FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ესპანეთის ლა ლიგა: ბოლო ტურის პრევიუ

22-05-2015
3 კომენტარი

ბუნდესლიგასთან ერთად, დღეს ესპანეთის პრიმერა დივიზონიც დასრულდება, ათივე მატჩი ბოლო ტურისა სწორედ დღეს გაიმართება. ჯერ "ლევანტე" და "ელჩე" შეხვდებიან ერთმანეთს, ბოლოს ასევე უმნიშვნელო მადრიდული დერბი გაიმართება, მათ შორის კი ერთდროულად დაიწყება რვა უაღრესად საინტერესო მატჩი. ლა ლიგაში ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და ბრძოლა გადარჩენისთვის - საკმაოდ დაძაბულია.

 

ლევანტე Vs ელჩე

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 18:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: სუიტად დე ვალენსია, ვალენსია

მთავარი მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ლუკას ალკარასის გუნდმა წინა ტურში ოფიციალურად გაინაღდა ადგილი პრიმერაში მომდევნო სეზონისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი სტუმრად დამარცხა "დეპორტივოსთან". "ლევანტემ" აპრილის ბოლოს ორი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ხეტაფეს" და "კორდობას" წინააღმდეგ, რისი წყალობითაც ახლა მშვიდად შეუძლია ყოფნა. ბოლო პერიოდში ალკარასი ხუთი დამცველით თამაშობს და სავარაუდოდ ეს ტენდენცია გაგრძელდება, უბრალოდ დღეს ივან ლოპესი ვერ დაეხმარება გუნდს. ესპანელმა მარჯვენა მცველმა, რომელიც ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდა, წინა ტურში მიიღო დაზიანება და მას სავარაუდოდ ლუის მორალესი შეცვლის. საეჭვოა ნიკოსის, ივანშიცის, პაპა დიოპის, სიმაოსა და კალუ უჩეს თამაშიც, სამაგიეროდ გუნდის ლიდერმა, დავიდ ბარალმა მოიხადა დისკვალიფიკაცია და დაბრუნდება ძირითად შემადგენლობაში. "ღამურების" მთავარი მიზანი - ჩემპიონატის გამარჯვებით დასრულება იქნება.

 

"ელჩემ" დღევანდელ მეტოქეზე გაცილებით ადრე გაარკვია ყველაფერი და ახლა უბრალოდ სიამოვნებას იღებს ფეხბურთით და ახარებს საკუთარ გულშემატკივარს. ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი მოგების შემდეგ, "ელჩემ" "ვილიარეალთან" წააგო მინიმალური ანგარიშით, რის შემდეგაც ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზა გასულ უქმეებზე ბილბაოს "ატლეტიკთან" ერთად. "ელჩემ" 2:0 წაიყვანა უნიკალურ ფორმაში მყოფი ჟონათასის წყალობით, მაგრამ ბასკებმა მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და 3:2 იმარჯვეს. ფრან ესკრიბას გუნდს ამით არაფერი დაუკარგავს, ახლა მე-13 პოზიციაზეა 40 ქულით და სავარაუდოდ სწორედ ამ ადგილზე დაასრულებს ეროვნულ ჩემპიონატს, სანერვიულო არაფერია. გუნდს ბრაზილიელი თავდამსხმელი დააკლდება, ამიტომ კრისტიან ერერა იქნება ცხრიანზე. ხოსე ანხელ ალონსო, მანუ ერერა და ალვარო ხიმენესი ლაზარეთში არიან, სამაგიეროდ დავიდ ლომბანი მომჯობინდა და ალბათ სასტარტოში იქნება.

 

ვნახოთ როგორი მატჩი შედგება სუიტად დე ვალენსიაზე, მაგრამ წესით კარგი სანახაობა უნდა იყოს, ესპანური ფეხბურთის ქომაგებს, მნიშვნელოვანი მატჩების წინ, კარგი "მოთელვის" შანსი ეძლევათ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლევანტე: მარინიო - მორალესი, ვინტრა, რამისი, ხუანფრანი, ტონიო - მომო სისოკო, ელ-ჟარი, ხოსე მარი - კასადესუსი, ბარალი.

 

ელჩე: ტიტონი - დამიან სუარესი, როკო, პელეგრინი, ჩისმა - მოსკერა, პაშალიჩი - ვ.როდრიგესი, ფაირი, ნიგუესი - კ.ერერა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო რვა საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "ლევანტემ" ოთხი მოიგო და ორი წააგო, ბოლო სამი ტურში კი სუიტად დე ვალენსიაზე ხუთი ქულა მოიპოვა.

 

  • "ლევანტეს" ჯერჯერობით ყველაზე მეტი, 67 გოლი აქვს გაშვებული ლა ლიგის მიმდინარე სეზონში.

 

  • ამ სტადიონზე, "ელჩეს" არასოდეს მოუპოვებია გამარჯვება და ზედიზედ სამი თამაში აქვს წაგებული.

 

 

რაიო ვალეკანო Vs სოსიედადი

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: სტადიო დე რაიო ვალეკანო, მადრიდი

მთავარი მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"რაიო ვალეკანომ" ბოლო ტურებში მშვენეირი ფორმა აკრიფა და წინა ტურამდე ევროპის ლიგაზე გასვლის თეორიული შანსიც ჰქონდა, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია, რადგან ბილბაოს "ატლეტიკს" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს და ქულების მხრივ სხვაობა სამს შეადგენს. "რაიომ" ბოლო ორი თამაში მოიგო და ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ კლუბმა შეინარჩუნოს მთავარი მწვრთნელი. პაკო ხემესის მიმართ არაერთი უფრო სერიოზული გუნდი ინტერესდება, მაგრამ როგორც ჩანს მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა მოელაპარაკა საკმაოდ კარგ ესპანელ სპეციალისტს. ვნახოთ როგორ ჩაატარებს პაკოს გუნდი სეზონში ბოლო მატჩს, რომელიც საკუთარ კედლებში გაიმართება. "რაიოს" კვლავ ვერ ეხმარება კრისტიან ალვარესი, წინა ტურში კი ბაენამ მიიღო დაზიანება, მის ნაცვლად ფატაუს ხილვაა მოსალოდნელი.

 

კამპ ნოუზე მარცხის შემდეგ, უმოტივაციოდ დარჩენილი "სოსიედადი" შინ განადგურდა "გრანადასთან" 0:3, მაგრამ სამივე გოლი მატჩის ბოლო 15 წუთში გავიდა, დევიდ მოიესის გუნდი არ იმსახურებდა ასეთ კრახს, მაგრამ ამის გამო შოტლანდიელ სპეციალისტს ვერ გააკრიტიკებენ. ბასკებს უკვე არაფრის შანსი არ აქვთ, გუნდი აუცილებლად მე-12 პოზიციაზე დაასრულებს სეზონს, მაგრამ ეცდება ეს მოგებით გააკეთოს. "სოსიედადს" კვლავ ხაბი პრიეტო და სურუტუსა ვერ დაეხმარებიან, მაგრამ კარლოს ველა ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში და ვნახოთ დღეს როგორ იასპარეზებს.

 

რაიოში საინტერესო დუელია მოსალოდნელი, უმნიშვნელო, მაგრამ ალბათ სანახაობრივი მატჩი შედგება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რაიო ვალეკანო: ტონიო - ტიტო, ზე კასტრო, ამაია, ე.ინსუა - ფატაუ, ტრაშორასი - კაკუტა, ბუენო, ემბარბა - მანუშო.

 

სოსიედადი: რული - კარლოს მარტინესი, მიკელ გონსალესი, ინიგო მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, პარდო - კანალესი, გრანერო, ჩორი კასტრო - ველა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "რაიო ვალეკანომ" ამ სეზონში პირველად გამოაცხო ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია.

 

  • ბოლო რვა საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "რაიოს" ერთადერთი აქვს წაგებული (6მ, 1ფ).

 

  • "სოსიედადს" მიმდინარე სეზონში ერთადერთი მატჩი აქვს მოგებული გასვლაზე, ბოლო ხუთი ვიზიტიდან კი, ბასკებმა მხოლოდ ორი ქულა წაიღეს შინ.

 

  • "რაიო ვალეკანოს" ზედიზედ სამი თამაში აქვს მოგებული ლა ლიგაში "სოსიედადის" წინააღმდეგ, მანამდე კი ბასკებმა მოუგეს ამდენივე მატჩი მადრიდელებს.

 

  • ამ გუნდების ბოლო შვიდ ურთიერთშეხვედრაში, ლა ლიგის ეგიდით, 21 გოლი გავიდა, ანუ მატჩში საშუალოდ - სამი.

 

 

სელტა Vs ესპანიოლი

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: ბალაიდოსი, ვიგო

მთავარი მსაჯი: კარლოს დელ ჩერო

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ედუარდო ბერიცოს გუნდმა სეზონის დასკვნით ნაწილში გაიხსენა სტარტი და საკმაოდ კარგი სათამაშო ფორმა აკრიფა. ვიგოელებმა ბოლო რვა თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგეს, ეგეც შინ მადრიდის "რეალთან", როდესაც "სამეფო კლუბს" ნამდვილი ბრძოლა შესთავაზეს. ბოლო სამი მატჩი კი "ცისფრებმა" ფრედ ითამაშეს, წინა ტურებში "სევილიასთან" და "ვალენსიასთან", რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ბერიცომ ახალი ტაქტიკა შეიმუშავა და ნახევარდაცვის ცენტრში კრონ-დეილისა და აუგუსტო ფერნანდესის დუეტს იყენებს, დანიელი მოთამაშე უდავოდ ჩინებულ სეზონს ატარებს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. შეტევაში გუნდს პრობლემები არ აქვს, რადგან ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა და მონდომებული ბიჭები შეიკრიბნენ. ბოლო ტურებში კარგად ათამაშდა სანტი მინა, რომელიც ბერიცოს აღმოჩენაა მიმდინარე სეზონში. "სელტა" 48 ქულით მე-11 ადგილზეა და მაქსიმუმ ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულოს სეზონი, მაგრამ დღეს ეს გუნდი აუცილებლად გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

 

ასევე კარგ ფორმაში იმყოფება "ესპანიოლი", რომელიც შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდეს ევროტურნირებზე. ბოლო ცხრა თამაშიდან, გუნდმა მხოლოდ ორი წააგო, ეგეც "გიგანტებთან", დანარჩენ შემთხვევებში კი იღებდა საჭირო ქულებს და ახლა "ვილიარეალის" დახმარება სჭირდება. თუ "ყვითლები" სტუმრად მოუგებენ ბილბაოს "ატლეტიკს", "ესპანიოლი" კი დაამარცხებს "სელტას", მაშინ სწორედ კატალონიური კლუბი გადავა მეშვიდე ადგილზე. თუმცა მათ შორის კიდევ "მალაგაა" და არც ის დავივიწყოთ, რომ ბასკებს თასიდანაც შეუძლიათ ევროპის ლიგაზე გასვლა, ასე რომ "ესპანიოლის" შანსები საკმაოდ მცირეა. თუმცა, სერხიო გონსალესის გუნდი რათქმაუნდა ბოლომდე იბრძოლებს, რადგან არასოდეს ყოფილა ევროტურნირებთან ასე ახლოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. წინა ტურში, "ესპანიოლი" მადრიდის "რეალთან" განადგურდა, მაგრამ ფაქტიურად ერთი საათი საკმაოდ ღირსეულად მოქმედებდა და ტოლს არ უდებდა მეტოქეს, განსაკუთრებით პირველ ნახევარში.

 

"ესპანიოლის" მუდმივი ლიდერი და სიმბოლო სერხიო გარსია ფორმაშია, ვნახოთ რას იზამს მისი გუნდი, რომელსაც აქვს მოტივაცია, მაგრამ ბალაიდოსზე "სელტა" არაფერს დათმობს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სელტა: სერხიო ალვარესი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, ჯონი - კრონ-დეილი, აუგუსტო ფერნანდესი - მინა, ორელენა, ნოლიტო - ლარივეი.

 

ესპანიოლი: კასილია - არბილია, ა.გონსალესი, ექტორ მორენო, ფუენტეში - ლუკას ვასკესი, ხავი ლოპესი, ვიქტორ სანჩესი, ვიქტორ ალვარესი - კაისედო, სერხიო გარსია.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ესპანიოლმა" ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი მოიგო ლა ლიგაში, რაც 2013 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა.

 

  • კატალონიურმა გუნდმა ხუთმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო სტუმრად, რაც 2007 წლის შემდეგ არ მომხდარა.

 

  • ამ გუნდების ბოლო რვა დაპირისპირებიდან ლა ლიგაში, "ესპანიოლმა" ექვსჯერ იმარჯვა და მხოლოდ ერთხელ წააგო.

 

 

ატლეტიკი Vs ვილიარეალი

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: სან მამესი, ბილბაო

მთავარი მსაჯი: პრიეტო აგლისეასი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ბილბაოს "ატლეტიკმა" იდეალურად ჩაატარა მეორე წრე, საშინელი პირველი ნაწილის შემდეგ საგრძნობლად მოუმატა და ახლა მეშვიდე ადგილზეა, რაც ამ გუნდს უნაღდებს ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებას. მხოლოდ ერთი ქულაა საჭირო, რათა ბასკებმა მომავალ სეზონში ევროარენაზე იასპარეზონ. გუშინ, ერნესტო ვალვერდემ კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა, რაც კარგი სიახლეა, რადგან ესპანელი სპეციალისტი გამოცდილია, ჭკვიანი და ბასკებს ძალიან უყვართ, მას შემდეგ, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, "ატლეტიკმა" ნამდვილი სასწაული გააკეთა და "ელჩეს" 45 წუშთი ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფქვრა და 3:2 მოუგო, მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა ახალგაზდა შემტევმა, შავკანიანმა ბასკმა - ინაკი ვილიამსმა, ბენია კი ტურიდან-ტურამდე უმატებს. დღეს "ატლეტიკს" მხოლოდ მუნიაინი ვერ დაეხმარება, რადგან ირაოლა და ეჩეიტა გამოჯანმრთელდნენ. ვნახოთ როგორ სასტატო შემადგენლობას შეარჩევს ვალვერდე, მთავარი აქცენტი რათქმაუნდა "ატლეტიკის" შემტევებზე იქნება გაკეთებული, განსაკუთრებით კი უბერებელ არიც ადურისზე.

 

საკმაოდ ხანგრძლივი წარუმატებელი სერიის შემდეგ, "ვილიარეალმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო ლა ლიგაში, რაც ბრუნო სორიანოს დაბრუნებას უკავშირდება. კაპიტანი მომჯობინდა და მისმა გუნდამ ორი თამაში მოიგო. "ელჩესთან" მინიმალური გამარჯვების შემდეგ, "წყალქვეშა ნავმა" შინ "მალაგას" მოუგო 2:1 და ოფიციალურად გაინაღდა მეექვსე ადგილი, მარსელინიო ტორალის გუნდი ვერც წინ წავა და ვერც უკან, ეს ჩინებული შედეგია. "ვილიარეალი" ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპის ლიგაზე, რაც ამ გუნდისთვის უდავოდ წარმატებაა. "ელჩესთან" შეხვედრაში როგორც იქნა გაიტანა პირველი გოლი ჯოელ კემბელმა, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ბოლოჯერ მოირგებს ყვითელ მაისურს, რადგან ალბათ დაბრუნდება "არსენალში". ასევე გაურკვეველია დენის ჩერიშევის ბედი, რომელიც "რეალს" ეკუთვნის, მაგრამ ახლა ტრავმირებულია და ვერ ეხმარება გუნდს. უჩე და ჯონათან დოს სანტოსიც ლაზარეთში არიან, ვიეტო, რუკავინა და ჯოვანი დოს სანტოსი კი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებენ მატჩს.

 

სან მამესზე, შესუსტებული "ვილიარეალი" ჩავა, მაგრამ უამრავი ახალგაზრდა მოთამაშით, რომლებიც ეცდებიან საკუთარი თავის წარმოჩენას და მინდორზე მაქსიმუმს დადებენ. ვნახოთ როგორი მატჩი შედგება ელ მადრიგალზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკი: ერერინი - დე მარკოსი, ეჩეიტა, ლაპორტი, ბალენსიაგა - იტურასპე, ბენია - ინაკი ვილიამსი, მიკელ რიკო, ვიგერა - ადურისი.

 

ვილიარეალი: ხუან კარლოსი - მარიო, დორადო, ვიქტორ რუისი, იოკიჩი - მოი გომესი, ტრიგეიროსი, ბრუნო, ხაუმე კოსტა - კემბელი, ხერარდ მორენო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბილბაოს "ატლეტიკს" ზედიზედ ექვსი თამაში არ წაუგია ლა ლიგაში. შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია, ამ გუნდმა ბოლოს 2011 წელს გამოაცხო.

 

  • "ვილიარეალს" ზედიზედ ათი გასვლითი თამაში არ მოუგია ლა ლიგაში, ბოლო ექვსი კი ფრედ დაასრულა, თანაც ყოველ ჯერზე 2,5-ზე ნაკლები ბურთი გავიდა.

 

  • ამ გუნდების ბოლო რვა დაპირისპირებიდან ლა ლიგაში, "ვილიარეალმა" მოიგო ოთხი, "ატლეტიკმა" კი მხოლოდ ერთი.

 

 

ბარსელონა Vs დეპორტივო

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: კამპ ნოუ, ბარსელონა

მთავარი მსაჯი: კლოს გომესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports

 

კატალონიურმა გრანდმა წინა ტურში, სიმბოლურად ვისენტე კალდერონზე გაიფორმა ჩემპიონობა, როდესაც მადრიდის "ატლეტიკო" ლეო მესის მორიგი დიდებული თამაშისა და გოლის წყალობით დაამარცხა - 1:0. შარსან "ატლეტიკომ" იზეიმა ჩემპიონობა კამპ ნოუზე, ახლა კი ეს "ბარსამ" გააკეთა ვისენტე კალდერონზე. დღეს კი, ლუის ენრიკე ახალგაზრდებს მისცემს შანსს და ისინიც ეცდებიან გამოყენებას. მოსალოდნელია სერიოზული როტაცია, მინდორზე რამდენიმე საინტერესო მოთამაშის ხილვა, მათ შორის კი მუნირ ელ-ადადი იქნება, რომელიც კარგად გვახსოვს სეზონის სტარტზე, სუარესის არყოფნაში, ახალგაზრდა ესპანელმა ისე კარგად ითამაშა, რომ ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს. "ბარსელონამ" დაიბრუნა ტიტული და დღეს ნამდვილი ზეიმი იქნება თუნდაც მატჩი წააგონ, მთელი კატალონია იზეიმებს ჩემპიონობას და ზუსტად ერთ კვირასი "ბლაუგრანა" მეორე ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს, ესპანეთის თასის ფინალში. სამწუხაროდ, ხავიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტოვებს კამპ ნოუს ანუ ეს მისი ბოლო მატჩი იქნება "ბარსას" მაისურით და რათქმაუნდა ლეგენდას ღირსეულად გააცილებენ, კამპ ნოუს ასეთები არ ეშლება. ლუის ენრიკეს არანაერი პრობლემა არ აქვს, ამიტომ ეცდება მაქსიმალურად გადაახალისოს შემადგენლობას.

 

"დეპორტივომ" წინა ტურში ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც "ლევანტეს" მოუგო შინ 2:0, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს მოგება დასჭირდებოდა. ახლა კი, ვიქტორ სანჩესის გუნდი 34 ქულით მე-17 ადგილზეა და გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. კონკურენტებს: "ეიბარსა" და "ალმერიას" მხოლოდ სამი ქულა სჭირდებათ, ლა კორუნიელებს კი შესაძლოა ფრე კი არა მარცხიც ეყოთ. თუმცა, სიტუაციას ძაბავს ურთიერთშეხვედრები, სადაც "დეპორს" მხოლოდ "ეიბართან" აქვს უპირატესობა, ასე რომ სიტუაცია ძალიან ჩახლართულია. გუნდს მარცხენა მცველი ლუიზინიო დააკლდება, მას კანელია შეცვლის. მანუელ პაბლო და ხუანფრანი კი ტრავმირებულნი არიან, ამ უკანასკნელმა წინა ტურში ჩინებულად ითამაშა და დაიმტვრა. ვნახოთ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ახალგაზრდა სპეციალისტი, "დეპორტივო" უნდა გადარჩეს!

 

"ბარსელონა" ეცდება, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულოს, მაგრამ "დეპორტივო" საოცრად მოტივირებულია და მინდორზე ყველაფერს დადებს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა: ბრავო - მონტოია, ბარტრა, მატიე, ადრიანო - ხავი, სერხი რობერტო, რაფინია - მუნირი, მესი, პედრო.

 

დეპორტივო: ფაბრისიო - ლაურე, ლოპო, სიდნეი, კანელია - ბერგანტინოსი, ბორხესი - სალომაო, ხუან დომინგესი, კავალეირო - ლუკას პერესი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ბარსელონას" ზედიზედ ექვსი საშინაო თამაში აქვს მოგებული ლა ლიგაში, "მალაგასთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ.

 

  • ამ წაგების შემდეგ, "ბლაუგრანამ" ეროვნული ჩემპიონატის 13 თამაშიდან 12 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

 

  • "დეპორტივოს" ბოლო შვიდი მატჩი არ მოუგია ლა ლიგაში გასვლაზე და სტუმრად უკვე ხუთი თამაშია არ გაუტანია გოლი.

 

  • "ბარსელონას" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს "დეპორტივოსთან" ლა ლიგაში, საიდანაც შვიდი თამაში მოიგო და მეტოქის კარში 26 გოლი გაიტანა.

 

  • კამპ ნოუზე, "დეპორტივოს" 2003 წლის შემდეგ ზედიზედ რვა თამაში არ მოუგია, საიდანაც შვიდი წააგო.

 

  • "ბარსელონას" ამჟამად მხოლოდ 19 გოლი აქვს გაშვებული ლა ლიგაში, რეკორდი კი 21 გაშვებული ბურთია, ასე რომ ლუის ენრიკეს გუნდს დღეს ერთი გოლის გაშვების უფლება აქვს.

 

  • გარდა ამისა, "ბარსას" საკლუბო რეკორდი გატანილი გოლების რაოდენობით ერთ სეზონში - 115 გახლავთ, ახლა კი "ბლაუგრანას" 108 ბურთი აქვს შეგდებული, მაგრამ არაფერია გამორიცხული.

 

  • გარდა ამისა, "ბარსას" დღეს უბრალოდ მოგება სჭირდება, რათა ბურთების შეფარდება გააუმჯობესოს და ახალი რეკორდი დაამყაროს. +89 - ასეთივე შედეგი ჰქონდა მადრიდის "რეალს" საჩემპიონო, 2011/12 წლების სეზონში.

 

 

გრანადა Vs ატლეტიკო

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: ლოს კარმენესი, გრანადა

მთავარი მსაჯი: ხოსე გონსალეს გონსალესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ხოსე რამონ სანდოვალის მოსვლის შემდეგ, "გრანადამ" სამიდან სამი მატჩი მოიგო და დაიბრუნა შანსები ლა ლიგაში დასარჩენად. ბოლო ორი თამაში გუნდმა მშრალად მოიგო, წინა ტურში კი "სოსიედადი" გაანადგურა სტუმრად 3:0. ჩინებულ ფორმაშია გუნდის ნახევარდაცვის ცენტრი და რუბენ როხინა, რომელსა კარგად ეწყობა პიტი. "გრანადას" დაცვის ხაზი კი ბოლო ტურებში ნამდვილი კედელია, რომლის ლიდერიც გუნდის კაპიტანი დიეგო მაინცი გახლავთ, ის დიდებულ ფორმაში იმყოფება. სამწუხაროდ, "გრანადას" ხავი მარკესი და ლასანა ბანგურა ვერ დაეხმარებიან, ორივე მათგანი დისკვალიფიკაცირებულია. თუმცა, სანდოვალის გუნდი დღეს სასწაულის იმედზეა, შეუძლებელი არაფერია, შეიძლება ანდალუსიურ კლუბს მოგებაც არ ეყოს, მაგრამ სეზონს მაინც ღირსეულად ჩაამთავრებს.

 

ბოლო ტურებში მადრიდის "ატლეტიკო" მოდუნდა და ზედიზედ სამი ტურია არ მოუგია. ბოლოს, გუნდი აბსოლიტურად უშანსო დამარცხდა შინ "ბარსელონასთან" და რომ არა იან ობლაკი უფრო მეტ გოლს გაუშვებდა. დიეგო სიმეონემ და მისმა გუნდმა მიულოცა ჩემპიონობა კატალონიურ გრანდს, თავად კი განაღდებული აქვს მესამე ადგილი. დღეს, "ატლეტიკოს" მთავარი მიზანი ჩემპიონატის ცუდი სერიით დასრულება ნამდვილად არ არის, ამიტომ "როხიბლანკო" მოსაგებად გავა მინდორზე. გუნდს არდა თურანი, ფერნანდო ტორესი და მარიო მანჯუკიჩი ვერ დაეხმარებიან.

 

"გრანადა" აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს, რათა იმედები ბოლომდე შეუნარჩუნოს საკუთარ ქომაგს, მაგრამ "ატლეტიკოც" ვერ გარისკავს, რადგან წაგების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული გუნდმა დაკარგოს მესამე ადგილი, რადგან "ვალენსაის" ჩამორჩება ურთიერთშეხვედრებში.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

გრანადა: რობერტო - ნიომი, ბაბინი, მაინცი, ხუან კარლოსი - იტურა, რუბენ პერესი - იბანესი, პიტი, როხინა - ელ-არაბი.

 

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, სიკეირა - საულ ნიგუესი, გაბი, ტიაგო, კოკე - რაულ გარსია, გრიზმანი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "გრანადამ" ისტორიაში პირველად მოახერხა ზედიზედ სამი თამაშის მოგება ლა ლიგაში.

 

  • ბოლო ექვსი საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "გრანადამ" მხოლოდ ერთი წააგო (2მ, 3ფ).

 

  • მადრიდის "ატლეტიკოს", 2012 წლის აპრილის შემდეგ არ წაუგია ზედიზედ ორი მატჩი ლა ლიგაში.

 

  • "როხიბლანკოს" შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს გასვლაზე.

 

  • "ატლეტიკოს" ზედიედ ექვსი მატჩი აქვს მოგებული "გრანადასთან" ლა ლიგაში, მანამდე კი გუნდებმა უგოლო ფრე გააგორეს.

 

  • ანდალუსიურ კლუბს, "როხიბლანკოს" კარში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი.

 

 

ეიბარი Vs კორდობა

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: მუნისიპალ დე იპურუა, ეიბარი

მთავარი მსაჯი: ალვარეს ისკიერდო

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"მალაგასთან" მოგების შემდეგ, "ეიბარმა" ზედიზედ ექვსი მატჩი წააგო და წინა ტურში "ხეტაფესთან" ითამაშა ფრედ 1:1. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი კატასტროფულად ატარებს მეორე წრეს, ბასკებს იდეალური მდგომარეობა აქვთ. მათ სჭირდებათ, რომ ესპანეთის მოქმედა და ყოფილმა ჩემპიონებმა მოიგონ, თავად კი სამი ქულა აიღოს, თანაც ვის წინააღმდეგ? გავარდნილი "კორდობას", რომელიც ცდილობს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს ე.წ "კარის გაჯახუნებას". გაიზკა გარიტანოს გუნდმა იდეალურად ჩაატარა პირველი წრე და ამის წყალში ჩაყრა ძალიან სამწუხარო იქნება, მათ ბოლომდე უნდა იბრძოლონ და დაამტკიცონ, რომ ღირსეულები არიან, ასე კატასტროფულად გავარდნა ნამდვილად სამწუხარო იქნება. გუნდს დანი გარსია დაუბუნდა, მან ბოლო თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. აბრაჰამი და მანუ დელ მორალი ლაზარეთში არიან, გარიტანო სავარაუდოდ უნივერსალურ საულ ბერხონს დაეყრდნობა.

 

ზედიზედ ხუთი წაგება, "ბარსელონასგან" მიღებული რვა გოლი, ბოლო შვიდ თამაშში გატანილი ერთადერთი ბურთი - ასეთი გუნდი რათქმაუნდა უნდა გავარდნილიყო ლა ლიგიდან, მაგრამ "კორდობა" იბრძოდა, არცერთ მატჩში არ დაუტოვებია აშკარა აუტსაიდერის შთაბეჭდილება, მაგრამ რას ვიზამთ, ამ გუნდს უვკე ვეღარაფერი გადაარჩენს. თუმცა ვინ იცის, იქნებ "კორდობამ" გაიყოლოს თან "ეიბარი", რომელიც პირველი წრის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. გუნდს უამრავი საკადრო პრობლემა აქვს, ყველა პოზიციაზე: ინიგო ლოპესი, პანტიჩი, კრესპო, კრინი, იაგო ბოუზონი, ბებე, ფედე კარტაბია და გილასი არიან ტრავმირებულნი, ნახევარი "კორდობა" ლაზარეთში იმყოფება, ამ გუნდს წესით არანაერი შანსი არ უნდა ჰქონოდა და ასეც მოხდა.

 

"ეიბარი" ვალდებულია მოიგოს, მითუმეტეს ასეთი მეტოქის წინააღმდეგ, მათ საკუთარი ხასიათი ბოლომდე უნდა გამოავლინონ და ოფლის ბოლო წვეთამდე იბრძოლონ, სხვა გზები გადაჭრილია, ეს გუნდი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც დამოკიდებული სხვაზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ეიბარი: ირურეტა - ბოვედა, ლილო, რაულ ნავასი, დიდაკი - დანი გარსია, ბორხა ფერნანდესი - კაპა, არუაბარენა, ლარა - საულ ბერხონი.

 

კორდობა: საისარი - გუნინო, დეივიდი, ლუსო, ედიმარი - ფაუსტო როსი, აბელი, ვიჩო - ბორხა გარსია, ანდონე, ფიდელი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო ცხრა საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "ეიბარმა" ერთადერთი მოიგო და დანარჩენი რვა წააგო.

 

  • "კორდობას" მეორე წრეში გამარჯვება არ მოუპოვებია ლა ლიგაში.

 

  • "კორდობას" არასოდეს მოუგია იპურუაზე, ამ გუნდების ბოლო ცხრა დაპირისპირებიდან კი, "ეიბარმა" ექვსი მოიგო და სამი ფრედ დაასრულა.

 

 

მალაგა Vs სევილია

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: როსალედა, მალაგა

მთავარი მსაჯი: იგნასიო აგლისეასი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ძალიან ცუდი სათამაშო ფორმის გამო, "მალაგა" წინა ტურში ელ მადრიგალზე დამარცხდა და ამის წყალობით დაკარგა მეშვიდე ადგილი სატურნირო ცხრილში. ხავი გრასიას გუნდს ჯერ კიდევ აქვს ევროპის ლიგაზე დაბრუნების შანსები, მაგრამ მინიმალური. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სეზონი ანდალუსიური კლუბისთვის გამოვა წარმატებული, რადგან "მალაგამ" მოუმატა, აშკარად განიცადა პროგრესი, ითამაშა კარგი ფეხბურთელი, არ გაატანინა გოლი ქვეყნის ჩემპიონს და ხავი გრასიას სახით საკმაოდ პერსპექტიული, მონდომებული და ახალგაზრდა სპეციალისტი იპოვნა. "მალაგას" დღეს დისკვალიფიკაცირებული სერხი დარდერი დააკლდება, რომელსაც რესიო შეცვლის. "მალაგას" ახალგაზრდა მოთამაშეები აუცილებლად განვითარდებიან, დღეს კი დერბია, ამიტომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

 

"სევილიას" მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში - ევროპის ლიგის მოგებაა, მაგარმ ვინ იცის, იქნებ ეს არ გახდეს აუცილებელი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად. წინა ტურში, "ფიორენტინას" გამოგდებით გახარებული ანდალუსიური კლუბი "ალმერიას" შეხვდა და 2:1 მოუგო. გარდამტეხი გამოდგა უნაი ემერის ცვლილებები მეორე ტაიმში, რადგან იაგო ასპასმა ძალიან დიდი როლი ითამაშა საკუთარი გუნდის წარმატებაში, გოლები კი მხოლოდ იბორამ შეაგდო, ის დიდებულ ფორმაში იმყოფება და სტეფან მ'ბია ამოაგდო სასტარტოდან. "ვალენსიამ" დაკარგა ქულები და ახლა სხვაობა ამ გუნდების შორის მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს, ამიტომ "სევილიას" აქვს შანსები. გუნდს კვლავ კრისტოფორო და პარეხა ვერ დაეხმარებიან.

 

როსალედაზე საინტერესო, სანახაობრივი მატჩი უნდა შედგეს, ფავორიტი კი უნაი ემერის მოტივირებული გუნდი იქნება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მალაგა: კამენი - როსალესი, ანგელერი, ველინგტონი, ბოკა - რესიო, კამაჩო - სამუელი, ამრაბატი, კასტილეხო - ხავი გერა.

 

სევილია: სერხიო რიკო - კოკე, არიბასი, კოლოძეიჩაკი, ფ.ნავარო - იბორა, კნიხოვიაკი - დენის სუარესი, ასპასი, რეიესი - გამეირო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "მალაგას" ბოლო ოთხი საშინაო თამაში არ მოუგია ლა ლიგაში, აქედან სამი ფრედ დასრულდა.

 

  • "სევილიას" ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ლა ლიგის გასვლით თამაშებში (4მ, 2ფ).

 

  • ლა ლიგის ეგიდით, "სევილიას" ზედიზედ სამი მატჩი არ მოუგია როსალედაზე.

 

 

ალმერია Vs ვალენსია

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 20:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: მედიტერანოსი, ალმერია

მთავარი მსაჯი: ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ორი კვირის წინ, როდესაც "ალმერიამ" საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო "მალაგასთან", თავი კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაიგდო, რადგან წინ იყო თამაშები "სევილიასთან" და "ვალენსიასთან". რამონ სანჩეს პენხუანზე, ანდალუსიური კლუბი იგებდა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და ახლა შინ უნდა მოუგოს "ვალენსიას", რაც წარმოუდგენლად რთული იქნება. სერხი ბარხუანის კოლექტივს შანსები რათქმაუნდა აქვს, მაგრამ ლა ლიგაში დარჩენა ძალიან რთული იქნება, ძალიან. წინა ტურში, ხიმო ნავარომ მიიღო ტრავმა, ტრუხილიომ კი წითელი ბარათი, შესაბამისად ორივე მათგანი გამოტოვებს დღევანდელ მატჩს. ფრან ველესი კვლავ ტრავმირებულია, სამაგიეროდ მიჩელ მასედო გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ სწორედ ის შეცვლის დისკვალიფიკაცირებულ ტრუხილიოს. "ალმერიამ" საკუთარი ქომაგების თვალწინ თავგანწირულად უნდა იბრძოლოს.

 

"რეალთან" ფრის შემდეგ, მთელი ვალენსია, პეტერ ლიმი ელოდა გამარჯვებას მესტალიაზე "სელტასთან" და მეოთხე ადგილის ოფიციალურად გაფორმებას. თუმცა, "ვალენსია", რომელიც საკუთარ მოედანზე ყველას და ყველაფერს ანადგურებდა, მოულოდნელად შეფერხდა ვიგოურ კლუბთან და მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 1:1. ახლა კი, "ღამურები" აუცილებლად ინერვიულებენ, რადგან მათ წინააღმდეგ მოტივირებული "ალმერიაა" და ქულების დაკარგვა კატასტროფის ტოლფასი იქნება. ნუნო ეშპირიტო სანტომ და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი იშრომა, ამიტომ არ ღირს ამ ყველაფერს გაფუჭება, "ვალენსიამ" უნდა მოიგოს და მშვიდად მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება. ერთადერთი პრობლემა ანდრე გომეშის ტრავმაა, რომელიც წინა ტურში დაიმტვრა.

 

მედიტერანოსზე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება, რადგან ფრე - არცერთ გუნდს არ აწყობს, გამარჯვება კი შესაძლოა ორივე გუნდისთვის გამოდგეს გადამწყვეტი, წინ საოცარი დაპირისპირება გველოდება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ალმერია: რუბენი - კასადო, მასედო, მაურო დოს სანტოსი, დუბარბიე - ტომას პარტეი, კორონა - ვ.სილვა, ესპინოსა, ჯონათანი - ტიევი.

 

ვალენსია: დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, გაია - პარეხო, ფუეგო, ენცო პერესი - ფეგული, პაკო, დე პაული.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • სერხი ბარუანის მოსვლის შემდეგ, "ალმერიამ" საკუთარ მოედანზე ოთხ თამაშში შვიდი ქულა მოაგროვა.

 

  • "ვალენსიას" ზედიზედ ოთხი გასვლითი თამაში არ მოუგია ლა ლიგაში.

 

  • თუ "ვალენსია" მოიგებს - აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მიუხედავად იმისა "სევილია" მოიგებს თუ არა ევროპის ლიგას. უეფა-ს ახალი წესების მიხედვით, ერთი ქვეყნიდან მაქსიმუმ ხუთ გუნდს შეუძლია თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, შესაბამისად ანდალუსიელთა წარმატება "ვალენსიას" ხელს ვერ შეუშლის.

 

 

რეალი Vs ხეტაფე

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXVIII ტური

თარიღი: 22:30 საათი, 23 მაისი

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი

მთავარი მსაჯი: ხოსე ტეიშეირა ვიტიენესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports+

 

მას შემდეგ, რაც "სამეფო კლუბმა" დაკარგა ჩემპიონობის შანსები, "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა, "იუვენტუსი" უფრო ძლიერი გამოდგა და ახლა კარლო ანჩელოტის ირგვლივ ტრიალებს უამრავი ჭორი, მას არ ინდობენ პრესაში, მაგრამ დიდი ალბათობით, ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი დარჩება სანიაგო ბერნაბეუზე, რადგან ერთი უტიტული სეზონის გამო მის მიერ შესრულებული მუშაობის დავიწყება - არ იქნება მართებული, თანაც რთულია მოძებნო მასზე უკეთესი მწვრთნელი "რეალისთვის", პაპა კარლო ნამდვილი დიდოსტატია, რომელიც ყველანაერ ზეწოლას უძლებს და გამოცდილება იმდენი აქვს, რომ ჟურნალისტების მიერ ჩახლართულ ინტრიგებს არანაერ ყურადღებას არ მიაქცევს. ახლა, "რეალი" გადართულია დავიდ დე ხეას ტრანსფერზე, მაგრამ იკერ კასილასის გაშვებას არ აპირებს, ანუ გამოდის რომ კაპიტანი, რომელიც მშვენიერ ფორმაში სკამზე უნდა დაჯდეს? საინტერესო იქნება...მანამდე, "რეალს" მოსაგები აქვს ჩემპიონატის ბოლო მატჩი, რომელსაც ხედირა, რამოსი, კოენტრაო, მოდრიცჩი და ბენზემ გამოტოვებენ. კვლავ იმყოფება გუნდის განაცხადში 16 წლის მარტინ ოდეგორი, ვნახოთ დღეს მაინც თუ შედგება მისი დებიუტი "რეალის" მაისურით.

 

"ხეტაფეს" არანაერი მოტივაცია არ გააჩნია, პაბლო ფრანკომ სამუშაო შეასრულა და გუნდი დატოვა ლა ლიგაში. "ხეტაფე" 37 ქულით მე-14 ადგილზეა მშვიდად. თუმცა, გუნდს ძალიან ცუდი სერია აქვს და ალბათ ლა ლიგას ცხრამატჩიანი მოუგებელი სერიით დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ პაბლო სარაბია და ლაფიტა ბრუდნებიან, ერთმა დისკვალიფიაცია მოიხადა, მეორემ კი სერიოზული ტრავმა მოიშუშა, "ხეტაფეს" შვიდიანი ალბათ შეცვლიდან ჩაერთვება თამაშში. ალვარო ვასკესი, ვალერა და იოდა ლაზარეთში არიან, აგრეთვე დისკვალიფიკაცირებულია რობერტო ლოგო.

 

სანტიაგო ბერნაბეუზე ყველაზე უმნიშვნელო მატჩი გაიმართება და ვნახოთ "რეალი" როგორ ითამაშებს, მთავარი ინტრიგა ალბათ ოდეგორის დებიუტი იქნება თუ რათქმაუნდა შედგა.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: კასილასი - არბელოა, ნაჩო, ვარანი, მარსელო - ისკო, კროოსი, როდრიგესი - ბეილი, ჩიჩარიტო, რონალდო.

 

ხეტაფე: გუაიტა - ვიგარაი, ნალდო, ვალასკესი, ესკუდერო - ხუან როდრიგესი, ლაკენი - პედრო ლეონი, პაბლო სარაბია, დიეგო კასტრო - ინესტროზა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "რეალი" ეცდება, რომ მეორე წრე საშინაო მარცხის გარეშე დაასრულოს.

 

  • "ხეტაფეს" ზედიზედ სამი მატჩი აქვს წაგებული სტუმრად, გატანილი გოლის გარეშე.

 

  • "რეალს" ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს მოგებული ლა ლიგაში, "ხეტაფეს" წინააღმდეგ, ბუთების შეფარდება - 14:1.

 

  • სანტიაგო ბერნაბეუზე კი, "რეალმა" ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო "ხატაფესთან" და ბოლო ოთხი მატჩიდან, თითოში ზუსტად 4 გოლი შეაგდო.

 

ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი 45 9
2 ლიონელ მესი ბარსელონა 41 5
3 ნეიმარი ბარსელონა 22 1
4 ანტუან გრიზმანი ატლეტიკო 22 0
5 კარლოს ბაკა სევილია 20 6

https://fci.ge/uploads/spain-liga-bbva.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi