FCI.ge
FCI.ge
პირესმა კარიერა დაასრულა |
ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტ პირესმა, 42 წლის ასაკში დაასრულა საფეხბურთო კარიერა.
"42 წლის ვარ, მოვიდა დრო, როდესაც უნდა გავჩერდე. უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს შეჩერდი, რათა მივცეთ შანსი უფრო ნიჭიერ ახალგაზრდებს", – აღნიშნა "Bein Sports"–თან საუბრისას რობერტმა.
პირესი "მეცის" აღზრდილია, შემდეგ თავი წარმოიჩინა მარსელის "ოლიმპიკში" და 2000 წელს არსენ ვენგერის "არსენალს" შეუერთა. ინგლისში მან ექვსი წელიწადი დაჰყო და ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული. გარდა ამისა, პირესმა სამჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ორჯერ ინგლისის სუპერთასი და 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა. მან "მეთოფეთა" მაისური სულ 189–ჯერ მოირგო და 62 გოლი გაიტანა.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი პირესმა 79 თამაში ჩაატარა და 14 გოლი შეაგდო. ის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ჩემპიონია.
ლეგენდარული ფრანგის ბოლო კლუბი ინდური "გოა" გახლდათ, სადაც მხოლოდ ნახევარი წელი გაატარა. "არსენალიდან" წამოსვლის შემდეგ პირესმა "ვილიარეალში" გაატარა კარგი წლები და შემდეგ ერთი სეზონით დაბრუნდა ინგლისში, სადაც "ასტონ ვილას" ეხმარებოდა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.