FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ატლეტიკომ ბარსელონა კვლავ შეაჩერა, ბაიერნმა კი საქმე ბოლომდე მიიყვანა

14-04-2016
1 კომენტარი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა! დღეს კიდევ ორი ფანტასტიკური თამაში გაიმართა და უკვე ცნობილია ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა. გუშინდელი საოცარი საღამოების შემდეგ დღეს კიდევ უფრო განსხვავებული თამაშები ვიხილეთ, საიდანაც ერთში მშვენიერი სანახაობა იყო, მეორეში კი საოცარი ინტრიგა და დაძაბულობა.

 

რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო მადრიდისკენ, სადაც ესპანური დერბის მეორე ნაწილი იმართებოდა. კამპ ნოუზე "როხიბლანკომ" ომახიანად დაიწყო, გაიტანა გოლიც, მაგრამ ფერნანდო ტორესის გაძევების შემდეგ ძალიან გაუჭირდა და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. თუმცა, კამპ ნოუზე პირველ ნახევარ საათში ნაჩვენები ფეხბურთი უდავოდ არ იყო შემთხვევითი, თანაც დიეგო სიმეონეს ახალი ტაქტიკა ჰქონდა მომზადებული. დღევანდელი შეხვედრისთვის "ბარსა" ოპტიმალური შემადგენლობით იყო და ლუის ენრიკეს თერთმეტეული არ შეუცვლია. რაც შეეხება "ატლეტიკოს", სიმეონეს კვლავ ახალგაზრდა ლუკას ერნანდესი დაყენება მოუწია დაცვის ცენტრში, ტორესის არყოფნაში კი ტაქტიკა 4–4–2 შეარჩია, ანტუან გრიზმანის გვერდით ბელგიელი იანიკ–ფერეირა კარასკო გაამწესა. 

 

"ატლეტიკომ" ენერგიულად დაიწყო და უკვე მესამე წუთზე შექმნა მომენტი, როდესაც მარჯვენა ფრთაზე იდეალურად გაისარჯნენ საულ ნიგესი და ხუანფრანი, რომლის ჩაწოდების შემდეგაც გაბის ჰქონდა კარგი პოზიცია, მაგრამ ცუდად დაარტყა. ამას მოჰყვა გრიზმანის სახიფათო თავური, მაგრამ დარტყმა არ იყო იმდენად სახიფათო, რამდენადაც ფრანგის პოზიცია, მაგრამ ანტუანმა ცოტათი იჩქარა. "როხიბლანკომ" ენერგიულად დაიწყო, მაგრამ ისე ვერა, როგორც ორი წლის წინ. აქტიური დასაწყისის შემდეგ კატალონიურმა გრანდმა დაიჭირა ბურთი და დაიწყო მისი ფლობა. "ბარსელონამ" უბრალოდ წაართვა ბურთი მეტოქეს და ცდილობდა პოზიციური შეტევების ორგანიზებას, მაგრამ მადრიდული კლუბი დიდებულად იდგა დაცვაში. ძალიან კარგად მოქმედებდნენ ნახევარდაცვის ცენრში აუგუსტო ფერნანდესი და გაბი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, "ატლეტიკო" იყენებდა ინტენსიურ პრესინგს, მაგრამ "ბარსა" მაინც ახეხებდა ბურთის გაკონტროლებას, მაგრამ მხოლოდ ეს იყო და ეს. საკმაოდ დიდი ხანი მომენტი არ შექმნილა, მაგრამ ლოდინი ღირდა...36–ე წუთზე კარგად იბრძოლა გაბიმ, ბურთი მიუვიდა საულ ნიგესს მარჯვენა ფრთაზე, რომელმაც ფანტასტიკურად ჩააწოდა ტერფის ზედა ნაწილით და საჯარიმოში მარტოდ დარჩენილმა გრიზმანმა თავით აუღებელი დაურტყა მარკ–ანდრე ტერ შტეგენს – 1:0! "ატლეტიკომ" პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაში აჩვენა, სრულიად გაანეიტრალა "ბარსას" შემტევი ტრიო და გაიტანა ულამაზესი გოლი, რომლის წყალობითაც მოიპოვა უპირატესობა.

 

შესვენების შემდეგ მადრიდულმა კლუბმა კვლავ ძალიან აქტიურად დაიწყო და ეგრევე შექმნა რამდენიმე ხიფათი "ბარსელონას" კართან, რაც მალევე დაგვირგვინდა რეალური საგოლე ეპიზოდით. კუთხურის შემდეგ გამოტანილი ბურთი აუგუსტო ფერნანდესმა თავით ჩააბრუნა საჯარიმოში, რომელიც საულმა ლამაზად გადაგზავნა კარისკენ, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. "ბარსელონამ" ნელ–ნელა გადაიტანა თამაში მეტოქის ნახევარზე, "ატლეტიკომაც" დაიწია უკან და დაიწყო "ბლაუგრანას" ტოტალური დომინაცია. თუმცა, ამით კინარამ ისარგებლეს მასპინძლებმა მომენტალურად, როდესაც საულის პასის შემდეგ ერთი–ერთზე გაიქცა გრიზმანი, მაგრამ ის კარგად შეავიწროვეს მასკერანომ და პიკემ, რის შედეგადაც ფრანგის დარტყმული სახიფათო არ გამოდგა. ლუის ენრიკემ სერხი რობერტო და არდა თურანი ჩართო თამაშში. თურქი ნახევარმცველი სტვენის ფონზე ძალიან კარგად მოქმედებდა, ახალი მუხტი შემატა გუნდს. "ბარსელონა" კი საკმაოდ დიდი ძალებით უტევდა და დაახლოებით 10 წუთი "ატლეტიკომ" სერიოული შეტევების ტალღა გადაიტანა, რომლის დროსაც იდეალური იყო ანდრეს ინიესტა. კატალონიელთა კაპიტანი მუდამ ეძებდა შეტევის განვითარების საუკეთესო გზებს და ერთხელაც სუარესს დაუგორა საჯარიმოში, რომელამც ფიზიკური ორთბრძოლა მოუგო ლუკას ერნანდესს, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა. იმავე სუარესს ჰქონდა კარგი ეპიზოდი, როდესაც არდას დარტყმის შემდეგ რამდენიმე რიკოშეტით მიუვიდა ბურთი, მაგრამ ვერ მოახერხა ხეირიანად ფეხის მოქნევა. გადამწყვეტი კი ფელიპე ლუისის სოლორეიდი გამოდგა, რომელმაც ჯერ ბურთი აართვა მეტოქეს, შემდეგ კედელი გაითამაშა კოკესთან, გადაკვეთა მოედნის ნახვარი, მოარტყუა მასკერანო, შევიდა საჯარიმოში და როდესაც პასს უკეთებდა პარტნიორს, ბურთი ხელით ჩაჭრა ინიესტამ. მატჩის მთავარმა არბიტრმა, ნიკოლა რიცოლიმ, ინიესტას ყვითელი უჩვენა და რა თქმა უნდა, მშვიდად დანიშნა პენალტი. ბურთთან მივიდა გრიზმანი და ლუისის შრომა დააფასა – 2:0, ვისენტე კალდერონი აფეთქდა და აღსანიშნავია ერთი რამ: იმის მაგივრად, რომ "ბარსელონას" მოთამაშეებს კარის ბადიდან მალე გამოეტანათ ბურთი და დაედოთ ცენტრში, ყველანი გაოგნებული მზერით ცაში იყურებოდნენ ლუის ენრიკეს ჩათვლით, როდესაც დრო იყო და მხოლოდ ერთი გოლი სჭირდებოდათ ბრძლის გასაგრძელებლად. დარჩენილ დროში სიმეონემ ცვლილელებით ყველას აუბნია გზა–კვალი, ვერავინ გაიგო თუ რამდენი წუთი დაამატა რიცოლიმ, მაგრამ ყველაზე საკამათო ეპიზოდი მოხდა დამატებით დრომდე. ინიესტას ჩაწოდების შემდეგ ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა "ატლეტიკოს" კაპიტან გაბის და მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. განმეორებაზე კი აშკარა იყო, რომ გაბის ბურთი საჯარიმოში მოხვდა ხელზე და უნდა დანიშნულიყო თერთმეტმეტრიანი. მიუხედავად ამისა, "ატლეტიკომ" ბოლომდე მიიყვანა საქმე, მესიმ ის სახიფათო ჯარიმაც გააცუდა და "ბარსელონა" დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას. ბოლო ათი წლის განმავლობას ეს გუნდი ამ ეტაპზე მხოლოდ ორჯერ დამარცხდა და აბა თუ გამოიცნობთ ვისთან, ორივეჯერ დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან", ბრავო ატლეტი აძური!

 

"როხიბლანკომ" აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და თამაშის გმირები დამცველები არიან დიეგო გოდინისა და ფელიპე ლუისის თამადობით. ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა საულ ნიგესმა, რომელმაც იდეალური საგოლე პასის გარდა ბევრი შესანიშნავი პასი გააკეთა და ძალიან სასარგებლო იყო დაცვაშიც. შეუდარებელი იყო "ატლეტიკოს" კაპიტანი გაბი, ბევრი იბრძოლა კარასკომ და გრიზმანმა ეს ყველაფერი ტაბლოზე ასახა – ფრანგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ გუნდის ნამდვილი ლიდერია შეტევაში. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ "როხიბლანკო" თამაშობს ანტიფეხბურთს, "ამახინჯებს" ფეხბურთს, ეს გუნდი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და პირადად დიეგო პაბლო სიმეონე – ადამიანი ქარიზმა, ადამიანი ემოცია, რომელიც უბრალოდ ვერ დაუშვებდა, რომ ზედიზედ მერვედ წაეგო ლუის ენრიკესთან. აშკარა იყო, რომ არგენტინელი სპეციალისტი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის. მან პირველი მატჩის წინ ჯერ კიდევ "ბეტისთან" შეხვედრაში სრულიად ახალი სქემა შეიმუშავა, რომლითაც კამპ ნოუზე იბრძოლა და სწორედ კატალონიაში გამართული 30 წუთი იყო ამ დიდი გამარჯვების საწინდარი. სიმეონემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფანტასტიკური გუნდი ჰყავს და ფეხბურთში მთავარი არ არის მოთამაშეების ინდივიდუალური კლუსია, მთავარი გუნდურობაა. რაც შეეხება ანტიფეხბურთს, "ატლეტიკოს" სათამაშო სტილი ნამდვილად არ არის მიმზიდველი, საკმაოდ ხისტი და ხშირად უხეშიც არის, მაგრამ ფეხბურთს ალბათ უფრო ამახინჯებს ის, რაც მეორე ტაიმში ლუის სუარესმა, მოგვიანებით კი ნეიმარმა გააკეთეს. ურუგვაელმა თანამემამულე დიეგო გოდინს ჩაულურჯა თვალი, ხოლო ნეიმარმა კიდევ უფრო აშკარად მიარტყა ფეხებში ხუანფრანს აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში. ეს იყო ნამდვილი დრამა, საოცარი ორთაბრძოლა, რომელსაც ჰყავს ღირსეული გამარჯვებული. "ბარსას" რიგებში ჩამქრალი იყო ტრიო, შიგა და შიგ ანათებდა ინიესტა, ვეტერანი ხავიერ მასკერანო კი ბრწყინავდა, რომელიც საუკეთესო იყო "ბარსას" შემადგენლობაში. რთულია ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება, რაც ერთი კვირის წინ არც ისე რთულად ეჩვენებოდა ბევრ "ბლაუგრანას" გულშემატკივარს, მაგრამ "ატლეტიკომ" ეს გუნდი უბრალოდ გაიარა.

 

ბოლოსკენ კი ნამდვილად ვერ გავექცევით მსაჯის ფაქტორს. ნიკოლა რიცოლი ყველასათვის კარგად ნაცნობი, საოცრად გამოცდილი არბიტრია, რომელიც ყოველთვის თავდაჯერებულია და ასე იყო დღევანდელ შეხვედრაშიც. პირველი საკამათო ეპიზოდი "ატლეტიკოს" საჯარიმოში შეიქმნა, როდესაც სუარესმა ჩაულურჯა თვალი გოდინს და მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, იმ ეპიზოდში რიცოლი ნამდვილად ვერ დაინახავდა ლუისის მოძრაობას, რომელიც ისედაც ორგვარ რეაქციას იწვევს, რადგან საეჭვოა რამდენად განძრახ ჩაარტყა მეტოქეს სუარესმა იდაყვი. მეორე საკამათო ეპიზოდი უკვე პენალტს ეხება და ალბათ ბევრი ელოდა ინიესტას გაძევებას, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ფაქტიურად დამკვიდრებულია ახალი და სავსებით სამართლიანი წესი: ბოლო იმედის ჯარიმა საჯარიმოში ისჯება ყვითელი ბარათით და შესაბამისად თერთმეტმეტრიანით. ზოგადად, ბოლ იმედის ჯარიმა ნიშნავს იმას, რომ წესების დამრღვევი მოწინააღმდეგეს ართმევს რეალურ საგოლე მომენტს, ხოლო როდესაც ეს საჯარიმოში ხდება, პენალტით ამ რეალური საგოლე ეპიზოდის კომპენსაცია ხდება, წითელი ბარათი კი უკვე ორმაგი სასჯელია. სწორედ ასეთი სიტუაცია იყო ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში, "პორტოსა" და "ბაიერნის" პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში და აგრეთვე გუშინ "პსჟ–სა" და "მან.სიტის" შეხვედრაში. ბოლო და საბედისწერო შეცდომა კი არდანიშნული პენალტია, მაგრამ "ბარსას" დონის გუნდი ამის იმედზე არ უნდა იყოს. მსაჯის შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომ თუ "ბლაუგრანას" გამარჯვება უნდოდა უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, ვიდრე ის 25 წუთიანი შეტევები ტალღა იყო მეორე ტაიმის მეორე ნაწილში. ნიკოლა რიცოლიმ საკმაოდ რთულ მისიას გაართვა თავი და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა!

 

 

 

მეორე შეხვედრაში შედარებით ნაკლები იყო ინტრიგა, მაგრამ ლისაბონის "ბენფიკამ" მიუნხენში შესანიშნავი თამაში აჩვენა და მხოლოდ 0:1 წააგო. მიუნხენის "ბაიერნი" კი კვლავ დიდი დანაკლისით შეხვდა საპასუხო თამაშს. უბრალოდ, მომჯობინდა ხავი მარტინესი და ის დადგა ჯოშუა კიმიხის გვერდით დაცვის ცენტრში. მარცხენა ფრთაზე გადავიდა დავიდ ალაბა, რომელმაც შეცვალა ხუან ბერნატი. მთავარი სიურპრიზი რობერტ ლევანდოვსკის სათადარიგო სკამზე დატოვება იყო, რაც ნამდვილად უცნაურია. პეპმა სამი საყრდენი დააყენა, ხოლო შეტევაში კოსტა–მიულერი–რიბერის ტრიო. პორტუგალიური კლუბი კი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს. გარდა ჟონასის დისკვალიფიკაცისაა, გასულ უქმეებზე ნიკოლას გაიტანმა და კოსტას მიტროღლუმ მიიღეს ტრავმები და ორივე მათგანი განაცხადს მიღმა დარჩა. რუი ვიტორიამ ერთი ცენტრალური ფორვარდით ითამაშა რაულ ხიმენესი სახით, ხოლო ნახევარდაცვაში ახალგაზრდა კარსელა–გონსალესი დააყენა. ალბათ თავადაც ხვდებით, რომ "ბენფიკას" შანსები სამი მთავარი შემტევის არყოფნამ კიდევ უფრო შეამცირა.

 

თამაში მოსალოდნელი სურთით დაიწყო. "ბაიერნმა" მოიპოვა ბურთი და დაიწყო მისი ტოტალური კონტროლი, ხოლო "ბენფიკა" ცდილობდა პრესინგის მეშვეობით შეეშალა ხელი გერმანელებისთვის. პირველი ხიფათი დაახლოებით მე–18 წუთზე შეიქმნა, როდესაც ფილიპ ლამის ჩაწოდების შემდეგ ტომას მიულერმა ვერ დაარტყა კარგად. "ბენფიკა" არ ჩაჯდა დაცვაში და ამისათვის დასაჩუქრდა. ელიზეუმ შესანიშნავი ჩაწოდება განახორციელა, რაულ ხიმენესი გაექცა მარტინესს და ისარგელა ნოიერის შეცდომით – 1:0, ინტრიგა დაბრუნდა თამაშში! მექსიკელმა ფორვარდმა თავისი მორიგი წარმატებული ქულა ჩაიწერა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ამ ეპიზოდში მთავარი იყო მანუელ ნოიერის აბსოლუტურად გაუგებარი გამოსვლა კარიდან, რასაც მოჰყვა ეს ბურთი. ამის შემდეგ ძალიან მალე ჰქონდა მორიგი რეალური შანსი ხიმენესს. იცის ჩაწოდების შემდეგ მარჯვენა ფლანგიდან, კიმიხი და ალონსო ბურთს ვერ მისწვნდნე, ის მიუვიდა ხიმენესს, რომელმაც ცუდად გააჩერა ბურთი და საბოლოოდ გაუშვა ხელიდან კარგი ეპიზოდი. "ბენფიკას" შეეძლო 2:0 წაეყვანა, მაგრამ მხოლოდ შეეძლო. "ბაიერნი" კი წავიდა წინ და პირველი დალაგებული შეტევა დააგვირგვინა. დუგლას კოსტამ იდეალური პასით შეუშვა საჯარიმოში ფილიპ ლამი, რომლის ჩაწოდებული ბურთი ედერსონმა გამოიტანა საჯარიმოდან, მაგრამ საჯარიმოს ხაზთან ბურთს არტურო ვიდალი დახვდა, რომელმაც ცარიელ კარში მარტივად ჩასვა – 1:1, ჩილელმა ლისაბონშიც გაუტანა "არწივებს". პირველი ტაიმის ბოლოს "ბაიერნმა" უფრო მოუმატა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ "ბენფიკას" მეორე ტაიმში ორი გოლი ჰქონდა გასატანი, აქტიურად მეორე ნახევარი სტუმრებმა დაიწყეს და მალე დაასრულეს ყველაფერი. ხაბი ალონსოს მიაერ ჩაწოდებულ კუთხურს ხავი მარტინესი გამოეხმაურა, რომელმაც დაუგდო ტომას მიულერს და გერმანელმა მარტივად დააწინაურა თავის გუნდი. პეპ გვარდიოლამ გაიახარა და დარწმუნდა, რომ საქმე გაკეთებულია. ამის შემდეგ ორი მშვენიერი მომენტი ჰქონდა დუგლას კოსტას, რომელსაც ჯერ აჯობა ედერსონმა, შემდეგ კი ბრაზილიელმა ბურთი ძელს გაარტყა. გერმანელები დამაჯერებლად აკონტროლებდნენ ბურთს და საკმაოდ კარგად კომბინირებდნენ. რუი ვიტორიამ ჩართო თამაშში ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი ტალისკა, რომელმაც ულამაზესი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. იმავე ტალისკას ჰქონდა კარგი შანსი ასევე საჯარიმოდან, მაგრამ ცოტათი ააცილა. გვარდიოლამ ბოლოს ჩართო თამაშში ლევანდოვსკი, მაგრამ პოლონელმა ვეღარაფერი მოასწრო. საბოლოოდ, 2:2 და საოცრად სანახაობრივი თამაში მიუნხენის "ბაიერნის" გამარჯვებით დასრულდა. პეპი კვლავ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

 

ლისაბონის "ბენფიკამ" ორივე თამაში ძალიან კარგად ჩაატარა, უბრალოდ "ბაიერნი" უფრო ძლიერი აღმოჩნდა. "არწივებმა" დაამტკიცეს, რომ სერიოზული გუნდი ჰყავთ და მათი ეს კამპანია უდავოდ წარმატებულია ჩემპიონთა ლიგაში. რუი ვიტორია კარგი სპეციალისტი ჩანს, რომელიც ახლა იზრუნებს, რომ გუნდმა მოიგოს პორტუგალიის ჩემპიონატი. რაც შეეხება "ბაიერნს", კვლავ პრობლემებია დაცვის ხაზში, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა გუნდის კაპიტანმა, ფილიპ ლამმა. ძალიან კარგები იყვნენ ცენრალური ნახევარმცველები, ისევ ბევრი იბრძოლა რიბერიმ, გაიტანა გოლი მიულერმა, დუგლას კოსტა კი შედარებით სუსტი იყო, მაგრამ ეს ალბათ იმის ფონზე, რომ გაცილებით უკეთ უთამაშია ამ სეზონში. ბრაზილიელმა შედარებით სუსტი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ლისაბონშიც გამოჩნდა მისი განსაკუთრებული პლიუსები. პეპ გვარდიოლას გუნდი ნამდვილად არ არის ოპტიალურ ფორმაში, მაგრამ ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა და თანაც ზედიზედ მეხუთედ.

 

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაშიც იყო ერთი საკამათო ეპიზოდი, რომელსაც მოჰყვა ტალისკას ულამაზესი გოლი. ხავი მარტინესმა უკნიდან წააქცია მეტოქე, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა და ეს მოხდა საჯარიმოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ესპანელმა მაინც ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, იმ ეპიზოდში, როგორც ჩანს, ბიორნ კუიპერსმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო ბლო იმედის ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ მსაჯები ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ ამ საკმაოდ გავრცელებულ საკითხზე, რომელიც ერთი შეხედვით, უკვე მოწესრიგებული ჩანს. 

 

 

ასეა თუ ისეა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი შედგა! ოთხივე დაპირისპირება საოცრად საინტერესო გამოვიდა და წინ მთავარი მატჩებია. 2015/16 წლების სეზონში ევროპის მთავარ ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება: "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "ბაიერნი" ან "ატლეტიკო".

https://fci.ge/uploads/posts/2016-04/1460502627_300844.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi