FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლაშა დვალიშვილი: სუპერთასის მასპინძლობა თბილისს ორი კვირით ადრეც შეეძლება

19-06-2015
0 კომენტარი

11 აგვისტომდე ბევრიც არაფერი დარჩა. 53 დღეში მთელი სამყაროს ყურადღება ევროპის საფეხბურთო დედაქალაქ თბილისისკენ იქნება...
სუპერთასისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. შესაბამისად, დღეიდან ჩვენც უფრო აქტიურად ვიწყებთ იმ გაკეთებული თუ გასაკეთებელი საქმეების გაშუქებას, რომელიც თბილისისთვის, ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად საქართველოსთვის განსაკუთრებულ მოვლენას _ ევროპის სუპერთასის მასპინძლობას ეხება. 


ჩვენი თამაში სუპერთასისთვის მზადების პროცესზე მომავალი კვირიდან უკვე  რეგულარულად მოგითხრობთ უშუალოდ იმ სამსახურების შესახებ, რომელებიც საგანგებოდ სუპერთასისთვის შეიქმნა. 


სუპერთასი 2015 - თვის მიძღვნილი ,,ჩვენი თამაშის” ახალი რუბრიკის პირველი სტუმარი სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა დვალიშვილი გახლავთ, ვინც უეფას წარმომადგენლები გუშინ გააცილა.    ჩვენი საუბარი სწორედ სტუმრების ვიზიტის თემით დაიწყო...


ახლა სწორედ აეროპორტიდან მოვდივარ. უეფას წარმომადგენლელთა ის ბოლო ჯგუფი გავაცილე, რომლებმაც 11 აგვისტომდე თბილისში ბოლო ინსპექტირება ჩაატარა _ გვითხრა ლაშა დვალიშვილმა, _ ოთხი დღე იმყოფებოდნენ სტუმრები უეფადან, რომლებმაც დაათვალიერეს თბილისის აეროპორტი, დინამო-არენა, სასტუმროები, ქალაქის ინფრასტრუქტურა... ისინი კმაყოფილები წავიდნენ, თუმცა, ცხადია, გარკვეული შენიშვნები მაინც ექნებათ, რომლებსაც ხვალ-ზეგ უეფადან უკვე რაპორტების სახით გვაცნობებენ. გამგზავრებმდე ისინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს ერთხელაც შეხვდნენ. მათ სუპერთასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხი დეტალურად მიმოიხილეს. უეფას წარმომადგენელებმა ფედერაციის ხელმძღვანელთა მხრიდან ყველა მოთხოვნაზე დადებითი პასუხი მიიღეს. უეფას ემისრებთან ერთად რამდენიმე დღე თბილისში სუპერთასის მონაწილე კლუბების _ ბარსელონასა და სევილიას წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს სტადიონი, სავარჯიშო მოედნები, სასტუმროები... ნანახით ისინიც კმაყოფილები დარჩნენ და ახლა თუ რაიმე მოთხოვნა ექნებათ, ფეხბურთის ფედერაციისგან მათზე მიმაგრებული ჩვენი თანამშრომლების საშუალებით შეგვატყობინებენ. ჯერ მათ არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ წამოუყენებიათ...

მოდი თავიდან დავიწყოთ და ის გვითხარი, სუპერთასის ჩატარებისთვის მზადება ფეხბურთის ფედერაციამ როდის დაიწყო?

მზადება ფაქტობრივად იმ დღესვე დავიწყეთ, როცა გამოცხადდა, რომ სუპერთასი 2015-ის მასპინძელი ქალაქი თბილისი იქნებოდა. სადღეისოდ კი მოსამზადებელი სამუშაოების 70-75 პროცენტი უკვე გაკეთებულია. ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიდის, გეგმის მიხედვით, თბილისი სუპერთასის მატჩამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე იქნება მზად. 

ამ ეტაპე ყველაზე პრობლემური რომელი სამუშაოა?

საქმეში დიდი შეფერხება არ არის, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენც ამასწინდელმა სტიქიურმა უბედურებამ შეგვიქმნა. საქმე ისაა, რომ დინამო-არენაზე სამუშაოებს თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ასრულებს. ამ ფონდის თანამშრომლები კი, ისევე როგორც ყველა, ამჟამად მთლიანად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზეა გადართული. 

მასპინძლობა აეროპორტიდან იწყება. სტუმართა მიღება-გაცილების ამბავი უკვე მოგვარებულია?

მოდი ასე გეტყვი, ყველა იმ სტრუქტურასთან, რომელიც სუპერთასის მატჩის ჩატარებაშია ჩართული, ხელშეკრულებაა გაფორმებული. ზოგადად, უეფა, კონკრეტული საქმის კეთებას მხოლოდ ხელმოწერილი და დამოწმებული დოკუმენტაციის მიღების შემდეგ იწყებს. ასეა ამ შემთხვევაშიც. რამდენიმე თვის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, თბილისის მერიასა და დინამო-არენას შორის თანამშრომლობის თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებაში კი ცალკე დანართი აეროპორტთან თანამშრომლობას ეხება. აეროპორტს, პირველ ყოვლისა, სტუმართა უსაფრთხოებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. აეროპორტმა ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი სამოძრაო ზოლი მაინც უნდა გაათავისუფლოს და მხოლოდ სუპერთასის სტუმრებისთვის დამხვედრ ტრანსპორტს დაუთმოს. ერთ ზოლზე მხოლოდ სუპერთასის მომსახურე ტრანსოპრტი იქნება ჩამწკრივებული. ჩამოსულებს დარბაზში სტიუარდები დახვდებიან, რომლებმაც სტუმრები უნდა დააკვალიანონ, ხოლო აეროპორტის ხელმძღვანელობამ საქმის ზუსტად საკეთებლად მოხალისეებს ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს. ასევე კარგი იქნება, თუკი აეროპორტი სტუმრებს გამარტივებული წესებით მიიღებს, გააცილებს და აუცილებელი პროცედურებისთვის ნაკლებ დროს დააკარგვინებს. 

ტრანსპორტი ახსნე, რაც მასპინძლობისას ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

დაახლოებით 60 ავტობუსი მხოლოდ გუნდები ქომაგების მომსახურეობისთვის დაგვჭირდება და ისინი აეროპორტში სწორედ იმ ცალკე გამოყოფილ ზოლში განლაგდებიან, რომელიც უკვე ვახსენე. გარდა ამისა, ოფიციალურ პირებსა და სხვა სტუმრებს უეფა ნისანის მანქანებითა და მინივენებით უზრუნველჰყოფს. უეფას პარტნიორი სწორედ ნისანი გახლავთ. სპეციალურად სუპერთასისთვის ნისანის მანქანებს თბილისში უეფა ჩამოიყვანს.

ფან-ზონები სად მოეწყობა?

ჯერ ის ვთქვათ, რომ ფან-ზონებამდე, სასტუმროებამდე, აეროპორტამდე და სტადიონამდე მისასვლელად სტუმრებს გადაადგილებას ყოველ ნაბიჯზე მ განთავსებული ფირნიშებით გავუიოლებთ. სტუმრებს ქალაქში მოძრაობის პრობლემა არ შეექმნებათ და სწორედ ფირნიშების დახმარებით, მარტივად შეძლებენ სასურველ ადგილამდე მისვლას. რაც შეეხება ფან-ზონებს, ბარსელონას ჩამოსული თუ ადგილობრივი ფანობა მეიდანზე შეიკრიბება, სევილისას მხარდამჭერები _ ვერის პარკში. ფან-ზონებში გაიხსნება კაფე-ბარები, დამონტჟდება მონიტორები, სადაც უყურებენ კიდეც მატჩს უბილეთო  ქომაგები... მონიტორები და გასართობი ადგილები ასევე ქალაქის სხვადასხვა უბანში განლაგდება. ჩვენი საზრუნავი იქნება, რომ ბარსელონასა და სევილიას ქომაგები ერთმანეთს მაქსიმალურად დავაშოროთ და ავერიდოთ მათ პირისპირ შეხვედრას. ამიტომაც, სტადიონზე იქნება თუ აეროპორტში, მათ სხავადსხვა დროს და სხვადასხვა გზით მივიყვათ. სხვათა შორის, ორივე გუნდი თბილისში 9 აგვისტოს ჩამოდის და ალბათ, იმავე დღეს გვეწვევა ქომაგთა დიდი ნაწილი. ორივე გუნდის ქომაგებზე დაახლოებით 3-3 ათასი ბილეთია გამოყოფილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გუნდებს მეტი ქომაგი არ ჩამოჰყვება. ზოგიერთს ბილეთი კლუბიდან არ შეხვდება და თბილისში მოიწადინებს შოვნას. გარდა ამისა, ბარსელონასა და სევილიას ესპანეთს გარეთაც მრავლად ქომაგობენ. უკვე ვიცი, რომ სუპერთასზე დასასწრებად მეზობელი ქვეყნებიდან ბევრი ქომაგი აპირებს ჩამოსვლას. 

მრავლად საპატიო სტუმარს ელით?

მათი რაოდენობა და ვინაობა ჯერ არ ვიცით. თუმცა, ცხადია, თბილისში იქნებიან უეფას მაღალჩინოსნები, საფეხბურთო ფედერაციების ჩინოსნები, ვეტერანი ფეხბურთელები, ცნობადი სახეები... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით 200 კაცზე სუპერთასის ოფიციალური სადილი ფუნიკულიორზე გაიმართება.  

ქომაგებისა და ტრანსპორტის შემდეგ სტადიონს მივადექით...

დინამო-არენაზე სარემონტო სამუშაოებს, როგორც უკვე აღვნიშნე, თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი აწარმოებს. უკვე შეცვლილია ტაბლო; დამონტაჟებულია ტურნიკეტები, რომლებმაც გერმანიასთან შესარჩევი  მატჩისას ტესტი წარმატებით ჩააბარეს; მთლიანად შეიცვალა გახმოვანების სისტემა; უეფას მითითება იყო, რომ შეგვეცვალა 98 პროჟექტორი, თუმცა უფრო შორს წავედით და განათების სისტემაც მთლიანად შევცვალეთ; ასევე უეფას მოთხოვნით, სტადიონზე გაიზარდა ინტერნეტის სიჩქარე; სადღეისოდ სტადიონზე ახალი გენერატორებისა და ტრიბუნაზე ახალი ლურჯ-თეთრი სკამების მონტაჟი მიმდინარეობს... სტადიონზე უკვე მოეწყო უეფას სამი ოფისი, მალე სადაც არის იმავე ადგილას გარემონტდება და უკეთ მოეწყობა პრეს-ცენტრი. პრეს-ლოჟა იქვე დარჩება, სადაც ახლაა, ოღონდ დაემატება მაგიდები და იქაურობა მთლიანად გადაიხურება. კომენტატორების სამუშაო ადგილები მეორე იარუსზე მოეწყობა. სხვათა შორის, მატჩზე დამსწრე ჟურნალისტებისთვის სააკრედიტაციო ცენტრი სტადიონთან ახლოს, მუსკომედიის შენობაში განთავსდება. 

უსაფრთხოების გარანტიების გარეშე კი ამ ყველაფერის კეთებას აზრი დაეკარგება... 

ცხდია, უსაფრთხოებას უდიდეს ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა კი დაცვის რა სახეს გამოვიყენებთ, ბოლომდე ჩამოყალიბებულები ჯერ კიდევ არ ვართ. ერთი ნაღდია, რომ უსაფრთხოება ყველა მიმართულებით გაძლირებული იქნება. დაახლოებით 600-მდე სტიუარდი დაგვჭირდება, დაცვის სხვა თანმაშრომელთა  რაოდენობას კიდევ ვაზუსტებთ. ყველა დეტალზე ვფიქრობთ, არ გვსურს რაიმე გამოგვრჩეს. საგანგებოდ უსაფრთხოებისთვის უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურებსაც გამოვიყენებთ, მათი რამდენიმე ათეული გამოცდილი წარმომადგენელი თბილისში მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა... ცხადია, უსაფრთხოებისთან დაკავშირებული ყველა საკითხიც უეფასთან ერთად განიხილება. 

რომელი კომპანია უზრუნველჰყოფს სუპერთასის რეპორტაჟს?

ტელევიზიის წარმომადგენლები, დაახლოებით 35 კაცი, მომავალ კვირას გვესტუმრებიან და მათთან შეხვედრების შემდეგ საბოლოოდ გვეცოდინება, რომელი კომპანია იკისრებს მატჩის ცენტრალიზებულ რეპორტაჟს, ვინ იქნება რეჟისორი და ოპერატორები, სად განლაგდება კამერები... ერთი ცხადია, რომ სუპერთასის რეპორტაჟში მაქსიმალურად იქნება დატვირთული საზოგადოებრივი მაუწყებელი.

დაბოლოს, როგორი იქნება სუპერთასის მატჩი გახსნის ცერემონიალი?

მასშტაბური, მაგრამ მოკლე. გახსნა სულ 5-7 წუთს გაგრძელდება. გასნის სცენარს, ჩვენი შეთავაზებით უეფა დაამტკიცებს. ცხადია, ცერემონიალი ეროვნული მოტივების გათვალისწინებით ჩატარდება... დანაჩენს კი ახლა ვერ გეტყვით და ვერც რეჟისორის ვინაობას გაგიმხელთ. 

მაშ ასე: უეფამ სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ინსპექტირება დაასულა, ჩვენმა თამაშმა კი დაიწყო... მომავალი კვირიდან მომავალ სუპერთასზე კიდევ ბევრს შეიტყობთ...

 

 

gff.ge
კობა ინასარიძე 

https://fci.ge/uploads/posts/2015-06/1434727495_dvalishvili.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi