FCI.ge
FCI.ge
გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში, დღეს დასრულდება 31-ე ტური, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო გუშინ. დღეს კი, საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება.
მაინცი Vs ჰამბურგი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXI ტური
თარიღი: 17:30 საათი, 3 მაისი
სტადიონი: კოფაკე არენა, მაინცი
მთავარი მსაჯი: პეტერ ზიპელი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2; NTV+ Football3
მარტინ შმიდტის გუნდი აგრძელებს დიდებულად გამოსვლას ბუნდესლიგაში და უკვე ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. "მაინცი" 37 ქულით მეათე პოზიციაზე იმყოფება და ამ მომენტისთვის მეშვიდეზე მყოფ ბრემენის "ვერდერს" ხუთი ქულით ჩამორჩება. ბოლო ორ ტურში, "მაინცმა" ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი ქულა მოიპოვა. "ფრაიბურგთან" დრამატული მატჩის შემდეგ, შმიდტის კოლექტივმა "შალკეს" მოუგო შინ 2:0, ბელის დუბლით და მეკარე კარიუსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით. აშკარაა, რომ "მაინცს" შეუძლია, მაგრამ საინტერესოა რას იზამს გუნდი მომავალ სეზონში, რადგან ძალიან დიდი ალბათობით ზაფხულში იოჰანეს გაისი წავა და მას შესაძლოა არაერთი წამყვანი მოთამაშე მიჰყვეს, მათ შორის შინჯი ოკაზაკი, რომელიც ბოლო ტურებში დიდებულ ფორმაში შევიდა. "მაინცის" დანაკლისი კვლავ შეუცვლელია, ლაზარეთში ისევ კასტილო, ნედელევი, პარკი და ჰოფმანი არიან.
როგორც იქნა - "ჰამბურგმა" დაასრულა კატასტროფული სერია, რომელიც ზედიზედ ხუთი მარცხისგან, ცხრა ვერმოგებული თამაშისგან და 360 მშრალი წუთისგან შედგებოდა. "დინოზავრებმა" 3:2 დაამარცხეს "აუგსბურგი" იმტეჩ არენაზე, საოცარ ბრძოლაში. პირველ ოც წუთში, "ჰამბურგმა" 2:0 წაიყვანა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა. თუმცა, საპასუხო გოლი, ძალიან მალე, დიდებული დარტყმით შეაგდო პიერ-მიშელ ლასოგამ, რომელმაც უკვე მერამდენე გამარჯვება მოუტანა "ჰამბურგს", ლასოგა ნამდვილი "დინოზავრია", ალბათ ერთადერთი, რომელიც "არ გადაშენებულა". ფაქტია, რომ ვან დერ ვაარტი ვერ არის ფორმაში, ვერც ოლიჩი, მაგრამ ეს გერმანელი თავდამსხმელი უკვე მეორე სეზონია მხსნელად ევლინება სრულიად ჰამბურგს. გუნდი ჯერ კიდევ მე-17 პოზიციაზეა 28 ქულით, მაგრამ თუ დღეს მოიგებს - დატოვებს გასავარდნ ზონას და მე-14 ადგილზე დამკვიდრდება. ბრუნო ლაბადია გამოცდილი სპეციალისტია და ვნახოთ რა მოხდეა. "ჰამბურგს" კლებერი და ჯულიან გრინი ვერ დაეხმარებიან.
კოფაკე არენაზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება, წესით არც ისე სანახაობრივი, მაგრამ აუცილებლად დაძაბული.
სავარაუდო შემადგენლობები:
მაინცი: კარიუსი - ბროსინსკი, ბიუნგერტი, ბელი, ჯუნიორ დიასი - გაისი, ბაუმგარტლინგერი - ხაირო, მალი, კოო - ოკაზაკი.
ჰამბურგი: ადლერი - ვესტერმანი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოსტრჩოლეკი - ვან დერ ვაარტი, კაჩარი - შტიბერი, ჰოლტბი, ოლიჩი - ლასოგა.
საინტერესო ფაქტები:
ჰერტა Vs მ.ბორუსია
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXI ტური
თარიღი: 19:30 საათი, 3 მაისი
სტადიონი: ოლიმპშტადიონი, ბერლინი
მთავარი მსაჯი: ტორსტენ კინჰოფერი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2; NTV+ Football3
ბერლინელთა შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია, წინა ტურში შეწყდა ალიანს არენაზე. მიუნხენში, "ჰერტამ" იბრძოლა, მაგრამ ბოლოსკენ გაუშვა ერთადერთი გოლი და საბოლოოდ დამარცხდა. დედაქალაქური კლუბი 34 ქულით მე-13 ადგილზეა და ჯერ არაფერი აქვს განაღდებული. "ჰერტას" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს, ამიტომ ძალიან გაუჭირდება ბოლო ტურებამდე ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება. თუმცა, პოლ დარდაის მოსვლის შემდეგ გუნდს ეტყობა პროგრესი, უკეთესია დაცვაში და რაც ყველაზე მეტად არის თვალშისაცემი, ვალენტინ შტოკერი ათამაშდა საკმაოდ კარგად, ახალგაზრდა შვეიცარიელი "ჰერტას" ლიდერად ყალიბდება. გუნდს, ტომას კრაფტი დაუბრუნდება, რაც მშვენიერი სიახლეა. თუმცა, იარსტეინი, ჩიგერჩი, ბეერენსი, ბაომიოჰანი და შიბერი კვლავ ტრავმირებულნი არიან.
"აინტრახტთან" დაკარგული ქულების შემდეგ, მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ" "ვოლფსბურგი" მიიღო და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო 1:0. გადამწყვეტი გოლი მაქს კრუზემ შეაგდო, რომელიც დიდი ალბათობით დატოვებს ბორუსია პარკს და კარიერას სწორედ "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ჯერ არდადასტურებულა, ამიტომ მოდი ნუ ვიჩქარებთ. ამჟამად, "მ.ბორუსია" ფანტასტიკურ ფორმაშია და დღეს გამარჯვება სჭირდება მესამე ადგილის დასაბრუნებლად. გუშინ, ლევერკუზენის "ბაიერმა" იმარჯვა შინ "ბაიერნთან" და ერთი ქულით გადაასწრო ლუსიან ფავრის გუნდს. დღეს კი, მიუნხენგლადბახელები დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას და მესამე ადგილის დაბრუნებას შეეცდებიან. ამის გაკეთება კი, ვეტერანი მარტინ შტრანცლის გარეშე მოუწევთ, მან მორიგი ტრავმა მიიღო და ალბათ ვეღარ ითამაშებს ამ სეზონში.
ბერლინში ფავორიტი "მ.ბორუსია" იქნება, მაგრამ "ჰერტას" სჭირდება ქულები, ამიტომ უბრძოლველად არაფერს დათმობს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჰერტა: კრაფტი - პეკარიკი, ბრუკსი, ლანგკამპი, პლატენჰარდტი - სკელბრედი, ლუსტენბერგერი - ჰარაგუჩი, შტოკერი, ნიკო შულცი - კალუ.
მ.ბორუსია: ზომერი - იანშკე, ბროუვერსი, ა.დომინგესი, ვენდტი - ჰერმანი, კრამერი, ჯაკა, ფ.ჯონსონი - რაფაელი, მაქს კრუზე.
საინტერესო ფაქტები:
გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები
№ | ფეხბურთელი | გუნდი | გოლი | პენალტით |
1 | ალექსანდრ მაიერი | აინტრახტი | 19 | 3 |
2 | არიენ რობენი | ბაიერნი | 17 | 2 |
3 | რობერტ ლევანდოვსკი | ბაიერნი | 16 | 0 |
4 | პიერ-ემერიკ ობამეიანგი | დ.ბორუსია | 14 | 1 |
5 | ბას დოსტი | ვოლფსბურგი | 14 | 0 |
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.