის ბოლო წვეთამდე. მისი ხასიათი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და ვინ იცის, იქნებ სწორედ ის გამოდგეს მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატის „მთავარი აღმოჩენა“. 32 წლის რიბო ფორმაში შედის, დრო კი ჯერ საკმარისია, თანაც ის არ არის უბრალოდ მონდომებული ბიჭი, ის ფრენკ რიბერია, რომელიც ძალიან უყვართ საფრანგეთში და სურთ რომ მიეცეს ფრენკის რაიმე ღირებულის გაკეთების შანსი „ლურჯებისათვის“. ევრო 2016–ზე გატარებულ თუნდაც რამდენიმე წუთს დიდი მნიშვნელობა ექნება „ბაიერნის“ შვიდიანისთვის, ასე რომ დეშამ დაფიქრდი...

 

პოტენციური შემადგენლობა

 

მეკარეები: უგო ლორისი („ტოტენჰემი“), სტივ მანდანდა („მ.ოლიმპიკი“).

 

მცველები: რაფაელ ვარანი („რეალი“), ლორან კოსელნი („არსენალი“), მამადუ სახო („ლივერპული“), პატრის ევრა („იუვენტუსი“).

 

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი („პსჟ“), პოლ პოგბა („იუვენტუსი“).

 

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ („არსენალი“), ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“).

 

განსაკუთრებული ფაქტები:

  • თუ ავიღებთ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ტურნირს: მსოფლიო ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატს, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას, დავინახავთ, რომ სულ 16–ჯერ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ტიტული გამარჯვებულმა მოიპოვა საკუთარ ქვეყენაში, აქედან 12–ჯერ უშუალოდ საკუთარ მოედანზე. ჩემპიონთა თასზე ეს მხოლოდ ორჯერ მოხდა, ბოლოს 1965 წელს მილანის „ინტერმა“ მოახერხა. საერთაშორისო დიდ ტურნირებზე კი მსგავსი რამ უკვე დიდი ხანია აღარ მომხდარა. ბოლო ეროვნული გუნდი, რომელმაც საკუთარ მოედანზე მოიგო მსოფლიო ჩემპიონაიტი იყო – საფრანგეთი (1998) და ბოლო ეროვნული გუნდი, რომელმაც საკუთარ მოედანზე მოიგო ევროპის ჩემპიონატი იყო – საფრანგეთი (1984). ასე, რომ ფრანგებმა ყველაზე უკეთ იციან თუ როგორ გამოიყენონ ეს უპირატესობა.
  • ანხელ იორდანესკუს რუმინეთის ნაკრები ზუსტად ათი წლის წინ, სწორედ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში დაუპირისპირდა საფრანგეთის ნაკრებს, რომელსაც კაპიტნობდა დიდიე დეშამი. ეს გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზეც გადაეყარნენ ერთმანეთს. საფრანგეთში თამაში დეშამმა გამოტოვა, რუმინეთში კი იყო და 3:1 იმარჯვა პარტნიორების დახმარებით. ევრო 96–ზე კი საფრანგეთმა პირველ ტურში 1:0 დაამარცხა რუმინეთი კრისტოფ დუგარის გოლით. მაშინ დეშამი 28 წლის იყო, იორდანესკუ კი 46 წლის. ზუსტად ათი წელი გავიდა ამ დაპირისპირების შემდეგ და იორდანესკუ ამჯერად მთავარი მწვრთნელი დეშამის წინააღმდეგ წარსდგება. ბედმა კიდევ ერთხელ შეახვედრა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს, რომელთა შორის სხვაობა დაახლეობით ათი წელია. ვნახოთ ამჯერადაც თუ იმარჯვებს შედარებით ახალგაზრდა ფრანგი.
  • დაბოლოს, მინდა დავასრულოთ კარგი განწყობით. დავუბრუნდეთ ალბანეთის ნაკრებს, რომელიც სენსაციურად პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ჯანი დე ბიაზის დებიუტი ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შედგა 2011 წლის ნოემბერში და მისი პირველი თამაში გაიმართა თბილისში, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. თემურ ქეცბაიას გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ალექსანდრ კობახიძესა და ალეკო ამისულაშვილის გოლებით დაამარცხა ალბანეთი, რაც დიდ წარმატებად არ ჩაითვალა. გასული წლის ნოემბერს კი ჩვენი გუნდი უკვე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილ ალბანეთს გასვლაზე ეთამაშა და მთელი მატჩი 2:0 უგებდა. სამწუხაროდ, ბოლოს მოულოდნელად გატყდით, ორი გოლი გავუშვით და უპირატესობა გავფლანგეთ. კახა ცხადაძეს ბიჭებმა უკვე ევრო 2016–ს მონაწილე ალბანეთი თითქმის დაამარცხეს სწორი ტაქტიკის მეშვეობით. ასე, რომ საქართველოს ნაკრებისთვისაც არსებობს შანსები, ალბანელები ჩვენს ეროვნულ გუნდს დიდად ვერ ჯობნიან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უდნა ვისწავლოთ, მაგრამ იმედი მაინც არსებობს!

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458639516_uero2016.jpg

არის საფრანგეთის ნაკრები მზად დიდი ტურნირის მოსაგებად?

მწვანე ზონა
კომენტარები: 17910
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 2  Papuu  
22 მარტი 2016 19:49
ხხხხხხხ
შედებგებში
ნახე ხალხს გონაი რო საფრანგეთი მოიგებს D
დდ
გერმანია საფრანგეტი იქნება ფინალი

-------------------------------------------------------------
msherano---:Argentineli legenda da didi fegburteli...

მესის დონის არ ყოფილა არც პელე არც მარადონა
No-Club
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  thiaGOALcantara  
22 მარტი 2016 16:28
საფრანგეთს რასაც ჰქვია იდეალური ნაკრები ჰყავს !
ლორისი
დებუში-ვარანე-კოშელნი-დინიე
პაიე-მატუიდი-პოგბა-მარსიალი
გრიზმანი-ბენზემა

ეს თერთმეტეული მომწონს ძალიან მე დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე

ახალგაზრდული და უდიდესი პოტენციალის მქონე გუნდია
ზამენაც უ... ჰყავთ
მანდანდა მანგალა სახო სანია კლიში კანტე შნეიდერლინი რიბერი ვალბუენა ბენარფა ლაკაზეტე ჟირუ
რავიცი პოტენციალი მართლა დიდია, ერთი დეშამი მაფიქრებს მარა მსოფლიოზე მშვენივრად ათამაშა ნაკრები გერმანიას ტოლი არ დაუდო თანაბრად ეთამაშა...
ვნახოთ საფრანგეთს ვქომაგობ ამ ევროპაზე !

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi