FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჩემპიონთა ლიგა: C ჯგუფის პრევიუ

3-11-2015
0 კომენტარი

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი და იმედია საინტერესო მეოთხე ტური გველოდება. დღეს ნაადრევი თამაში ასტანაში გაიმართება, სადაც მადრიდის "ატლეტიკო" ჩავა და ეცდება საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტაროს ყაზახებს. ამ ჯგუფის მეორე თამაში კიდევ უფრო საინტერესოა, რომელიც ლისაბონში გაიმართება დიდებულ არენაზე.

 

ასტანა Vs ატლეტიკო

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, IV ტური

თარიღი: 19:00 საათი, 3 ნოემბერი

სტადიონი: ასტანა არენა, ასტანა

მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: Silk სპორტ HD1

 

ჩემპიონთა ლიგის წინა თამაშების დროს, ყაზახური კლუბი ყურადღების ცენტრში იყო ერთი საკმაოდ უცნაური და გაუმართლებელი ფაქტის გამო. "ასტანას" მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა სამშობლოში დატოვა ექვსი წამყვანი მოთამაშე და ვისენტე კალდერონზე გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. პირველ რიგში, ეს არის უპატივცემულობა ტურნირისადმი, მეორე მხრივ კი, ბულგარელმა სპეციალისტმა შესაძლოა ზოგიერთი ფეხბურთელის ოცნება მოკლა, რადგან "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მადრიდში თამაში ამ კლუბისთვის ნამდვილად არ არის ფუფუნება, ეს იქნება ცხოვრებისეული შანსი ალბათ მთელი გუნდისთვის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი მოახლოვებული მატჩი იყო ყაზახეთის პრემიერ ლიგაში ლიდერის წინააღმდეგ. "ასტანამ" მოახერხა სტუმრად "კაირატის" დამარცხება 1:0, შემდეგ კიდევ ორი თამაში მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში და ახლა, ერთი ტურით ადრე პირველ ადგილზეა და კონკურენტს ერთი ქულით უსწრებს. კვირას, "ასტანას" ელოდება ბოლო ტურის თამაში, მესამეადგილოსან "აკტობესთან", რომელსაც პრინციპში ყველაფერი განაღდებული აქვს, მაგრამ საინტერესოა ამჯერად თუ დაასვენებს ლიდერებს სტოილოვი. არადა, "გალათასარაისთან" პირველი ქულა მოიპოვა გუნდმა, საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა და მადრიდში 0:4 განადგურდა. ალბათ ლიდერები რომც ყოფილიყვნენ მაინც განადგურდებოდნენ, მაგრამ "ასტანამ" საკმაოდ დიდი ჩრდილი დაიდო ამ ქმედებით. დღეისთვის გუნდს მხოლოდ დისკვალიფიკაცირებული პატრიკ წუმასი დააკლდება.

 

"ასტანასთან" მარტივი გამარჯვების შემდეგ, "როხიბლანკომ" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში და შინ 2:1 დაამარცხა "ვალენსია" ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ჯექსონ მარტინესმა ორივე შეხვედრაში გაიტანა გოლი, მაგრამ "ღამურების" წინააღმდეგ საუკეთესო იანიკ ფერეირა–კარასკო იყო, რომელიც იდეალურ ფორმაში შევიდა. პარასკევს, "ატლეტიოკომ" მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა პრიმერაში და "დეპორტივოსთან" დაკარგა ქულები რიასორზე – 1:1. იმ შეხვედრაში ცოტათი არ გაუმართლა დიეგო სიმეონეს გუნდს, მაგრამ არაუშავს. ახლა, მადრიდული კლუბი ეცდება, რომ მოიპოვოს მორიგი გამარჯვება ყაზახებთან და გადადგას საკმაოდ დიდი ნაბიჯი ფლეი–ოფისკენ. "ატლეტიკოს" მხოლოდ ლუსიანო ვიეტო დააკლდება. არგენტინელმა ფორვარდმა ვარჯიშები აღადგინა, მაგრამ არ გაჰყვა გუნდს ასტანაში. სავარაუდოდ, არგენტინელი სპეციალისტი როტაციას მიმართავს და დაასვენებს რამდენიმე ლიდერს, განსაკუთრებით დაცვის ხაზში.

 

"ატლეტიკო" უდავო ფავორიტია და სავარაუდოდ მოიპოვებს მარტივ სამ ქულას.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ასტანა: ერიჩი – ილიჩი, ანიჩიჩი, პოსტნიკოვი, შომკო – მუჟიკოვი, კანიასი, ჟუკოვი – ძოლჩიევი, ნუსერბაიევი, კეტევომა.

 

ატლეტიკო: ობლაკი – ხესუს გამესი, სავიჩი, გოდინი, სიკეირა – კარასკო, გაბი, კოკე, საულ ნიგესი – გრიზმანი, ფ.ტორესი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბუნებრივია, რომ მადრიდის "ატლეტიკო" პირველად ესტუმრება ყაზახეთს.
  • საკუთარ მოედანზე, "ასტანას" ჯერჯერობით არცერთი მატჩი არ წაუგია ამ ტურნირზე: სამი მოგება საკვალიფიკაციო ეტაპზე და ფრე "გალასთან".
  • "ასტანა" აქამდე ერთადერთხელ დაუპირისპირდა ესპანურ კლუბს. ეს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა გასულ სეზონში, როდესაც "ვილიარეალმა" გასვლაზე 3:0 და შინ 4:0 იმარჯვა.
  • "ატლეტიკო" პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ და ეცდება, რომ კვლავ გადალახოს ეს ბარიერი.
  • გასულ სეზონში, დიეგო სიმეონეს გუნდმა სტუმრად მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე და სამი წააგო.

 

წინასამატჩო კომენტარები:

სტანიმირ სტოილოვი: "დიახ, "ატლეტიკო" ფავორიტია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საკმაოდ დიდი და დამღლელია გმზავრობა მადრიდიდან აქ, რადგან თავად უკვე ვიყავით ლისაბონსა და მადრიდში, ამიტომ კარგად ვიცით. 

 

შესაძლოა, ცივმა ამინდმა რაღაც პრობლემები შეუქმნას "ატლეტიკოს". სტადიონის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი გულშემატკივრებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე".

 

დიეგო სიმეონე: ""ასტანაში" ის მომწონს, რომ ისინი თამაშობენ გუნდურად და კარგად იციან ტაქტიკურად რას აკეთებენ მინდორზე. როდესაც ბავშვები ვიყავით ფეხბურთს ეზოში ვთამაშობდით და მნიშვნელობა არ ჰქონდა წვიმდა, თოვდა თუ სეტყვა იყო. შესაბამისად, არამგონია გაგვიჭირდეს განსხვავებული ჰავის მორგება".

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ბენფიკა Vs გალათასარაი

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, IV ტური

თარიღი: 23:45 საათი, 3 ნოემბერი

სტადიონი: და ლუჟი, ლისაბონი

მთავარი მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: 

 

ლისაბონური გრანდის საქმეები მიმდინარე სეზონში არც ისე სახარბიელოდ მიდის. გარდა იმისა, რომ წავიდა ჟორჟე ჟეზუსი, ტრადიციულად დაკარგა გუნდმა ლიდერები და მოვიდნენ შედარებით ასაკოვანი ფორვარდები ჟონასისა და კოსტას მიტღორლუს სახით, რომელთაც ბოლო პერიოდი კარიერაში ჩაუვარდათ. თუმცა, "ბენფიკას" ჰყავს არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ნიკოლას გაიტანი, რომელიც უნიკალურ ფორმაშია. ნიკომ სტამბოლშიც გაუტანა "გალას" დებიუტში, მაგრამ ის თამაში პორტუგალიელებმა ჩააგდეს და საბოლოოდ დამარცხდნენ. ახლა, "ბენფიკა" არ არის კარგ ფორმაში, გუნდმა ერთი კვირის წინ წააგო დერბი "სპორტინგთან" საკუთარ მოედანზე, თანაც გამანადგურებელი ანგარიშით – 0:3. ამას მოჰყვა უკვე "ტონდელას" განადგურება გასვლაზე 4:0, მაგრამ ეს მარტივი საქმეა "არწივებისათვის". პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში, რუი ვიტორიას გუნდი მეხუთე ადგილზეა 15 ქულით, მაგრამ ერთი თამაში აქვს რეზერვში. ასე, რომ ჯერ მაინც ყველაფერი წინ არის და ვნახოთ, იქნებ მოახერხოს ამ ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ მონდომებულმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა სიტუაციის გამოსწორება. ამ მხრივ, დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. "ბენფიკა" ექვსი ქულით ჯგუფის თანალიდერია "ატლეტიკოსთან" ერთად და თუ დღეს მოიგებს ფაქტიურად გაინაღდებს ფლეი–ოფის საგზურს, პროგრამა მინიმუმი კი – არწაგებაა. მოკლედ, ლისაბონური კლუბი კომფორტულ სიტუაციაშია, მაგრამ "გალათასარაისთან" ხუმრობა არ შეიძლება, მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღებაა საჭირო. გუნდს ნუნო სანტოსი, სემედო ვერ ეხმარებიან ტრავმების გამო, სამარისი კი დისკვალიფიკაცირებულია.

 

"გალათასარაი" ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება და "ბენფიკასთან" მოპოვებულმა გამარჯვება, ფსიქოლოგიურადაც მოიყვანა აზრზე გუნდი. სტამბოლში, თურქებმა მშვენიერი ფეხბურთი აჩვენეს და დამსახურებულად მოიპოვეს სამი ქულა, რომელიც აუცილებელი იყო. ახლა, "გალას" ოთხი ქულა აქვს და ორით ჩამორჩება "ბენფიკას", ამიტომ პორტუგალიაში გამარჯვება იქნება იდეალური. თუმცა, ამის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჰამზა ჰამზაოუღლუს საკმაოდ სიმპათიური გუნდი ჰყავს, ლაღი და ორგანიზებული, რომელსაც შეუძლია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შედარებით მაღალი დონის გუნდებისთვის. "ბენფიკასთან" მატჩის შემდეგ, "გალამ" სუპერშეხვედრა ჩაატარა "ფენერბაჰჩესთან" და ფრედ 1:1 ითამაშა. გასულ უქმეებზე კი 4:0 გაანადგურა "ესქიშეჰირი" და კარგი განწყობა შეიქმნა. საოცარ ფორმაში შევიდა თურქების გმირი, გუნდის კაპიტანი და საყრდენი სელჩუკ ინანი, რომლისთვისაც ეს წელიწადი განსაკუთრებულია კარიერაში. "გალათასარაი" ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, ორი ქულით ჩამორჩება "ფენერს" და დღეს მაქსიმუმს დადებს. თუ მოიგებს ჰამზაოღლუს გუნდი ძალიან კარგი, თუ არადა – წყნარად გააგრძელებენ ბრძოლას მესამე ადგილისთვის და სუპერლიგაზეც უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებენ. გუნდს ჰამიტ ალტინტოფი და კაროლი აკლია. სამაგიეროდ, "გალას" დაუბრუნდა ცენტრალური თავდამსხმელი ბურაკ ილმაზი.

 

ლისაბონში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება. "ბენფიკა" უფრო სოლიდური გუნდია, მაგრამ ვნახოთ, თურქები ძალიან მებრძოლნი არიან.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბენფიკა: ჟულიო სეზარი – სილვიო, ჟარდელი, ლუიზაო, ელიზეუ – გუედეში, ანდრე ალმეიდა, პიცი, გაიტანი – ჟონასი, რაულ ხიმენესი.

 

გალათასარაი: მუსლერა – დინაიერი, ჩედჟუ, ბალთა, ადინი – კისა, ინანი – იოზტეკინი, სნეიდერი, პოდოლსკი – ილმაზი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "გალათასარაიმ" წინა ტურში ათმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა ევროპაში და 2:1 დაამარცხა შინ "ბენფიკა".
  • ეს გუნდები ერთმანეთს 2008/09 წლების ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ უეფას თასზე და ლისაბონში თურქებმა იმარჯვეს 2:0.
  • "ბენფიკა" ბოლოს, 2012/13 წლების ევროპის ლიგაზე შეხვდა თურქულ კლუბს, როდესაც "ფენერბაჰჩე" გამოაგდო ნახევარფინალიდან (0:1 გასვლაზე და 3:1 შინ).
  • ბოლო ოთხი თამაშიდან თურქების წინააღმდეგ, "გალამ" ოთხივე მოიგო, 16 გოლი გაიტანა და ერთადერთი გაუშვა. თუმცა, მანამდე ექვსი მატჩიდან ოთხი წააგო და ორი დაასრულა ფრედ.
  • ბოლო 14 საშინაო მატჩიდან ევროარენაზე, "ბენფიკამ" მხოლოდ ერთი წააგო (11მ, 2ფ).
  • "გალათასარაი" ბოლოს, 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა პორტუგალიურ კლუბს. "გალამ" "ბრაგას" 2:1 მოუგო სტუმრად, მაგრამ შინ წააგო 0:2.
  • "გალას" ზედიზედ ცხრა გასვლითი თამაში არ მოუგია ჩემპიონთა ლიგაზე (2ფ, 7წ).
  • "ბენფიკას" რიგებში ლუიზაო და მარიო ჟარდელი არიან დისკვალიფიკაციის ზღვარზე. "გალას" რიგებში კი – სელჩუკ ინანი და ბურაკ ილმაზი.

 

წინასამატჩო კომენტარები:

რუი ვიტორია: ""გალათასარაი" ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. ისინი კარგ ფორმაში არიან, თანაც საკმარისი გამოცდილება აქვთ. წავაგეთ თურქეთში, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. გასვლითმა შეხვედრამ უფრო მეტი რამ გვასწავლა მეტოქეზე. ვაფასებთ "გალათასარაის", მაგრამ გვჯერა, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. წინა თამაშმა ეს დაამტკიცა".

 

ჰამზა ჰამზაოღლუ: ""ბენფიკას" ჰყავს მოთამაშეები, რომელთაც თავად შეუძლიათ განსხვავების შექმნა. შეტევა მათი ყველაზე ძლიერი მხარეა, გუნდურად აკეთებენ ამას, მაგრამ დაცვაში აქვთ პრობლემები. ჩვენი მიზანი სულაც არ არის ფრე. "ბენფიკა" კარგი გუნდია, მაგრამ ამბიციები გვაქვს და გვინდა შემდეგ ეტაპზე გასვლა".

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი  5
2 ჰალკი ზენიტი 3 0
3 ვინსენტ აბუბაქარი პორტო 3 0
4 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 3 0
5 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი 3 0

 

https://fci.ge/uploads/posts/2015-11/1446531997_untitled.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi