FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ბარსელონამ და ბაიერნმა მინიმალური გამარჯვებები მოიპოვეს

6-04-2016
0 კომენტარი

როგორც მოსალოდნელი იყო, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა სწორედ დღეიდან დაიწყო. ეს მეოთხედფინალური ეტაპია, სადაც ფავორიტები არ არსებობენ და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. დღეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ თავისმხრივ საინტერესო მატჩი გაიმართა. მიუნხენში თანაბარი ორთაბრძოლა იყო, კატალონიაში – არათანაბარი; მიუნხენში ნაკლებად იგრძნობოდა მსაჯის გავლენა, კატალონიაში – იგრძნობოდა; მიუნხენში მშვიდი მატჩი იყო, კატალონიაში კი – ნამდვილი ომი...

 

დღევანდელი დღის მთავარი აფიშა უდავოდ ესპანური დერბი იყო, რომელიც 2013/14 წლების მსგავსად განმეორდა სწორედ მეოთხედფინალურ ეტაპზე. "ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" მარცხის შემდეგ მიიღო მადრიდის "ატლეტიკო" და საოცრად მოტივირებული იყო. ლუის ენრიკემ არანაერი სიურპრიზები არ შემოგვთავაზა, "ბარსა" მინდორზე აბსოლუტურად მოსალოდნელი თერთმეტეულით გავიდა. რაც შეეხება "ატლეტიკოს", დიეგო სიმეონემ გასულ უქმეებზე გამოსცადა ახალი, საკმაოდ თამამი ტაქტიკა და აშკარა იყო, რომ "ატლეტიკო" სავსებით სწორი მიზნით ჩავიდა კამპ ნოუზე – გოლის გასატანად. მადრიდელებმა 4–3–1–2 სქემით დაიწყეს, შეტეავაში გრიზმანი–კარასკო–ტორესის ტრიოთი, სადაც გამოკვეთილი არ იყო გამთამაშებელი. ხოსე მარია ხიმენესისა და სტეფან სავიჩის ტრავმების გამო, დაცვის ცენტრში დიეგო გოდინს 20 წლის ფრანგი ლუკას ერნანდესი შეუწყვილდა და ეს ალბათ სიმეონეს მთავარი პრობლემა იყო, მაგრამ აქვე ღირს იმის აღნიშვნა, რომ ერნანდესმა ნამდვილად ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა.

 

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და "ატლეტიკომ" თავიდანვე მიმართა ტრადიციულ პრესინგს, მაგრამ დაცვაში არ ჩამჯდარა. დიეგო სიმეონეს გუნდმა სწორედ ისეთი სტილი აირჩია, როგორიც ლა ლიგაში კამპ ნოუზე გამართულ შეხვედრაში. გუნდებმა ჯერ შორეული დარტყმები გაცვალეს მეისასა და გრიზმანის შესრულებით, შემდეგ კი მომენტები ნელ–ნელა გამწვავდა. პირველი რეალური ხიფათი სტუმართა კართან შეიქმნა, როდესაც დანი ალვეშის ჩაწოდების შემდეგ ნეიმარის თავური მცირედით გადაცდა იან ობლაკის კარს. შეხვედრის 25–ე წუთზე კი "ბარსას" დაცვის ხაზი მარტივად ჩავარდა და ამით იდეალურად ისარგებლეს მადრიდელებმა. მარტივი კომბინაციის შედეგად, კოკემ იდეალური პასით გაიყვანა ფერნანდო ტორესი დასარტყმელ პოზიციაზე, რომელმაც ფეხებს შა გაუძვრინა ტერ შტეგენს და 15–ე შეხვედრაში კატალონიური გრანდის წინააღმდეგ მე–11 გოლი გაიტანა. ერთი შეხვედვით, ელ ნინიო კეთილად დაბრუნდა კამპ ნოუზე. ამ მომენტიდან დაახლოებით ხუთ წუთში იმავე ტორესმა საოცარი პასი გაჭრა და ანტუან გრიზმანი შეუშვა საჯარიმოში. ფრანგს ხორდი ალბა უშლიდა ხელს და რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვარდნაში მაინც დაარტყა და თანაც ძალიან სახიფათოდ, მაგრამ საოცარი ნახტომის წყალობით ტერ შტეგენმა იხსნა თავისი გუნდი სრული კატასტროფისგან. ამავდროულად, ყვითელ ბარათ მიღებული ფერნანდო ბევრს უხეშობდა, ერთ–ერთ ეპიზოდში იდაყვის მოუქნია მეტოქეს და საბოლოოდ მიიღო ის, რასაც ეძებდა: 35–ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში ფეხებში ჩაარტყა სერხიო ბუსკეცს და ფელიქს ბრიხმა ამდენი აღარ აპატია – ნანდოს გასახდელისკენ მიუთითეს და სიმეონე სასოწარკვეთილი აღმოჩნდა. ათკაციანმა "როხიბლანკომ" პირველ ტაიმში გაძლო. დიდებული თამაში აჩვენა კოკემ პირველ ნახევარში და აბსოლუტურად უშეცდომო იყო დიეგო გოდინიც, მაგრამ თავის მხრივ, ძალიან პასიურები იყვნენ "ბარსას" შემტევები, ერთადერთი ანდრეს ინიესტა დაძვრებოდა სულ ძალიან ენერგიულად და მონდომებულად.

 

მეორე ნახევარიც ძალიან კარგად დაიწყო და "ატლეტიკომ" პირველი ხუთი წუთი შეტევაში გაატარა, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. მადრიდელებს ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ "ბარსა" სრულიად ჩაერთო თამაშში. ჯერ ლიონელ მესის ჰქონდა მაკრატელით გატანის მცდელობა, მოგვიანებით კი ნეიმარმა ულამაზესი მოძრაობით გაარტყა ბურთი ხარიხას. კატალონიური კლუბი კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლა და როგორც მოსალოდნელი იყო, "ატლეტიკო" მთელი გუნდით ჩაჯდა დაცვაში. კიდევ ორი კარგი მომენტი ჰქონდა ნეის, როდესაც ჯერ რაკიტიჩის მშვენიერი პასის შემდეგ ურტყამდა, მაგრამ ობლაკმა აიღო, მოგვიანებით კი შორიდან დაარტყა მახვილგონივრულად და ძალიან ცოტა დააკლდა. იყო მესის მომენტიც, როდესაც ობლაკმა მოახერხა რეაგირება და საბოლოოდ "ბარსამ" მიზანს მიაღწია. ლეომ მოიგო სივრცე და მარჯვინვ გადააწოდა საჯარიმოში შემორბენილ დანი ალვეშს, რომელმაც ჩააწოდა მარცხნივ, იქ ალბამ დაარტყა, ბურთი მიუვიდა სუარესს და ურუგვაელმა ცარიელ კარში შეაგდო – 1:1, "ელ პისტოლერომ" გაისროლა! "ბარსელონამ" გააგრძელა შეტევები, სიმეონე კი სულ უფრო და უფრო უკან ხევდა გუნდს, მაგრამ "ბლაუგრანა" ძალიან სწრაფად და ეფექტურად მოქმედებდა. საოცარი მატჩი ჩაატარა ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა, გენიალური იყო ინიესტა, ძალიან აქტიური ნეიმარი და სუარესი უბრალოდ აგვირგვინებდა. რაც შეეხება მესის, არგენტინელი დაკავებული იყო შეტევების წამოწყებით, მაგრამ ხშირად წესბის დარღვევით თუ სუფთად აჩერებდნენ. ლუისმა პირველი გოლიდან ათ წუთში მორიგი ბურთი შეაგდო კვლავ ლამაზი კომბინაციის შედეგად და მას საგოლე პასი ალვეშმა გაუკეთა. "როხიბლანკომ" მაინც მოახერხა გონს მოსვლა და ბოლო 10–15 წუთი შედარებით ამოისუნთქა. ტომას პარტეისა და ანხელ კორეას გამოსვლის შემდეგ "ატლეტიკოს" ჰქონდა რაღაც მცდელობები, მაგრამ მეტი არაფერი..."ბარსელონამაც" ვეღარ მოახერხა მეტი და საბოლოოდ დასჯერდა მინიმალურ გამარჯვებას, რომელიც აბსოლუტურად მისაღები უნდა იყოს სტუმართათვის. უნიკალური თამაში ჩაატარა "როხიბლანკოს" საოცარმა ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა, რომელიც ოფლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა და უმცირესობაში დარჩენილ გუნდს საოცარ დახმარებას უწევდა. დაეწყო გამოუცდელობა ლუკას ერნანდესს და უჩვეულოდ ბევრი პოზიციური შეცდომა დაუშვეს განაპირა მცველებმა, მაგრამ ფელიპე ლუისი მთლიანობაში, სამაგალითოდ მოქმედებდა. ასეა თუ ისეა ინტრიგა დარჩა და ვნახოთ რას მოახერხებს დიეგო სიმეონე ვისენტე კალდერონზე.

 

სამწუხაროდ, გერმანელმა არბიტრმა, ფელიქს ბრიხმა, დატოვა რამდენიმე სერიოზული კითხვის ნიშანი და პირველ რიგში, ეს ლუის სუარესის საქციელს ეხება, რომელმაც ორჯერ აიწყვიტა. ურუგვაელმა ჯერ ხუანფრანს მოუქნია ფეხი პირველ ტაიმში, შემდეგ კი ფელიპე ლუისს უთავაზა სახეში ხელი, საბოლოოდ კი მხოლოდ ყვითელ ბარათს დასჯერდა. თუმცა, მსაჯები ყველაფერს ნამდვილად ვერ დაინახავენ, მაგრამ ფერნანდო ტორესის შემთხვევაში, დანმანაშვე მხოლოდ "როხიბლანკოს" შემტევია, რომელიც გამოტოვებს საპასუხო მატჩს. 2:1 არის ანგარიში, რომელიც აძლევს უპირატესობას "ბარსელონას", მაგრამ სიმეონე რა თქმა უნდა, არ აპირებს მარტივად შეეგუოს ამ მარცხს. ლუის ენრიკემ კიდევ ერთხელ დაამარცხა არგენტინელი სპეციალისტი და ჩოლო ეცდება, რომ ერთ კვირაში გასცეს პასუხი ახალგაზრდა ესპანელ სპეციალისტს, რომელმაც ამ სეზონში სამივეჯერ 2:1 დაამარცხა "ატლეტიკო". მსაჯის სამუშაო შეფასების დროს უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ მან სულ 12 გაფრთხილება უჩვენა მოთამაშეებს, ამიტომ ნამდვილად არაა გასაკვირი თუ რაღაც მომენტში გაექცა თამაშის სადავეები. "ატლეტიკომ" კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ზედმეტი სიხისტე, რომელიც აუტანელ უხეშობაში გადადის და ნამდვილად არასასიამოვნო საცქერია.

 

 

მიუნხენში გაცილებით მშვიდი და თანაბარი მატჩი ვიხილეთ, რომელსაც ერთი შეხვედვით, აშკარა ფავორიტი ჰყავდა. "ბაიერნმა" ტურინის "იუვენტუსთან" დაუვიწყარი ქამბექის შემდეგ ლისაბონის "ბენფიკა" მიიღო. საკადრო პრობლემების გამო პეპ გვარდიოლამ ისევ კიმიხი–ალაბას დუეტი დააყენა დაცვის ცენტრში, საყრდენის პოზიციაზე კი ვიდალის გვერდით ტიაგო ალკანტარა გაამწესა და ეს იმის ნიშანი იყო, რომ "ბაეირნი" შეტევაში აპირებდა მთელი 90 წუთის გატარებას. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, უბრალოდ გუნდს არიენ რობენი ვერ ეხმარება. რაც შეეხება "ბენფიკას", რუი ვიტორიამ სრულიად მოსალოდნელი თერთმეტეული შეკრიბა, რომლებიც საოცარო მონდომებით გავიდნენ მინდორზე.

 

შეხვედრა ისე დაიწყო, რომ ალბათ ბევრმა იფიქრა ყველაფერი დღესვე დასრულდებაო. "ბაიერნი" გავარდა შეტევაში და უკვე მეორე წუთზე გახსნა ანგარიში. ხუან ბერნატის ჩაწოდების შემდეგ არტურო ვიდალმა ისარგებლა მცველების შეცდომით და იდეალური თავური შეაგდო – 1:0! "რეკორდმაისტერმა" გააგრძელა შეტევები და ლაღი თამაში, განსაკუთრებით აქტიური იყო მარცხენა ფრთა, საიდანაც ბერნატი და რიბერი ამწვავებდნენ. საოცარი მომენტი ჰქონდა ტომას მიულერს, რომელიც აბსოლუტურად მარტო იყო ტიაგოს ჩინებული ჩაგდების შემდეგ, გერმანელი სწორედ მოიქცა, რომ ეგრევე დაარტყა, მაგრამ არც ისე კარგად და მეკარე ედერსონმა მოიგერია ბურთი. ამას მოჰყვა მორიგი ხიფათი, უფროსწორედ ორიგინალურად გათამაშებული სტანდარტი. ტიაგომ ამჯერადაც მიულერს ჩაუგდო, მაგრამ გერმანელებს "ბენფიკას" ბრაზილიელმა მეკარემ აჯობა. ბოლო ხიფათი კი მიულერის ჩაწოდებას და ვიდალის თავურ დარტყმას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" გაიტანა სწრაფი გოლი, პორტუგალიელები არ გატყდნენ, ღირსეულად იდგნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. პირველ ნახევარში საუკეთესო იყო არტურო ვიდალი, რომელმაც გოლი გაიტანა და ბოლოს საკუთარი კვერცხების ფასად იხსნა "ბაიერნი" გაშვებული გოლისგან.

 

მეორე ტაიმში მიუნხენურმა გრანდმა საერთოდ მოუკლო და "ბენფიკამ" მოუმატა. "არწივები" უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ, რამაც გამოიღო შედეგი. ჯერ ჟონასს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, როდესაც ალაბა გააცურა საჯარიმოში და ერთი–ერთზე დარჩენილმა მანუელ ნოიერს ვეღარაფერი მოუხერხა. ძალიან მალე პორტუგალიურმა კლუბმა საოცარი ეპიზოდი შექმნა, როდესაც სტუმრები სამჯერ იყვნენ ვალდებულნი გაეტანათ გოლი. ანდრე ალმეიდამ კარგად იმოქმედა ფრთაზე, ჩააწოდა და დაიწყო ნამდვილი არეულობა "რეკორდმაისტერის" საჯარიმოში. ჯერ ჟონასმა დაარტყა და ხავი მარტინესმა აირო მკერდით, შემდეგ მიტროღლუმ დაამატა და ტიაგომ გამოიტანა, ბოლოს კი ისევ ჟონასმა მოიქნია გაბრაზებულმა ძლიერად ფეხი და ყვავებს გაუგზავნა ბურთი ზედა იარუსზე. გვარდიოლამ სიტუაციის გამოსასწორებლად მინდორზე კინგსლი კომანი შეუშვა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა ვერაფერი ვერ შემატა "ბაიერნს". ისევ ძველი, მაგრამ დიდებული ფრენკ რიბერი შრომობდა არანორმალურად და ერთი საოცარი მომენტიც შექმნა, როდესაც გაცდა ორ მცველს, მაგრამ ვერ გააცურა ედერსონი. ბოლოს "ბაიერნს" საუკეთესო მომენტი ჰქონდა. ვიდალმა ფენომენალური პასი გაუკეთა ლევანდოვსკის, რომელიც ფილიპ ლამთან ერთად დარჩა მეკარესთან, მაგრამ პოლონელმა კაპიტანს საშინელ პასი გაუკეთა და მომენტი დაიკარგა. საბოლოოდ, "ბაიერნმა" შეინარჩუნა ეს უპირატესობა და თამაშის დასრულების შემდეგ არცერთ მიუნხენელს სახეზე ღიმილი არ ჰქონდა, რადგან ეს იყო ძალიან სუსტი თამაში. "აინტრახტთან" შეხვედრის შემდეგ, ლევანდოვსკიმ აღნიშნა, რომ "ბაიერნს" ამ შეხვედრაში გაცილებით უკეთ უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და თავად პოლონელი საშინლად გამოიყურებოდა. ჩააგდო თამაში დუგლას კოსტამ, ტომას მიულერმა, კვლავ გაუგებარი შეცდომები დაუშვა ალაბამ. ქებას მხოლოდ 32 წლის რიბერი და არტურო ვიდალი იმსახურებენ მასპინძელთა რიგებში. ეს ჩილელი საყრდენი "ბაიერნის" მთავარი ხერხემელია, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩაჭრები განახორციელა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადამწყვეტი გოლი შეაგდო.

 

ლისაბონის "ბენფიკა" კი მხოლოდ ქების ღირსია. რუი ვიტორიას ძალიან ორგანიზებული და კარგი კოლექტივი ჰყავს, რომელმაც "ბაიერნს" ბევრი პრობლემა შეუქმნა და ნამდვილად დაამტკიცა, რომ დამსახურებულად მოხვდა მეოთხედფინალში. ძალიან ძლიერი თამაში აჩვენა შვედმა ცენტრალურმა მცველმა, ლინდელიოფმა, ბევრს შრომობდა ფეისა და უბრალოდ შეუდარებელი იყო ბერძენი ფორვარდი კოსტას მიტროღლუ, რომელმაც არანორმალური სამუშაო შეასრულა და დაღლილმა ნაადრევად დატოვა მინდორი. "არწივებმა" შეინარჩუნეს ამ დაპირისპირებას ინტრიგა და და ლუჟზე კიდევ უფრო დიდი მონდომებით ითამაშებენ თავისი დიდებული გულშემატკივრების თვალწინ.

 

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1459898326_2349565_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi