FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

იტალიის სერია ა 2014/15: სეზონის შემაჯამებელი

15-06-2015
4 კომენტარი

2014/15 წლების ევროპული სეზონი დასრულებულია და შედარებით გვიან გვიწევს წამყვანი ჩემპიონატების შეჯამება. ინგლისის შემდეგ, უნდა გადავინაცვლოთ იტალიაში და ამ ჩემპიონატს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე მიზეზის გამო.

ალბათ ბევრისგან გაუგია იტალიური ფეხბურთის მოყვარულს თუ რატომ უნდა უყურო სერია ა-ს, როდესაც რომელიმე გრანდი არ თამაშობსო, მაგრამ ამ სეზონმა ყველანაერი კრიტიკოსის ენა დიდი ალბათობით გააჩუმა, რადგან იტალიაში დიდებული კამპანია გაიმართა. შესაძლოა, ჩემპიონობაზე არ ყოფილა დიდი ბრძოლა და სერია ბ-ში გამვარდნი გუნდების სამეულიც დიდი ხანი ვიცოდით, მაგრამ სანახაობა შესანიშნავი გამოვიდა და ევროტურნირებისთვის ბოლო ტურამდე დაძაბული ორთაბრძოლა იყო, „ლაციოს“ ბოლო თამაშებმა კი ალბათ ბევრი დააბრუნა ამ საუკუნის დასაწყისში, როდესაც სერია ა-ში ნამდვილი ომები მიდიოდა საფეხბურთო გაზონზე. იმათთვის, ვისაც ჰგონია, რომ იტალიური ფეხბურთი ყველაზე მოსაწყენია, გთავაზობთ 2014/15 წლების სეზონის სტატისტიკას: პრემიერ ლიგა - 975 გოლი; ლა ლიგა - 1009 გოლი; ბუნდესლიგა - 843 გოლი და სერია - 1024 გოლი, ამ სეზონის მიხედვით სწორედ კალჩიო გამოვიდა ყველაზე შედეგიანი, აქ უკვე ძალიან ბევრი გუნდია შემტევი ფეხბურთის მიმდევარი და თანდათან მცირდება „კატენაჩოური“ გუნდების რაოდენობა.

კვლავ პირველები
სეზონის დაწყებამდე, ყველას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ტურინის „იუვენტუსის“ დომინირებას სერიოზულად დაემუქრებოდა „რომა“, რომელსაც სერიოზული პოტენციალი გააჩნდა და მზად იყო ჩემპიონობისთვის, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი სხვანაერად გამოვიდა. ზაფხულში, „იუვეში“ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მოულოდნელად, გუნდი დატოვა დიდებულმა ანტონიო კონტემ და ჩაიბარა იტალიის ნაკრები. სწორედ ანტონიომ დააბრუნა „ბიანკონერი“ იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე და მისი წასვლა ძალიან რთულად გადასატანი იყო. თანაც, მისი პოსტი „მილანის“ ყოფილმა დამრიგებელმა, მასიმილიანო ალეგრიმ დაიკავა, რომლის მიმართ არაერთი „იუვენტუსის“ ქომაგი იყო პესიმისტურად განწყობილი. მასიმილიანომ „როსონერიში“ მუშაობა კრახით დაასრულა და ამის გამო თავიდან გაუჭირდა ტურინულ გრანდში. რაც შეეხება ტრანსფერებს, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ „იუვემ“ დაიმატა ძალიან მაღალი დონის, გამოცდილი მარცხენა მცველი პატრის ევრა. 33 წლის ფრანგი კვადვო ასამოას ღირსეული კონკურენტი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად გუნდი დატოვა ფედერიკო პელუზომ, მაურისიო ისლა კი იჯარით გადაბარგდა „ქუინს პარკ რეინჯერსში“. „იუვე“ დატოვა ფაბიო კვალიარელამ და აგრეთვე მირკო ვუჩინიჩმაც. სამაგიეროდ, გუნდმა დაიმატა უნიჭიერესი ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა და 20 მილიონი გადაუხადა მადრიდის „რეალს“. მორატას გარდა, „იუვემ“ 18 წლის კინგსლი კომანი გადაიბირა და გააძლიერა ნახევარდაცვის ხაზი რომულოს, რობერტო ფერეირას და ლუკა მარონეს ტრანსფერებით. საჭირო იყო მარკიზიო-პირლო-ვიდალი-პოგბას ოთხეულიდან დრო და დრო რომელიმეს დასვენება. სტარტი ფანტასტიკური გამოდგა, ალეგრის არაფერი შეუცვლია, უბრალოდ „იუვე“ უფრო მეტად აკეთებდა აქცენტს ბურთის კონტროლზე და იშვიათად თამაშობდა მეორე ნომრად. ტაქტიკა უცვლელი დარჩა და „იუვენტუსმა“ პირველი ხუთი თამაში მოიგო გატანილი გოლის გარეშე, დიდებულად დაიწყო სეზონი კარლოს ტევესმა, რომელზეც დიდი იმედები მყარდებოდა. მეექვსე ტურში კი მინიფინალი შედგა, რადგან „იუვემ“ ასევე ქულა დაუკარგავი „რომა“ მიიღო და ნამდვილი ომი გაჩაღდა ტურინში, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს, იყო მსაჯის შეცდომები, გაძევებები, პენალტები და ყველაფერი, რაც ასეთი დონის თამაშებს ახასიათებს. მომდევნო ტურში, ტურინელებმა პირველი ქულები დაკარგეს სერია ა-ში სტუმრად „სასუოლოსთან“, რასაც რამდენიმე კვირაში პირველი მარცხი მოჰყვა ასევე სტუმრად „ჯენოასთან“. ჩემპიონთა ლიგაზეც გუნდმა წარუმატებლად დაიწყო, რასაც ალგერისადმი კრიტიკის გაღვივება მოჰყვა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ იყო. „იუვე“ ჯგუფიდანაც გავიდა ლიგაზე და ეროვნულ ჩემპიონატში ოცმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო. შემოდგომიდან ალვარო მორატამ ჩინებული ფორმა აკრიფა და ამოაგდო ძირითადიდან ფერნანდო ლიორენტე, რასაც ალეგრის გადადგილებები მოჰყვა, რომელმაც „იუვენტუსი“ 4-3-1-2 ტაქტიკით აათამაშა, წინ ტევესი-მორატას უნიკალური დუეტი იყო. ტურინელებმა მოიგეს უმეტესება პრინციპული თამაშებისა, რომში „რომას“ ფრე გაუგორეს და საბოლოოდ „მგლების“ სერიოზული ჩავარდნით ისარგებლეს. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, „იუვემ“ 1:0 მოუგო „სამპდორიას“ სტუმრად და ისტორიული წარმატება იზეიმა - ზედიზედ მეოთხე სკუდეტო. ეს მართლაც საოცარი შედეგია, რომელსაც ალბათ დიდი ხანი ვერავინ გაიმეორებს. „იუვენტუსმა“ სერიოზული ჰანდიკაპით მოიგო მეოთხე სკუდეტო, მოიპოვა მოგვიანებით იტალიის თასიც და ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა. ალეგრიმ ყველას დაუმტკიცა, რომ ჭკვიანი ტაქტიკოსია, გონიერი სპეციალისტი და კარგად გააგრძელა კონტეს მიერ დაწყებული გზა. „იუვენტუსი“ უფრო მრავალფეროვანია, შეტევაში გუნდს დიდებული დუეტი ჰყავს, ტევესმა და მორატამ ჩინებულად გაუგეს ერთმანთეს და ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს. გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ დაცვის ხაზი: ლიხშტაინერი-ბონუჩი-კიელინი-ევრა, გამოცდილი ფრანგი დიდებულად მოერგო ტურინულ კლუბს და დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ ამოაგდო ძირითადადიდან ასამოა, რომელსაც ტრავმამაც შეუშალა ხელი. ნახევარდაცვის ხაზზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, განსაკუთრებით კი კლაუდიო მარკიზიო უნდა გამოვყოთ, მან ფენომენალური სეზონი ჩაატარა: სამი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა არ არის საოცარი, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა საკუთარი გუნდისთვის. მარკიზიოსთან ერთად ყველაზე გამორჩეული არტურო ვიდალი იყო, პოგბას კი ხანგრძლივი პეიოდი რომ არ გაცდენოდა უფრო შთამბეჭდავ შედეგს დადებდა. აგრეთვე აღსანიშნავია რობერტო ფერეირას წარმატებული პირველი სეზონი, არგენტინელი ღირსეულად ცვლიდა დიდი ოთხეულის წევრებს და რამდენიმე გოლიც გაიტანა. მას კარგი ტექნიკა აქვს, სწრაფია და მოედნის ხედვაც არ დაეწუნება, ფერეირას შეუძლია „იუვენტუსისთვის“ სარგებლის მოტანა. ვეტერანი ბარძალიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ერთადერთი რომულოს არ მიეცა შანსი, რომელმაც მთელი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. „იუვენტუსმა“ დაიმსახურა ზედიზედ მეოთხე სკუდეტო და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა.


კვლავ მეორეები
იტალიის ვიცე-ჩემპიონი კვლავ რუდი გარსიას გუნდი გახდა, მაგრამ ამჯერად გაცილებით არადამაჯერებელი ფეხბურთი აჩვენეს „მგლებმა“, ვიდრე გასულ სეზონში. არადა, გახსოვთ ფრანგი სპეციალისტის კომენტარები სეზონის სტარტზე? ის დარწმუნებული იყო, რომ მისი გუნდი მოიგებდა სკუდეტოს, მაგრამ საბოლოოდ მეორე ადგილის დიდი ძალისხმევით შეინარჩუნა. ზაფხულში გუნდმა გაუშვა ზედმეტი მოთამაშეები, უმრავლესობა იჯარით და ერთადერთი სერიოზული დანაკლისი მეჰდი ბენატიას წასვლის სახით მიიღო, მაროკოელი „ბაიერნმა“ შეიძინა 26 მილიონ ევროდ. დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად, „რომამ“ იჯარით აიყვანა სამი დამცველი: სალიჰ უჩანი, დავიდე ასტორი და მაპუ იანგა-მბივა. აგრეთვე დაიმატა კოსტას მანოლასი და კიდევ ორი მარცხენა მცველი: ჰოლებასი და ეშლი კოული, ამ პოზიციაზე გუნდს მართლაც ჰქონდა პრობლემა. გარდა ამისა, „რომამ“ დაიმატა უნივერსალური ურბი ემანუელსონი, სეიდუ კეიტა და გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ხუან იტურბე. „რომას“ გულშემატკივრებს ძალიან დიდი იმედები ჰქონდათ, რაც სეზონის ფანტასტიკურტი სტარტის შემდეგ უფრო გამყარდა. „მგლებმა“ პირველი ხუთი თამაში მოიგეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. დიდებულად დაიწყო სეზონი ნახევარდაცვის ცენტრმა, მირალემ პიანიჩის ლიდერობით, რომელსაც ბრწყინვალედ ეწყეობოდა რაჟა ნაინგოლანი. დაცვის ახალი ლიდერი გახდა მანოლასი, მაგრამ ლეანდრო კასტანმა მეორე ტურში სერიოზული ტრავმა მიიღო და ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ექვს თვეს გამოტოვებდა. შეტევაშიც კარგად დაიწყო ჟერვინიომ, ახალგაზრდა მატია დესტრომ და იმედები უფრო სერიოზული გახდა. ტურინში მარცხის შემდეგ, „რომას“ ჩემპიონობის შანსებზე ბევრი ალაპარაკდა, რადგან დედაქალაქურმა კლუბმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა და იტურბემ სწორედ ტურინში გაუტანა პირველი გოლი „რომას“ მაისურით სერია ა-ში. ამის შემდეგ, რუდი გარსიას გუნდმა გააგრძელა სტაბილურად ასპარეზობა და „იუვენტუსის“ ღირსეული კონკურენტი იყო. თუმცა, პრობლემები თავდასხმაში ნელ-ნელა იკვეთებოდა, ჟერვინიო საშინელი თამაში აჩვენა და მერე აფრიკის ერთა თასზე წავიდა, იტურბემაც ვერ მოიკიდა ფეხი, ფლორენცი არ იყო სტაბილური, დესტრომ მოუკლო, ტოტი ასაკში იყო უბრალოდ და ყოველთვის ვერ ახერხებდა იმ სასწაულების ჩადენას, რაც რომაულ დერბიში ჩაიდინა, ერთადერთი წინა ხაზიდან ადამ ლიაიჩი უნდა გამოვყოთ, რომელიც მუდმივად ცდილობდა და გოლებიც გაჰქონდა, სერბი „რომას“ ლიდერად იქცა შეტევაში. 2015 წელს კი დაიწყო კატასტროფული სერია, როდესაც რუდი გარსიას გუნდმა 10 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და რვა(!) დაასრულა ფრედ, რვა ფრე უბრალოდ საშინელება იყო, რადგან ტურინის „იუვენტუსი“ სერიოზულად გაიჭრა წინ. გარსიას მუდამ ჰქონდა პრობლემები დაცვაში, რადგან მაიკონმა მოუკლო, თანაც ტრავმებმა შეაწუხა, მისი შემცვლელი ტოროსიდისი კი აშკარად ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თანაც მასაც ტრავმები აწუხებდა. ამიტომ ხშირად ვნახულობდით დაცვის მარჯვენა ფრთაზე ფლორენცის, მარცხნივ კი ჰოლებასმა აჯობა გამოცდილ კოულს. ბერძენი პროსუქტიული, ძალიან კარგი იყო შეტევაში და უკანა ხაზზეც კარგად ართმევდა თავს დავალებებს. თუმცა, მთლიანობაში დაცვა არ იყო შეკრული, ცენტრშიც მანოლასის მეწყვილე ზოგჯერ იანგა-მბივა იყო, ზოგჯერ ასტორი და „რომამ“ დაკარგა პოზიციები, დაკარგა სათამაშო მანერა. ბოლოსკენ, „მგლებმა“ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, გადამწყვეტი კი რომაული დერბი გამოდგა, რომელიც რუდი გარსიას კოლექტივმა 2:1 მოიგო. სიმბოლურია, რომ გადამწყვეტი გოლი მაპუმ შეაგდო, ბოლო ტურში განცდილ მარცხს კი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ზამთარში გადაბირებულმა სეიდუ დუმბიამ ვერაფერი გააკეთა, ვიქტორ იბარბო კი ბოლოსკენ ათამაშდა, კოლუმბიელმა პოტენციალი ცოტათი მაინც გამოავლინა. თუმცა, გამოჩნდა, რომ „რომას“ დასახვეწი აქვს სატრანსფერო პოლიტიკა, კლუბმა უფრო სწორი დანამატი უნდა განახორციელოს. რუდი გარსია აუცილებლად დარჩება და ვნახოთ მომდევნო სეზონში რას იზამს, პერსპექტივები არის, უბრალოდ კარგი იქნება თუ ტრავმები არ შეაწუხებენ გუნდს. საერთოდ არაფერი გვითქვამს საკმაოდ კარგ საყრდენ კევინ სტროტმანზე, რომელიც დაბრუნდა ერთი პერიოდი, მაგრამ ბოლოსკენ ტრავმა მიიღო, ისევე როგორც ლეგენდარულმა დანიელე დე როსიმ. დე როსი-ტოტი ოლიმპიკოდან წასვლას არ აპირებენ და ვნახოთ პარტნიორები როგორ აუბამენ მხარს „იმპერატორებს“.


ბრწყინვალე ლაციო
ეს ის გუნდია, რომელმაც არამხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში გააოცა საფეხბურთო ქომაგები საკუთარი დიდებული გამოსვლით და ისტორიული მიღწევით. რომის „ლაციომ“ გასული სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა და არაფერი მოასწავლებდა „ცისფრების“ ასეთ ნახტომს და გამაოგნებელ პროგრესს. გამოცდილმა ვლადიმერ პეტკოვიჩა ვერაფერი მოახერხა, სეზონი კი როგორც ყოველთვის ედუარდო რეიამ ჩაამთავრა, მაგრამ „ლაციოს“ ხელმძღვანელობამ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი არ დატოვა პოსტზე. ახალი თავკაცი 49 წლის იტალიელი სტეფანო პიოლი გახდა, რომელიც იდეალურად იცნობდა იტალიურ ფეხბურთს და მიიღო საკმაოდ დიდი გამოწვევა. გუნდმა შეინარჩუნა ბირთვი და ზაფხულში სერიოზულად გაძლიერდა, კლაუდიო ლოტიტომ პიოლის ყველა მოთხოვნა შეასრულა. „ლაციომ“ გააძლიერა დაცვის ხაზი, დაიმატა რა: „უდინეზეს“ მარჯვენა მცველი დუშან ბასტა, მუნდიალის ერთ-ერთი აღმოჩენა შტეფან დე ვრეი, ედსონ ბრააფეიდი და სანტიაგო ჯენტილეტი. გარდა ამისა, „ლაციომ“ ფილიპ ჯორჯევიჩი დაიმატა და 6 მილიონი ევრო გადაიხადა მარკო პაროლოს სანაცვლოდ, რომელიც საუკეთესო ტრანსფერი გამოდგა. დასაწყისი არც ისე კარგი გამოვიდა, რადგან „ლაციომ“ პირველ ოთხ ტურში სამი მარცხი იწვნია. თუმცა, გამოჯანმრთელდა ძირითადი გოლკიპერი ფედერიკო მარკეტი და „ცისფრებმა“ ზედიზედ ოთხი თამაში მოიგეს. დიდებული ფორმა ჰქონდათ აკრეფილი ლულიჩს, მაურის და ჯორჯევიჩს, პიოლიმ 4-3-3 ტაქტიკის გარდა 4-2-3-1 განლაგებაც აამოქმედა და „ლაციო“ ძალიან კარგად ათამაშდა. ამას მოჰყვა ზედიზედ სამი მოუგებელი თამაში და „ერთი კაცის“ შოუ“. 2014 წლის დეკემბრიდან, პიოლიმ ძირითადში ფელიპე ანდერსონი დააყენა და 22 წლის ბრაზილიელმა გააოცა სრულიად მსოფლიო. მან ხუთ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა, გარდა ამისა საკუთარი დრიბლინგებით და ლამაზი გოლებით მონუსხა და გაალამაზა იტალიური ფეხბურთი. ლულიჩი-პაროლო-ბილიას ტრიო ცენტრში დიდებულად მოქმედებდა, ანტონიო კანდრევაც ტრავმის შემდეგ შევიდა ფორმაში და ჯორჯევიჩი, რომელიც 2014 წლის ბოლოს სერიოზულად დაიმტვრა, ლეგენდარულმა მიროსლავ კლოზემ შეცვალა. გერმანელი იდეალურად ათამაშდა და გოლი-გოლზე გაჰქონდა, მირომ დაამტკიცა, რომ ასაკი ბევრს არაფერს ცვლის, როდესაც საქმე მას ეხება. ამ უნიკალურმა გუნდმა ზედიზედ რვა თამაში მოიგო, გაიტანა უამრავი გოლი და უდავოდ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა სერია ა-ში. ბოლო ტურებში „ლაციომ“ ნამდვილი დრამა გადაიტანა. ჯერ იყო საშინაო თამაში მილანის „ინტერთან“, რომელიც „ცისფრებმა“ ჩინებულად დაიწყეს, მაგრამ პირველი ტაიმის შუაწელს ათი კაცით დარჩნენ და უმალვე მიიღეს საპასუხო ბურთი. მეორე ტაიმში, „ლაციო“ საერთოდ ცხრა კაცით დარჩა მინდორზე და მიუხედავად იმისა, რომ მაინც იბრძოდა, საბოლოოდ დამარცხდა. ამას მოჰყვა რთული გამარჯვება „სამპდორიასთან“ და მარცხი „რომასთან“, რომლის შემდეგაც სტეფანო პიოლის გუნდმა მეორე ადგილზე გადასვლის შანსები დაკარგა. მესამე ადგილის შესანარჩუნებლად კი, ბოლო ტურში, სან პაოლოზე ფრეც საკმარისი იყო. პირველ ტაიმში, რომაელებმა ორი გოლი გაიტანეს და თითქმის ყველაფერი დაასრულეს. თუმცა, მეორე ტაიმის დებიუტში „ნაპოლიმ“ ერთი ბურთი გაქვითა, რის შემდეგაც „ლაციო“ ათი კაცით დარჩა, პაროლომ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ ნეაპოლელებმა ანგარიში გაათანაბრეს და პენალტიც მოიპოვეს. თერთმეტმეტრიანი იგუაინმა ააცილა, შემდეგ გოულამმა მიიღო წითელი ბარათი და „ლაციო“ შეცვლაზე შესულმა ონაზიმ იხსნა, რომელმაც ბრძოლაში წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. ბოლოსკენ, კლოზემაც შეაგდო და პიოლის გუნდმა 4:2 იმარჯვა, გავიდა მესამე პოზიციაზე. „ლაციო“ 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში და ეს რათქმაუნდა ძალიან დიდი წარმატებაა. პიოლიმ შეკრა საკმაოდ მებრძოლი გუნდი, რომელსაც უყვარს შეტევა, მაგრამ კარგად შეუძლია თამაშის კონტრშეტევებზე აწყობაც. დაცვის ხაზი ჩინებული იყო, ბასტა-დე ვრეი-კანა-ბრააფეიდის ოთხეულის გარდა, მეორე წრეში ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდა ჯენტილეტი და აგრეთვე კარგად მოერგო გუნდს ზამთარში დამატებული მაურისიო. ცენტრში უნიკალური სეზონი ჰქონდა პაროლოს, კარგი იყო არგენტინელი ბილია, რომელიც ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებდა, ლულიჩი კი დაკავებული იყო მათი დახმარებით. პიოლიმ შანსი მისცა 20 წლის კატალდის, რომელმაც ასევე კარგად ითამაშა 2015 წლის დასაწყიში და გამოავლინა საკუთარი პოტენციალი. ონაზიმ და ლედესმამაც გამოცდილებით დიდი სარგებელი მოუტანეს რომაულ კლუბს, შეტევაში კი ყველა ბრწყინვალე იყო: კანდრევა, მაური, კლოზე, ჯორჯევიჩი, ანდერსონი, კაპიტანმა განსაკუთრებით დიდი წვლილი ითამაშა, რადგან მოუწია თამაში ცენტრშიც, ათიანზეც და ფლანგზეც, მაურიმ არაერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და დიდი დახმარება გაუწია „ლაციოს“. როამელებმა დიდებული ფეხბურთით დიდებულ შედეგს მიაღწიეს და ვნახოთ როგორ გაგრელდება ამ გუნდის განვითარება.


პროგრესირებადი ფიორენტინა
ვინჩენცო მონტელამ საკმაოდ კარგად აათამაშა „ფიორენტინა“ და გასულ სეზონში მეოთხე ადგილზე გაიყვანა. „იებმა“ საკმაოდ ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს, ბევრი გოლი გაიტანეს და საკუთარ ქომაგებს იმედი ჩაუსახეს. ზაფხულში, გუნდმა გაუშვა მასიმო აბროზინი და აგრეთვე მატია კასანი. სამაგიეროდ, დაიმატა რუმინელი მეკარე ტატარუშანი, ცენტრალური მცევლი ხოსე მარია ბასანტა,რომელმაც მუნდიალზე კარგად წარმოაჩინა თავი არგენტინის ნაკრების მაისურით, იჯარით აიყვანა გამოცდილი მარჯვენა მცველი მიკა რიჩარდსი, ასევე იჯარით გადაიბირა იასმინ კურტიჩი, მარკო მარინი და შეიძინა მილან ბადელი. თუმცა, ფლორენციელთა მთავარი პრობლემა ტრავმიანობა იყო, რომელსაც ვერაფერი მოუხერხა მონტელამ. სეზონის სტარტზე, „ფიორენტინამ“ ნორმალურად ითამაშა, მაგრამ მარიო გომესის და ჯუზეპე როსის არყოფნის გამო, ბაბაქარს უწევად საკუთარ თავზე აღება, რაც ყოველთვის არ გამოსდიოდა. თუმცა, ამ თავდამსხმელმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულა და კარგი დამსხმარე ჰყავდა ესპანელი ბორხა ვალეროს სახით. მონტელა უმეტესად ხუთი მცველით თამაშობდა და ცენტრში როდრიგესი-სავიჩი-ბასანტას ტრიო საკმაოდ კარგად მოქმედებდა. ზამთარში, „იებმა“ ერთბაშად სამი შემტევი დაიმატეს: ალესანდრო დიამანტი, ალბერტო ჯილარდინო და მოჰამედ სალაჰი. კარგად მოერგნენ გუნდს გამოცდილი დიამანტი და აგრეთვე ეგვიპტელი სალაჰი, ალესანდროზე მონტელამ ისიც კი თქვა, რომ მან ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოსო. საბოლოო ჯამში, „ფიორენტინას“ ძალიან გაუჭირდა კუადრადოს შეცვლა, რომელმაც გუნდი დატოვა ზამთარში, მაგრამ მაინც ღირსეულად იასპარეზა და გავიდა მეოთხე ადგილზე. მართალია ფლორენციელებმა ეს ბოლო ტურში მოახერხეს, მაგრამ პროგრესი აშკარა იყო. „ფიორენტინას“ კარგად მოერგო ბასანტა, აგრეთვე კარგი სეზონი ჩაატარა ახალგაზრდა ესპანელმა მარცხენა მცველმა მარკოს ალონსომ, კარგი იყო ჩილელი მატიას ფერნანდესი და უდავოდ გამორჩეულნი: ნეტო, სალაჰი და ილიჩიჩი. ბრაზილიელი გოლკიპერი მიდის, ტატარუშანით მისი შეცვლა სარისკოა, რადგან 28 წლის გოლკიპერი არადამაჯერებელი იყო ამ სეზონში, მაგრამ „ფიორენტინას“ სხვა ვარიანტებიც აქვს. სამწუხაროა, რომ გუნდი დატოვა მონტელამ, ხელმძღვანელობა მას ბოლომდე სამართლიანად არ მოექცა, რადგან თავდასხმაში სერიოზული პრობლემების და მიუხედავად, „იებმა“ არაერთი დიდებული თამაში ჩაატარეს და მეოთხე ადგილი მოიპოვეს, რაც ცუდი შედეგი არ არის. იმედია, გუნდი შეინარჩუნებს წამყვან ფეხბურთელებს და მომავალ სეზონში შესაფარისი თავკაცით კიდევ უფრო მოუმატებს, ამის პერსპექტივები არსებობს.


არასტაბილური ნაპოლი
წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ, რაფაელ ბენიტესს არ გამოუვიდა „ნაპოლის“ განვითარება. იტალიის თასის მოგების შემდეგ, ნეაპოლური კლუბი ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და გზა ბილბაოს „ატლეტიკს“ დაუთმო. ზაფხულში კი, გუნდმა დაიმატა ახალგაზრდა ფრანგი ცენტრალური მცველი კულიბალი, დავიდ ლოპესი, ჯონათან დე გუზმანი და მიჩუ. ძალიან ბევრი მოთამაშე წავიდა სან პაოლოდან, მაგრამ ამ გუნდის ქომაგები დიდი იმედები იყვნენ, ისინი საკუთარი გუნდის წარმატებას ელოდნენ და მინიმუმ მოერე ადგილს უმიზნებდნენ. სეზონის სტარტი სუსტი გამოდგა, რადგან პირველ ხუთ ტურში, „ნაპოლიმ“ შვიდი ქულა მოიპოვა, ორი მატჩი წააგო და დაცვაში საკმაოდ ცუდად მოქმედებდა. ფრანგი კულიბალი ფიზიკურად ძლიერი, არც ისე ცუდი მცველი გამოდგა, მაგრამ დაცვას სტაბილურობა, შეთამაშება აკლდა. თუმცა, „ნაპოლი“ მოვიდა გონს და აღსანიშნავია, რომ გუნდს ძალიან დაეხმარა 25 წლის ესპანელი საყრდენის, დავიდ ლოპესის ძირითადში დაყენება. ლოპესს კარგი ტექნიკა აქვს და მოედნის ხედვა, რომლის დახმარებითაც კარგად ანაწილებდა ბურთს. თუმცა, ბენიტესის გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ძველი „რეალური“ კამპანია გახლდათ: კალეხონი-იგუაინის დუეტმა ჰამშიკის დახმარებით, ძალიან ბევრი გოლი გაიტანა და დაეხმარა „ნაპოლის“ 11 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის გამოსაცხობლად. 2015 წლის სტარტი იდეალური გამოდგა: „ნაპოლიმ“ ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო და ეს დაემთხვა მანოლო გაბიადინის მოსვლას, რომელსაც მძიმედ დაშავებული ლორენცო ინსინიე უნდა შეეცვალა. გონსალო იგუაინის კარგი თამაშით, ნეაპოლელებმა მოიპოვეს 12 ქულა, მაგრამ სტაბილურობა მაინც აკლდა გუნდს. დაცვის მარცხენა ფრთაზე, ბენიტესმა სუნიგას მაგივრად გოულამი გაამწესა, ბრიტოსს კი უფრო და უფრო ხშირად იყენებდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. გარდა ამისა, ესაპანელმა სპეციალისტმა, მეკარე რაფაელის მაგივრად პაბლო ანდუხარი დააყენა სასტარტოში და არგენტინელი კარგად იდგა. თუმცა, გაზაფხულზე „ნაპოლიმ“ ძალიან ცუდი და უდროო მოუგებელი სერია გამოაცხო, რის შედეგადაც დაკარგა პოზიციები. იგუაინმა მოულოდნელად მოუკლო, კალეხონი საერთოდ გაქრა თითქოს, ერთადერთი მარეკ ჰამშიკი ცდილობდა პარტნიორების აყოლიებას, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოსდიოდა. ცუდ სერიას, კარგი სერიაც მოჰყვა, როდესაც „ნაპოლიმ“ ზედიზედ სამი მატჩი მოიგო „ფიორენტინას“, „კალიარის“ და „სამპდორიას“ წინააღმდეგ. ამ შეხვედრებში ძალიან კარგი იყო გაბიადინი, რომელმაც დაიმვკიდრა ადგილი სასტარტოში, უფროსწორად ბენიტესის ნდობას ხშირად იყენებდა, რადგან ესპანელი მუდმივად ცვლიდა შემტევ ტრიოს, ერთადერთი ჰამშიკი იყო ხელუხლებელი. მერტენსმა, გაბიადინიმ და კალეხონმა შანსები ბოლო თვეებში გამოიყენეს, ამას მოჰყვა ინსინიეს დაბრუნებაც და „ნაპოლის“ შეეძო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, მაგრამ ბოლო ორი თამაში წააგო და საბოლოოდ მეხუთე პოზიციას დასჯერდა. „ლაციოსთან“ ნეაპოლელებმა დიდებული ქამბექი შეასრულეს, მაგრამ იგუაინმა 2:2-ზე გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა და დაღუპა საკუთარი გუნდი. „ნაპოლისგან“ უფრო მეტს ელოდნენ, ამიტომ ბენიტესი წავიდა და ვნახოთ ახლა ვინ მოვა. პოტენციალი საკმაოდ დიდი გააჩნიათ ნეაპოლელებს, უბრალოდ საჭიროა დაცვაში არსებული პრობლემების მოგვარება. თორემ, შეტევა ჩინებულია: მერტენსი, კალეხონი, ინსინიე, ჰამშიკი, იგუაინი და უკვე გაბიადინი, რომელმაც ბოლო ტურებში ფანტასტიკური ფორმა აკრიფა და გოლი-გოლზე გაჰქონდა, 23 წლის იტალიელი საკმაოდ ნიჭიერია და ძალიან სასარგებლო გუნდისთვის. არც კოლუმბიელი დუვან საპატა დავივიწყოთ, რადგან საჭირო დროს, შანსები გამოიყენა და უბრალოდ იმიტომ ვერ აჯობა იგუაინს, რომ მისი კონკურენტი იგუაინია. ვნახოთ რა შეიცვლება ამ საკმაოდ დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე იტალიურ კლუბში.


სეზინის აღმოჩენა
სეზონის მთავარი აღმოჩენა „ჯენოა“ გახდა, რომელმაც ზაფხულში სერიოზული ცვლილებები განახორციელა. გუნდი გაახალგაზრდავდა, წავიდნენ ასაკოვანი ბიცარი , მანფრედინი, პორტონოვა, მატუზალემი, ლოდი, ბიონდინი, ჯილარდინო და ასე შემდეგ. გენუური კლუბი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ კადრები იდეალურად შეივსო. თუმცა, „ჯენოამ“ მხოლოდ ხუთი მილიონი ევრო დახარჯა, როდესაც „ტოტენჰემისგან“ შეიძინა ესპანელი შემტევი ნახევარმცველი იაგო ფალკე. იჯარით აიყვანა ფაკუნდო რონკალია, ედენილსონი, მაურისიო პინილია, ალესანდრო მატრი, უფასოდ დაიმატა: იცო, ტინო კოსტა, ტომას რინკონი, ლეანდრო გრეკო, დიეგო პეროტი. მთავარი მწვრთნელი კი უცვლელი იყო, ჯან პიერო გასპერინის სრული ნდობა გამოუცხადეს. გასპერინი ძირითადად ორ ტაქტიკას ხმარობდა: 5-2-3 და 4-3-3, სეზონის სტარტზე დიდებულად ათამაშდა ალესანდრო მატრი, რომელსაც ბევრი გოლი გაჰქონდა და საგოლე პასებსაც არიგებდა, მატრის როლი „ჯენოას“ კარგ სტარტში ყველაზე დიდი იყო არგენტინელ დიეგო პეროტისთან ერთად. აგრეთვე საოცარი პროგრესი თავიდანვე დაეტყო ანდრეა ბერტოლაჩის, ედენილსონი და რონკალია კი ბრწყინვალედ მეორგნენ ახალ გუნდს, თავიდანვე დაიმკვიდრეს ადგილი ძირითადში. პირველ 14 ტურში, გენუელებმა მხოლოდ ორი თამაში წააგეს და 26 ქულა მოაგროვეს. ზამთარში „ჯენოამ“ მოუკლო და ზედიზედ შვიდი მატჩი ვერ მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში. ზამთარი კი ძალიან რთული გამოდგა, რადგან გუნდმა დაკარგა მატრი, რომელიც „იუვენტუსმა“ დაიბრუნი, აგრეთვე იჯარით წავიდა პინილია და გუნდში თავდამსხმელი აღარ დარჩა. გარკვეული პერიოდი ამ პოზიციაზე ბერძენმა ფეტფაციდისმა ითამაშა და არც ისე ცუდად. შემდეგ კი, „ჯენოამ“ „მილანიდან“ ნიანგი აიყვანა იჯარით, დაიმატა მარკო ბორიელო და ასევე იჯარით აიყვანა ლეანდრო პავოლეტი. გარდა ამისა, „ჯენოამ“ მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ზაკარია ბერგდიხი და აგოსტინი დაიმატა, რადგან ანტონინი დაისაჯა. მ’ბაიე ნიანგი ბრწყინვალედ მოერგო გენუურ კლუბს, საწყის ოთხ თამაშში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, თავდასხმაში ფალკე-ნიანგი-პეროტის ჩინებული სამეული შეიკრა, ესპანელი კი თანდათან აუმჯობესებდა თამაშს. უკნიდან ტრიოს დიდებული გადაცემებით ამარაგებდა ბერტოლაჩი და სიტუაცია სტაბილური იყო. ახალგაზრდა ფრანგი სამწუხაროდ ამოვარდა ფორმიდან, რის გამოც გასპერინიმ ჯერ ბორიელოს მისცა შანსი, შემდეგ კი პავოლეტის, რომელმაც გაამართლა. ახალგაზრდა იტალიელმა თავდამსხმელმა ამოაგდო ნიანგი და დაიწყო გოლების გატანა, მაგრამ მთავარი მოთამაშე მაინც ბერტოლაჩი იყო, შეტევაში კი იაგო ფალკემ დაიწყო გაბრწყინება. ესპანელი კარგი ტექნიკის, დრიბლინგისა და დარტყმის წყალობით კარგად ეხმარებოდა გუნდს, „ჯენოამ“ ბოლო ათ ტურში შვიდი გამარჯვება მოიპოვა და ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა, რის შედეგადაც გავიდა ევროპის ლიგაზე, მაგრამ ვერ მოიპოვა უეფა-ს ლიცენზია, რის გამოც ვერ იასპარეზებს ევროტურნირებზე. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გასპერინი და მისი კოლექტივი ბრძოლას გააგრძელებს, თანაც გუნდს ჩინებულ ფორმაში მყოფი პინილია დაუბრუნდა, რომელმაც უნდა შეცვალოს პავოლეტი. მთავარია, „ჯენოამ“ ლიდერები: ბერტოლაჩი, პეროტი და ფალკე შეინარჩუნოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გამოცდილმა დე მაიომ და ბურდისომაც, აგრეთვე კუჩკა უნდა გამოვყოთ, რომელმაც საოცარი პროგრესი განიცადა და რინკონი, კოლუმბიელმა ღირსეულად იასპარეზა. ვნახოთ როგორი გუნდი ეყოლება მომდევნო სეზონში „ჯენოას“, წესით უფრო ძლიერი, რადგან მატია პერინმა კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი ფაქტორიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, 22 წლის მატია უკვე ეროვნული ნაკრების წევრია და საოცარი პოტენციალი გააჩნია.


ვრჩებით გენუაში, რადგან კიდევ ერთი სასწაული „სამპდორიამ“ ჩაიდინა, რომელიც გასულ სეზონში მე-12 ადგილზე გავიდა, მაგრამ სინიშა მიჰაილოვიჩს მისცეს შანსი. სერბმა სპეციალისტმა კი ჩინებული გუნდი შეკრა, უბრალოდ ჩააგდო ბოლო ნაწილი სეზონისა. ზაფხულში გუნდი დატოვა ჩინებულმა ბრაზილიელმა გოლკიპერმა ანჯელო და კოსტამ, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სერხიო რომეროთი და ვივიანოთი შეიცვალა. აგრეთვე, გუნდმა დაკარგა დაცვის ლიდერი შკოდრან მუსტაფი, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი გასტალდელო, აგრეთვე ვეტერანი მარესკა წავიდა და პოცი. დაცვის ხაზი, გენუელებმა გააძლიერეს დაცვა დაიმატეს მესბა, კამპანია, რომანიოლი, კაჩატორე და მუნიოსი. აგრეთვე სამი ახალგაზრდა საყრდენი: აქვა, დანკანი, რიცო. თავდასხმის ხაზი უცვლელი დარჩა, რადგან გაბიადინი-ოკაკა-ედერის ტრიოს დამატება არ სჭირდებოდა. სეზონის სტარტზე, „სამპდორიამ“ პირველი რვა თამაში წაუგებლად ითამაშა. დიდებული იყო გაბადინი, რომელმაც არაერთი გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ძალიან კარგად მოქმედებდა. პირველი მარცხი „სამპდორიამ“ „ინტერთან“ განიცადა სტუმრად, რის შემდეგაც კიდევ შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო. მიჰაილოვიჩის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე განაცადა პრეტანზია, თანაც სრულიად დამსახურებულად. დაცვის ხაზი კარგად შეიკრა, იდეალურად მოერგო ლუიჯი ფერარის ახალგაზრდა რომანიოლი, ცენტრში კი ობიანგი-პალომბო-სორიანოს ტრიო მოქმედებდა უზადოდ, შეტევაში კიდევ ერთი ტრიო ბრწყინავდა გაბიადინის მეთაურობით, შემდეგ ედერიც შესანიშნავად ათამაშდა და იტალიის ნაკრებშიც გამოიძახეს. ზამთარში, „სამპდორიამ“ ლიდერი და ბომბარდირი მანოლო გაბიადინი დაკარგა, რომელმაც „ნაპოლის“ მიაშურა. მის შესაცვლელად, გენუელებმა ლუის მურიელი შეიძინეს „უდინეზედან“ და გამოცდილი სამუელ ე’ტოოც დაიმატეს. კოლუმბიელს თავიდან ტრავმა ჰქონდა, ამიტომ მიჰაილოვიჩმა ზოგჯერ ოთხი ნახევარმცველით ითამაშა. 2015 წლის სტარტზე, „სამპდორიამ“ ზედიზედ რამდენიმე თამაში ვერ მოიგო, მაგრამ მურიელი როდესაც დაბრუნდა და ათამაშდა, გენუელებმა ოთხი თამაში მოიგეს, აქედან ორი „რომას“ და „ინტერის“ წინააღმდეგ. მურიელის გარდა კარგად წარმოაჩინა თავი ვეტერანმა კამერუნელმა, მაგრამ ყველაზე გამორჩუელი სტეფანო ოკაკა ჩუკა იყო. ბოლო ათ ტურში კი, „სამპდორიამ“ ლუიჯი ფერარიზე დაუმარცხებელი სერიაც შეწყვიტა და მხოლოდ ერთი თამაში მოიგო. ამის გამო, გენუელები დაქვეითდნენ მეშვიდე პოზიციამდე, მაგრამ მაინც ითამაშებენ ევროპის ლიგაზე. მიჰაილოვიჩმა საკუთარი ამოცანა შეასრულა და დატოვა გუნდი, მისი შემცვლელის პოვნა არ იქნება მარტივი, მაგრამ გუნდი ძალიან კარგია. ჩინებულად წარმოაჩინა თავი ახალგაზრდა, ესპანელმა საყრდენმა, პედრო ობიანგმა, რომელიც პალომბოსთან ერთად გუნდის ხერხემალი იყო, ასევე რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა დანკანმა და ლუკა რიცომ. დაცვის ხაზში, რომანიოლის გარდა უნდა გამოვყოთ დე სილვესტრე. შეტევასი კი ოკაკა, ედერი ძალიან კარგები იყვნენ აგრეთვე მურიელიც ათამაშდა, მაგრამ სტაბილურობა აკლიათ, თუ ისინი ერთ დონეზე ჩაატარებენ მთლიან სეზონს, მაშინ გენუური კლუბი სერიოზულ მიზნებს დაისახავს, მაგრამ ვნახოთ, ზაფხულშიც ბევრი საინტერესო რამ უნდა მოხდეს „სამპდორიას“ ირგვლივ.


სეზონის იმედგაცრუება
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კვლავ გაუცრუა იმედები ფეხბურთის მოყვარულს მილანის „ინტერმა“, რომელიც სერიოზული პროგრესისთვის ეზმადებოდა. ერიკ ტოჰირის მოსვლის შემდეგ, „ნერაძურის“ ქომაგებს წარმატების იმედი ჰქონდათ, მაგრამ სიტუაცია არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. ზაფხულში, კარიერა დაასრულა ლეგენდარულმა ხავიერ ძანეტიმ, გუნდი დატოვა კიდევ ორმა ვეტერანმა არგენტინელმა: ვალტერ სამუელმა და დიეგო მილიტომ. გარდა ამისა, წავიდა როლანდო, კამბიასო, ტაიდერი და რიკი ალვარესი კი კლუბმა გაანათხოვრა. სამაგიეროდ, უფასოდ მოვიდა გამოცდილი სერბი ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი. აგრეთვე, „ინტერმა“ შეიძინა უნივერსალური და ძალიან მშრომელი გარი მედელი, იჯარით აიყვანა დოდო, იან მ’ვილა, პაბლო ოსვალდო. ვალტერ მაცარის გუნდმა ჩინებულად დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი და პირველ ოთხ ტურში რვა ქულა მოიპოვა, თანაც გაიტანა ათი გოლი. ამის შემდეგ კი, „ნერაძურიმ“ მოულოდნელად წააგო შინ 1:4 „კალიარისთან“, რასაც კიდევ ერთი განადგურება მოჰყვა „ფიორენტინას“ წინააღმდეგ. ორი საშინელი მარცხის შემდეგ, „ინტერი“ მოეგო გონს, „ნაპოლის“ აართვა ქულები, დაამარცხა დაუმარცხებელი „სამპდორია“, მაგრამ ამას „პარმასთან“ სენსაციური მარცხი და „ვერონასთან“ განიავებული ქულები მოჰყვა. ამას, სამწუხაროდ, შეეწირა ვალტერ მაცარი. საკმაოდ ჭკვიანმა და გამოცდილმა სპეციალისტმა, ვერაფრით მოარგო მილანურ გრანდს ხუთ მცველიანი ტაქტიკა, არადა სულითა და გულით უნდოდა ძლიერი კოლექტივის შეკვრა, ის საკმაოდ ემოციური ადამიანია და მარტივი დასანახი იყო თუ როგრო განიცდიდა „ინტერის“ წარუმატებლობას. დიდებულად დაიწყო სეზონი გუნდის კაპიტანმა ანდრეა რანოკიამ, კარგად ათამაშდა დოდო, ჩინებული იყო ფრედი გუარინი და ალბათ საუკეთესო მაურო იკარდი, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გოლები გაჰქონდა. თუმცა, „ინტერს“ აკლდა სტაბილურობა და შეთამაშება. მაცარის წასვლამ ბევრს დაწყვიტა გული, ცნობილია რომ არაერთმა მოთამაშემ იტირა კიდეც, მაგრამ საქმე უნდა გაგრძელებულიყო, თანაც სან სიროზე რობერტო მანჩინი დაბრუნდა, „ინტერისთვის“ ძალიან ფასეული და წარმატებული იტალიელი სპეციალისტი. მისი პირველი თამაში გამოდგა პრინციპული დერბი, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. მანჩინიმ ეგრევე შეცვალა ტაქტიკა და ოთხი მცველით სხვადასხვა ვარიანტებს იყენებდა. დერბის შემდეგ, „რომასთან“ წააგო გუნდმა 2:4 და შინ „უდინეზესთან“ – 1:2, მანჩინი რათქმაუნდა არ არის ჯადოქარი. თუმცა, „ნერაძურიმ“ საგრძნობლად მოუმატა და ხუთმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო, თანაც „იუვენტუსს“ და „ლაციოს“ საკმაოდ ღირსეულად ებრძოლა. მანჩინის მოსვლის შემდეგ, ჩინებულად ათამაშდა მატეო კოვაჩიჩი, ხორვატს დიდებულ პარტნიორობას უწევდა გუარინი, ერნანეში კი ეტაპობრივად გამოანათებდა ხოლმე. იანვრის ბოლოს „ინტერი“ გაძლიერდა, მანჩინის მოთხოვნით და საკარო პრობლემების გამო, კლუბმა დაიბრუნა დავიდე სანტონი, აგრეთვე იჯარით აიყვანა ლუკაშ პოდოლსკი და მიუნხენის „ბაიერნიდან“ შეიძინა ახალგაზრდა, ტექნიკური შემტევი ნახევარმცველი - ხერდან შაქირი. ახალი წლის სტარტი არ იყო წარმატებული, მაგრამ „ინტერმა“ ზედიზედ სამი თამაში მოიგო ჩინებულ სტილში, ცხრა გატანილი გოლით. ამ პერიოდში ათამაშდა შვეიცარიელი მოთამაშე, რომელსაც მანჩინი ფლეიმეიქერის როლს ათვისებინებდა, მაგრამ ყველაზე გამორჩეულნი, მაინც გუარინი და იკარდი იყვნენ. გუნდს სანტონის დაბრუნებაც მოუხდა, რომელიც ძალიან კარგად ათამაშდა, მაგრამ უდროო დროს მიიღო ტრავმა ერნანეშმა, კოვაჩიჩიც ამოვარდა ფორმიდან და „ინტერის“ საქმეები ცოტათი გაფუჭდა. თუმცა, ის ფაქტი, რომ მანჩინის გუნდმა ბოლო ათი თამაშიდან მხოლოდ ორი წააგო და აქედან ერთი „იუვენტუსთან“, ბევრ რამეზე მეტყველებს. „ნერაძურიმ“ არაერთი მშვენიერი თამაში ჩაატარა, მოუგო „რომას“, „ლაციოს“ და ბოლო ტურში ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზა, როდესაც „ემპოლის“ 4:3 მოუგო. სიმბოლურია, რომ ბოლო ტურში იკარდიმ პოკერი გაიფორმა და ლუკა ტონისთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იკარდისთან ერთად, სამირ ჰანდანოვიჩი და ფრედი გუარინი უნდა გამოვყოთ, ამ სამმა ფეხბურთელმა მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. აღსანიშნავია მეორე წრეში ერნანეშის პროდუქტიულობა, ახალგაზრდა ბროზოვიჩის რამდენიმე წარმატებული თამაში და რათქმაუნდა შაქირის ფაქტორი, რომელიც „ინტერს“ აუცილებლად გამოადგება, ადაპტაცია შვეიცარიელმა უკვე გაიარა. პოდოლსკი ალბათ წავა, მაგრამ ახლა მთავარია, რომ იკარდი დარჩეს სან სიროზე და მანჩინი დაიწყებს დიდ ცვლილებებს. აუცილებლად გასაძლიერებელია დაცვის ხაზი, ცენტრში პრობლემები ყველაზე ნაკლებად არის, რადგან გუარინი, ერნანეში, საკმაოდ მებრძოლი მედელი, რომელიც ასევე წარმატებულად მოერგო სერია ა-ს, ახალგაზრდები კოვაჩიჩის, კუზმანოვიჩის, ბროზოვიჩის სახით. „ინტერს“ შეტევის გაძლიერებაც სჭირდება, რადგან იკარდის ალბათ მაინც პალასიოზე უკეთესი კონკურენტი სჭირდება და ვნახოთ რას იზამენ მილანელები. რესურსი არის, უბრალოდ გამოყენებაა აუცილებელი, „ინტერმა“ გამოაჩინა პოტენციალი, რითიც შესაძლოა ახალი ეპოქა დაიწყოს, რომლის შედეგადაც მანჩინი „ნერაძურის“ შესაფერის პოზიციებზე დააბრუნებს.


ისევ მილანური გრანდი და ისევ წარუმატებლობა. ჩემპიონთა ლიგის ფინალს ჯუზეპე მეაცა უმასპინძლებს, მაგრამ ვერცერთი ადგილობრივი კლუბი ვერ მიიღებს მონაწილეობას ტურნირზე. ეს ძალიან დასანანია და საკმაოდ უჩვეულო თანამედროვე ფეხბურთი მაყურებლისთვის. თუ „ინტერმა“ მეორე წრეში მოუმატა, „მილანმა“ პირიქით, იმედიანად დაიწყო და ბოლოსკენ ძალიან მოუკლო. თუმცა, კითხვები ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც მოულოდნელად გაანთავისუფლეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფი. ზეედორფმა კარგად აათამაშა გუნდი, შედეგიც დადო, მაგრამ ხელმძღვანელობამ აქცენტი ფილიპო ინძაგიზე გააკეთა. ზაფხულში, გუნდი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყვნენ: ამელია, კონსტანტი, ემანუელსონი, ტაარაბტი, კაკა და მარიო ბალოტელი, იტალიელი „ლივერპულში“ გადავიდა. სამაგიეროდ, გუნდმა დაიმატა ორი გოლკიპერი: აგაცი და რაც მთავარია დიეგო ლოპესი. მოვიდა გამოცდილი ბრაზიელი მცველი ალექსი, პაბლო არმერო და აგრეთვე „მილანმა“ ადილ რამი გამოისყიდა. აგრეთვე, მოვიდნენ ვან გინკელი, ბონავენტურა და ჟერემი მენეზი. ბალოტელის შემცვლელად სწორედ ფრანგი უნივერსალი მოიზარებოდა, თანაც გუნდს უკვე ჰყავდა ელ შაარავი, პაცინი, ნიანგი. სეზონის დასაწყისი მშვენიერი გამოდგა, „მილანმა“ შინ 3:1 მოუგო „ლაციოს“, ამის შემდეგ კი 5:4 დაამარცხა „პარმამ“. მენეზმა ორივე თამაში ცხრიანზე ითამაშა და სამი გოლი გაიტანა, საიდანაც ერთ-ერთი „პარმას“ კარში ნამდვილი შედევრი გამოდგა. ამას მოჰყვა „იუვენტუსთან“ ღირსეული მარცხი და ფერნანდო ტორესის ტრანსფერი „ჩელსიდან“, ესპანელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, რადგან გოლით აღნიშნა. „როსონერიმ“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო, უბრალოდ აქედან მხოლოდ ორი მოიგო, ეგეც კეისუკე ჰონდას ბრწყინვალე თამაშით. ტორესის მოსვლის შემდეგ, მენეზი ფლანგზე გადავიდა, საიდანაც ნაკლებად პროდუქტიული იყო, მაგრამ იაპონელი ათამაშდა შესანიშნავად. ინძაგის გუნდმა ვერაფრით მოახერხა სტაბილურად მოგებების მოპოვება და ხშირად კარგავდ ქულებს, მაგრამ პირველი წრის შემდეგ, „მილანის“ ქომაგები იმედიანად იყვნენ, რადგან პროგრესი აშკარა იყო. თუმცა, 2015 წელის „მილანისთვის“ საშინლად დაიწყო, რადგან ფაქტიურად მთელი დაცვის ხაზი დაიმტვრა, ადილ რამის თამადობით, რომელიც დიდებულ ფორმაში იყო. მალევე მიიღო დაზიანება ალექსმა, დე შილიოც დაიმტვრა, აბატეც და ინძაგი დარჩა ხელცარიელი. საბედნიეროდ, ზამთარი იყო, მაგრამ „მილანმა“ მხოლოდ საშუალო დონის მცველები დაიმატა სავლატორე ბოკეტის, გაბრიელ პალეტას და ლუკა ანტონელის სახით. გარდა ამისა, „მილანმა“ გაუშვა არაფრისმაქნისი ტორესი „ატლეტიკოში“ და სამაგიეროდ ალესიო ჩერჩი მიიღო. აგრეთვე, „როსონერიმ“ დაიმატა სუსო და იჯარით აიყვანა მატია დესტრო. მიუხედავად ახალი სახეებისა, ახალი იმედებისა, რომ ჩერჩი და დესტრო გადაარჩენენ „მილანს“, არაფერი გამოვიდა, მხოლოდ მენეზი და მისი ინდივიდუალიზმი ახერხებდა გუნდისთვის წარმატების მოტანას. ჩერჩიმ ვერაფერი გააკეთა, დესტრომ ერთადერთი „რომასთან“ ჩაატარა კარგი თამაში და რათქმაუნდა ეს საკმარისი არ იყო. მეორე წრე კატასტროფული იქნებოდა რომ არა ბოლო ერთი თვე, როდესაც ინძაგის გუნდმა ცხრა ქულა მოიპოვა და მოიგო ბოლო ორი მატჩი. გაზაფხულზე დიდებული ფორმა აკრიფა ჯაკომო ბონავენტურამ, ბოლო ტურებში კი ელ შაარავიმ და პაცინიმ მიითავლეს დუბლები. თუმცა, ეს მხოლოდ კონკრეტული თამაშები იყო, საბოლოო ჯამში, „მილანის“ რიგებში მხოლოდ მენეზი იყო სტაბილური, ეგეც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდა საჭირო მომენტების გამოყენებას. ინძაგიმ ვერ გაამართლა, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან არ გაუმართლა, „მილანმა“ მთელი დაცვის ხაზი დაკარგა ტრავმის გამო, რაც სერიოზული პრობლემაა ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა, ბონავენტურას კარგი ფორმით სეზონის დასრულება, მენეზი, ელ შაარავის საბოლოოდ გამოჯანმრთელება რაღაც იმედებს ტოვებს, „როსონერის“ აქვს იმის შანსი, რომ მომდევნო სეზონი გაცილებით უკეთ ჩაატაროს, მაგრამ ამისათვის საჭიროა ბევრი მუშაობა და სტაბილურობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც გაგვიცრუა იმედები, საკმაოდ სიმპათიური „უდინეზეა“, რომელმაც ზაფხულში სერიოზული დანაკლისი განიცადა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 59 წლის სპეციალისტი ფრანჩესკო გვიდოლინი დაწინაურდა და კლუბის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, მთავარი მწვრთნელის პოსტი კი ახალგაზრდა ანდრეა სტრამაჩიონიმ დაიკავა. გარდა ამისა, გუნდი დატოვა მარჯვენა მცველმა დუშან ბასტამ და ნახევარმცველმა რობერტო ფერეირამ, ორივე მათგანი „უდინეზეს“ წამყვანი მოთამაშე იყო. ფლანგის გასაძლიერებლად, უდინელებმა დაიბრუნეს გამოცდილი პასკუალე და დაიმატეს ივან პირისი. აგრეთვე, „უდინეზემ“ ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ვაგი შეიძინა, რომელმაც სეზონის ბოლოს წარმოაჩინა თავი. ნახევარდაცვის ხაზში, გუნდს ბრაზილიელი გილერმე, ბერძენი პანაგიოტის კონე და ახალაგაზრდა მარკელ ჰალბერგი შეემატა. გარდა ამისა, ფრიულიზე ორი გამოცდილი თავდამსხმელი მივიდა: 33 წლის ესპანელი გეიხო და 32 წლის ფრანგი ჩირლ ტერო. სტრამაჩიონიმ ბრწყინვალედ დაიწყო და პირველი ოთხი თამაშიდან სამი მოიგო. ტოტო დი ნატალემ დაამტკიცა, რომ საფუძვლიანად შეცვალა გადაწყვეტილება და დარჩა ფეხბურთში, ვეტერანმა იტალიელმა ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა. კარგი სტარტის შემდეგ კი, უდინელებმა ნელ-ნელა უკლეს და პირველი წრის ბოლოს, 11 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. აღსანიშნავია, რომ გუნდს კარგად მოერგო 24 წლის ბრაზილიელი საყრდენი გილერმე, რომელიც კონესთან და ალანთან კარგად შეთამაშდა. თუმცა, სტრამაჩიონის ჩამოუყალიბებელი სტრატეგიის გამო, კონეს ხშირად გამთამაშებლის პოზიციაზეც უწევდა თამაში. „უდინეზეს“ მთავარი პრობლემა კი თავდასხმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ დი ნატალე თავის საქმეს აკეთებდა, მას ღირსეული პარტნიორი სჭირდებოდა, გეიხომ ვერ გაამართლა, ტერო კი არასტაბილურობით გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ, გუნდმა ზამთარში ორი ახალგაზრდა თავდამსხმელი დაიმატა: პერიცა ა აგირე, მაგრამ მათ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ. 2015 წლის დასაწყისი ნორმალური გამოდგა „უდინეზესთვის“, რადგან გუნდმა დაიწყო ქულების მოგროვება სტაბილურად, იყო ოთხმატჩიანი დაუმარცხებელი სერიაც, მაგრამ ბოლოს სიტუაცია აირია და ბოლო ექვს ტურში „უდინეზემ“ მხოლოდ სამი ქულა მოიპოვა. სტრამაჩიონიმ ყოფილ გუნდს მოუგო სან სიროზე, დანარჩენი კი ყველაფერი წააგო. „უდინეზემ“ ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა, რაც უდავოდ იმედგაცრუებაა. ჩინებული სეზონი ჰქონდა ბერძენ გოლკიპერ კარნეზისს, ძალიან კარგი იყო ვეტერანი დანილო, რომელმაც დაცვას კვლავ ღირსეულად ულიდერა, მშვენივრად წარმოაჩინა თავი შვეიცარიელმა ვიდმერმა, რომელმაც მთელი სეზონი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გაატარა და ბასტა ღირსეულად შეცვალა. ცენტრშიც, ალანი-გილერმე-კონეს ტრიო არ იყო ცუდი, მაგრამ ყველაფერი განაპირობა იმან, რომ სტრამაჩიონი ვერ ჩამოყალიბდა რა ტაქტიკით ეთამაშა და როგორ. გარდა ამისა, იყო შეტევების დაგვირგვინების პრობლემა, დი ნატალემ 14 გოლი გაიტანა, ტერომ 10, ეს ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ არც კარგია. შესაძლოა, ამ გუნდისგან არავინ ელოდა სასწაულებს, მაგრამ ასეთი სუსტი გამოსვლა და ამდენი მარცხი მოულოდნელი იყო, თანაც იმის ფონზე, რომ შემადგენლობა საკმაოდ კონკურენტუნარიანია. საკუთარ მოედანზე რვა მარცხი, „უდინეზესთვის“ ნამდვილი უჩვეულოა, ამიტომ გუნდი დატოვა სტრამაჩიონიმ და მისი ადგილი უფრო გამოცდილმა კოლანტუონომ დაიკავა. ვნახოთ სტეფანო როგორ გუნდს ჩამოაყალიბებს.


კიდევ ერთი იმედგაცრუება „კალიარიმ“ შემოგვთავაზა, რომლისგანაც ასე უშანსოდ გავარდნას არავინ მოელოდა. ზაფხულში, გუნდი ლეგენდარულმა ჩეხმა სპეციალისტმა, ზდენეკ ზემანმა ჩაიბარა და სიცილიური კლუბის ქომაგები დიდი იმედებით იყვნენ. ზაფხულში, გუნდი სამმა ძირითადის გოლკიპერმა დატოვა: აგაციმ, ავრამოვმა და ადანმა. სამაგიეროდ, გუნდმა გამოცდილი ხერბი ზეიკო ბრკიჩი დაიმატა. ყველაზე დიდი დანაკლისი დავიდე ასტორის წასვლა იყო, იტალიელმა „რომას“ მიაშურა და გუნდი სერიოზულად დაასუსტა. მის შესაცვლელად, „კალიარიმ“ კეპიტელი და კაპუანო დაიმატა, აგრეთვე განაპირა მცველი ანტონიო ბალცანოც შეიძინა. ნახევარდაცვა ჟოაო პედრომ, კრისეტიგმა და დონსამ შეავსეს, შეტევაში კი სამუელ ლონგო, დიეგო ფარიასი მოვიდნენ. ზემანმა განიძრახა შეტევაზე აქცენტირებული გუნდის შექმნა და რათქმაუნდა 4-3-3 ტაქტიკა აირჩია, წინ იბარბო-საუ-ფარიასის ტრიოთი. სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, „კალიარიმ“ „ინტერი“ გაანადგურა სან სიროზე 4:1 ალბინ ეკდალის ჰეთრიქით და ყველამ ჩათვალა, რომ აი ზემანმა დაიწყო ბრწყინვალე გუნდის შექმნა. ამის შემდეგ, „ემპოლის“ განადგურებაც იყო 4:0, მაგრამ ეს იყო და ეს, ამის შემდეგ ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, „კალიარიმ“ ზედიზედ რვა თამაში ვერ მოიგო და ზემანი გაანთავისუფლეს. მისი ადგილი ჯანფრანო ძოლამ დაიკავა, რომლის დებიუტიც კრახით დასრულდა - 0:5 „პალერმოსგან“. ძოლამ ტაქტიკა შეცვალა და ეცადა, რომ დაცვაში თამაში გამოესწორებინა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა სამ ტურში შვიდი ქულა მოიპოვა და მოუსინთქა. ზამთარში „კალიარი“ იბარბომ დატოვა, რომლის შესაცვლელად მ’პოკუ და ჩოპი მოვიდნენ და თავიდან ამ უკანასკნელმა კარგად შეუდგა საქმეს, ისევე, როგორც ძოლა. თუმცა, ექვს ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულა და ძოლაც დაითხოვეს. „კალიარის“ გადასარჩენად კვლავ ზემანი მოვიდა, მაგრამ ძალიან გვიანი იყო. მან რა აღარ სცადა, ტრავმების გამო შანსი მისცა ზამთარში გადაბირებულ ახალგაზრდა მ’პოკუს, აათამაშა დიეგო ფარიასი, ჩოპიც კარგად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, „კალიარიმ“ მხოლოდ მაშინ დაიწყო თამაში, როდესაც ძალიან გვიანი იყო. ჩეხი სპეციალისტი მალევე გაუშვეს, მან ხუთიდან ოთხი თამაში წააგო და ასისტენტი ჯანლუკა ფესტათი შეიცვალა. ბოლო შვიდ ტურში, სარდინიელებმა 13 ქულა მოიპოვეს, დაამარცხეს სტუმრად „ფიორენტინაც“ და ბრწყინვალედ დაასრულეს ჩემპიონატი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ფესტას კოლექტივი სამი ქულით ჩამორჩა „ატალანტას“ და დაემშვიდობა სერია ა-ს. ეს, პირველ რიგში, დაცვაში კატასტროფულმა თამაშმა განაპირობა, „კალიარიმ“ 68 გოლი გაუშვა, „პარმას“ და „ჩეზენა“ შემდეგ ყველაზე მეტი. სამწუხაროა, რომ ამ გუნდის რიგებში ისეთი კარგი მოთამაშეები ირიცხებიან, როგორებიც დანილო აველარი, ეკდალი, კაპიტანი კონტი, ჟოაო პედრო, ფარიასი, ჩოპი და კოსუ არიან. ახლა, „კალიარის“ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს და ვნახოთ ვინ დარჩება გუნდში, დიდი ალბათობით სარდინიელებს ახალი ბირთვი ეყოლებათ და საინტერესოა რამდენი ხანი გაჩერდებიან სერია ბ-ში.


სეზონის მახარობლები
ახლა კი შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ იტალიაში არაერთი გუნდი თამაშბს შემტევ, ლაღ და გახსნილ ფეხბურთს. ერთ-ერთი მათგანი ელიტაში დაბრუნებული სიცილიური კლუბია, რომელსაც საკმაოდ ამბიციური და პოპულარული პრეზიდენტი ჰყავს მაურისიო ძამპარინის სახით. „პალერმომ“ დიდებული სეზონი ჩაატარა სერია ბ-ში და რეკორდული რაოდენობის ქულები დააგროვა, ჯუზეპე იაკინიმ გრანდიოზულად დააბრუნა „არწივები“ სერია ა-ში. თუმცა, ზაფხულში გუნდი დატოვა ორმა საუკეთესო ბომბარდირმა: აბელ ერნანდესმა და კევინ ლაფერტიმ, ურუგვაელი თავდამსხმელის წასვლა განსაკუთრებით რთული გადასატანი იყო, რადგან აბელ ერნანდესი ძალიან დიდ როლს ასრულებდა „პალერმოს“ თამაშში. თუმცა, გუნდში საკმაოდ ნიჭიერი არგენტინელი პაოლო დიბალა და ბელოტი იყნენ, ამიტომ სიცილიელებს ბევრი არ უწვალიათ. მათ, გააძლიერეს დაცვის ხაზი და დაიმატეს კოსტა რიკელი ჯანკარლო გონსალესი, რომელმაც მუნდიალზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. გარდა ამისა, „პალერმომ“ გამოცდილი ბამბა დაიმატა. „არწივებმა“ ნახევარდაცვის ხაზიც გააძლიერეს, რადგან რამდენიმე საყრდენი წავიდა, სამაგიეროდ მოვიდნენ: ჩოჩევი, ქაისონი და რაც მთავარია ლუკა რიგონი, საკმაოდ გამოცდილი და კარგი საყრდენი ნახევარმცველი. „პალერმომ“ საშინლად დაიწყო და საწყის ექვს ტურში ორად ორი ქულა მოიპოვა. თუმცა, სამი საინტერესო ფაქტია აღსანიშნავი: ყველა გატანილ გოლში დიბალამ და ფრანკო ვასკესმა მიიღეს მონაწილეობა; ექვსი მატჩიდან ოთხში მეტოქე „სამპდორია“, „ინტერი“, „ნაპოლი“ და „ლაციო“ იყვნენ; პირველი გამარჯვება კი, „არწივებმა“ შინ მოიპოვეს „ჩეზენასთან“, როდესაც ახალწვეული ჯანკარლო გონსალესი გამოჯანმრთელდა და პირველი მატჩი ჩაატარა სერია ა-ში. გადამწყვეტი გოლი სწორედ 27 წლის კოსტა რიკელმა შეაგდო ბოლო წუთებზე დიბალას პასით. ამას მოჰყვა ღირსეული მარცხი „იუვენტუსთან“ და „არწივებმა“ ფრენა დაიწყეს, ჯუზეპე იაკინის გუნდმა ცხრამატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო, რომლის დროსაც 19 გოლი გაიტანა. ფანტასტიკური თამაში აჩვენა ვასკესი-დიბალას დუეტმა, იტალიელს ჩინებული ხედვა და პასი აქვს, აგრეთვე ბომბარდირული თვისებებიც, არგენტინელი კი ნამდვილი თავდამსხმელია, საკმაოდ ტექნიკური და გონიერი, რომელსაც თავადაც შეუძლია მომენტის შექმნა პარტნიორებისთვის, ფრანკო და პაოლო ერთმანეთს იდეალურად ერგებოდნენ და ავსებდნენ. გარდა ამისა, ცენტრში ბარეტო-რიგონის დუეტი ბრწყინვალედ ამოქმედდა, დაცვის ლიდერად კი გონსალესი იქცა, რადგან იაკინი სწორედ იმ ტაქტიკით თამაშობდა, რითიც კოსტა რიკის ეროვნული ნაკრები მუნდიალზე. ეს სერია ფლორენციაში შეწყდა, როდესაც „პალერმომ“ 3:4 წააგო ზღაპრულ შეხვედრაში „ფიორენტინასთან“, ეს იყო სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, მანამდე კი „არწივებმა“ 5:0 გადაუფრინეს „კალიარის“. დიბალა-ვასკესის დუეტმა მეტოქეების რბევა ზამთრის პაუზის შემდეგაც გააგრძელა, „პალერმომ“ „რომას“ აართვა ქულები და „ნაპოლის“ უბრალოდ უშანსოდ მოუგო. იაკინის გუნდმა სერიოზული განაცხადი გააკეთა ევროტურნირებისთვის და ყველა აღფრთოვანებული იყო „არწივების“ თამაშით. თუმცა, როგორც წესი, ასეთ დროს ფსიქოლოგია ერთვება საქმეში და „პალერმომ“ ვერ მოახერხა კონცენტრაციის შენარჩუნება. „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ, „პალერმომ“ 1:2 წააგო „ლაციოსთან“ და დაიწყო კატასტროფული სერია, როდესაც ამ გუნდმა ოთხ შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი. მიუხედავად ამისა, „არწივებს“ არ უღალატიათ საკუთარი სტილისთვის, უბრალოდ დიბალამ და ვასკესმა არაერთი მომენტი გააფუჭეს. იაკინიმ ნელ-ნელა დაიწყო ახალგაზრდებისთვის შანსების მიცემა, პირველი, ვინც ჩინებულად წარმოაჩინა თავი შვედი ქაისონი იყო, აგრეთვე ჩოჩევი, ჯაიალო და ბელოტი უნდა გამოვყოთ, მათ კარგად იასპარეზეს. ბოლო ნაწილი „პალერმომ“ ნორმალურად ჩაატარა, მოიგო რამდენიმე მატჩი და ბოლო ტურში, სტადიო ოლიმპიკოზე იმარჯვა. ერთი თვე დიბალას გარეშე იმოქმედეს „არწივებმა“, რადგან ძამპარინი თავს იზღვევდა ტრავმისგან და სიმბოლურია, რომ სერია ა-ში სეზონის ბოლო გოლი, ბოლო წამებზე, 21 წლს ანდრეა ბელოტიმ შეაგდო. ანდრეა ძალიან ჰგავს „იუვენტუსში“ წასულ დიბალას და ვნახოთ, წესით სწორედ მან უნდა შეცვალოს არგენტინელი. იაკინი რათქმაუნდა დარჩა გუნდში და „პალერმომ“ ჩინებული კამპანია აწარმოა და რამდენიმე დაუვიწყარი თამაში ჩაატარა, მათ შორის „ფიორენტინას“ და „ნაპოლის“ წინააღმდეგ. ფრანკო ვასკესი იმედია დარჩება, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, გუნდის გამთამაშებელი და სხვა მხრივ პრობლემები არ არის. ჯანკარლო გონსალესის, ბარეტოს, რიგონის და დიდებული დუეტის გარდა, გამოსარჩევია სინიშა ანჯელკოვიჩი, 29 წლის ჩინებული ცენტრალური მცველი და მარცხენა მცველი ლაზაარი, რომელიც საკმაოდ სწრაფია და შეტევაში ნაყოფიერი. ფრანჩესკო ბოლცონის და ვეტერანის მარესკას წვლილიც არ უნდა დავივიწყოთ, რადგან მათ ღირსეულად შეცვალეს ლიდერები. „პალერმოს“ უდიდესი რესურსი აქვს, იმავე ჩოჩევის ბრწყინვალე თამაში ბოლო თვეებში, ქაისონის ნიჭი და ბელოტის წარმატებული თამაში, იმედისმომცემია, „არწივებს“ ნათელი მომავალი აქვთ და წესით უნდა დაიმკვიდრონ ადგილი იტალიის სერია ა-ში.


კიდევ ერთი „მახარობელი“ გუნდი, უკვე ყველასათვის ნაცნობი და ალბათ საყვარელია. „სასუოლომ“ კვლავ შეინარჩუნა ადგილი სერია ა-ში, თანაც ძალიან მშვიდად და აბსოლიტურად დამსახურებულად, არც არავის შეპარვია ეჭვი, რომ „სოფლელები“ გავარდებოდნენ. მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობა მიხვდა შეცდომას და დააბრუნა გუნდში ეუსებიო დი ფრანჩესკო, ყველაფერი წესრიგში ჩადგა და ზაფხულიც მშვენიერი გამოდგა. გუნდი დატოვა რამდენიმე იჯარით აყვანილმა მოთამაშემ, მაგრამ რაც მთავარია სანსონე-ძაძა-ბერარდის ტრიო არ დაშლილა. „სოფლელებმა“ დაიმატეს 28 წლის ჩინებული იტალიელი გოლკიპერი ანდრეა კონსილი და აგრეთვე ორი განაპირა მცველი: ფედერიკო პელუზო და ახალგაზრდა, საკმაოდ ნიჭიერი საიმე ვრსალკო. აგრეთვე, გუნდმა იჯარით აიყვანა სოფიან ტაიდერი. დასაწყისი ცუდი გამოვიდა, რადგან „სასუოლომ“ პირველ ხუთ ტურში ვერ მოიპოვა გამარჯვება და „ინტერთან“ 0:7 განადგურდა. თუმცა, „ლაციოსთან“ ღირსეული ბრძოლის შემდეგ, დი ფრანჩესკოს გუნდი გახდა პირველი, რომელმაც „იუვენტუსს“ აართვა ქულები. ამას მოჰყვა პირველი გამარჯვება სეზონში, როდესაც „შავ-მწვანეებმა“ სტუმრად მოუგეს „პარმას“ 3. „სასუოლომ“ შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო და აჩვენა ფანტასტიკური ფეხბურთი, ამ სერიის დროს, გუნდმა სტადიო ოლიმპიკოზეც კი მოიპოვა ქულები „რომას“ წინააღმდეგ. ძალიან მოუხდა გუნდს ალჟირელი საყრდენი ტაიდერი, რომელიც საკმაოდ ტექნიკურია და კარგი ხედვა აქვს, მისი პასებით იდეალურად სარგებლობდა დიდებული ტრიო, დომენიკო ბერარდის ლიდერობით, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკური იყო. ახალგაზრდა იტალიელი აშკარად ლიდერობდა „სასუოლოს“ და დაიხვეწა, როგორც გუნდური მოთამაშე, კარგ პასებს არიგებდა და მნიშვნელოვან მომენტებში სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. 2015 წლის დასაწყისში, „სასუოლომ“ სტუმრად „მილანსაც“ მოუგო და გააგრძელა იტალიური ფეხბურთის ქომაგთა გახარება. იყო მცირე ჩავარდნა, მაგრამ ამ პერიოდშიც „სასუოლო“ საკმაოდ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და „ინტერი“ დაამარცხა საკუთარ მოედანზე. ბოლო ტურები კი ფენომენალური გამოდგა, რადგან „სოფლელებმა“ ზედიზედ ოთხი თამაში მოიგეს, ათი გოლი გაიტანეს და მე-12 პოზიციაზე დაასრულეს სეზონი. დი ფრანჩესკომ ძალიან კარგი კოლექტივი შექმნა, რომელმაც აართვა ქულები „იუვეს“, „რომას“, ებრძოლა „ლაციოს“, ორივე მატჩი მოუგო „მილანს“ და კვლავ დიდებული ფეხბურთი ითამაშა. უდავოდ საუკეთესო იყო ბერარდი, მან 15 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, სიმონე ძაძამ მორიგი წარმატებული კამპანია ჩაატარა და კარგი იყო ნიკოლა სანსონეც, რომელიც ანტონიო კონტემ გამოიძახა ბოლო თამაშებისთვის. ამ უნიკალური ტრიოს გარდა, უნდა გამოვყოთ ორი ჩინებული ნახევარმცველი: ტაიდერი და მისიროლი, რომელიც განსაკუთრებით კარი მეორე წრეში იყო. დაცვაში პრობლემები ვერ მოგვარდა სრულიად, მაგრამ ხორვატი ვრსალკო და პელუზო კარგად მოერგნენ ახალ გარემოს. თუმცა, „სასუოლოს“ არც სჭირდება ძლიერი დაცვა, გუნდს ფანტასტიკური შეტევითი ხაზი ჰყავს, ძალიან რთული იქნება ბერარდის შენარჩუნება, მაგრამ სკამზე ფლორო ფლორესი, ფლოკარი ზიან, ამიტომ კატასტროფა არ იქნება დომენიკოს წასვლა. სწორედ ამიტომ, დაველოდოთ როგორ განვითარდება ეუსებიო დი ფრანჩესკოს საკმაოდ სიმპათიური გუნდი.


ექვსწიანი პაუზის შემდეგ, „ემპოლი“ იტალიური ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდა, რაც ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო იყო, რადგან გუნდში ორი ქართველი თავდამსხმელი: ირაკლი შეკილაძე და ლევან მჭედლიძე ირიცხებოდნენ, მაგრამ შეკილაძემ დატოვა გუნდი და „ლატინას“ მიაშურა. თუმცა, ლევანი ამ ჩინებულ გუნდთან ერთად დაბრუნდა იტალიის უმაღლეს ლიგაში. მაურისიო სარის გუნდმა ზაფხულში იჯარით აიყვანა ახალგაზრდა იტალიელი გოლკიპერი ლუიჯი ზეპე და აგრეთვე ურუგვაელი საყრდენი ვესინო. ორივე ტრანსფერმა გაამართლა და როგორც ზეპე, ისე ვესინო „ემპოლის“ ძირითად მოთამაშეებად იქცნენ. სარი 4-3-3 ტაქტიკას იყენებდა, უფროსწორად 4-3-1-2 განლაგებას, რადგან გამოკვეთილი ფლეიმეიქერი ჰყავდა სიმონე ვერდის სახით. სეზონის სტარტი მძიმე გამოდგა, „ემპოლიმ“ პირველი ორი თამაში წააგო, რომელიც ძირითადში დაიწყო ლევან მჭედლიძემ და ვეტერან ფრანჩესკო ტავანოს შეუწყვილდა. სარიმ ეს დუეტი დაიწუნა და ნელ-ნელა მისცა შანსი სხვებს და საბოლოოდ მაკარონე-პუკარელის თანდემმა გაამართლა. 34 წლის ვეტერანებმა დიდებული დუეტი შექმნეს და დაიწყეს გოლების გატანა. ვერდი კარგად ამარაგებდა ამ ჩინებულ დუეტს, მაგრამ გამორჩეული მაინც მასიმო მაკარონე იყო. „ემპოლიმ“ მოუმატა და პირველი გამარჯვება შინ მოიპოვა „პალერმოსთან“ მეექვსე ტურში. სარის გუნდმა 3:0 იმარჯვა. შემოდგომის ბოლოს კი „ემპოლიმ“ ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო. მიუხედავად იმისა, რომ სარის კოლექტივი ხშირად თამაშობდა უგოლო ფრეს, ამ გუნდის მონაწილოებით ფაქტიურად ყველა მატჩი საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა. პირველ წრეში, „ემპოლი“ ძალიან კარგი იყო. ნამდვილად ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა დაცვის ხაზმა: ჰისაი-ტონელი-რუგანი-რუი, აგრეთვე ცენტრმა: ვესინო-ვალდიფიორი-გროკე და ტრიომ მაკარონე-ვერდი-პუკარელი, მაგრამ მეკარე ზეპე, რუგანი, ვალდიფიორი და მაკარონე ყველაზე გარმოჩეულები იყვნენ. 2015 წელი „ემპოლიმ“ ჩინებულად დაიწყო, რაც მეტწილად რიკარდო საპონარას დამატებამ გამოიწვია, ამ მოთამაშემ ამაოგდო ძირითადიდან ვერდი და გახდა სერია ა-ს საუკეთესო გამთამაშებელი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. საპონარამ საკმაოდ ტექნიკური, დახვეწილი თამაში აჩვენა, მას კარგი პასი და ხედვა აქვს, მაკარონემაც სტაბილურად გააგრძელა ლამაზი ფეხბურთის ჩვენება და ვალდიფიორი კვლავ ცენტრის ბატონ-პატრონი იყო. „ემპოლიმ“ რვამატჩაინი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო, შეინარჩუნა ადგილი სერია ა-ში და ბოლოსკენ მოუკლო, რის გამოც მე-15 პოზიციამდე დაქვეითდა. მაურისიო სარის გუნდი უდავოდ ღირსეულად გამოვიდა, სწორედ ამიტომ 56 წლის სპეციალისტი „ნაპოლიმ“ მიიწვია თავისთან. აგრეთვე, უნიკალური სეზონი ჩაატარა სულ რაღაც 20 წლის დანიელე რუგანიმ, რომელიც „იუვენტუსმა“ დაიბრუნა. ბრწყინვალე ზეპე დიდი ალბათობით დაბრუნდება სან პაოლოზე და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. საპონარა „მილანმა“ დაიბრუნა, ვალდიფიორიზე, ტონელზე კი სერიოზული მოთხოვნაა. „ემპოლი“ აუცილებლად დასუსტდება, მაგრამ ალტერნატივა არის. იგივე ფედერიკო ბარბას სახით, 21 წლის იტალიელმა მცველმა მეორე წრეში დაამტკიცა, რომ რუგანის ღირსეული შემცვლელი შეიძლება გახდეს. გუნდში არის ახალგაზრდა სინგორელი და რაც მთავარია ლევან მჭედლიძე, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ დაწვრილებით. ასე, რომ „ემპოლის“ აქვს რესურსი, რათა თუ მთლიანად ვერა, გარკვეულწილად აღმოფქვრას დანაკლისი და მომდევნო სეოზნშიც ღირსეულად იასპარეზოს, მთავარი მაკარონე იყოს ჯანზე, რომელსაც კიდევ ორი ვეტერანი: პუკარელი და ტავანოც აუბამენ მხარს.


გამოფხიზლებული კიევო
უკვე ცხრა სეზონია, რაც ვერონას „კიევო“ სტაბილურად ასპარეზობს სერია ა-ში და მუდმივად ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს ლიგაში, ყოველგვარი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე. 2013/14 წლების სეზონში, გუნდი ეუხენიო კორინმა ჩინებულად ჩაიბარა და საბოლოოდ მიზანს მიაღწია. ზაფხულში, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ლუკა რიგონისა და ტეროს წასვლა გამოდგა, ორივე მოთამაშემ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, განსაკუთრებით 30 წლის იტალიელმა საყრდენმა, რომელსაც ამ კლუბში არაერთი სეზონი ჰქონდა გატარებული. რუგანის შესაცვლელად, გუნდმა გამოცდილი მარიანო ისკო დაიმატა, აგრეთვე ვალტერ ბირსა და კოფიე გადაიბირა. „კიევომ“ ორი მეკარეც დაიმატა: ბარდი და გამოცდილი ბიცარი, აგრეთვე სკელოტო, რუბენ ბოტა, მაქსი ლოპესი და მეჯორინი. რაც მთავარია, შეივსო დაცვის ხაზი: ზუკანოვიჩი და გამბერინი მოვიდნენ. სტარტზე, „კიევომ“ წააგო „იუვესთან“ და მოუგო სტუმრად „ნაპოლის“, რის შემდეგაც ოთხ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და „რომასთან“ განადგურების შემდეგ კორინი გაანთავისუფლეს. არგენტინელი სპეციალისტი ვერაფრით ჩამოყალიბდა თუ რა ტაქტიკით უნდა ემოქმედა და საბოლოოდ კრახით დაასრულა მუშაობა. მისი ადგილი როლანდო მარანმა დაიკავა, რომელმაც გონს მოიყვანა ვერონული კლუბი და 4-4-2 გალნაგება შეიმუშავა. პირველი ორი თამაში, მარანმაც წააგო, მაგრამ ამას მოჰყვა ხუთმატჩიანი დაუმარცხებელი სერია, როდესაც „კიევომ“ მოუგო უშუალო კონკურენტებს და „ლაციოსაც“ კი აართვა ქულები. 2015 წლის სტარტზე, ვერონელებმა სამი თამაში წააგეს ჩემპიონატის წამყვან გუნდებთა, რასაც ზედიზედ ორი გამარჯვება მოჰყვა. მარანმა საკმაოდ ძლიერი კოლექტივი შეკრა, რომელმაც დაცვაში თამაში რადიკალურად გამოასწრორა. ფლანგებზე ჩინებულად მოქმედებნდენ ნიკოლას ფრეი და ზუკანოვიჩი, ცენტრში კი მარანი სეზარს, გამბერინისა და დაინელის იყენებდა. ეს უკანასკნელი „კიევოს“ 36 წლის ვეტერანი და დაცვის ლიდერი, შესაბამისად დაინელის მეწყვილე ზოგჯერ სეზარი იყო, ზოგჯერ გამბერინი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დაცვა სტაბილურად და საიმედოდ მოქმედებდა. შეტევაში კი ალბერტო პალოსკიმ აკრიფა ოპტიმალური ფორმა, რომელსაც ვეტერანი პელესიე ან მეჯორინი უწყვილდებოდა. ნახევარდაცვა კი საოცრად მობილური იყო, რადოვანოვიჩის მეთაურობით, რომელმაც ლუკა რიგონი სრულფასოვნად შეცვალა. სერბმა 31 თამაში ჩაატარა და დაამტკიცა, რომ „კიევოს“ ახალი ხერხემალია. მის გარდა, ჰეტემაი, ბირსა და სკელოტოც უნდა გამოვყოთ. გაზაფხულიდან კი „კიევომ“ ფანტასტიკური ფორმა აკრიფა, რამდენიმე მატჩი მშრალად ჩაატარა ზედიზედ , მოუგო „მილანს“ და საბოლოოდ მე-14 პოზიციაზე დაასრულა სეზონი. ბოლო ხუთ ტურში ვერონელებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს, მაგრამ მანამდე ჰქონდათ ჩინებული სერია და როლანდო მარანმა დაამტკიცა, რომ „კიევო“ კვლავ მშვენიერი კოლექტივია. პალოსკის პროგრესი სეზონის განმავლობაში ძალიან დაეხმარა გუნდს, მაგრამ უნდა გამოვყოთ ორი იტალიელი ვეტერანის: მეჯორინისა და პელესიეს წარმატებული ქმედებები, მაგრამ მეორე წრეში პალოსკის ყველაზე მეტად მეჯორინი ეხმარებოდა დიდებული პასებით. ვეტერანმა ბიცარიმაც კარგი სეზონი ჩაატარა და სავარაუდოდ დარჩება „კიევოში“. ვნახოთ, როგორ გააგრძელებს ეს გუნდი განვითარებას, მარანის ხელში, მთავარია წამყვანი მოთამაშეები არ წავიდნენ და შეტევა ცოტათი გაახალგაზრდავდეს.


დაშლილი პარმა
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტრადიციების მქონე კლუბი უბრალოდ უფსკრულში გადაეშვა, რაც ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაიწყო. რობერტო დონადონიმ ფანტასტიკური გუნდი შეკრა, რომელიც მეექვსე ადგილზე გავიდა, ევროპის ლიგაზე უნდა ეთამაშა, მაგრამ ლიცენზია ვერ მოიპოვა. ზაფხულში კი ნამდვილი რევოლუცია მოხდა, როგორც ხდება ხოლმე, ასეთი გუნდები წარმატებული სეზონის შემდეგ იცხრილებიან. ენიო ტარდინი დატოვა გამოცდილმა მარკიონიმ, დაბრუნდა „ნაპოლიში“ გარგანო და მარკო პაროლო „ლაციომ“ წაიყვანა, შესაბამისად დონადონიმ ოთხი საუკეთესო საყრდენი დაკარგა აქვას გარდა, რასაც სკელოტოს წასვლაც დაემატა. გარდა ამისა, „პარმა“ გამოცდილმა ამაურიმაც დატოვა. ტრანსფერებში ბევრი ფული დაიხარჯა, გუნდმა გაახალგაზრდავა დაცვის ხაზი და დაიმატა რამდენიმე მოთამაშე: ანდრეა კოსტა, ფაბიანო სანტაგროკე, ზოუჰირ ფედალი, დე ჩელიე, რისტოვსკი. ცენტრი კი „ჯვაროსნებმა“ ფრანჩესკო ლოდით, მარიგათი და კრისტობალ ხორკერათი გააძლიერეს. თავდასხმის ხაზი კი გიზალმა, ბელფოდილმა და კოდამ გააძლიერეს. პირველ ტურში. „პარმა“ 0:1 დამარცხდა „ჩეზენასთან“, ამას მოჰყვა ფანტასტიკური მატჩი „მილანთან“, რომელიც გუნდმა 4:5 წააგო და ამის შემდეგ „ჯვაროსნებმა“ 3:2 მოუგეს „კიევოს“ გასვლაზე. მომდევნო ექვსი თამაში კი „პარმამ“ წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, შეტევაში ანტონიო კასანოს დიდ დახმარებას უწევდა ახალწვეული მასიმო კოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, დაცვის ხაზი უბრალოდ კატასტროფულად თამაშობდა. ჯონათან ბიაბიანის ტრავმამ ბევრი რამ გააფუჭა, „პარმას“ მისი ღირსეული შემცვლელი უბრალოდ არ ჰყავდა. ეს კატასტროფული სერია მოულოდნელად შეწყდა „ინტერთან“, როდესაც დონადონის გუნდმა 2:0 იმარჯვა და ბევრმა იფიქრა ეს გუნდი ბრუდნებაო, მაგრამ შემდეგ ექვს ტურში მხოლოდ ქულ აიღო „პარმამ“. მოვიდა ზამთარი და დონადონი მიხვდა, რომ თავდასხმა გასაძლიერებელი იყო, ამიტომ ენიო ტარდინიზე საკმაოდ ტექნიკური კრისტიან როდრიგესი, სილვესტერ ვარელა მივიდნენ, აგრეთვე ანტონიო ნოჩერინო. 2015 წლის პირველი მატჩი „პარმამ“ შინ მოუგო „ფიორენტინას“, მაგრამ ეს შემთხვევითობა იყო, რასაც ზედიზედ ხუთი მარცხი და გაკოტრება მოჰყვა. „პარმა“ ვეღარ ატარებდა მატჩებს უსახსრობის გამო და დაემუქრა სერია ა-დან ნაადრევი გავარდნა, თანაც გუნდს ქულებიც ჩამოაჭრეს ფინანსური დავალიანების გამო. თუმცა, იტალიურმა კლუბებმა მხარი დაუჭირეს „ჯვაროსნებს“ და მატჩების ორგანიზებაში დაეხმრნენ. დონადონიმაც ღირსეული საქციელი ჩაიდინა, არ წავიდა, არ მოიატოვა ქომაგები, რომელბიც მხურვალედ უჭერდნენ მხარს საკუთარ ბიჭებს. „პარმა“ დატოვა როდრიგესი, ანტონიო კასანომ, მაგრამ უმრავლესობა ერთგული დარჩა და თავიც კი დადო. მარტის თვე „პარმამ“ სამაგალითოდ დაიწყო, აართვა ქულები „ინტერს“ და მოიგო ორი თამაში ზედიზედ ,აქედან ერთი „იუვენტუსთან“. ამ პერიოდში მაქსიმუმი დადეს მოთამაშეებმა, კარგი იყო ალჟირელი თავდამსხმელი ბელფოდილი, რომელიც ყოველ მატჩში ცდილობდა, ნოჩერინომაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვარელასთან ერთად, მაგრამ ყველაზე მეტად კაპიტანი ლუკარელის შრომაა დასაფასებელი, რომელიც გმირულად იცავდა საკუთარ გუნდს. ცალკე სალაპარაკო თემაა ანტონიო მირანტე, 31 წლის გოლკიპერმა დიდებული სეზონი ჩაატარა, რადგან არანორმალური სეივები აკეთა. ბოლოსკენ „პარმამ“ გაიბრძოლა, მოიპოვა ქულები, მაგრამ ბოლო ადგილს ვერ გასცდა. აი ეს არის პროფესიონალიზმი, თავდადება, ფეხბურთის სიყვარული, ბრავო „პარმა“, ბრავო დონადონი, ბრავო გულშემატკივრები, რომელიც ენიო ტარდინიზე მაინც მიდიოდნენ და უჭერდნენ მხარს საყვარელ კლუბს. არავინ იცის ახლა რა მოხდება „პარმაში“, მაგრამ იმედია „ჯვაროსნებს“ პატრონი გამოუჩნდებათ, რომელიც ახალ ეპოქას დაიწყებს ახალი შემადგენლობით, რადგან ძალიან ბევრი წამოვა გუნდიდან, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.


სხვა გუნდებზე ბევრი სალაპარაკო არაფერია, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილოთ მათი გამოსვლა ამ სეზონში:
ტორინო - ჯანპიერო ვენტურამ „ტორინოთი“ ნამდვილი სასწაული ჩაიდინა გასულ სეზონში და გუნდი ევროპის ლიგაზე გაიყვანა. თუმცა, ზაფხულში ლიდერები წავიდნენ: ალესიო ჩერჩი „ატლეტიკომ“ შეიძინა, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი ჩირო იმობილე კი დორტმუნდის „ბორუსიამ“. გარდა ამისა, ტურინული კლუბი ვეტერანმა მეჯორინიმ და ბარეტომ დატოვეს. სამაგიეროდ, კლუბმა სწორად გამოიყენა მიღებული თანხა და პირველ რიგში დაცვა გააძლიერა რამდენიმე ფეხბურთლის დამატებით: მოლინარო, იანსონი, გაბრიელ სილვა და ბრუნო პერესი მოვიდნენ. გარდა ამისა, „ტორინომ“ იჯარით აიყვნა ნოჩერინო, რუბენ პერესი, ალვარო გონსალესი და 19 წლის ნიჭიერი ბენასი დაიმატა. შეტევითი ხაზი კი ამაურით, ფაბიო კვალიარეალათი და ჟოზეფ მარტინესით შეავსო. პირველ სამ ტურში „ტორინომ“ გოლი ვერ გაიტანა, რის შემდეგაც ბევრი ალაპარაკდა, რომ ჩერჩი-იმობილეს დანაკლისს გუნდი ვერ აღმოფქვრიდა. თუმცა, ამას მოჰყვა ფაბიო კვალიარელას ჩინებულად ათამაშება, რომლის გოლების წყალობით ტურინელებმა მოუგეს „კალიარის“, „უდინეზეს“ და ნელ-ნელა დაიწყეს პროგრესირება. პირველი წრის ბოლოს, „ტორინომ“ ზედიზედ სამი წაუგებელი თამაში ჩაატარა და შინ 2:1 მოუგო „ჯენაოს“, კარგად ათამაშდა კოლუმბიელი მარტინესიც, რომელსაც კარგი ტექნიკა, დრიბლინგი აქვს, უბრალოდ უჭირს შეტევების დაგვირგვინება. 2015 წელი ვენტურას გუნდმა ფანტასტიკურად დაიწყო და 12 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხო, საიდანაც ზედიზედ მოიგო ოთხი თამაში. ფანტასტიკურად ათამაშდა ზამთარში დამატებული მაქსი ლოპესი, რომელმაც მარტინესი ამოაგდო სასტარტოდან და კვალიარელას მეწყვილე გახდა. ცენტრში იდეალური ოთხეული შეიკრა: ფარნერუდი-გაზი-ბენასი და წინ ელ კადური. დაცვის ხაზი კი დიდებული იყო, კაპიტანი კამირ გლიკის ლიდერობით. „ტორინომ“ 5:1 გაანადგურა „სამპდორია“, დაამარცხა „ინტერი“, „ნაპოლი“ და საბოლოოდ „უდინეზემ“ შეაჩერა. თუმცა, ტურინელები მალევე ჩადგნენ ფორმაში და მორიგი წარმატებული სერია შედგა, რომლის დროსაც „ტორინომ“ „რომას“ აართვა ქულები და მოიგო ტურინული დერბი, ოცწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხა „იუვენტუსი“ და მოიპოვა ისტორიული გამარჯვება. ამ წარმატებაში უდიდესი წლილი შეიტანა მატეო დარმაინმა, სერია ა-ს ერთ-ერთმა საუკეთესო განაპირა მცველმა, აგრეთვე მეკარე პადელიმ და კვალიარელამ, რომელმაც ყოფილ გუნდს ასწავლა ჭკუა. ბოლო მატჩი, ვენტურას შეგირდებმა „ჩეზენასთან“ 5:0 მოიგეს საკუთარ მოედანზე და ხმაურიანი განაცხადი გააკეთეს მომდევნო სეზონისთვის. კარში ჩინებული პადელი, დაცვაში ცენტრში გლიკი, მორეტი, მაქსიმოვიჩი, ყოველი შემთხვევისთვის ბოვო და იანსენი. ფლანგებზე: ბრწყინვალე დარმიანი, გამოცდილი მოლინარო, საკმაოდ ტექნიკური, სწრაფი და ნიჭიერი ბრუნო პერესი. ნახევარდაცვაში: ჩინებული ცენტრი ფარნერუდი, კარგი ჩამშლელი გაზი, უნიჭიერესი ბენასი, ტექნიკური და გონიერ ელ კადური, აგრეთვე გამოცდილი ვივესი. შეტევაში კი კვალიარელას გარდა უკვე მაქსი ლოპესი და ჟოზეფ მარტინესი, იქვე ამაური. ვენტურას მშვენიერი კოლექტივი ჰყავს, მთავარია წამყვანი მოთამაშეები დარჩნენ და „ტორინო“ აუცილებლად სერიზოული ძალა იქნება მომავალში, რადგან გუნდი ჩამოყალიბებული და დაბალანსებულია.

ვერონა - „ტორინოზე“ უფრო დიდი სასწაული ამ გუნდმა ჩაიდინა, როდესაც სერია ა-ში დაბრუნებისთანავე ევროპის ლიგაზე გავიდა, ანდრეა მანდორლინიმ უდიდეს წარმატებას მიაღწია, მაგრამ ვერონული კლუბი ზაფხულში დაიშალა. „ვერონა“ დატოვა გამოცდილმა მარჯვენა მცველმა კაჩატორემ, ცენტრის ლიდემა რომულომ და შეტევების ლიდერმა ხუან იტურბემ, დანაკლისი ძალიან სერიოზული იყო. დაცვაში დაიმატეს რამდენიმე მოთამაშე ლეგენდარული რაფა მარკესის თამადობით, აგრეთვე „ვერონამ“ გააძლიერა ცენტრი დაიმატა რა ობადი, იონიტა, ტაჰციდისი, ლაზაროსი. შეტევა კი ნიკო ლოპესის და ხავიერ სავიოლას მეშვეობით გააძლიერა. სტარტი კარგი იყო, ოთხ ტურში რვა ქულა, მაგრამ შემდეგ მანდორლინის გუნდმა მოუკლო. „ვერონას“ ძალიან დაეტყო რომულოს წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ემილ ჰალფედსონი საკმაოდ კარგი ცენტრია, მახვილი თვალით და კარგი ფეხით, მას ღირსეული პარტნიორი არ ჰყავდა. სეზონის მსვლელობისას, გუნდს ჰქონდა აღმასვლების და დაღმასვლებიც, მაგრამ ჩემპიონატი წყნარად ჩაამთავრა მე-13 ადგილზე. ყოჩაღ მანდორლინის, რომელმაც მოახერხა გუნდის ნორმალურ დონეზე დატოვება და „ვერონამ“ საჭრო ქულები მოიპოვა. მეორე წრე საკმაოდ კარგი იყო, კარგად ათამაშდა ობადი, ტაჰციდისმაც მოუმატა და მხოლოდ ჰალფრედსონს არ უწევდა ლუკა ტონისთვის დახმარების გაწევა. თუმცა, რათქმაუნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ ვეტერანმა იტალიელმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა „ვერონას“ წარმატებაში, 38 წლის ლუკამ 22 გოლი გაიტანა და გაახანგრძლივა კონტრაქტი. მანდორლინიც რჩება გუნდში და ახლა მთავარია, რომ „ვერონამ“ გააძლიერის შეტევითი ხაზი. ცენტრში არის რესურსი, ისევე, როგორც დაცვაში, კარის ხაზზე კი ორი გამოცდილი და სანდო გოლკიპერია, ამიტომ ვერონელებმა პირველ რიგში ახალგაზრდა, პერსპექტიული შეტმევები უნდა გადაიბირონ, რათა გუნდი მხოლოდ ტონის იმედზე არ იყოს.

ატალანტა - ეს არის ის გუნდი, რომელმაც ჩემპიონატის ძალიან დიდი ნაწილი გაატარა მე-17 პოზიციაზე, მაგრამ არანაერი სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია. წარმატებული სეზონის შემდეგ, გუნდი დატოვა მეკარე კონსილიმ, მცველმა დავიდე ბრივიომ, ახალგაზრდა შემტევმა ლივაიამ, ბრიენცამ და სამწუხაროდ ორმა ლიდერმა: მარიო იეპესმა და ჯაკომო ბონავენტურამ. 39 წლის კოლუმბიელმა კარიერაც დაასრულა. კარის ხაზი, „ატალანტამ“ მხოლოდ ავრამოვით გააძლიერა, რადგან კონსილის სპორტიელოს სახით ღირსეული შემცვლელი უკვე ჰყავდა. დაცვის ხაზი კი ჩერუბინმა, დრამემ, ზაპაკოსტამ და 38 წლის ბიავამ გააძლიერეს. გარდა ამისა, ბერგამოელებმა დ’ალესანდრო, ალეხანდრო გომესი, როლანდო ბიანკი და რიჩმონდ ბოაკიე დაიმატეს. სტეფანო კოლანტუონოს გუნდმა სუსტად დაიწყო, პირველი წრე საშინელი გამოდგა, რადგან „ატალანტამ“ მხოლოდ სამი თამაში მოიგო და მხოლოდ 14 გოლი გაიტანა, რაც ხერმან დენისის ცუდი ფორმისგან იყო განპირობებული, არგენტინელი თავდამსხმელი შორს იყო ჩვეული თამაშისგან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზამთარში მოუმატა დენისმა და დაიწყო გოლების გატანა, რაც კოლანტუონოს მშვენიერმა მიგნებამ განაპირობა - მარჯვენა მცველად ნაყიდი ზაპაკოსტა ნახევარდაცვაში ასწია და ამან გაამართლა. მაქსი მორალესი და ზაპაკოსტა ჩინებულად ამარაგებდნენ ხერმანს. ზამთარში ბერგამოელებმა მაურისიო პინილია აიყვანეს იჯარით და ეს ნაბიჯიც სწორი გამოდგა. 2015 წლის პირველი თამაში, „ატალანტამ“ სან სიროზე მოუგო „მილანს“, რის შემდეგაც სწორედ ჩილელის გოლით მოუგო „კალიარის“. ამის შემდეგ, „ქალთევზებმა“ ზედიზედ ოთხი თამაში წააგეს, რასაც კოლანტუონო შეეწირა და მისი პოსტი ედუარდო რეიამ დაიკავა. მისი მოსვლის შემდეგ, „ატალანტამ“ პირველი სამი თამაში ფრედ ითამაშა, შემდეგ წააგო, მოიგო და კვლავ ფრეების სერია დაიწყო. რეიამ აშკარად გააუმჯობესა „ატალანტას“ შემტევი პოტენციალი, კარგად ათამაშდა კიდევ ერთი ტანდაბალი არგენტინელი ალეხანდრო გომესი და პინილიამაც იდეალურად შეცვალა დისკვალიფიკაცირებული დენისი ბოლო ტურებში. „ატალანტამ“ საბოლოოდ მხოლოდ სამი ქულით გაასწრო „კალიარის“, მაგრამ ეს ნუ მოგატყუებთ, ბერგამული კლუბი საკმაოდ მშვიდად დარჩა სერია ა-ში და ახლა ფიქრობს მომავალ სეზონში. რეიას შეუძლია ამ გუნდით სტაბილური შედეგების დაფიქსირება, რადგან მორალესის, გომესის, ბაზელის სახით კარგი სწრაფი შემტევები ჰყავს, ცენტრში კარმონა-ჩიგარინის მშვენიერი დუეტია და ერთადერთი დაცვის ხაზია გამოსასწორებელი, შეტევაში დენისი აუცილებლად გაქაჩავს, მაგრამ გაძლიერება აუცილებლად სჭირდებათ „ქალთევზებს“.

ჩეზენა - ეს გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ვერ მოახერხა სერია ა-ში დარჩენა, „ემპოლისა“ და „პალერმოსგან“ განსხვავებით. თუმცა, „ჩეზენა“ აშკარად არ იყო მზად იტალიის უმაღლესი ლიგისთვის, ისინი ფლეი-ოფის ეტაპით მოხვდნენ სერია ა-ში და აშკარად მოუმზადებლები იყვნენ ამისთვის. ზაფხულში გუნდმა მხოლოდ დ’ალესანდრო დაკარგა, რომელიც ძირითადის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ არა შეუცვლელი. ახალი კარის დარაჯი უნიჭიერესი ლეალი გახდა, რომელმაც ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. დაცვის ხაზი, გამოცდილმა პერიჩომ და ლუკინიმ გააძლიერეს, ნახევარდაცვის ცენტრს მოუხდა ჯორჯის დამატება, აგრეთვე ნახევარდაცვის ხაზი მუნდინგაით, კარბონეროთი, პულცეტით და ზე ედუარდოთი შეივსო. შეტევაში კი „ჩეზენამ“ ჯურიჩი და ფრანკო ბრიენცა დაიმატა. პირველი მატჩი პიერპაოლო ბიზოლის გუნდმა ალეხანდრო როდრიგესის გოლით მოიგო შინ, რის შემდეგაც დაიწყო კატასტროფა. ბიზოლის გუნდმა ზედიზედ 13 თამაში ვერ მოიგო და ამას შეეწირა იტალიელი სპეციალისტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, მაგრამ დაცვას ვერაფერი მოუხერხა. გუნდის თავკაცად გამოცდილი და ჭკვიანი დომენიკო დი კარლო დაინიშნა, რომელმაც პირველი ხუთი თამაშიდან ვერცერთი ვერ მოიგო. ზამთარში გუნდმა კიდევ რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა, მაგრამ ტყუილად. 2015 წლის სტარზე, „ჩეზენამ“ ზედიზედ ორი მატჩი მოგიო, აქედან ერთი „ლაციოსთან“, მაგრამ გაგრძელება? ბოლო 13 თამაში არცერთი მოგება და ზედიზედ ხუთი მარცხი. დი კარლო ვერაფერს გახდა და „ჩეზენა“ უშანსოდ გავარდა, მაგრამ ამ გუნდის რიგებში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა ფრანგმა შემტევმა გრეგორი დეფრელმა, რომელსაც საოცარი ტექნიკა აქვს, დახვეწილი დრიბლინგი და მშვენიერი დარტყმა. ნამდვილი ლიდერი კი ბრიენცა იყო, მან მთელი სეზონი გამთამაშებლად ითამაშა, რვა გოლი გაიტანა, ოთხი საგოლე პასი გააკეთა და უამრავი საგოლე ეპიზოდი შეუქმნა პარტნიორებს. გარდა ამისა, ესპანელი ტანმაღალი ცხრიანიც გამოსაყოფია, ალეხანდრო როდრიგესი მთავარიჯოკერი იყო, რომელიც შეცვლებზე დიდოსტატურად შედიოდა. ვნახოთ, ეს მოთამაშეები სად გააგრძელებენ კარიერას, „ჩეზენა“ კი დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს სერია ა-ში მალე დაბრუნებას, რადგან კლუბს სერიოზული მუშაობა სჭირდება.

 


სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

სერია ა-ში არაერთმა მოთამაშემ ჩაატარა ინდივიდუალურად ძლიერი სეზონი, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც არგენტინელი თავდამსხმელია, რომელიც შესაძლოა კვლავ ვერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი, მაგრამ უმაღლეს დონეზე ჩაატარა მთელი სეზონი და გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლები. საუბარი რაღათქმაუნდა კარლოს ტევესზეა, რომელმაც „იუვენტუსში“ თავიდან იპოვა საკუთარი თავი და ფენომენალურად ათამაშდა. არც ეს სეზონი იყო გამონაკლისი, რომლის შედეგადაც, კარლიტოსმა 32 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. გოლი+პასის სისტემით ტევესი მეორეა სერია ა-ში, მაგრამ ეს მხოლოდ ციფრებია. მან ორივე შეხვედრაში გაუტანა „მილანს“, „რომას“, „ლაციოს“ და საკუთარი საჭირო ბურთებით „ბიანკონერის“ 14 ქულა მოუტანა და მაინც ეს ყველაფერი ციფრებია. ტევესმა ძალიან დიდი როლი ითამაშა „იუვეს“ ამ დიდებულ წარმატებაში, კარლიტოსი „იუვესთვის“ მხოლოდ ცხრიანი და შეტევების დამგვირგვინებელი არ არის, არამედ ბევრს ირჯება, მოძრაობას, რის შედეგადაც ანთავისუფლებს ზონებს პარტნიორებისთვის და თავად შეუძლია შეტევების ორგანიზება. იდეალური ტექნიკის, სისწრაფის და ჭკუის ხარჯზე არგენტინელმა მორიგი დიდებული სეზონი ჩაატარა, უკეთესი, ვიდრე წინა და დაამტკიცა, რომ „იუვეს“ უცვლელი წევრია, რომელიც იმედია დარჩება ტურინში, რადგან მის გარეშე ძალიან რთულია ამ ფორმაციის „ბებერი ქალბატონის“ წარმოდგენა.

 


სეზონის საუკეთესო ბომბარდირი

კიდევ ერთი არგენტინელი თავდამსხმელი, რომელზეც ვისაუბრეთ, 22 წლის მაურო იკარდია, მან ბოლო ტურში მოახერხა ლუკა ტონისთვის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის ართმევა და მასთან ერთად განაწილება. მილანის „ინტერმა“ არასტაბილური სეზონი ჩაატარა, მაგრამ იკარდი ბრწყინვალე იყო და შესაძლოა რამდენიმე შეხვედრა არ გამოუვიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საუკეთესო იყო „ნერაძურის“ რიგებში და დაიმსახურა „ინტერის“ ქომაგების ქება და არამხოლოდ. 22 გოლის გარდა, მუარომ ექვსი პასი გააკეთა და ქულებით პირველია სერი ა-ში. უნდა ვაღიაროთ, რომ სეზონის სტარტი იკარდის არ გამოუვიდა, მაგრამ 2015 წელი მისთვის გამოდგა ბრწყინვალე. მხოლოდ ამ წელს, მან 14 გოლი შეაგდო, აქედან ოთხი ბოლო ტურში „ემპოლისთან“. იკარდი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ფსიქოლოგიურად უფრო მყარი უნდა გახდეს. მან არაერთ შეხვედრაში არაერთი რეალური მომენტი გააფუჭა და თუ ამ მხრივ დაიხვეწება და უფრო ეფექტური გახდება, უფრო მეტად დაეხმარება „ინტერს“. იკარდი კარგი თავდამსხმელია, საჯარიმოში ჩინებულად მოქმედებს და არც ტექნიკა დაეწუნება, მას თავისუფლად შეუძლია სიღრმეში ბურთის მოპოვება და თავად გამწვავება, აგრეთვე დაყენებული დარტყმა აქვს და საჯარიმოს მისადგომებიდანაც ხშირად ისვრის. გარდა ამისა, ძლიერია მეორე სართულზე და უდავოდ დაიმსახურა ქება, ახლა კი მთავარია ასე გააგრძელოს და უფრო დაიხვეწოს, მაურო იკარდის სახით „ინტერს“ შესანიშნავი თავდამსხმელი ეზრდება, თანაც „ნერაძურის“ არგენტინელებში უმართლებს, თუნდაც ერნან კრესპო და დიეგო მილიტო გავიხსენოთ, რომელთაც იკარდი ჰგავს.



სეზონის აღმოჩენა(ები)

გამომდინარე იქიდან, რომ სერია ა-ს ეს სეზონი გამორჩეული იყო იმ მხრივაც, რომ არაერთი ახალი სახე გამოჩნდა შესანიშნავად, რამდენიმე მათგანს გამოვყოფთ და არა მხოლოდ ერთს. თუმცა, ამ სეზონის მთავარი აღმოჩენა იტალიაში, თუ მთელს ევროპაში არა, 22 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ფელიპე ანდერსონია, რომელმაც „ლაციოს“ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. თავიდან, ის არ განიხილებოდა ძირითადის წევრად, მაგრამ სტეფანო პიოლიმ მისცა შანსი და ფელიპემაც უნიკალურად გამოიყენა. ფორმის პიკი ანდერსონს ზამთარში ჰქონდა, როდესაც ხალხმა კრიშტიანო რონალდოსაც კი შეადარა. ანდერსონი თავისუფლად დაძვრებოდა რამდენიმე ფეხბურთელს შორის, უყვარდა მარჯვენა ფეხით როგორც ძლიერი, ისე მოჭრილი დარტყმები და კარგად ასრულებდა საჯარიმოებს. სწორედ ამიტომ, ერთი შვიდიანი ყოფილ შვიდიანს შეადარეს, მაგრამ რათქმაუნდა ეს მხოლოდ დროებითი იყო და თანაც არასწორი. ანდერსონი საოცრად ნიჭიერია, გაცილებით ნიჭიერი ვიდრე მისი სტატისტიკა მოწმობს: ათი გოლი და შვიდი საგოლე პასი, მაგრამ ეს რიცხვები შემტევი ნახევარმცველისთვის, რომელიც დაცვაშიც მუშაობდა მშვენიერია. ფელიპემ უნდა გამოასწოროს მიდგომა საქმისადმი და გახდეს გუნდზე ორიენტირებული, ბოლო ტურებში გამოჩნდა, რომ ის ჯერ კიდევ ეგოისტურ გადაწყვეტილებებს იღებს და ზედმეტი მოსდის, მაგრამ რათქმაუნდა ამის დახვეწა შეიძლება. მას აქვს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს და პიოლი აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ ბრაზიელილმა ვირტუოზმა უკევ მსოფლიო დონის ფეხბურთი აჩვენოს, ეს „ლაციოსთვისაც“ მნიშვნელოვანია, რადგან ის, რაც არ აქვს კანდრევას, აქვს ანდერსონს. ანტონიო არ არის ისეთივე სხარტი და ტექნიკურად მრავალფეროვანი, როგორიც ფელიპე, ბრაზილიელი ძალიან სწრაფად აფასებს სიტუაციას და იღებს გადაწყეტილებას, უბრალოდ დასახვეწია, პირველ რიგში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

 

კიდევ ერთი გამორჩეული ახალგაზრდა პაოლო დიბალა გახლავთ, კიდევ ერთი არგენტინელი თავდამსხმელი. 21 წლის დიბალამ „პალერმოსთან“ ერთად დაიწყო სეზონი, მაგრამ პირველივე ტურებიდან დაიწყო საოცრებების ჩადენა და საბოლოოდ „იუვენტუსისგან“ მიიღო მიწვევა, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. 13 გოლი და 10 გადაცემა - სერია ა-ს დებიუტანტი ახალგაზრდისთვის უნიკალური შედეგია, თანაც დიბალას უფრო მეტი შეუძლია. პაოლო უფრო დახვეწილია ვიდრე იკარდი და ახალგაზრდა, ვიდრე ტევესი. სწორედ ამიტომ, ამჟამად, ყველაზე პერსპექტიული არგენტინელი ცხრიანი სწორედ პაოლო დიბალია სავარაუდოდ, რომელსაც ყველაფერი აქვს, რათა გახდეს უმაღლესი დონის ფეხბურთელი. დიბალა მშვენიერი ტექნიკით არის დაჯილდოვებული, შეუძლია მომენტების შექმნა და დაგვირგვინება, მაგრამ ძალიან კარგი აზროვნება აქვს, ალბათ იდეალურად მოირგებდა გამთამაშებლის როლს, რადგან მოედანს გრძნობს და შეუძლია ზუსტი გადაწყვეტილების შესაფერის დროში მიღება, პაოლო დიბალას სახით „იუვემ“ სერიოზული გაძლიერება მიიღო და ვინ იცის, იქნებ ტევესის სახელი აღარავის ახსოვდეს ტურინში, მაგრამ ამასათვის დიბალას ბევრი მუშაობა მოუწევს.

 

ისევ „პალერმო“ და ისევ არგენტინა, უბრალოდ ფრანკო ვასკესმა დიბალას არ მიბაძა და იტალიის ნაკრების მაისურის მორგებაზე უარი არ უთქვამს, ამიტომ ფრანკო ვასკესს შეგვიძლია იტალიელი ვუწოდოთ. ასეა თუ ისეა, ფრანკომ ჩინებული სეზონი ჩაატარა: 10 გოლი და 10 საგოლე პასი შესანიშნავი შედეგია. ვასკესი უნივერსალური მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია თამაშ როგორც ათიანის, აგრეთვე ცხრიანის პოზიციაზე. ჯუზეპე იაკინიმ ვასკესი ორივე ამპლუაში გამოსცადა და ორივეგან ძალიან სასარგებლო იყო. გარდა იმისა, რომ ვასკესს მშვენიერი დარტყმა და პასი აქვს, საკმაოდ ტექნიკურია და ეს უფრო ალამაზებს ასეთი ტიპის ფეხბურთელებს. თანაც, ვასკესი ორივე ფეხს მშვენივრად ხმარობს და ვინ იცის, იქნებ იტალიის ნაკრებშიც დაიმკვიდროს ადგილი. „სკუადრა აძურას“, მისი ტიპის გამთამაშებელი ნამდვილად არ ჰყავს, ამიტომ ანტონიო კონტე აუცილებლად მისცემს შანსს ფრანკო ვასკესს, რომელიც ჯერ 26 წლის არის.

 

ახლა კი „ემპოლის“ ბრწყინვალე გოლკიპერ ლუიჯი ზეპეზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც საკუთარი თამაშით მთელი იტალური ფეხბურთი მოხიბლა და საბოლოოდ „ნაპოლის“ დაუბრუნდება. ზეპე მხოლოდ 24 წლის არის და პირველი სეზონი ჩაატარა სერია ა-ში, რომლის მსველობისას, „იუვენტუსი“ ფიქრობდა ბუფონის შემცვლელად აეყვანა, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა ჯიჯის დავიწყება. ზეპე კი ფანტასტიკური მეკარეა, რომელსაც უდიდესი მომავალი ექნება თუ რაიმე არ შეიცვალა. ლუიჯი დამაჯარებელია კარის ხაზზე, კარგი გამოსვლებზე და ჩინებული შესაძლებლობები აქვს. მან არაერთი დიდებული სეივი განახორციელა და ნამდვილად დაიმსახურა დიდი კლუბების ყურადღება. ზეპეს ჯერ ყველაფერი წინ აქვს და ვნახოთ როგორ განვითარდება მისი კარიერა, ის შესაძლოა იტალიის ნაკრებშიც განიხილონ ჯიჯი ბუფონის შემცვლელად.

 

და ბოლოს, კვლავ ტურინის „იუვენტუსის“ ქომაგები უნდა გავახაროთ, ამ გუნდმა უკვე ორი აღმოჩენა დაიმატა: პაოლო დიბალა და დანიელე რუგანი. 20 წლის იტალიელი ცენტრალური მცველი „ბიანკონერის“ აღზრდილია და ბოლო ორი სეზონი „ემპოლის“ რიგებში ჩაატარა. არსებობდა პაოლო მალდინი, რომელიც ყველა შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას ახალგაზრდობაში და აგერ არის რუგანი, რომელმაც 19-20 წლების ასაკში, 78 თამაში ჩაატარა შეუცვლელად, აქედან 38 სერია ა-ს ამ სეზონში. რუგანი უბრალოდ ჩინებული დამცველია, საკმაოდ ძლიერი და დამაჯერებელი. ის მაღალია, მეორე სართულზე უნიკალურად მოქმედებს და სამი გოლიც გაიტანა ამ სეზონში, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რუგანის არ უშლის ხელის სიმაღლე, შესაძლოა სწრაფი არ არის, მაგრამ გრძელი ფეხებით ყველა ბურთზე ასწრებს და ძალიან რთულია მისი გაცურება. დანიელე საოცარი მებრძოლია და აქვს ზუსტი პირველი პასი, ანუ მასში არის რაღაც კიელინური და რაღაც ბონეჩური, ამიტომ „იუვე“ უდავოდ შეივსება რუგანის მისვლით და ალგერის დიდებული დაცვა ეყოლება, უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანი. თავისმხრივ, რუგანი ბევრ რამეს ისწავლის გამოცდილი პარტნიორებისგან და ეცდება განვითარებას, ის მხოლოდ 20 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს.

 


სეზონის იმედგაცრუება

ამდენი პოზიტივის შემდეგ, მოვიდა დრო ვისაუბროთ სეზონის იმედგაცრუებაზე, რომლისგანაც ამ სეზონში გაბრწყინებას მოელოდნენ. 23 წლის მატია დესტრომ, 2013/14 წლების სეზონში, 20 მატჩი ჩაატარ და 13 გოლი გაიტანა, თანაც რომ არა ტრავმა, არავინ იცის კიდევ რამდენი ბურთის შეგდებას მოახერხებდა. დესტრომ ფანტასტიკური თამაში აჩვენა 2013 წლის დეკემბრიდან მოყოლებული და „რომას“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა, მის მიერ გატანილმა მნიშვნელოვანმა გოლებმა არაერთი გამარჯვება მოუტანა რუდი გარსიას გუნდს და რომაული კლუბის ქომაგებს იმედები ჩაესახათ, რომ „იმპერატორს“ ღირსეული შემცვლელი ეყოლებოდა. მატია საკმაოდ საინტერესო თავდამსხმელია, ფიზიკურად ძლიერი, კარგად გრნოძბს თავს საჯარიმოში და მის გარეთაც შეუძლია კარგად მოქმედებები. დესტროს ერთადერთი პრობლემა სტაბილურობა იყო, რომელიც თითქოს მოაგვარა გასულ სეზონში, მაგრამ კვლავ იჩინა თავი ამჯერად. მაშინ, როდესაც მისგან ძალიან დიდ წარმატებას მოელოდნენ, დესტრომ ჩააგდო კამპანია. შესაძლოა მან ხუთი გოლი გაიტანა, მაშინ, როდესაც მხოლოდ რვა შეხვედრა დაიწყო ძირითადში, მაგრამ იმედები აშკარად ვერ გაამართლა. მატიამ „რომას“ მაისურით ფაქტიურად ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა პირველ წრეში, მაგრამ იმის გამო რომ ვერ ითამაშო სათანადო დონეზე, ზაფხულში გუნდმა გაანათხოვრა „მილანში“, სადაც დესტრომ 15 თამაშში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ყველაზე მთავარი „რომას“ კარში შეგდებული გადამწყვეტი ბურთია, როგორც ჩანს 24 წლის იტალიელს კიდევ ერთი შანსი სჭირდება, რომელიც წესით უნდა მიიღოს, მაგრამ 2014/15 სეზონი მან დაკარგა, დროა მატია დესტრომ დაამტკიცოს რამდენად არის იტალიური ფეხბურთის იმედი და ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელი.

პროგრესირებადი დაწუნებულები
სერია ა-ს ეს სეზონი იმ მხრივაც იყო გამორჩეული, რომ არაერთი მივიწყებული სახე კვლავ გამოჩნდა და დაგვანახა საკუთარი თავი ახალი კუთხით, ახალ გარემოში. ფეხბურთელი არასოდეს უნდა დანებდეს და იბრძოლოს, გამოიყენოს თითოეული შანსი, რომელსაც მიიღეს, ახლა სწორედ იმ ხალხზე ვისაუბრებთ, რომელთაც კარგად გამოიყენეს შანსი და კვლავ გაგვახსენეს თავი.

 

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი, 26 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი მაპუ იანგა-მბივაა, რომელმაც მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. მაპუს ყველა კარგად იცნობს „მონეპელიედან“, ის საჩემპიონო, ისტორიული გუნდის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ „ნიუკასლში“ ფუჭად გაატარა ორი სეზონი, რადგან შანსი უბრალოდ არ ეძლეოდა. 2014 წლის ზაფხულში კი, „რომას“ კონკურენციის ასამაღლებლად დასჭირდა ფრანგი და იჯარით აიყვანა. თუმცა, კასტანის ტრავმის შემდეგ, იანგა-მბივამ ასტორის არყოფნით ისარგებლა და ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რუდი გარსიას გული მოიგო და მონალასთან ერთად ნამდვილი კედელი შექმნა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დავიდე ასტორიც კარგი დამცველია, მაპუს ზოგჯერ უწევდა სათადარიგოდან დაწყება, მაგრამ მაინც დიდებულად გამოიყურებოდა. გარდა დაცვითი მოქმედებებისა, რომლის გამოც „რომამ“ ზამთარშივე გამოისყიდა მისი კონტრაქტი, მან სეზონის გოლი გაუტანა „ლაციოს“, როდესაც გუნდს 2:1 მოაგებინა რომაული დერბი და „მგლებმა“ ოფიციალურად გაიფორმეს მეორე ადგილი. „ნიუკასლისგან“ დაწუნებული მაპუ იანგა-მბივა იტალიის ვიცე-ჩემპიონი და სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდა.

 

ის, რომ პრემიერ ლიგა საკმაოდ რთული ჩემპიონატია, ყველამ კარგად ვიცით და კვლავ ნისლიან ალბიონზე დაწუნებულ ფეხბურთელზე გვიწევს საუბარი. საქმე ეხება 23 წლის ეგვიპტელ თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს, რომელიც ლონდონის „ჩელსიმ“ 2014 წლის ზამთარში შეიძინა 13,2 მილიონ ევროდ, მაგრამ მოჰამედი უბრალოდ ზედმეტი იყო სტემფორდ ბრიჯზე. მან მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა 2014/15 წლების სეზონის პირველ წრეში და ზამთარში დატოვა „ჩელსი“, რითიც „ფიორენტინამ“ ისარგებლა და უფასოდ დაიმატა ეგვიპტელი. მისი დებიუტი ძირითად შემადგენლობაში, 23-ე ტურში შედგა, „სასუოლოსთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში. მოჰამედმა შესანიშნავად ითამაშა, გახსნა ანგარიში და საგოლე პასიც გააკეთა - პირველი შთაბეჭილდება მალევე მოახდინა. მომდევნო ტურში სალაჰმა „ტორინოს“ გაუტანა და შემდეგ მილანის „ინტერთან“ მოაგებინა „იებს“, პარალელურად ევროპის ლიგაზე ბრწყინავდა და ფლორენციული კლუბის ახალი ლიდერი გახდა. ვინჩენცო მონტელაც არ მოელოდა ამას, სალაჰი ძალიან მოუხდო „ფიორენტინას“ სწრაფ ფეხბურთს, საკუთარი ტექნიკის, კარგი დრიბლინგის და ჩინებული დარტყმის ხარჯზე, თანაც კარგი ხედვა აქვს და გამოზომილი პასი, სალაჰი ჩინებული ფეხბურთელია, რომელმაც 16 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და კარგად მოერგო ახალ გარემოს, სალაჰმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა საკუთარი პოტენციალი და ვნახოთ როგორ გააგრძელებს არტემიო ფრანკიზე.

 

ეს „ჯენოას“ ახალი ლიდერი, 25 წლის იაგო ფალკე გახლავთ, რომელმაც მემგონი იპოვა საკუთარი კლუბი. საკმაოდ ტექნიკურ ესპანელს „ბარსელონას“ სკოლა აქვს გამოვლილი, რის შემდეგაც ტურინის „იუვენტუსში“ ჩაირიცხა და სულ იჯარით იყო სხვადასხვა გუნდებში, 2012 წელს „ტოტენჰემმა“ გადაიბირა, მაგრამ ისიც ანათხოვრებდა. 2013/14 წლების სეზონი, იაგომ „რაიო ვალეკანოში“ ჩაატარა და მეორე წრე საკმაოდ კარგად ჩაატარა, მაგრამ ვაით ჰართ ლეინი მაინც დატოვა. თუმცა, ის სიამოვნებით დაიმატა გენუურმა კლუბმა და სწორადაც მოიქცა. ფალკეს თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ზამთრიდან მოყოლებული „ჯენოას“ უცვლელი წევრია და შესანიშნავად მოქმედებს შეტევის მარჯვენა ფრთაზე. ფალკეს კარგი ტექნიკა აქვს, ჩინებული მოჭრილი დარტყმა და რაც მთავარია გუნდზე მუშაობს, არაერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თავად დაიწყო ან განავითარა. გარდა ამისა, მშვენიერი დარტყმის წყალობით, ფალკემ 13 ბურთი გაიტანა, რაც შესანიშნავი შედეგია, თანაც აქედან ძალიან ბევრი იყო ლამაზი. გარდა ამისა, სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და პეროტის იდეალურად შეეწყო, ამ ორი მოთამაშის სახით, „ჯენოას“ სერიოზული პლიუსი აქვს, იაგო ფალკემ დაამტკიცა, რომ შეუძლია სერია ა-ში კარგად თამაში, არადა არც „იუვენტუსი“, არც „ტოტენჰემი“ არ აძლევდა შანსს.

 

ეს 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ყველასათვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა. მაქსი ლოპესი „ბარსელონას“ სკოლა გამოვლილია, ლა ლიგაც მოგებული აქვს, მაგრამ იტალიური ფეხბურთის ქომეგები უკეთ იცნობენ, რადგან 2009 წლიდან მოყოლებული სერია ა-ს მოთამაშეა და ალამაზებს კალჩიოს. „კატანიადან“ წასვლის შემდეგ, მას არსად წაუვიდა თამაში, 2014 წელს ის „კიევომ“ გადაიბირა, მაგრამ ვერც ვერონულ კლუბში მოიკიდა ფეხი. მაქსი ლოპესმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა 13 შეხვედრაში, მაგრამ მოვიდა ზამთარი და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა „ტორინოს“, რომელსაც სჭირდებოდა გამოცდილი ცხრიანი. მისი დებიუტი ფანტასტიკური გამოდგა: შეცვლაზე შესულმა მაქსიმ გადამწყვეტი გოლი გაუტანა „ჩეზენას“ ბოლო წუთებზე და სამი ქულა მოუპოვა გუნდს, მომდევნო შეხვედრაშიც შეცვლაზე შევიდა და ამჯერად საგოლე პასი გაუკეთა მორეტის, რომელმაც ბოლო წამებზე მოაგებინა „ტორინოს“ მილანის „ინტერთან“. არგენტინელმა დაახლოებით ერთი თვე სკამზე გაატარა, შემდეგ კი ვენტურამ დააწინაურა ძირითად შემადგენლობაში. მაქსი შესანიშნავად შეთამაშდა ფაბიო კვალიარელასთან და ბოლოსწინა ტურში, სიმბოლურად დუბლი გაიფორმა „კიევოს“ წინააღმდეგ, მისმა გუნდმა კი 2:0 იმარჯვა, მაქსიმ ვერონელებს დაუმტკიცა, რომ ღირდა არ გაეშვათ. 16 მატჩში გატანილი რვა გოლით და გაკეთებული ორი საგოლე გადაცემით, ლოპესმა გაგვახსენა თავი. მაქსის გამოცდილება აქვს, ტექნიკა აქვს, ერთადერთი სტაბილურობა სჭირდება და უფრო მეტი ეფექტურება, ლოპესის სახით „ტორინომ“ კარგი ცხრიანი დაიმატა და ვნახოთ როგორ გააგრძელებს 31 წლის არგენტინელი.

 

ამ ადამიანმა კი ნამდვილი სასწაული მოახდინა და მაშინ, როდესაც აღარავის ჰქონდა მისი იმედი, უცბად ყველას შეეცვალა პოზიცია, საუბარი „მილანის“ ქომაგებს ეხებათ. სან სიროზე წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ინძაგიმ ერთ შეხვედრაში გაიყვანა საპონარა და 2015 წლის ზამთარში, რიკარდო დაბრუნდა იქ, სადაც ყველაზე მეტად უყვართ და სადაც ყველაზე უკეთ გამოსდის თამაში. „ემპოლიმ“ 23 წლის იტალიელი დიდი სიამოვნებით მიიღო, მაგრამ მაურისიო სარიმ ის გამთამაშებლის პოზიციაზე გაამწესა, მაკარონე-პუკარელის დუეტის უკან. საპონარა თავიდანვე ბრწყინვალედ ათამაშდა, კარგად ამარაგებდა ვეტერანებს და თავად შვიდი გოლი გაიტანა 17 შეხვედრაში, რაც უბრალოდ დიდებული მაჩვენებელია. საპონარამ საკმაოდ კარგი აზროვნება გამოავლინა, მას იდეალური ხედვა აქვს, კარგად აფასებს სიტუაციას და მშვენიერი პასებით უკეთებს ორგანიზებას შეტევას. რიკარდო კარგად კომბინირებს და თავადაც შეუძლია შეტევების დაგვირგვინება, გამოჩნდა, რომ ამ ბიჭს შეუძლია იყოს ნამდვილი ფლეიმეიქერი და ვნახოთ რა გამოუვა „მილანში“, იტალიურ გრანდს სჭირდება ასეთი საპონარა, რომელიც დაეხმარება „როსონერის“ ძველი დიდების დაბრუნებაში. გარდა ამისა, საპონარა უნივერსალია და საყრდენადაც შეუძლია თამაში, მისი პოტენციალი და საფეხბურთო ინტელექტი, „მილანმა“ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

სეზონის „ბებერი მგლები“
ალბათ ყველა მიხვდა, რომ საკმაოდ სასიამოვნო ნაწილს მივადექით, როდესაც კიდევ ერთხელ შევაქებთ და გავიხსენებთ უბრალოდ „უბერებელი შემოქმედების“ ფანტასტიკურ თამაშს. ასეთები სერია ა-ში მრავლად იყვნენ. როდესაც უყურებ მათ, ხვდები, რომ ასაკი ვერაფერს დააკლებს ოსტატობას.

 

ეს ალბათ „სეზონის სელფია“, რომელიც „რომის იმპერატორმა“ დიდებული რომაული დერბის შემდეგ გადაიღო, როდესაც ორი ფანტასტიკური გოლით, მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს და იხსნა პრინციპულ შეხვედრაში მარცხისგან. ჩესკომ ვერ ჩაატარა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი, მაგრამ 38 წლის თავდამსხმელისთვის რვა გოლი არ არის ცუდი შედეგი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, ჩესკო ყველაფერს აკეთებდა და იბრძოდა ისე, როგორც 20 წლის თამაშს მოწყურებული, მოტივირებული ბიჭუნა. თუმცა, „გული არ ბერდებაო“ ნათქვამია ცხოვრებაში და ფეხბურთი ხომ ცალკე „სულიერი სამყაროა“, სადაც ხალხი ბურთით სუნთქვას. ამ ოჯახის ერთ-ერთი ღირსეული და დიდი წარმომადგენელია ფრანჩესკო ტოტი, რომელიც აგრძელებს ჩვენს გახარებას საკუთარი ოსტატობით. ის, რაც 38 წლის ჩესკომ გააკეთა რომაულ დერბიში, არავის დაავიწყდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ „იმპერატორს“ მაინც ეტყობა ასაკი, მაინც.

 

ამ ადამიანის დანახვაზე, როგორც წესი, ფეხბურთის ნებისმიერი ქომაგი პოზიტიურ ხასიათზე დგება და სურს, რომ „ლაციოს“ თამაში რაც შეიძლება მალე მოვიდეს. პროფესიონალიზმის, ბრძოლისუნარიანობის, შრომისმოყვარეობის, ადამიანობის - ნამდვილი მაგალითი მიროსლავ კლოზე, რომელმაც გასულ წელს აიხდინა ოცნება: გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, 36 წლის კაცმა მეტი რა უნდა ინატრო? მოიგო ყველაფერი, შეხვედი ისტორიაში და მოვიდა ფულის კეთების დრო...მაგრამ არა, კლოზემ ეს არ გააკეთა, დარჩა „ლაციოში“ და ამ გუნდის ისტორიულ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 34 შეხვედრაში, მირომ 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ეს უნიკალური მიღწევაა. გერმანელები გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით, მაგრამ კლოზე გამორჩეულთა შორის გამორჩეული. ამ ადამიანს არ აქვს განსაკუთრებული ტექნიკა, დარტყმა, დრიბლინგი და ა.შ, მაგრამ უყვარს ფეხბურთი, ბურთი და სიამოვნებას იღებს, როდესაც მინდორზე გადის და მილიონობით ქომაგი აპლოდისმენტებით ხვდება. ასეთ დროს, შენ გამოგდის ყველაფერი და რაც მთავარია კლოზე საოცრად შედეგიანია, 37 წლის ასაკშიც ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს და რაც მთავარია შავ სამუშაოსაც კი ასრულებს, არაერთხელ ყოფილა ეპიზოდი, როდესაც კლოზე სიღრმისკენ ჩაწეულიყო და ართემვაზე ეთამაშა, ეს უბრალოდ არანორმალურია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მიროსლავ კლოზე ლეგენდაა, ნამდვილად სამაგალითო ფეხბურთელი, რომელიც აუცილებლად დარჩება „ლაციოში“ მინიმუმ ერთი სეზონი მაინც.

 

ლუკა ტონი - ადამიანი უბრალოდ კარგი ფეხბურთელი, რომელსაც არასოდეს ჰქონაი სუპერფეხბურთელის სტატუსი, მაგრამ ნამდვილად არავის დაავიწყდება მისი უნიკალური თამაშები და ჯერჯერობით ეს ორი სეზონი „ვერონაში“: 2013/14 – 20 გოლი და ახლა - 22 გოლი, რომ არა იკარდის საოცარი პოკერი, ტონი გახდებოდა სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი 37 წლის ასაკში, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. ლუკამ ფენომენალური თამაში აჩვენა და დაამტკიცა, რომ კიდევ ერთი სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარება შეუძლია, ამიტომ გაახანგრძლივა კონტრაქტი ვერონულ კლუბთან. 37 წლის ტონიმ არამხოლოდ თავით გაიტანა გოლები, არამედ შორეული დარტყმებით, ჩინებული შესრულებით და აგრეთვე მიიღო მონაწილეობა საგოლე კომბინაციებში. ტონი არ არის მხოლოდ საჯარიმოს ცხრიანი კლოზეს მსგავსად, ის „ვერონას“ ნამდვილი ლიდერია ჰალფრედსონთან ერთად და ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია - უკვე 38 წლის, 193 სანტიმეტრის იტალიელი თავდამსხმელი ფეხით ბრწყინვალედ მოქმედებდა და არაერთ გრანდს გაუტანა, არაერთი გოლი. ვნახოთ როგორ დაასრულებს კარიერას ლუკა ტონი, ეს ორი სეზონი ნამდვილად დაუვიწყარი გამოვიდა.

 

ამ ჩინებულ თავდამსხმელს, იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი კარგად იცნობს და ძალიან უყვართ, რადგან მასიმო მაკარონემ არაერთი ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა იტალიის უმაღლეს დივიზიონში და ასეთი გამოვიდა 2014/15 წლების კამპანიაც. „ემპოლისთან“ ერთად, მაკარონემ ფანტასტიკურად ითამაშა და 34 შეხვედრაში ათი გოლის გატანა მოახერხა. მასიმომ ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენა, მიუხედავად ასაკისა, მან გაალამაზა სერია ა-ს ეს სეზონი და არაერთი ლამაზი ბურთი თუ ეპიზოდი აჩუქა. მაკარონე ყოველთვის გამოირჩეოდა საინტერესო ტექნიკით და ბურთის ფლობის დახვეწილი მანერით, რისი წყალობითაც „ემპოლის“ თამაშის ორგანიზებაშიც ეხმარებოდა. 35 წლის მაკარონეც ერთი-ერთი გამორჩეულია და იმედია ასე გააგრძელებს.

 

ბოლოსთვის ყველაზე ტკბილი ლუკმა შემოვინახეთ, თანამედროვე იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო და პატივსაცემი ფეხბურთელი - ანტონიო, იგივე ტოტო დი ნატალე, ლეგენდა, რომელიც არავის არასოდეს დაავიწყდება, „უდინეზეს“ ქომაგები კი სავარაუდოდ თავისი ხელით დაუდგამენ ძეგლს ფრიულიზე. 37 წლის ანტონიო წასვლას აპირებდა ფეხბურთიდან, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა და ამ სეზონში 14 გატანილი გოლით სერია ა-ს ბომბარდირთა სიაში რობერტო ბაჯო ჩამოიტოვა, ტოტო ახლა მეექვსეა, თანაც ანტონიოს უნიკალური თამაში ძალიან დაეხმარა „უდინეზეს“, რომელმაც არც ისე კარგი თამაში აჩვენა სტრამაჩიონის ხელმძღვანელობით. თუმცა, დი ნატალე განსაკუთრებულია, 14 გოლის გარდა, მან შვიდი საგოლე პასი გააკეთა, ის „უდინეზეს“ ნამდვილ ტვინია, კაპიტანი, ლიდერი და ყველაფერი, ქომაგები მას აღმერთებენ. ანტონიოს დიდებული ინტელექტით კიდევ ერთხელ დავტკბით, ის გრძნობს ფეხბურთს და უყვარს, რასაც აკეთებს, ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ ერთხელ დარჩება დიდ ფეხბურთში და „უდინეზეს“ გულშემატკივრებს სამმაგად გაახარებს.


სეზონის ქართველი

ეს კი ნამდვილად ყველაზე სასიამოვნოა ნაწილია, რომელსაც იმედი მაქვს, ყველა დიდი სიამოვნებით წაიკითხავს, რადგან სამწუხაროდ, ქართველ ქომაგებს, ხშირად არ გვიწევს წარმატებაზე საუბარი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უზომოდ ამაყები და გახარებულები ვართ 25 წლის ლევან მჭედლიძის წარმატებით, რომელმაც არაერთხელ გაგვახარა „ემპოლის“ ქომაგებთან ერთად. ის მაურისიო სარის ერთ-ერთი მთავარი ჯოკერი იყო და 25 მატჩი ჩაატარა სერია ა-ში, მაგრამ მხოლოდ ექვსი სასტარტოდან. პირველი გოლი, ლევანმა 22 მარტს გაუტანა „სასუოლოს“, თანაც ეს მინდორზე შესვლიდან 13 წამში გააკეთა, რაც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში აბსოლიტური რეკორდია, ასე სწრაფად არავის გაუტანია ერთი შეხებით ეგრეთვე სკამიდან. მაისის თვეში კი, მჭედლიძემ „ფიორენტინას“ გაუტანა შესანიშნავი გოლი და ბოლო ტურში, მილანის „ინტერის“ კარი ორჯერ აიღო სან სიროზე. მისი ასეთი თამაში რათქმაუნდა დამაიმედებელია, ლევანს კარგი საგოლე ალღო აქვს, ფიზიკურად ძლიერია, შრომისმოყვარე, მოძრავი და ტექნიკურიც, მას ძალიან კარგი პოტენციალი აქვს და იმედია ეროვნულ ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს. დიდი ხანია ასეთ მაღალ დონეზე, არ გვინახავს ქართველის ასეთი კარგი გამოსვლა, ლევანმა უდავოდ დაგვამახსოვრა თავი არამხოლოდ ქართული ფეხბურთის ქომაგს და იმედია „ემპოლი“ კვლავ მისცემს შანსს, ის ჩვენი იმედია და აუცილებლად დავუჭერთ მხარს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავდასხმაში ასეთი პრობლემებია, ლევანი სჭირდება ქართულ ფეხბურთს.



სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

ეს მემგონი არ არის საკამათო თემა - რაღათქმაუნდა 49 წლის სტეფანო პიოლი, რომელმაც ფანტასტიკური „ლაციო“ შექმნა. როდესაც პიოლიმ ჩაიბარა რომაული კლუბი, თქვა რომ გუნდი ითამაშებდა შემტევ ფეხბურთს და ეცდებოდა ქომაგების მაქსიმალურად გახარებას. სტეფანომ პირობა შეასრულა, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა. „ლაციოს“ ფაქტიურად ახალი გუნდი ჰყავდა, რომელიც პიოლიმ იდეალურად შეკრა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გაიყვანა, რაც უდიდესი წარმატებაა „ცისფრებისთვის“, მათ 2008 წლის შემდეგ არ უთამაშიათ ჩემპიონთა ლიგაზე. პიოლი ჭკვიანი სპეციალისტი, რაც არაერთხელ დაამტკიცა, მან არამხოლოდ შემტევი ფეხბურთის მიმდევარი გუნდი შექმნა, არამედ ტაქტიკურად საკმაოდ განსწავლული და ორგანიზებული, რომელიც ფაქტიურად ყველა პოზიციაზე იდეალურად არის დაბალანსებული. პიოლი თავად არის „ლაციოს“ ლიდერი და ძალიან კარგად ხელმძღვანელობს რომაულ კლუბს. რთულია „ლაციოს“ ამბიციურ პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოსთან ურთიერობა, მაგრამ სტეფანოს ეს გამოუვიდა და კიდევ ორი სეზონი დარჩება სტადიო ოლიმპიკოზე. პიოლიმ ჩინებულად აათამაშა დე ვრეი, პაროლო, ჯორჯევიჩი და ანდერსონი, რითიც დაამტკიცა საკუთარი სიძლიერე. 49 წლის იტალიელ სპეციალისტს სწორი ხედვა აქვს და იმედია კლუბის ხელმძღვანელობა სრულ ნდობას გამოუცხადებს, როგორც ტრანსფერების განხორციელებისას, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს. სტეფანო პიოლის „ლაციო“ სეზონის მთავარი აღმოჩენა, სანახაობა გახდა და ვნახოთ როგორ გაგრძელდება პიოლის კარიერა რომში, სადაც მილიონობით ქომაგის სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

სერია ა-ს ეს სეზონი გამორჩეული და საინტერესო გამოვიდა, იმედია იტალიური ფეხბურთი კიდევ განვითარდება და უახლოეს მომავალში დაუბრუნდება თავის პოზიციებს. ახლა კი გთავაზობთ სეზონის სიმბოლურ და ახალგაზრდულ ნაკრებებს.

ჯიჯი ბუფონი („იუვენტუსი“/იტალია) - სტეფან ლიხშტაინერი („იუვენტუსი“/შვეიცარია), ლეონარდო ბონუჩი („იუვენტუსი“/იტალია), შტეფან დე ვრეი („ლაციო“/ჰოლანდია), მატეო დარმიანი („ტორინო“/იტალია) - ანდრეა ბერტოლაჩი („ჯენოა“/იტალია), მარკო პაროლო („ლაციო“/იტალია), კლაუდიო მარკიზიო („იუვენტუსი“/იტალია) - ფელიპე ანდერსონი („ლაციო“/ბრაზილია), კარლოს ტევესი („იუვენტუსი“/არგენტინა), დომენიკო ბერარდი („სასუოლო“/იტალია).

ლუიჯი ზეპე (24 წლის, „ემპოლი“/იტალია) - ელსიდ ჰისაი (21 წლის, „ემპოლი“/ალბანეთი), დანიელე რუგანი (20 წლის, „ემპოლი“/იტალია), ანდრეა რომანიოლი (20 წლის, „სამპდორია“/იტალია), აჩრაფ ლაზაარი (23 წლის, „პალერმო“/მაროკო) - გრეგორი დეფრელი (23 წლის, „ჩეზენა“/საფრანგეთი), პედრო ობიანგი (23 წლის, „სამპდორია“/ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (21 წლის, „ინტერი“/ხორვატია), მანოლო გაბიადინი (23 წლის, „ნაპოლი“/იტალია) - პაოლო დიბალა (21 წლის, „პალერმო“/არგენტინა), მაურო იკარდი (22 წლის, „ინტერი“/არგენტინა).

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434382999_italy-league.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi