FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გერმანიის ბუნდესლიგა: 4 თებერვლის მატჩების პრევიუ

4-02-2015
1 კომენტარი

გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში დღეს დასრულდება მე-19 ტური. გუშინ სამი 1:1 დაფიქსირდა, "მ.ბორუსიამ" კი 1:0 იმარჯვა. იმედია, დღეს უფრო მეტი გოლი გავა და სანახაობაც გაცილებით უკეთესი იქნება.

 

პადერბორნი Vs ჰამბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XIX ტური

თარიღი: 23:00 საათი, 4 თებერვალი

სტადიონი: ბენტელერ არენა, პადერბორნი

მთავარი მსაჯი: პეტერ გაგელმანი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის დებიუტანტი, პირველი წრის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ანდრე ბრაიტენრიტერის გუნდმა ფანტასტიკური სტარტი აიღო, მაგრამ ჯერ კიდევ სეზონის პირველ ნახევარში მოუკლო. "პადერბორნმა" 2014 წელიწადი შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიით დაასრულა, ახალი წელი კი, კატასტროფულად დაიწყო. ბრაიტენრიტერის კოლექტივი სტუმრად 0:5 განადგურდა "მაინცთან" და მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, "პადერბორნს" შანსიც კი არ ჰქონია. გუნდი უკვე მე-13 ადგილზეა და მხოლოდ სამი ქულით უსწრებს ბოლო პოზიციაზე მყოფ დორტმუნდის "ბორუსიას". შეკრების დროს ტრავმა მიიღო მარვინ დუკშმა, რის გამოც "პადერბორნმა" სრჟან ლაკიჩი შეიძინა "კაიზერსლაუტერნიდან". გამომდინარე იქიდან, რომ საშინელ ფორმაშია ელიას კაჩუნგა, ლაკიჩის ძირითადში ხილვაა მოსალოდნელი დღეს. ბერტელსი კვლავ ლაზარეთშია.

 

"პადერბორნის" მსგავსად, საკმაოდ ცუდი სერია აქვს "ჰამბურგსაც", ოღონდ ოთხმატჩიანი. სამწუხაროდ, წინა ტურში, იოზეფ ცინბაუერის გუნდი საკუთარ მოედანზე დამარცხდა "კიოლნთან" 0:2, არადა მასპინძლებს ცუდი თამაში არ უჩვენებიათ, მაგრამ დაცვამ დაღუპა გუნდი. იმტეჩ არენას ივიცა ოლიჩი დაუბრუნდა, მაგრამ ხორვატი დიდი ვერაფრით დაეხმარა საკუთარ პარტნიორებს. მოსალოდნელია, რომ ცინბაუერი შეცვლის ტაქტიკურ სქემას, ლაზარეთში კი კვლავ კლებერი, დიკმაიერი, ბეჰრამი და ჰოლტბი არიან.

 

წინ საკმაოდ საინტერესო და პრინციპული დაპირისპირება გველის. "ჰამბურგი" მე-16 ადგილზეა და გამარჯვების შემთხვევაში გადაასწრებს "პადერბორნს".

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

პადერბორნი: ლ.კრუზე - ვემერი, რაფა ლოპესი, ჰიუნმეიერი, ბრიუკნერი - ვრანჩიჩი, რუპი, ბაკალორცი - კოჩი, ლაკიჩი, შტოპელკამპი.

 

ჰამბურგი: დრობნი - გიოტცი, ჯურუ, ვესტერმანი, ოსტრჩოლეკი - ნ.მიულერი, ჟირაჩეკი, ვან დერ ვაარტი, იანსენი - რუდნევსი, ოლიჩი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • თუ დღეს "ჰამბურგი" მოიგებს, მიმდინარე სეზონში პირველად გადაასწრებს "პადერბორნს" სატურნირო ცხრილში.

 

  • "პადერბორნს" ბოლო საშინაო თამაში "შალკესთან" აქვს წაგებული. ანდრე ბრაიტენრიტერის ხელმძღვანელობით, ამ გუნდს ზედიზედ ორი საშინაო მატჩი არ წაუგია.

 

  • პირველ წრეში, "პადერბორნმა" 3:0 გაანადგურა "ჰამბურგი" იმტეჩ არენაზე.

 

 

კიოლნი Vs შტუტგარტი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XIX ტური

თარიღი: 23:00 საათი, 4 თებერვალი

სტადიონი: რეინენერჯიშტადიონი, კიოლნი

მთავარი მსაჯი: ტობიას შტიბერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

პეტერ შტიოგერის გუნდმა ჩინებულად დაიწყო მეორე წრე და რისეს დუბლით 2:0 დაამარცხა "ჰამბურგი" გასვლაზე. "თხებმა" 22 ქულა დააგროვეს და მეათე პოზიციაზე იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდის სათამაშო სტილი შესაძლოა ბევრს არ ხიბლავდეს, "კიოლნი" ნამდვილად ღირსეულად გამოიყურება და ჯერჯერობით არ აპირებს გავარდნაზე ფიქრს, რადგან ისედაც გაუჭირდა გერმანული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნება. "კიოლნს" კვლავ პატრიკ ჰელმესი აკლია.

 

ჰუბ სტევენსის ხელმძღვანელობით "შტუტგარტმა" პროგრესი განიცადა და მეორე წრეც კარგად დაიწყო "მ.ბორუსიას" წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ "შვაბები" დამარცხდნენ, სტევენსის გუნდი უკეთესი იყო საკმაოდ ძლიერ მეტოქეზე და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, განსაკუთრებით სტანდარტულებიდან. "შტუტგარტს" კვლავ რუდიგერი, დიდავი, კრუზეო და აბდულაე დააკლდებიან. სწორედ ამიტომ, ჰუბ სტევენსი სავარაუდოდ არ შეცვლის სასტარტო შემადგენლობას და "შვაბები" ეცდებიან დატოვონ გასავარდნი ზონა.

 

კიოლნში დაძაბული და ინტენსიური თამაშია მოსალოდნელი, სადაც ფავორიტის დასახელება არ იქნება მართებული. თუმცა, უფრო მოტივირებული და მონდომებული "შტუტგარტი" იქნება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

კიოლნი: ჰორნი - ოლკოვსკი, მაროჰი, ვიმერი, ექტორი - ფოგტი, ლემანი - პეშკო, რისე, ჰალფარი - უჯა.

 

შტუტგარტი: ულრაიხი - შვააბი, ნიდერმაიერი, ბაუმგარტლი, ჰლოუშეკი - ლაიტნერი, რომეუ, გენტნერი - კლაინი, ჰარნიკი, ტიმო ვერნერი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიმდინარე სეზონში, მხოლოდ "ბაიერნსა"(18) და "კიოლნს"(16) აქვთ მოპოვებული სტუმრად "შტუტგარტზე"(12) მეტი ქულა.

 

  • "კიოლნს" ბოლო ოთხ საშინაო თამაშში, მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.

 

  • ამ გუნდების ზედიზედ 16 დაპირისპირებაში არ მოუგია მასპინძელ გუნდს (ათი გამარჯვება სტუმარს და ექვსი ფრე). ეს აბსოლიტური რეკორდია.

 

 

ჰოფენჰაიმი Vs ვერდერი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XIX ტური

თარიღი: 23:00 საათი, 4 თებერვალი

სტადიონი: ვირსოლ რეინ-ნეკარ არენა, სინშიმი

მთავარი მსაჯი: გუიდო ვინკმანი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

პირველი წრის ფანტასტიკურად დასრულებისა და საკონტროლო თამაშებში ასევე ჩინებული შედეგების შემდეგ, "ჰოფენჰაიმს" ძალიან გაუჭირდა სტუმრად "აუგსბურგთან" და 1:3 დამარცხდა თოვლიან ამინდში. მარკუს გისდოლმა ექსპერიმენტალური 4-3-3 ტაქტიკით ითამაშა, რომელმაც აშკარად არ გაამართლა. შესაბამისად, ამჯერად გისდოლი ტრადიციულად 4-2-3-1 აირჩევს და ვნახოთ ამჯერად რა გამოუვათ "სოფლელებს", რომელთა მთავარი მიზანი ევროპის ლიგის საგზურია. "ჰოფენჰაიმის" ერთადერთი დანაკლისი ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ნიკლას ზიულეა.

 

ბრემენის "ვერდერმა" ფანტასტიკური მატჩით დაასრულა პირველი წრე და 2:1 დაამარცხა დორტმუნდის "ბორუსია". ახალი წელიწადი კი კიდევ უფრო დამაიმედებლად დაიწყეს ბრემენელებმა, რამეთუ შინ 2:0 მოუგეს ბერლინის "ჰერტას". ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ზამთარში "ჰოფენჰაიმიდან" შეძენილმა ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, იანიკ ვესტერგაარდმა. მან პირველივე შეხვედრაში დაამტკიცა, რომ შეუძლია კარგად მოქმედება დაცვაში და ვნახოთ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ როგორ იასპარეზებს. გარდა ამისა, დაბრუნდა არგენტინელი ფრანკო დი სანტო და უბრალოდ "ჩაატარა". მან დუბლი გაიფორმა, მეორე გოლი კი ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მან ულამაზესი მაკრატელათი აიღო მეტოქის კარი."ვერდერს" სამწუხაროდ ზლატკო იუნუზოვიჩი გამოაკლდა წინა ტურში, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა. მას, სავარაუდოდ, ფრიტცი შეცვლის. პრიოდლი, მაკიადი და ლორენსენი კვლავ ტრავმირებულნი არიან.

 

სინშიმში საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი დაპირისპირებაა მოსალოდნელი. იმედია იმედები გამართლდება და ბევრი გოლიც გავა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბეკი, აბრაჰამი, ბიჩაკჩიჩი, კიმი - შვეგლერი, პოლანსკი - ვოლანდი, ფირმინიო, ელიუნუსი - შალაი.

 

ვერდერი: ვოლფი - გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, სტერნბერგი - ფრიტცი, ბრაგფრედე, ბარტელსი - იოზტუნალი - ზელკე, დი სანტო.

 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ცხრა ტურის შემდეგ, "ჰოფენჰაიმი" 13 ქულით უსწრებდა "ვერდერს". თუმცა, თუ ვიქტორ სკრიპნიკის პერიოდს ავიღებთ, ბრემენელები შვიდით უსწრებენ "სოფლელებს".

 

  • 2008 წლიდან მოყოლებული, ამ ორ გუნდს ბუნდესლიგაში ზუსტად ერთნაერი ბალანსი აქვს (73 მოგება, 63 ფრე და 86 წაგება).

 

  • ამ გუნდების 13 ურთიერთშეხვედრაში 48 გოლი გავიდა ბუნდესლიგის ეგიდით ანუ მატჩში საშუალოდ 3,7.

 

  • "ვერდერს" რვამატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ბუნდესლიგაში, "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ (4 მოგება, 4 ფრე).

 

  • ზოგადად, "ბრემენელ მუსიკოსებს" ერთადაერთხელ აქვთ წაგებული "სოფლელებთან". ეს მოხდა, 2010 წლის აგვისტოში, როდესაც "ჰოფემ" შინ 4:1 იმარჯვა.

 

 

ჰერტა Vs ბაიერი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XIX ტური

თარიღი: 23:00 საათი, 4 თებერვალი

სტადიონი: ბერლინის ოლიმპიური სტადიონი, ბერლინი

მთავარი მსაჯი: ბასტიან დანკერტი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk sport hd2

 

პირველი წრის ბოლო ორ ტურში, დედაქალაქელებმა ცხრა გოლი გაუშვეს და ამის გამო იოს ლუჰუკაიმ ტაქტიკით შეცვლა დაისახა მიზნად. "ჰერტამ" წინა ტურში, "ვერდერის" წინააღმდეგ სამი ცენტრალური მცველით ითამაშა, მაგრამ ეს სვლა აშკარად წარუმატებელი გამოდგა. ბერლინელები უშანსოდ დამარცხდნენ და 18 ქულით მე-15 პოზიციამდე დაქვეითდნენ. ჰოლანდიელ სპეციალისტს კვლავ უამრავი საკადრო პრობლემა აქვს, რადგან გერსბეკი, ჰეიტინგა, ჩიგერჩი, ბენ-ჰატირა, ბაომიოჰანი და სკელბრედი არიან ტრავმირებულნი, სოლომონ კალუ კი აფრიკის ერთა თასზე ასპარეზობს ეკვატორულ გვინეაში. "ჰერტა" დიდი ალბათობით 4-2-3-1 სქემას დაუბრუნდება და შეტევაში იულიან შიბერი იმოქმედებს.

 

როჯერ შმიდტის გუნდმა პირველი წრი სამმატჩიანი დაუმარცხებელი სერიით დაასრულა, რომელიც გაგრძელდა. ლევერკუზენის "ბაიერმა" დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო საკუთარ მოედანზე და ვერ აჩვენა საკუთარი ფეხბურთი. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა, მაგრამ "ფარმაცეპტები" კმაყოფილნი უნდა იყვნენ ერთი ქულით. სამწუხაროდ, "ბაიერმა" დაკარგა ჩემპიონთა ლიგის ადგილი და მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ "შალკემ" ვერ მოიგო, "ბაიერს" შეუძლია მინიმუმ ერთი პოზიციით წინ წაწევა მოგების შემთხვევაში. ტიმ იედვაის გარდა, ლევერკუზენელებს ეუნ-მინ სონი დააკლდებათ, რომელიც ახლახანს დაბრუნდა აზიის თასიდან და დაღლილია. გარდა ამისა, აზიის თასის ფინალში, რობი კრუსმა მიიღო ძალიან მძიმე ტრავმა და სამი-ოთხი თვის გამოტოვება მოუწევს. სწორედ ამიტომ, შმიდტი სავარაუდოდ არ შეცვლის ძირითად შემადგენლობას.

 

ბერლინში ფავორიტი "ბაიერი" იქნება, მაგრამ მატჩი შესაძლოა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდეს თუ რათქმაუნდა "ჰერტა" მოინდომებს მაქსიმალურად.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჰერტა: კრაფტი - პეკარიკი, ბრუკსი, ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ნიმეიერი, ლუსტენბერგერი - ბეერენსი, რონი, ნიკო შულცი - შიბერი.

 

ბაიერი: ლენო - ჰილბერტი, სპაიჩი, თოფრაქი, ვენდელი - კასტრო, ლარს ბენდერი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, დრმიჩი - კისლინგი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ ტურში, "ჰერტამ" და "ბაიერმა" ყველაზე ნაკლები ზუსტი დარტყმა განახორციელეს - ჯამში მხოლოდ და მხოლოდ სამი.

 

  • "ბაიერმა" 18 თამაშიდან მხოლოდ შვიდი მოიგო, რაც ცხრა წელია არ მომხდარა კლუბის ისტორიაში.

 

  • ლევერკუზენელებს "ჰერტასთან" შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვთ ბუნდესლიგაში(3 მოგება, 4 ფრე).

 

  • "ჰერტას" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი წაგება აქვს - ათი.

 

  •  იოს ლუჰუკაის, მთავარი მწვრთნელის რანგში, ექვსიდან ექვსი მატჩი აქვს წაგებული "ბაიერის" წინააღმდეგ.

 

 

დ.ბორუსია Vs აუგსბურგი

 

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XIX ტური

თარიღი: 23:00 საათი, 4 თებერვალი

სტადიონი: სიგნალ-იდუნა პარკი, დორტმუნდი

მთავარი მსაჯი: მარკო ფრიტცი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk sport hd1; Eurosport2

 

კატასტროფული პირველი წრის შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ მის გუნდს მთელი ერთი თვე ჰქონდა სეზონის მეორე ნახევრისათვის მოსამზადებლად. იურგენი მუდამ იმეორებოდა, რომ მისი კოლექტივი მუშაობს იმაზე, რაზეც ვერ იმუშავა ზაფხულში. თუმცა, საკადრო პრობლემები ამ გუნდში არ წყდება. სვენ ბენდერის სერიოზულად დაიმტვრა, სებასტიან კელმა და ერიკ დურმმაც მიიღეს ტრავმები შეკრებების დროს. სამაგიეროდ, მარკო როისი გამოჯანმრთელდა და წინა ტურში ძირითადში იყო "ბაიერთან". გარდა ამისა, შედგა კევინ კამპლის დებიუტი ბუნდესლიგაში და თანაც მშვენივრად გამოიყურებოდა ახალგაზრდა გერმანელი. კამპლი "დ.ბორუსიას" ერთადერთი საზამრთო შენაძენია და ვნახოთ დღეს რას იზამს. მიუხედავად ბაიარენაზე უგოლო ფრისა, გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა და კლოპი კმაყოფილი იყო პირველ რიგში მოთამაშეთა ასპარეზობით. რათქმაუნდა, ცუდია, რომ გუნდი ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა, მაგრამ ერთ მოგებას ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

 

მარკუს ვაინცირლის გუნდმა ჩინებულად დაიწყო ახალი წელი და 3:1 მოუგო საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმს". "აუგსბურგმა" ღირსეული და კარგი თამაში აჩვენა, თანაც "ბაიერნიდან" იჯარით აყვანილი პიერ-ემილ ჰოიბერგის დებიუტი შედგა ეროვნულ ჩემპიონატში ახალი გუნდის მაისურით, რომელიც წარმატებული გამოდგა. სამწუხაროდ, გუნდმა ესვაინი დაკარგა, მას მინიტრავმა აქვს, მაგრამ დღეს ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს. ჰიტცი, რეინჰარდტი, ჰონი, ბაბა, მორავეკი, მატავჟი და მიოლდერსი კვლავ ტრავმირებულნი არიან. ამის გათვალისწინებით, ფლანგზე რაულ ბობადილიას მოუწევს გადასვლა, თავდამსხმელის პოზიციაზე კი დონ-ვონ ჟი იმოქმედებს.

 

"დ.ბორუსია" ფავორიტი იქნება, მაგრამ "აუგსბურგი" საკმაოდ მებრძოლი გუნდია და არაფერს დათმობს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

დ.ბორუსია: ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - შაჰინი, გიუნდოგანი - კამპლი, მხითარიანი, როისი - იმობილე.

 

აუგსბურგი: მანინგერი - ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ფოილნერი - ჰოიბერგი, ბაიერი - ბობადილია, ჰალილ ალტინტოფი, ტობ.ვერნერი - ჟი.

 

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • 1984/85 წლების სეზონის შემდეგ, დორტმუნდის "ბორუსია" ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში არ ყოფილა.

 

  • "აუგსბურგს" ბოლო რვა თამაშიდან ბუნდესლიგაში, ექვსი მოგებული აქვს.

 

  • "დ.ბორუსიას" 18 ტურში მხოლოდ 18 გოლი აქვს გატანილი, რაც საკლუბო ანტირეკორდია (!)

 

  • მიმდინარე სეზონში, არცერთ გუნდს არ გამოსდის თამაში შუაკვირას. "დ.ბორუსიამ" ორი ფრე ითამაშა "შტუტგარტთან"(2:2) და "ვოლფსბურგთან"(2:2), "აუგსბურგმა" კი, "ბაიერთან"(0:1) და "ჰანოვერთან"(0:2) წააგო სტუმრად.

 

გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 ალექსანდრ მაიერი აინტრახტი 13 1
2 არიენ რობენი ბაიერნი 11 1
3 ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი შალკე 9 2
4 შინჯი ოკაზაკი მაინცი 8 0
5 კარიმ ბელარაბი ბაიერი  8 0

https://fci.ge/uploads/germany-bundesliga.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi