Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

ევრო 2016: B ჯგუფის პროფილი

26-03-2016
2 კომენტარი

ვაგრძელებთ ევროპის ჩემპიონატების ჯგუფების განხილვას და მომდევნო B ჯგუფია, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გველოდება. ბრიტანული დერბი უდავოდ გამორჩეული იქნება, მაგრამ ჯგუფში საკმაოდ საინტერესო რუსეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები არიან, რომლებიც რა თქმა უნდა, არაფერს დათმობენ. ინგლისელები ფავორიტები არიან, მაგრამ მეორე ადგილისთვის ბრძოლა იქნება საკმაოდ სერიოზული, თანაც არც ისე დაგვივწყდეს, რომ მესამე ადგილიც იძლევა ფლეი–ოფში თამაშს შანსს. ასე, რომ ამ ჯგუფში პირველი ჯგუფისგან განსხვავებით, ბოლო ადგილოსანი ძალიან იმედგაცრუებული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში.

 

 

 

რუსეთი


საუკეთესო შედეგი: ჩემპიონები – 1960 (სსრკ)

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – ოლეგ ბლოხინი (42); მოქმედი – ალექსანდრ კერჟაკოვი (30)

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – სერგეი იგნაშევიჩი (114); მოქმედი – სერგეი იგნაშევიჩი (114)

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1912

ზედმეტსახელი: 

მთავარი მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი (რუსეთი)

 

რუსული ფეხბურთის სერიოზული პროგრესი ბოლო ათი წლის განმავლობაში დაგვირგვინდა ეროვნული გუნდის სტაბილური მონაწილეობით დიდ საერთაშორისო ტურნირებზე. მოსკოვის „ცსკა–სა“ და „ზენიტის“ დაუვიწყარი წარმატებების შემდეგ, გუს ჰიდინგმა გაიყვანა რუსები ევრო 2008–ს ნახევარფინალში, რაც რუსეთის ეროვნული გუნდისთვის საუკეთესო შედეგია და უდავოდ დაუვიწყარი მომენტი. ჰოლანდიელი სპეციალისტი თანამემამულე დიკ ადვოკაატმა შეცვალა ორ წელიწაში, რომელიც უკვე 2012 წელს ლეგენდარულმა იტალიელმა, ფაბიო კაპელომ შეცვალა, რომელმაც გაიყვანა რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ვერაფერს ვერ გახდა ბრაზილიაში. ევრო 2016–ს შესარჩევი კაპელოს გუნდმა ცუდად დაიწყო და იტალიელის ეპოქა ლოგიკურად დასრულდა ავსტრიასთან მეორე მარცხის შემდეგ, რამაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთის ნაკრები. ფედერაციამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ევროპელი სპეციალისტების მოწვევა და ეროვნული გუნდი ბოლო წლების უდავოდ საუკეთესო რუს თავკაცს, ლეონიდ სლუცკის ანდო, რომელიც პარალელურად აგრძელებს მუშაობს მოსკოვის „ცსკა–ში“. სლუცკიმ სადებიუტო შეხვედრაშივე მოიპოვა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. რუსებმა არტიომ ძიუბას ერთადერთი გოლით შინ დაამარცხეს შვედეთი და მოიპოვეს აუცილებელი სამი ქულა. ამას მოჰყვა ლიხტენშტეინის განადგურება და ორი მარტივი გამარჯვება მოლდოვასთან და მონტენეგროსთან. რუსეთს დაეხმარა ავსტრიის ნარკებიც და საბოლოოდ სლუცკის კოლექტივმა შვედეთს აჯობა, დაიკავა მეორე პოზიცია. რუსები ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებენ ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი წარმატებაა ამ ქვეყნისათვის. ლეონიდმა სტაბილურად აათამაშა ნაკრები 4–2–3–1 სქემით დააბრუნა ალან ძაგოევი საყვარელ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და უფრო მეტად ენდობა ახალგაზრდა მოთამაშეებს. ჰიდინგმა გაამართლა, მაგრამ ადვოკაატმა და კაპელომ ვერა. ამიტომ, რუსული ფეხბურთის ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ლეოინიდ სლუცკი უდავოდ საუკეთესო ადამიანია ახლა ეროვნული გუნდისათვის. 44 წლის საოცრად ქარიზმატული და ჭკვიანი რუსი სპეციალისტი იდეალურად იცნობს რუსულ ფეხბურთს, თანაც აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ მოამზადოს ბიჭები ძალიან დიდი თამაშებისთვის, ძალიან დიდ ტურნირზე.

 

თითქმის ლეგიონერების გარეშე

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები იყო ერთადერთი, რომლის 23–ვე ფეხბურთელი რუსეთის ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა და სავარაუდოდ ევრო 2016–ზეც საუკეთესო იქნება ამ მხრივ ინგლისის ნაკრებთან ერთად, რომელიც ასევე, როგორც წესი, ლეგიონერებით იშვიათად არის დაკომპლექტებული. ლეონიდ სლუცკის მიერ ბოლოს გამოძახებულ მოთამაშეებს შორის მხოლოდ ალექსანდრ კერჟაკოვია ლეგიონერი, რომელიც ახლა 33 წლის არის და „ციურიხში“ ბრწყინავს. საბაზო კლუბები კი „ზენიტი“ და მოსკოვის „ცსკა“ არიან, რომელსაც სლუცკი პარალელურად ავარჯიშებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსებს საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვთ, საიდანაც აღარ მიდიან ნიჭიერი მოთამაშეები, როგორც თავის დროზე ანდრეი არშავინი ან რომან პავლიჩენკო. თავისუფლად შეუძლია ევროპაში მოღვაწეობა ალან ძაგოევს, აგრეთვე ძალიან ტექნიკური და საინტერესო მოთამაშეები არიან ოლეგ შატოვი და ალექსანდრ კოკორინი. სერიოზული გუნდები აქვს მოვლილი გამოცდილ იური ჟირკოვს, რომელიც ახლა „ზენიტშია“ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზეც დაგვანახა თავისი კლასი „ბენფიკას“ წინააღმდეგ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეროვნული ნაკრების მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მოთამაშეების დაკომპლექტებმა მხოლოდ დაეხმარება მთავარ მწვრთნელს, აგრეთვე კარგად იმოქმედებს შეთამაშებასა და გუნდურ მოქმედებებზე. პლიუს ამას, როდესაც ეროვნული გუნდის კანდიდატთა უმარვლესობა თამაშობს ეროვნულ ჩემპიონატში, გაცილებით მარტივია მათთვის თვალ–ყურის მიდევნება და მათი სათამაშო ფორმის გაგება ყოველკვირეულად. მსგავსი სიტუაცია უდავოდ კომფორტულია ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის და ვნახოთ რამდენად დაეხმარებათ რუსებს ეს მცირედი უპირატესობა. ლეონიდ სლუცკი თითქმის ყველა ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთის ნაკრები ერთ–ერთი ყველაზე შეთამაშებული გუნდი იქნება ევრო 2016–ზე, მაგრამ ეს გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად არ არის. რუსეთის ნაკრებს თუ ეყოლება ლეგიონერი ამ ევროპის პირველობაზე, ეს კერჟაკოვი და მადრიდის „რეალის“ ესპანელი ვინგერი დენის ჩერიშევი იქნება, რომელიც ახლა „ვალენსიაშია“ და სამწუხაროდ ტრავმის გამო ვერ ეხმარება თავის გუნდს.

 

ასაკოვანი შემადგენლობა

რუსეთის ეროვნული გუნდი ერთი მხრივ, იდეალურად არის შეთამაშებული, მაგრამ მეორე მხრივ, უხეშად რომ ვთქვათ – გადაბერებულია. ბრაზილიაში კაპელოს გუნდის საშუალო ასაკი 27 იყო, რაც არ არის ძალიან მაღალი, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მოიმატებს ევრო 2016–სთვის. რუსეთის ნაკრების ბირთვი ნამდვილად ასაკოვანია. კარს 30 წელს მისული იგორ აკინფეევი იცავს, დაცვის ლიდერები 33 წლის ვასილი ბერეზუვსკი და 36 წლის სერგეი იგნაშევიჩი არიან. ალექსიც უკვე 33 წლისაა, იური ჟირკოვი 32 წლის და ერთადერთი იგორ სმოლნიკოვია გამონაკლისი, რომელიც 27 წლის არის და საკმაოდ კარგად გამოიყურება მარჯვენა ფრთაზე. 34 წლისაა ჩინებული საყრდენი და გუნდის კაპიტანი რომან შიროკოვი, გადაცდა 30 წელს იგორ დენისოვი და იქვეა დიმიტრი კამბაროვიც. ალექსანდრ კერჟაკოვი 33 წლის გახლავთ. ახალგაზრდა თაობას ძაგაოევს, შატოვს, კოკორინსა და ძიუბას თუ მივაკუთვნით, რომელთა შორისაც ძაოგევი და კოკორინი არიან ყველაზე პატარები – ორივე 25 წლის არის. პლიუს ამას მათი ტოლი დენის ჩერიშევი. რა თქმა უნდა, გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დიდ ტურნირებზე, მაგრამ ასეთი სერიოზული ასაკი შესაძლოა პრობლემატური გამოდგეს, განსაკუთრებით დაცვაში. ლეოინიდ სლუცკის მთავარი პრობლემა ალბათ სწორედ ეს არის და ბოლო პერიოდში ამიტომ იძახებს უფრო ხშირად ახალგაზრდა უკანა ხაზელებს, მაგრამ მათზე იმედების დამყარება სარისკოა. თავისმხრივ, ბერეზუვსკისა და იგნაშევიჩის მთავარი პლიუსები ახლა ფიზიკური სიძლიერე, ტაქტიკური განსწავლულობა და კლასია, აი სისწრაფის მხრივ კი ნამდვილად სერიოზულად ჩამორჩებიან. არადა სლუცკი არ არის დაცვითი სტილის მოყვარული სპეციალისტი, უყვარს სხარტი და სწრაფი შეტევები, თანაც მის „ცსკა–ს“ ძალიან კარგად გამოსდის კონტრშეტევების განხორციელება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაცვაში საიმედო მოქმედება. შესაბამისად, სლუცკის მოუწევს ამაზე ფიქრი და ეცდება, რომ გადალახოს რამენაერად ასაკობრივი ბარიერი. კარგია, რომ შეტევაში რამდენიმე საინტერესო ჯერ კიდევ მშვენიერ საფეხბურთო ასაკში მყოფი ფეხბურთელია, მაგრამ ლიდერები უკვე პენსიის ზღვარზე არიან, რაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ამართლებს და იმის თქმა, რომ რუსეთის ნაკრებს თავისი რაფა მარკესი ან ასეთი მაღალი დონის ვეტერანი ოსტატი ჰყავს, ნამდვილად ხმაღალი იქნება.

 

პოტენციური შემადგენლობა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიხილოთ ევრო 2016–ზე

მეკარეები: იგორ აკინფეევი („ცსკა“).

 

მცველები: დიმიტრი კამბაროვი („მ.სპარტაკი“), ვასილი ბერეზუვსკი, ალექსეი ბერეზუვსკი, სერგეი იგნაშევიჩი (სამივე „ცსკა“).

 

ნახევარმცველები: რომან შიროკოვი, ალან ძაგოევი (ორივე „ცსკა“), იგორ დენისოვი („მ.დინამო“), ოლეგ შატოვი („ზენიტი“).

 

თავდამსხმელები: არტიომ ძიუბა („ზენიტი“).

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სლოვაკეთი

საუკეთესო შედეგი: ეს მათი პირველი ევროპის ჩემპიონატია.

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – რობერტ ვიტეკი (23); მოქმედი – რობერტ ვიტეკი (23).

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – მიროსლავ კარხანი (107); მოქმედი – მარეკ ჰამშიკი (83).

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1938.

ზედმეტსახელი: 

მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი (სლოვაკეთი).

 

როგორც იქნა! ხუთი მცდელობის შემდეგ, მეექვსე მცდელობა წარმატებული გამოდგა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდი პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. სლოვაკები 1996 წლიდან იღებენ დამოუკიდებლად მონაწილეობას დიდ საერთაშორისო ტურნირებზე და აქამდე მხოლოდ 2010 წლის მუნდიალზე იასპარეზეს, სადაც ვლადიმერ ვაისის გუნდმა იტალიის ნაკრები ჩატოვა ჯგუფში და ღირსეულად ებრძოლა მერვედფინალში მომავალ ფინალისტ ჰოლანდიის ნაკრებს. ვაისის შემდეგ ერთი წელი ჰიპმა იწვალა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და 2013 წლის ზაფხულიდან მთავარი მწვრთნელის პოსტი 61 წლის გამოცდილმა სლოვაკმა, იან კოზაკმა ჩაიბარა. სლოვაკებმა ფანტასტიკურად დაიწყეს საკვალიფიკაციო ეტაპი და ჯერ უკრაინას მოუგეს კიევში რობერტ მაკის გოლით, შემდეგ კი ჟილინაში 2:1 დაამარცხეს ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთის ეროვნული გუნდი, რაც ნამდვილი სენსაცია იყო, მაგრამ დამსახურებული. ამას მოჰყვა ოთხი მშვიდი გამარჯვება და უკვე 2015 წლის შემოდგომისთვის სლოვაკეთის ნაკრებმა ფაქტიურად გაინაღდა ევრო 2016–ს საგზური. დარჩენილ ტურებში წააგეს ესპანეთთან და ბელარუსთან, მაგრამ არ მოაგებინა უკრაინას და ბოლოს ლუქსემბურგი მარტივად დაამარცხეს 4:2. კოზაკის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა ჯგუფში და პირდაპირ გაიფორმა საფრანგეთის ბილეთები. სლოვაკეთი საკმაოდ კარგ ფეხბურთს თამაშობს, უტევს და რაც მთავარია, ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავს. იან კოზაკი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც იდეალურად იცნობს სლოვაკურ ფეხბურთს. შემადგენლობა არ არის გასაოცარი, მაგრამ საკმარისი ნაცნობი სახეებია: პეტერ პეკარიკი, მარტინ შკრტელი, იურაი კუცკა, მიროსლავ სტოხი, რობერტ ვიტეკი და რაღა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა – მარეკ ჰამშიკი, სლოვაკთა ვიცე–კაპიტანი და სულიერი ლიდერი. ჰამშიკი ფენომენალური იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე, რაშიც „ნაპოლიმაც“ შეუწყო ხელი, რადგან მაურიციო სარი სწორედ იმ როლს აძლევს, რასაც კოზაკი ეროვნულ გუნდში. მარეკი ეხმარება საყრდენებს და აგრეთვე ორგანიზებას უკეთებს შეტევით მოქმედებებს. ჩინებული ციკლი ჰქონდა მიროსლავ სტოხს, რომელიც ძალიან სწრაფი და შრომისმოყვარე ვინგერია. გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ ლეგენდარული რობერტ ვიტეკი, რომელიც ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკიდან გვახსოვს ძალიან კარგად. სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს კარგად შეკრული კოლექტივი ჰყავს, რომლის შემადგენლობა საკმარისად ძლიერი, გამოცდილი და ორგანიზებულია. იან კოზაკის გუნდი ნამდვილად ითვლება ერთ–ერთ მნიშვნელოვან კერკეტ კაკალად, რომელიც უელსის ნაკრებისგან განსხვავებით, სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენებას ცდილობს და ვნახოთ რა გამოუვათ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე.

 

ძლიერი ნახევარდაცვა

შესაძლოა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ ყველაზე საიმედო ნახევარდაცვის ცენტრი ამ ჯგუფში სწორედ სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს ეყოლება, ინგლისელებზეც კი. საქმე იმაშია, რომ იან კოზაკი ფაქტიურად არ ცვლის სასტარტო თერთმეტეულს, მაგრამ ამის საჭიროება არც არის, განსაკუთრებით ცენტრში. როგორც წესი, ცენტრალურ ნაწილში პატარა სამკუთხედი იკვრება, რომლის წვეროც ზემოთნაქები მარეკ ჰამშიკია. უკნიდან კი მოქმედებენ იურაი კუცკა და 32 წლის „ჟილინას“ ლიდერი ვიქტორ პეცოვსკი. პეცოვსკიმ მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა საკვალიფიკაციოზე და დანარჩენი ცხრა შეუცვლელად ჩაატარა, რაც უდავოდ მრავლისმეტყველია. პეცოვსკის შესახებ ბევრმა შეიძლება არც არაფერი იცოდეს, მაგრამ ეს არანორმალურად მებრძოლი ბიჭია, რომელსაც აქვს ძალიან ძლიერი შორეული დარტყმა. პეცოვსკი–კუცკა–ჰამშიკის სამეული ცენტრში იდეალურად არის შეთამაშებული და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს სწორედ ამ პოზიციაზე შეუქმნეს ყველაზე დიდი პრობლემები. სლოვაკებს ნამდვილად არ უყვართ ბურთის ფლობა, მაგრამ ტაქტიკურად სწორად მოქმედებენ ცენტრში და ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ. შავი სამუშაო ყველაზე მეტად სწორედ ვიქტორ პეცოვსკიზე მოდის, ჰამშიკი უფრო შემოქმედია, კუცკა კი იცავს ბალანსს. იურაი საკმაოდ მრავალფეროვანი და საჭირო მოთამაშეა, რომელიც ახლა „მილანში“ საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. იან კოზაკი ამ ტრიოზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და რაც ყველაზე მთავარია, სამივე გამოცდილი, საკმაოდ მებრძოლი და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, თანაც განსხვავებული სტილის. კუცკა, პეცოვსკი და ჰამშიკი უდავოდ სლოვაკეთის ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ. ასეთი ორგანიზებული და შეთამაშებული ცენტრი ნამდვილად არ ჰყავს ინგლისის ნაკრებს, მიუხედავად იმისა, რომ როი ჰოჯსონს უამრავი ალტერნატივა აქვს ამ პოზიციაზე.

 

პოტენციური შემადგენლობა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიხილოთ ევრო 2016–ზე

მეკარეები: იან მუხა („სლოვანი“).

 

მცველები: პეტერ პეკარიკი („ჰერტა“), ნორბერტ გიომბერი („რომა“), მარტინ შკრტელი („ლივერპული“).

 

ნახევარმცველები: იურაი კუცკა („მილანი“), ვიქტორ პეცოვსკი („ჟილინა“), მარეკ ჰამშიკი („ნაპოლი“), მიროსლავ სტოხი („ბურსასპორი“), რობერტ მაკი („პაოკი“).

 

თავდამსხმელები: რობერტ ვიტეკი („სლოვანი“).

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

უელსი


საუკეთესო შედეგი: ეს მათი პირველი ევროპის ჩემპიონატია.

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – იან რაში (28); მოქმედი – გარეთ ბეილი (19).

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – ნევილ საუჰელი (92); მოქმედი – კრის განტერი (64).

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1876.

ზედმეტსახელი: დრაკონები.

მთავარი მწვრთნელი: კრის კოულმანი (უელსი).

 

უელსის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, რომელსაც საერთოდ მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები დიდ საერთაშორისო ტურნირზე – 1958 წელს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს უელსური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობაა, რომლის ლიდერიც უდავოდ მადრიდის „რეალის“ უსწრაფესი ვინგერი გარეთ ბეილი გახლავთ. უელსის ეროვნულმა გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, მაგრამ ფედერაციამ მაინც ნდობა გამოუცხადა კრის კოულმანს და დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეს საკმაოდ ამბიციური, კარგი სპეციალისტი. უელსის ეროვნული გუნდი ტიპიურ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს, დაცვიდან და ძირითადი აქცენტები კეთდება ფლანგიდან ჩაწოდებებზე. როგორც წესი, კოულმანი 5–3–1–1 სქემას იყენებს, სადაც ბეილი ცენტრალური ფორვარდის უკან მოქმედებს და ხშირად მის გვერდითაც კი აღმოჩნდება. შესაბამისად, ეპიზოდურად უელსელთა ტაქტიკა 5–3–2 ან 4–4–2–ც კი ხდება, მაგრამ ყოველ ჯერზე მორგებულია გრძელ გადაცემებს წინ. მთელი საკვალიფიკაციო ეტაპის მანძილზე შეუდარებელი იყო ბეილი, რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და აჩვენა საოცარი თამაში. გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ გუნდის კაპიტანი და ცენტრალური მცველი ეშლი უილიამსი, მარცხენა ფლანგელი ნილ ტეილორი და აარონ რემსი. უელსელებმა ჯგუფში ბელგია დაამარცხა ბეილის გოლით შინ და სტუმრად ფრედ 0:0 ითამაშეს, მაგრამ მაინც დათმეს პირველი ადგილი. თუმცა, უელსმა ბოლო ტურის წინ გაინაღდა ევრო 2016–ს საგზური ისრაელთან ფრის შემდეგ და საკუთარ ქომაგებთან ერთად აღნიშნა ეს უდიდესი წარმატება. კოულმანი ტაქტიკურად საკმაოდ საინტერესო და გონიერი თავკაცია, რომლის გუნდიც ერთი შეხედვით, საკმაოდ სწორზახოვან და ტიპიურ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ბევრისთვის ძალიან არამომხიბვლელია, მაგრამ გუნდში ბევრი ტექნიკური მოთამაშეა ბეილის მეთაურობით. აგრეთვე უნდა გამოვყოთ 23 წლის ნიჭიერი ტომ ლოურენსი, ჯეკ ბრედშოუ, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს ჩემფიონშიფში. დაცვაში გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეები არიან: უილიამსი, ჯეიმს კოლინსი, ჯეიმს ჩესტერი. ნახევარდაცვის ცენტრში კი ასევე ძალიან მებრძოლი საყრდენები: ჯო ლედლი, ჯო ალენი, ენდი კინგი. ასე, რომ უელსის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად ძალიან რთული იქნება ნებისმიერი გუნდისათვის, რადგან კოულმანის ნაკრები სახიფათოა და ხისტი გუნდურად, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მრავლისშემძლე ინდივიდუალურად.

 

უელსის გმირი

 

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, ლიდერი და ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გარეთ ბეილი გახლავთ, რომელიც კრის კოულმანის გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს. ევრო 2016–ს შესარჩევ ეტაპზე ბეილმა შვიდი გოლი გაიტანა, ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა და ლომის წვლილი შეიტანა ამ უდიდეს წარმატებაში. გარეთმა მოაგებინა უელსს ანდორასთან, ბელგიასთან, კვიპროსთან და თანაც გაიტანა ძალიან ლამაზი გოლები. 26 წლის გარეთს 54 თამაში აქვს ჩატარებული „დრაკონების“ შემადგენლობაში და 19 გოლი აქვს გატანილი, რაც მეხუთე შედეგია. უელსის ყველა დროის ბომბარდირია ლეგენდარული იან რაშია 28 გოლით, რომელსაც ბეილი სავარაუდოდ ძალიან მალე გადაასწრებს და საკმაოდ სერიოზულ ახალ რეკორდსაც დაამყარებს. მადრიდის „რეალში“ გადასვლის შემდეგ ბეილი სერიოზულად განვითარდა, მაგრამ პირველ რიგში ეს მის ფიზიკურ კონდინციებზე უნდა ითქვას. გარეთი ნამდვილი მებრძოლი გახდა, რომელიც იდეალურია მეორე სართულზე და ამ თვალსაზრისით ზუსტად ერგება უელსის ნაკრების ფილოსოფიას. ბეილი კოულმანის გუნდში ე.წ. მეორე ფორვარდის პოზიციაზე მოქმედებს და არა გამთამაშებლის. შეტევების ორგანიზებას თავის თავზე ხშირად ჯო ალენი და არონ რემსი იღებენ, ხოლო ბეილი არის დამგვირგვინებელი, რომელიც ჩინებულად მოქმედებს საჯარიმოში. გარეთმა დაიჭირა კარგი საგოლე ალღო და ეს კიდევ უფრო სრულყოფილ მოთამაშედ აქცევს. გარდა ამისა, ბეილის ინდივიდუალური შესაძლებლობები ყოველთვის იქნება უელსის დამატებითი ძალა, ბეილის საოცარი დარტყმები შორიდან და რაც მთავარია, მისი უნიკალური შესაძლებლობა საჯარიმო დარტყმების შესრულებისა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ბეილი უელსის ეროვნული გუნდის მთავარი გმირი და ნამდვილი ვარსკვლავია, რომელსაც მთელი ქვეყანა ენდობა. ევრო 2016 გარეთის შანსია, რათა დაამტკიცოს საკუთარი სიდიადე, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. უელსის ეროვნული გუნდი მის გარეშე ძალიან დასუსტდება, ამიტომ ბეილი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. კრის კოულმანის გუნდის თამაში მის ირგვლივ არის აწყობილი, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი.

 

პრობლემატური პოზიცია თავდასხმის ცენტრში

მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ბეილი იდეალურად აგვირგვინებს შეტევებს, როგორც ფეხით, ისე თავით, კოულმანი ჯერ კიდევ მისი ღირსეული მეწყვილის ძიებაშია. გასულ წელს ის რეგულარულად იძახებდა 27 წლის ჰალ რობსონ–კანუს, მაგრამ ის აგდებს მიმდინარე სეზონს „რედინგში“ – 27 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ სამი გოლი. ვერც საიმონ ჩარჩი გამოიყურება საუკეთესოდ, რომელიც ასევე კოულმანის კოლექტივის მუდმივი წევრი იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე. სამაგიეროდ, ძალიან კარგი სეზონი აქვს ინგლისის მესამე ლიგაში 23 წლის ტომ ბრედშოუს და აგრეთვე „ბარნლის“ ფორვარდ სემ ვოუკსს. თუმცა, ბრედშოუ ჯერ ძალიან გამოუცდელია, თანაც ზედმეტად დაბალ დონეზე ასპარეზობს და მასზე სერიოული იმედების დამყარება ნამდვილად არ იქნება გამართლებული. ასე, რომ კოულმანს სამ მოთამაშეს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება: რობსონ–კანუ, ვოუკსი და ჩარჩი. პრობლემა კი იმაშია, რომ ისინი დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სათამაშო სტილით. ვოუკსი უფრო საინტერესო თავდამსხმელი ჩანს, მაგრამ მაინც ტიპიური ბრიტანელი ცენტრფორვარდია. რობსონ–კანუ არ არის ძალიან მაღალი, ტექნიკასაც არ უჩივის, უბრალოდ ძალიან სუსტ ფორმაშია. თუმცა, ვნახოთ რა მოხდება სეზონის დარჩენილ ნაწილში. ევროპის ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ არის დრო და თანაც ეს ის ტურნირია, რომელიც განსაკუთრებულ მოტივაციას აძლევს ნებისმიერ ფეხბურთელს. შესაბამისად, ვნახოთ, იქნებ ვინმემ გაიბრწყინოს კიდეც ამ პოზიციაზე უელსის ნაკრების მაისურით. თუმცა, ამ ეტაპზე, კრის კოულმანის მთავარი თავსატეხი სწორედ ეს არის, რადგან გარეთ ბეილის წინ საჭიროა კარგი ცხრიანი, სტაბილური და საინტერესო. უელსელთა ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ ცენტრალური თავდასხმაა.

 

პოტენციური შემადგენლობა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიხილოთ ევრო 2016–ზე

მეკარეები: უეინ ჰენესი („კრისტალ პალასი“).

 

მცველები: კრის განტერი („რედინგი“), ეშლი უილიამსი („სუონსი“), ჯეიმს ჩესტერი („ვესტ ბრომვიჩი“), ნილ ტეილორი („სუონსი“).

 

ნახევარმცველები: ჯო ლედლი („კრისტალ პალასი“), ჯო ალენი („ლივერპული“), აარონ რემსი („არსენალი“).

 

თავდამსხმელები: გარეთ ბეილი („რეალი“), სემ ვოუკსი („ბარნლი“).

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ინგლისი


საუკეთესო შედეგი: ნახევარფინალი: 1968, 1996.

საუკეთესო ბომბარდირი: ყველა დროის – უეინ რუნი (51); მოქმედი – უეინ რუნი (51).

ყველაზე გამოცდილი მოთამაშე: ყველა დროის – პეტერ შილტონი (125); მოქმედი – უეინ რუნი (109).

ასოციაციის დაარსების თარიღი: 1863

ზედმეტსახელი: სამი ლომი

მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი (ინგლისი)

 

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო საკვალიფიკაციო ეტაპი ჩაატარა, მოიგო ათიდან ათი შეხვედრა, გაიტანა 31 გოლი და გაუშვა მხოლოდ სამი. ფაბიო კაპელოს ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ეროვნული ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა გამოცდილმა როი ჰოჯსონმა და დაიწყო მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის. უკრაინასა და პოლონეთში ინგლისმა ძალიან კარგად იასპარეზა და სამწუხაროდ, ტრადიციულად, დამარცხდა პენალტების სერიაში მეოთხედფინალურ ეტაპზე, მაგრამ იტალიასთან ინგლისელებმა საკმაოდ ღირსეული ფეხბურთი აჩვენეს. ამის შემდეგ როიმ დამაჯერებლად გაიყვანა ეროვნული ნაკრები 2014 წლის მუნდიალზე, მაგრამ იქ „სამი ლომის“ ფანტასტიკურმა თაობამ სრული კრახი განიცადა. ბრაზილიაში ისევ ძველი გვარდიელები: გლენ ჯონსონი და უეინ რუნი გამოიყურებოდნენ ყველაზე კარგად. ახალგაზრდებიდან კი ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დანიელ სტარიჯმა დატოვა. მიუხედავად ამ სერიოზული ჩავარდნისა, ინგლისური ფეხბურთის ფედერაციამ ნდობა გამოუცხადა ჰოჯსონს, რადგან ეროვნულ ნაკრებს უდავოდ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ ახალგაზრდა ტალანტებს გამოცდილების დაგროვება სჭირდებოდათ. როი დარჩა და უნაკლო შესარჩევი ჩაატარებინა თავის გუნდს. თავიდან იყო პრობლემებული, მაგრამ ამის ფონზეც ახერხებდნენ ინგლისელები გამარჯვებების მოპოვებას. ყველაზე გამორჩეული მატჩი ინგლისმა სლოვენიაში ჩაატარა, რომელიც საოცარ ბრძოლაში 3:2 მოიგო უეინ რუნის გოლით. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში ჯეკ უილშირმა გაიფორმა დუბლი, მაგრამ მას შემდეგ აღარც უთამაშია ეროვნული გუნდის მაისურით მორიგი მძიმე ტრავმის გამო. სწორედ ევრო 2016–ს შესარჩევში შედგა უნიჭიერესი ჰარი კეინის დებიუტი ეროვნულ გუნდში, რომელიც ჯერ კიდევ პირველ სეზონს ატარებდა „ტოტენჰემის“ ძირითადში და იყო იმ კამპანიის აღმოჩენა. 21 წლის ჰარიმ დებიუტი გოლით აღნიშნა უემბლიზე ლიტვის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კიდევ მიიღო ორი შანსი ჰოჯსონისგან, ორივეჯერ გოლი შეაგდო შესვლის შემდეგ და ძირითადში თამაშიც დაიმსახურა. ბოლო სანაკრებო პაუზის დროს კი როიმ კიდევ ორი „ტოტენჰემელი“ ტალანტი: ერიკ დაიერი და დეილი ალი გამოიძახა, ამ უკანასკნელმა ფრანგებს ულამაზესი გოლი გაუტანა უემბლიზე. ბრწყინვალე ციკლი ჩაატარა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხემლმა, დენი უელბეკმა. აგრეთვე მშვენივრად გამოიყურებოდა „ევერტონის“ უნივერსალური ნახევარმცველი როს ბარკლი ალექს ოქსლეიდ–ჩემბერელინი, რა თქმა უნდა, მიიღო თავისი შანსი „ლესტერის“ საუკეთესო ბომბარდირმა და ამ სეზონის მთავარმა აღმოჩენამ, ჯეიმი ვარდიმ, მაგრამ ჯერ გოლი არ გაუტანია. როი ჰოჯსონმა ძალიან ძლიერი კოლექტივი შექმნა, რომელიც თამაშობს შესანიშნავ ფეხბურთს. ინგლისის ნაკრები ბურთს ფლობს, ათამაშებს ლამაზ კომბინაციებს და ხანდახან ჩვეულ სტილში მიმართავს მაღალ ჩაწოდებებს საჯარიმოში. ჰოჯსონმა ნამდვილად მოახერხა გუნდის განვითარება და ახლა მთავარია ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინგლისური ფეხბურთისათვის. შემადგენლობა საკმაოდ ძლიერია, საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები ფეხბურთი  – დიდებული, ამიტომ მოლოდონი საკმაოდ მაღალია. ინგლისი ამჯერად ნამდვილად ერთ–ერთი ფავორიტია ამ დიდი საერთაშორისო ფორუმის, მაგრამ ამ შემთხვევაში, „სამი ლომი“ ნამდვილად სერიოზული ძალაა.

 

ტალანტების ცვენა

ახლა ინგლისურ ფეხბურთში ნამდვილად საოცარი მრავალფეროვნებაა ტალანტების თვალსაზრისით. ამდენი საინტერესო და ახალგაზრდა ფეხბურთელი ალბათ არცერთი დიდი ტურნირის წინ არ ჰყოლია სიაში „სამი ლომის“ მთავარ მწვრთნელს. 2004 წელს ერიქსონის განკარგულებაში ახალგაზრდა ჯონ ტერი, სტივენ ჯერარდი, უეინ რუნი იყვნენ, მაგრამ ამჯერად ძალიან ბევრი გამორჩეული ტალანტია. ჯერ მარტო „ტოტენჰემელებს“ გადახედეთ: ალი, დაიერი და კეინი. ჰარი უკვე მეორე სეზონია თამაშობს უმაღლეს დონეზე, დაამტკიცა, რომ რეალურად ძლიერი ცენტრფორვარდი, რაც უდავოდ სასიხარულოა ნარკების ქომაგებისათვის. დეილი ალი ამ სეზონის მთავარი აღმოჩენაა. 19 წლის ცენტრს კარგი ტექნიკა, დარტყმა, ხედვა და ხასიათი აქვს. ის ნამდვილი მებრძოლია და არანორმალურად საინტერესო საყრდენი, როგორიც ინგლისის ნაკრებს ნამდვილად არ ჰყავს ამ ეტაპზე. დაიერი უფრო ჩამშლელი ტიპის საყრდენია, მაგრამ ისიც ძალიან მებრძოლი და საჭირო მოთამაშე. გარდა ამისა, მაინც არ უნდა დავივიწყოთ ჯეკ უილშირი და რა თქმა უნდა, როს ბარკლი, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს „ევერტონში“. კარის ხაზზე ჯო ჰარტს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა 23 წლის ჯეკ ბატლენდის სახით, რომელიც ჰოჯსონმა ჯერ კიდევ ევრო 2012–ზე წაიყვანა, მაგრამ ახლა ბატლენდი „სტოკის“ პირველი ნომერია და ერთ–ერთი საუკეთესო გოლკიპერი პრემიერ ლიგაში. დაცვის ცენტრში ინგლისს 21 წლის ტალანტი ჯონ სტოუნსი ჰყავს, რომელზეც ინგლისური ფეხბურთის გრანდები უკვე ორი წელია ნადირობენ. პლიუს ამას 24 წლის ნათანიელ კლაინი. შეტევაში კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი სიტუაციაა: რაჰიმ სტერლინგი, ოქსლეიდ–ჩემბერლეინი, მარკუს რეშფორდი, დენი უელბეკი და ჰარი კეინი. ყველანი ძალიან ახალგაზრდები არიან და მუნდიალთან შედარებით სტერლინგი, ოქსი და უელბეკი გაცილებით გაზრდილები არიან. ამას დავუმატოთ სტივენ ჯერარდის ღირსეული მემკვიდრე ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც ინგლისის ნაკრების უცვლელი წევრიც გახდა, ადამ ლალანა, თეო უოლკოტი, ჯეიმს მილნერი, სტარიჯი, ვარდი და ჯერ კიდევ უეინ რუნი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ახლა ტრავმირებულია, მაგრამ უეინი ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ძალა იქნება „სამი ლომისთვის“ და გაემგზავრება საფრანგეთში. თაობა ნამდვილად ძალიან ძლიერია, ამდენი იმედისმომცემი ახალგაზრდა ინგლისის ნაკრებს დიდი ხანია არ ჰყოლია და ახლა, მთავარია, რომ როი ჰოჯსონმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. ყველანი ვერ წავლენ ევროპის ჩემპიონატზე, ამიტომ გამოცდილი ინგლისელი ყურადღებით უნდა იყოს. ინგლისელები უკვე 50 წელზე მეტია ელოდებიან საკუთარი ეროვნული გუნდის დიდ წარმატებას და ამ თაობას საკმაოდ დიდი იმედიც აქვთ. ასე, რომ მნიშვნელოვანია ამ ტალანტების სწორად შერჩევა და შემდეგ უკვე მათი ზუსტად გამოყენება. ამ ეტაპზე, მთავარი რამ შესრულებულია – ინგლისურ ფეხბურთს უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს და როი ჰოჯსონს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს.

 

ჩინებული თავდასხმა

როი ჰოჯსონის ინგლისის ნაკრების მთავარი კოზირი ამ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ჩინებული თავდასხმის ხაზი იქნება. თუ წინა ევროპის ჩემპიონატებზე „სამი ლომის“ მთავარი იმედი შეტევაში მხოლოდ უეინ რუნი იყო, ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ ფანტასტიკურ სეზონს ატარებს ჯეიმი ვარდი და უკვე მეორე სეზონია ბრწყინავს ჰარი კეინი, საკმაოდ სერიოზული ძალაა ეროვნული გუნდისათვის დენი უელბეკი პლიუს დანიელ სტარიჯი. ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ევრო 2016–ზე ინგლისელთა ძირითადი ფორვარდები ვარდი და კეინი იყვნენ, რადგან დიდებულ სეზონს ატარებენ ინგლისის პრემიერ ლიგაში და თავისუფლად შეუძლიათ, რომ ეს დადებითი ემოციები გაიყოლონ ეროვნული გუნდის ბანაკში, გააგრძელონ ინერციით მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება. თუმცა, თუ რომელიმე ვერ გაამართლებს ან ორივე ვერ გაუძლებს დიდ ზეწოლას, მაშინ ჰოჯსონს კიდევ რჩება ძლიერი ალტერნატივები ზემოთხსენებული სტარიჯის, უელბეკისა და თუნდაც უეინ რუნის სახით, რომელიც მაინც უეინ რუნია. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს თავდამსხმელები ერთმანეთს ავსებენ და ქმნიან საოცრად მრავალფეროვან სიტუაციას. ვარდი საოცარი მებრძოლია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ფლანგზე თამაში და იქიდან პარტნიორების დახმარება. კეინი ცენტრფორვარდია, მაგრამ ძალიან ბევრს მოძრაობს და თავად შეუძლია არაფრისგან მომენტის შექმნა. სტარიჯი და უელბეკი კიდევ უფრო მრავალფეროვნები არიან, ტექნიკურად დახვეწილი და ფიზიკურად ძლიერები. პლიუს ამას გუნდის კაპიტანი და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი რუნი. როი ჰოჯსონს საკმაოდ დიდი ფუფუნება აქვს და საინტერესო რა არჩევანს გააკეთებს გამოცდილი ინგლისელი სპეციალისტი. თუ როი ითამაშებს ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით, ალბათ მაინც საბოლოო არჩევანს რუნისა და კეინზე შეაჩერებს, რადგან ამ ეტაპზე სწორედ „ტოტენჰემის“ ლიდერია საუკეთესო ფორმაში. თუმცა, თუ როი უეინის ცუდ ფორმასაც გაითვალისწინებს, მაშინ ალბათ კეინის იდეალური პარტნიორი იქნება დანი სტარიჯი. საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ვარდი არ მოგვევლინოს ამ ევრო პირველობაზე ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე, რადგან ის სრული უნივერსალია და ამპლუით ნახევარმცველი. თუმცა, ჯერ კიდევ მარტია და ევრო 2016–მდე დრო საკმარისია. შესაბამისად, არავინ იცის როგორ ფორმაში დაასრულებენ სეზონს ვარდი, კეინი, სტარიჯი თუ უელბეკი, ამიტომ როი ჰოჯსონს ჯერ კიდევ შეუძლია კარგად გაანალიზოს სხვადასხვა სიტაუციები და გააკეთოს სწორი არჩევანი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოტენციალი ძალიან დიდი აქვს ინგლისის ნაკრებს, მაგრამ ამას სჭირდება სწორი გამოყენება. თავდასხმის ხაზი უდავოდ ძალიან ძლიერად გამოიყურება და მთავარია მათ ერთმანეთს არ შეუშალონ ხელი, არამედ პირიქით – დაეხმარონ.

 

მოგვარებული მუდმივი პრობლემა

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი პრობლემა ყოველი დიდი ტურნირის წინ იყო – მეკარის პოზიცია, მაგრამ ეს საკითხი უკვე ექვსი წელია მოაგვარა „მანჩესტერ სიტის“ შესანიშნავმა გოლკიპერმა, ჯო ჰარტმა. თუმცა, ჰარტის გარდა, ჰოჯსონის განკარგულებაში კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი მეკარეა: ჯეკ ბატლენდი, ფრეიზერ ფორსტერი, ჯონ რადი. ახლა ჰარტი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, ისევ ბატლენდი იქნება „სამი ლომის“ პირველი ნომერი და არ არის გამორიცხული, რომ „სტოკ სიტის“ ფანტასტიკური მეკარე ევრო 2016–ზეც ინგლისელთა ძირითადის მოთმაშე იყოს. ბატლენდს ნამდვილად საოცარი სეზონი აქვს და მისით მთელი ინგლსური ფეხბურთი მოხიბლულია, თანაც ჯერ 23 წლის არის და იდეალური პერიოდი აქვს იმისათვის, რომ ნელ–ნელა ჩააჩოჩოს გვერდით ჰარტი. თუმცა, ამის გაკეთება ურთულესი იქნება, რადგან ჯო – უმაღლეს დონეზეა კვლავ, თანაც არც ფორსტერი აპირებს უსაქმოდ ყოფნას. ფრეიზერმა დაახლოებით ექვსი თვე გამოტოვა, მაგრამ დაბრუნდა და ეს უკვე ეტყობა „საუთჰემპტონის“ შედეგებს. ასე, რომ ინგლისის ნაკრებში უჩვეულო სიტუაციაა – გუნდშ არამცთუ პრობლემაა მეკარის პოზიციის, არამედ პირველი ნომრის სტატუსისთვის სერიოზული კონკურენციაა. როი ჰოჯსონი აგრეთვე „ბარნლის“ მეკარეს, ტომ ჰიტონს იძახებს ხშირად, რომელიც პრემიერ ლიგის გასული სეზონიდან ალბათ კარგად გვახსოვს. ასე, რომ აქაც ჰოჯსონზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არანაერი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ამ ეტაპზე ჯო ჰარტი შეცვალოს ვინმემ, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც მჯობნის მჯობნი არ ილევა და ისედაც, გაუთვალისწინებელი შემთხვევისაგან არავინაა დაზღვეული. თუ აქამდე ჰარტის ტრავმა ინგლისის ნაკრებისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო, ახლა – განსაკუთრებული პრობლემა აღარ არის, რადგან მას ღირსეული შემცვლელები ჰყავს ჯეკ ბატლენდისა და სხვების სახით. ინგლისის ეროვნულმა გუნდმა მოაგვარა დაახლოებით ოცწლიანი „მუდმივი სენი“, რასაც ერქვა მეკარის პოზიცია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

 

ნახევარდაცვის ცენტრში არსებული ქაოსი

მიუხედავად იმისა, რომ ჰოჯსონმა ჯერჯერობით ვერც დაცვის ოთხეული შეკრა ბოლომდე, „სამი ლომის“ მთავარი პრობლემა – ნახევარდაცვის ცენტრია, სადაც ნამდვილად ერთი ქაოსია და მოთამაშეები არ არიან შეთამაშებულნი. როი ძალიან დიდ იმედებს ამყარებდა ლონდონის „არსენალის“ ბრწყინვალე საყრდენ ჯეკ უილშირზე, მაგრამ ამ უკანასკნელის სერიოზული ტრავმის გამო გეგმები შეიცვალა. ბოლო თამაშები ფაქტიურად უცვლელად ჩაატარა „ნიუკასლის“ ცენტრამ, ჯონჯო შელვიმ, მაგრამ ეს ჯორდან ჰენდერსონის ტრავმით იყო განპირობებული, რადგან ჰოჯსონი რა თქმა უნდა, არ აპირებს ევრო 2016–ს შელვით მოგებას. მიუხედავად იმისა, რომ „სუონსის“ ყოფილი ლიდერი ძალიან კარგ ფორმაშია და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მისი დონე მაინც არ შეესაბამება ინგლისის ეროვნულ ნაკრებს და იმ მოთხოვნებს, რომლებიც იქნება ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთში. რა თქმა უნდა, ძირითადში იქნება ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც უკვე კრეფს ოპტიმალურ ფორმას და სავარაუდოდ საუკეთესო კონდინციებში შეხვდება ევრო პირველობას. ჰენდერსონი ძალიან კარგი საყრდენია, მებრძოლი და მშვენიერი ხედვის მქონე, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. უილშირი იდეალურად მოერგებოდა მას, მაგრამ ახლა გამოჩნდა 19 წლის დეილი ალი, რომელიც ასეთი თამაშით აუცილებლად უნდა იყოს ძირითადში. ალი უფრო დახვეწილია, ვიდრე როს ბარკლი და უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე ფაბიან დელფი. ამ 19 წლის ბიჭუნას რაღაც განსაკუთრებული აქვს, რადგან აბსოლუტურად არაფრისგან გამოჩნდა. მისი სიტუაცია ჰგავს რაიან მეისონის გამოჩენას, რომელიც მერე ნაკრებშიც მოხვდა, მაგრამ ალი უფრო ძლიერი მოთამაშეა. დეილის საოცარი ტექნიკა და კარგი გონება აქვს, რაც შესაძლოა ძალიან დაეხმაროს ინგლისის ნაკრებს თუნდაც მისი ასაკის მიუხედავად. ალი გამოუცდელია, მაგრამ ალბათ არანორმალურად მოტივირებული იქნება ევრო 2016–სთვის. თუმცა, მას შეუძლია თამაში ათიანის პოზიციაზეც და აქაც ჰოჯსონის გადასაწყვეტია. თუმცა, საინტერესოა წავა თუ არა ევროპის ჩემპიონატზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამოცდილი ცეტნრი მაიკლ კერიკი, რომელიც თითქოს ყოველთვის იჩაგრებოდა ეროვნულ გუნდში. კერიკი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, რომელიც მინდორზე ყოველთვის მაქსიმუმს დებს და მშვენიერი ორგანიზატორია. ჰენდერსონი და კერიკი შესაძლოა ძალიან კარგად მოერგონ ერთმანეთს, მაგრამ როის კიდევ აქვს იმავე დელფის, ჯეიმს მილნერის, დენი დრინქვოთერის ალტერნატივები. დრინქვოთერზეც ალბათ დიდ იმედებს არ ამყარებენ ინგლისელები, მაგრამ გამორიცხული არაფერია. სწორედ ამიტომაც არის ქაოსი ამ პოზიციაზე, რადგან აბსოლუტურად გაურკვეველია რამდენი ცენტრალური ნახევარმცველით ითამაშებს ჰოჯსონი და როგორი შემადგენლობით. ალბათ ჰენდერსონი აუცილებლად იქნება „სამი ლომის“ თერთმეტეულის წევრი, მაგრამ დანარჩენები საკითხავია. იქნებ მოხდეს სასწაული და მოახერხოს ჯეკ უილშირმა დაბრუნება ევრო 2016–სთვის, რაც ნამდვილად გაუმარტივებს საქმეს ჰოჯსონს. ასე, რომ ერთი შეხედვით, იდეალურ ინგლისის ნაკრებში, კიდევ ბევრი რამ არის დასალაგებელი, მაგრამ ასეთი რაღაცეები უყვარს ჰოჯსონს.

 

პოტენციური შემადგენლობა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიხილოთ ევრო 2016–ზე

მეკარეები: ჯო ჰარტი („მანჩესტერ სიტი“), ჯეკ ბატლენდი („სტოკ სიტი“).

 

მცველები: ნათანიელ კლაინი („ლივერპული“), გარი კეჰილი („ჩელსი“), კრის სმოლინგი („მანჩესტერ იუნაიტედი“).

 

ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი, ჯეიმს მილნერი (ორივე „ლივერპული“).

 

თავდამსხმელები: უეინ რუნი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჰარი კეინი („ტოტენჰემი“), დენი უელბეკი („არსენალი“).

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

განსაკუთრებული ფაქტორები

 

  • ისტორიაში პირველად! მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად გაიმართება ყველაზე ბრიტანული დაპირისპირება ინგლისისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს შორის. ეს გუნდები აქამდე მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ვნახოთ ამჯერად რა მოხდება უკვე დიდ საერთაშორისო ტურნირზე. იქნებ საფრანგეთის ჰაერმა მაინც მოიყვანოს აზრზე უელსის ნაკრები და როგორც იქნა დაამარცხოს ინგლისი. აღსანიშნავია, რომ უელსელთა შემადგენლობის ძალიან დიდი ნაწილი იმ მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სწორედ ინგლისსი პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ. ოუენ ჰენესი, გუნდის კაპიტანი ეშლი უილიამსი, ჯეიმს ჩესტერი, ბენ დევისი, ნილ ტეილორი, ჯო ლედლი, ჯო ალენი, აარონ რემსი და გარეთ ბეილიც იდეალურად იცნობს ინგლისურ ფეხბურთს. ეს უელსელების მთავარი კოზირია ამ ეტაპზე, რომლის გამოყენებასაც კრის კოულმანი ეცდება.
  • კრის კოულმანი საკმაოდ წარმატებული მოთამაშე იყო თავის დროზე როი ჰოჯსონისგან განსხვავებით და სამწვრთნელო კარიერა ნაადრევად დაიწყო "ფულჰემში" 2003 წელს. უელსელმა ოთხი სეზონი ჩაატარა ლონდონურ კლუბში და 2006/07 წლების სეზონის დასრულებამდე მოხსნეს. ახალი სეზონიდან კი "ფულჰემს" ჰოჯსონი ჩაუდგა სათავეში და ისტორიული წარმატება მოუტანა – გაიყვანა ევროპის ლიგის ფინალში. როიმ სამი წელი დაჰყო იქ და კარიერა "ლივერპულში" გააგძელა. შესაბამისად, ჰოჯსონი ძალიან კარგად იცნობს კოულმანის მუშაობის პრინციპებს, რადგან მან სწორედ კრისის "ფულჰემი" ჩაიბარა და გააუმჯობესა. ეს გარკვეული უპირატესობაა ინგლისელებისათვის.
  • ეს არის ერთადერთი ჯგუფი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორი დებიუტანტები ნაკრებია: უელსი და სლოვაკეთი. ასეთი რამ ხშირად მომხდარა ევროპის ჩემპიონატებზე, მაგრამ ბოლო ორ შემთხვევაში: 2000 (ნორვეგია და სლოვენია) და 2008 (ავსტრია და პოლონეთი) ჯგუფებში ჩარჩნენ. თუმცა, ამჯერად მესამე ადგილი შესაძლოა ფლეი–ოფის საგზურის გარანტი იყოს, მაგრამ ეს სტატისტიკა ნამდვილად უსიამოვნოა უელსისა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდისთვის.

 

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-03/1458975442_group-b-bosses.jpg

რომელი დებიუტანტი ნაკრებისგან ელით რაიმე სიურპრიზს?

მწვანე ზონა
კომენტარები: 2470
ჯგუფი: VIP club
სტატუსი: offline
№ 2  mesidona  
26 მარტი 2016 18:35
მაინც არ მჯერა ბრიტების მაქსიმუმი მეოთხედფინალი მგონია:D:D:D

-------------------------------------------------------------
papu
ბუფონი ვერასდროს იქნება მსოფლიოს N1
კასილასი
კანი
ვან დერ სარი
ჩეხი
ნოიერი
ამათ ვერცერთს ვერ ჯობს
კსტაწი
დიდაც
Barcelona
Georgia
კომენტარები: 3600
ჯგუფი: Fci Legends
სტატუსი: offline
№ 1  thiaGOALcantara  
26 მარტი 2016 17:34
სლოვაკეთი უელსზე ბევრად კარგი ნაკრებია
აი ნახავთ ჯგუფში თუარ დააპოს ყველა, ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდია

-------------------------------------------------------------
Mes Que Un Club !
Barcelona

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi