Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

რომელი სახის სიახლეები გსურთ, უფრო მეტი?

პრევიუ: პსჟ Vs მანჩესტერ სიტი

6-04-2016
0 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი პირველი მეოთხედფინალური თამაში დღეს გაიმართება. რა თქმა უნდა, მთავარ ყურადღებას იპყრობს პარიზში გასამართი შეხვედრა, სადაც ორი ერთნაერი პროექტის მქონე სწრაფად განვითარებადი კლუბი ეცდება გადადგას მორიგი დიდი ნაბიჯი ისტორიაში. "პსჟ" და "მანჩესტერ სიტი" არაფერს დაუთმობენ ერთმანეთს და წესით, საკმაოდ კარგი სანახაობა გველის.

 

პსჟ Vs მანჩესტერ სიტი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, პირველი მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 6 აპრილი

სტადიონი: პარკ დე ფრენსი, პარიზი

მთავარი მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: საზოგადოებრივი მაუწყებელი; Silk სპორტ HD1

 

"პარისენ–ჟერმენმა" საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა მერვედფინალურ ეტაპზე და სრულიად დამსახურებულად მოუგო ორივე თამაში ლონდონის "ჩელსის". სტემფორდზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, "პსჟ–მ" საფრანგეთის ჩემპიონატში 9:0 გადაუარა "ტრუას" და ზედიზედ მეოთხე საჩემპიონო ტიტული გაიფორმა. "პსჟ–მ" ათი ტურით ადრე გაინაღდა ლიგა 1–ს ჩემპიონობა, რაც რა თქმა უნდა, რეკორდია და ახლა პარიზელების მთავარი მიზანი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაა. "პსჟ" უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდია ამ ტურნირზე და ეცდებიან მინიმუმ ნახევარფინალში გასვლას, საიდანაც ერთი ნაბიჯია ფინალამდე, მილანში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ლორან ბლანის გუნდი უმიზნებს ლიგის მოგებას, ნამდვილად არ იქნება გადამეტებული. სანაკრებო პაუზამდე საფრანგეთის უძლიერესმა კლუბმა შინ წაააგო მოულოდნელად "მონაკოსთან", მაგრამ თუ "პსჟ" ლიონის "ოლიმპიკთან" რეალუარდ დამარცხდა, ამჯერად მათ უბრალოდ ძალიან არ გაუმართლათ. რეაბილიტაცია ბლანის კოლექტივმა შაბათს მოახდინა, როდესაც პარკ დე ფრენსზე 4:1 გაანადგურა საკმაოდ ძლიერი "ნიცა". ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც ჰეთ–რიქი გაიფორმა და 34 წლის ასაკში უკვე 30 გოლი დააგროვა ეროვნულ ჩემპიონატში. ბლანმა მისცა შანსი ახალგაზრდა ფრანგს, 20 წლის ჰარვინ ონგენდას, რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება "პსჟ–ს" მეორე გუნდში და უკვე სადებიუტო გოლიც შაეგდო პირველ გუნდში. სულ უფრო და უფრო აოცებს მაყურებელს თავისი თამაშით ადრიენ რაბიო, რომელიც იდეალურად ცვლის ტრავმირებულ მარკო ვერატის და ეს დაამტკიცა სტემფორდ ბრიჯზე. ვერატი ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარება თავის გუნდს, მაგრამ რაბიო–მოტა–მატუიდის ტრიოც საკმაოდ ძლიერი და სტაბილურია. ვერატის გარდა ყველანი მწყობრში არიან, უბრალოდ მცირე პრობლემები აქვს ხავიერ პასტორეს, მაგრამ არგენტინელი ვერც ისე ხვდება ძირითადში. რაც მთავარია, მოგვარდა სერჟ ორიეს სიტუაცია და კოტ'დიუვარელი განაპირა მცველი პარიზელთა სრულფასოვანი წევრი გახდა ისევ. ბლანმა ვაჟკაცურად მოაგვარა პრობლემა და აპატია ახალგაზრდა, საკმაოდ ნიჭიერ მოთამაშეს, სერიოზული შეცდომა. თუმცა, მეორე წრეში ძალიან კარგად გამოიყურება მარჯვენა მცველის პოზიციაზე მარკინიოსი და მისი შეცვლის მიზეზი არ არსებობს. ყველაზე საინტერესო ედინსონ კავანისა და ლუკას მოურას დუელია. ვნახოთ ამჯერად ვისზე შეაჩერებს არჩევანს ბლანი, მაგრამ ბოლო პერიოდში ურუგვაელი ფორვარდი უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ბრაზილიელი ვინგერი. ამ ეტაპზე "პსჟ" საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც ყველაფერი აქვს დიდი წარამტების მისაღწევად. ეს იდეალური შანსია იმისათვის, რომ ფრანგულმა კლუბმა განამტკიცოს თავისი რეალური ამბიციები, რადგან თუ დეტალურად შევხედავთ მოცემულობას, ახლა ლორან ბლანის კოლექტივი ალბათ ერთი თავით მაღლა დგას "მანჩესტერ სიტიზე", რადგან პარიზელებმა უკვე მიიღეს გამოცდილება და გაცილებით ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ.

 

ფრანგებისგან განსხვავებით, "მანჩესტერ სიტის" სერიოზული პრობლემები აქვს, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე თამაშში. "ცისფრებმა" მარტივად გადალახეს კიევის "დინამოს" ბარიერი და როგორც იქნა მოხვდნენ მეოთხედფინალში, მაგრამ მალევე წააგეს მანჩესტერული დერბი საკუთარ მოედანზე და აბსოლუტურად გააფუჭეს შთაბეჭდილება. სანაკრებო პაუზა ნამდვილად აუცილებელი იყო მანუელ პელეგრინის გუნდისათვის, რომელსაც რამდენიმე მოთამაშე დაუბრუნდა: ფერნანდო, სამირ ნასრი და რაც მთავარია კევინ დე ბრუინი. ბელგიელმა ეგრევე ულამაზესი გოლი შეაგდო და მისმა გუნდმა სტუმრად 4:0 გაანადგურა "ბორნმუთი". მანუელ პელეგრინის გუნდი ახლა მეოთხე ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში და მხოლოდ ქულით უსწრებს "მან.იუნაიტედს", მაგრამ ახლა "ქალაქელებისთვის" არანორმალურად მნიშვნელოვანია ეს დაპირისპირება "პსჟ–სთან". სამწუხაროდ, კვლავ ვერ დაეხმარება გუნდს კაპიტანი და დაცვის ლიდერი ვინსენ კომპანი, აგრეთვე ფაბიან დელფიც ტრავმირებულია. სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯო ჰარტის თამაში, რომელმაც ტრავმა მანჩესტერულ დერბიში მიიღო, მაგრამ ინგლისელს შემცვლელი მაინც ჰყავს ღირსეული ვილი კაბალიეროს სახით, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგა უცხო ნამდვილად არ არის, აი ია ია ტურეს პრობლემა კი შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. კოტ'დიუვარელს კუნთი აწუხებს და ჯერ არ არის ცნობილი მზად იქნება თუ არა დღევანდელი თამაშისათვის. პელეგრინის საკმაოდ ბევრი თავსატეხი აქვს და ვნახოთ რას მოიმოქმედებს. "მან.სიტის" ძალიან დიდი პრობლემები აქვს დაცვაში და ამის ფონზე ძალიან, ძალიან გაუჭირდება პარიზში დადებითი შედეგის დაფიქსირება. სამაგიეროდ, ჩინებულ ფორმაშია დავიდ სილვა, ძალიან კარგია კევინ დე ბრუინი და სერხიო აგუეროც ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება მაქსიმუმის გაკეთებას, მაგრამ არგენტინელი ფორვარდი არ არის ოპტიმალურ ფორმაში. არ არის გამორიცხული, რომ "სიტიმ" საკადრო პრობლემების გამო უარი თქვას თავის ფილოსოფიაზე და ითამაშოს შეგნებულად მეორე ნომრად კონტრშეტევებზე. საქმე იმაშია, რომ გამოცდილი ჩილელი სპეციალისტისთვის ნაცნობია მსგავსი სიტუცია, რადგან პირველად არ იმყოფება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დებიუტანტი გუნდებით. ასე, რომ "სიტი" ეცდება გააკეთოს ყველაფერი, რადგან ასეთი "პსჟ–ს" დამარცხება საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

"პსჟ–სა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი იქნება და არანორმალურ ინტერესს იწვევს. მთავარი ინტრიგა იმის გარკვევაა თუ რომელმა გუნდმა გამოიყენა დიდი ფული უკეთ და უფრო სწორად. ამ ეტაპზე ფრანგები უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: ტრაპი – მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი – რაბიო, ტიაგო მოტა, მატუიდი – დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

 

მანჩესტერ სიტი: კაბალიერო – სანია, მანგალა, ოტამენდი, კლიში – ფერნანდო, ტურე – ნავასი, დე ბრუინი, სილვა – აგუერო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "მანჩესტერ სიტი" ისტორიაში პირველად იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე.
  • "პარისენ–ჟერმენი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და ეცდება, რომ ახლა მაინც გადალახოს ეს ბარიერი.
  • ეს გუნდები აქამდე ერთადერთხელ გადაეყარნენ ერთმანეთს. ეს 2008/09 წლების სეზონში, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. ეტიჰადზე გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. საბოლოოდ, "სიტიმ" მოიგო ჯგუფი, "პსჟ" მესამეზე გავიდა, ორივემ გააღწია ფლეი–ოფში და ორივე გამოვარდა მეოთხედფინალიდან.
  • იმ თამაშის შემდეგ "პსჟ–ს" შემადგენლობა სრულიად შეიცვალა, "სიტის" კი მაშინაც ჰყავდა ჰარტი, საბალეტა და კომპანი.
  • პარიზული კლუბი აქმადე სულ ოთჯხერ იყო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და მხოლოდ ერთხელ გააღწია შემდეგ ეტაპზე. ეს 1994/95 წლების სეზონში მოხდა, როდესაც "პსჟ–მ" 3:2 მოუგო ორი მატჩის ჯამში "ბარსელონას" და შემდეგ "მილანთან" დამარცხდა.
  • ბოლო 38 საშინაო თამაშიდან ევროტურნირებზე "პსჟ–მ" მხოლოდ ერთი წააგო (25 მოგება, 12 ფრე) და ეგეც გასულ სეზონში "ბარსელონასთან", პირველ მეოთხედფინალურ მატჩში.
  • "პსჟ–ს" ბოლო ოთხი თამაში არ წაუგია პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ, მაგრამ ოთხივეჯერ მეტოქე ლონდონის "ჩელსი" იყო, რომელიც მერვედფინალში დაამარცხა ბლანის გუნდმა.
  • პარიზელებს საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ აქვთ წაგებული ინგლისელებთან: 3მ, 2ფ და 1წ.
  • ორმატჩიან დუელებში კი "პსჟ–მ" სამჯერ გამოაგდო პრემიერ ლიგის გუნდი და ორჯერ თავად გამოვარდა.
  • კიევის "დინამოსთან" მოპოვებული გამარჯვება საერთოდ პირველია "მანჩესტერ სიტისთვის" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფლეი–ოფის ეტაპზე. წინა ორი კამპანიის გარდა, რომელიც მერვედფინალში დასრულდა "ბარსელონასთან", "ცისფრებმა" 1968/69 წლების სეზონში, პირველ წრეში წააგეს "ფენერბაჰჩესთან" 1:2. ახლა კი ორი მატჩის ჯამში 3:1 მოუგეს "კ.დინამოს".
  • მანუელ პელეგრინი უკვე მესამედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და კვლავ დებიუტანტი გუნდით. 2005/06 წლების სეზონში მისმა "ვილიარეალმა" საერთოდ ნახევარფინალშიც გააღწია და იქ უკვე "არსენალტან" წააგო, 2012/13 წლების კამპანიაში კი მან "მალაგა" მიიყვანა ამ სტადიამდე, მაგრამ "ანჩოუსები" დორტმუნდის "ბორუსიასთან" დრამატულად და სკანდალურად დამარცხდნენ.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ვილი კაბალიერო: "თუ მომეცემა "პსჟ–ს" წინააღმდეგ თამაშის საშუალება, ეს დიდი გამოწვევა იქნება ჩემთვის. "ბორნმუთთან" თამაშით კი უბრალოდ სიამოვნებას ვიღებდი.

 

"პსჟ" საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც უკვე გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. მათ შემადგენლობაში უძლიერესი მოთამაშეები არიან და მზად უნდა ვიყოთ მათ შესახვედრად.

 

სრულიად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. გასულ წელს "ბარსელონას" "ნიუკასლის" განადგურების შემდეგ ვეთამაშეთ და დავმარცხდით. ახლაც იგივე სიტუაციაა და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა".

 

სამირ ნასრი: "დიახ, "პსჟ" ფავორიტია, რადგან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. გარდა ამისა, პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშის გამოცდილება აქვთ. ჩვენ კი პირველად ვართ ამ სტადიაზე და ესეც უპირატესობაა მათთვის.

 

"პსჟ" ჩინებული გუნდია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინი ინგლისში ყველას დაამარცხებენ. საინტერესო იქნებოდა პარიზელების ხილვა სტუმრად "სტოკთან", "ვესტ ჰემთან" ან "არსენალთან". 

 

მიუხედავად "პსჟ–სადმი" დიდი პატივისცემისა, ამ გუნდს დაუმარცხებელს ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს "ბარსა" არ არის. ვიყავი მათ საშინაო თამაშზე "ჩელსის" წინააღმდეგ და "ლურჯებს" მომენტები ჰქონდათ. თუ აგუეროს წაუვა თამაში, "სიტის" შეუძლია პარიზელთა მოსმა ერთ ადგილზე".

 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ""მანჩესტერ სიტი" ისეთივე პროექტია, როგორიც "პსჟ", მაგრამ უფრო ადრე დაწყებული. მოწინააღმდეგეს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. 

 

"მან.სიტის" შემადგენლობაში ფანტასტიკური ფეხბურთელები ირიცხებიან. ვთამაშობდი ია ია ტურესთან ერთად და მომწონს მისი თამაში. გარდა ამისა, მათ ჰყავთ დავიდ სილვა და სერხიო აგუერო, მაგრამ მთელ გუნდზე ვიფიქროთ და არა კონკრეტულ მოთმაშეებზე.

 

მეოთხედფინალურ დაპირისპირებას სრულიად მშვიდად ვუდგები. თამაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველასათვის: ჩემთვის, კლუბისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისათვის, მაგრამ საკმარისად მშვიდი და თავდაჯერებული ვარ. გარდა ამისა, ვგრძნობ, რომ ფიზიკურად იდეალურ ფორმაში ვარ".

 

დავიდ ლუისი: ""სიტის" ახლა რთული სეზონი აქვს, მაგრამ ისინი კვლავ უმაღლესი დონის გუნდად რჩებიან, რამდენიმე ფანტასტიკური მოთამაშით შემადგენლობაში. მაგალითად, სერხიო აგეურო ავიღოთ, რომელსაც ნებისმიერი თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

 

ეს დიდი, კლაისკური თამაში იქნება. ნამდვილად მნიშვნელოვანია შინ კარგი თამაშის ჩატარება. თუმცა, ეს ორმატჩიანი დუელია, რომელიც 180 წუთი გრძელდება. კარგად უნდა დავიწყოთ, რათა სახერბიელო სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

 

ზლატან იბრაიმოვიჩი – ბრწყინვალე ფეხბურთელია. რაც უფრო დიდი ხდება, მით უკეთესი და სასარგებლო გუნდისთვის".

 

ლორან ბლანი: "დიდებული მოგონებები მაკავშირებს მანჩესტერთან, როდესაც "იუნაიტედში" ვთამაშობდი. სანამ ჩვენს სავარჯიშო ბაზამდე მივიდოდი, "სიტის" ბაზა უნდა გაგველო, მაგრამ ალბათ იქ აღარ არის.

 

"მანჩესტერ სიტის" ტრანსფორმაცია მოხდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც გუნდმა კვლავ დაიბრუნდა მაღალი პოზიციები. არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი 70–იან წლებშიშ ძლიერები იყვნენ.

 

ბევრი კენჭისყრის შემდეგ ამბობდა, რომ კარგია "ბარსელონას" და "ბაიერნს" რომ ავცდით, მაგრამ "სიტი" ნამდვილად არ არის ადვილი მოწინააღმდეგე. გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ყველაფერს დეტალები წყვეტს. ვინც ფიქრობს, რომ გაგვიმართლა, რადგან ავცდით ევროპულ გიგანტებს და შევხვდით სუსტ "სიტის" – ფეხბურთში არაფერი გაეგება.

 

მათი შემადგენლობა გაცილებით უფრო მაღალი დონისაა და უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმუმი გამოვწუროთ საკუთარი თავისგან".

 

მანუელ პელეგრინი: "რთული იქნება, მაგრამ მჯერა, რომ შანსი გვაქვს. "პსჟ" დიდებული გუნდია, რომელსაც ჩვენი მსგავსი პროექტი აქვს და ვითარდება ყოველწლიურად. ვფიქრობ, ფავორიტი არ არის ამ დაპირისპირებაში.

 

მნიშვნელოვანი იყო ამ სეზონში ჯგუფის მოგება პირველად და შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა პირველად. ახლა კი ვნახოთ რა მოხდება პარიზში. ჯო ჰარტი დაბრუნდა, მაგრამ არ ვიცი ღირს თუ არა გარისკვა".

 

http://fci.ge/uploads/posts/2016-04/1459938543_ma-ps.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi