Fci.ge

იტალიის სერია ა: 29 აპრილის მატჩების პრევიუ


29-04-2015

იტალიის სერია ა: 29 აპრილის მატჩების პრევიუ

იტალიის სერია ა-ს 33-ე ტური დღეს გრძელდება, მატჩების ძირითადი ნაწილით. გუშინ, "ინტერმა" მოუგო "უდინეზეს" სტუმრად, დღეს კი ყველაზე საინტერესო მოვლენები განვითარდება და შესაძლოა "იუვენტუსმა" ჩემპიონობაც იზეიმოს.

 

ჩეზენა Vs ატალანტა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: დინო მანუცი, ჩეზენა

მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"ვერონასთან" გმირული ფრის შემდეგ, "ჩეზენამ" სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა და კვლავ ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. იყო ფრე გენუაში "სამპდორიასთან", მაგრამ ამას "ჯენოასთან" მარცხი მოჰყვა წინა ტურში გასვლაზე. ახლა კი, დომენიკო დი კარლოს გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება, სადაც წაგება სერია ბ-ში გავარდნის ტოლფასი იქნება, პრინციპში ფრეც. "ჩეზენა" რვა ქულით ჩამორჩება სწორედ "ატალანტას", რომელიც ამჟამად მე-17 პოზიციაზე იმყოფება. ვალცანია, მარილუნგო, ტაბანელი, პულცეტი, მაგნუსონი კვლავ ლაზარეშთი არიან, ზე ედუარდო დისკვალიფიკაცირებულია და დი კარლოს იმედი აქვს, რომ მიკროტრავმის მქონე ლუკინი შეძლებს თამაშს, ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდის უკანა ხაზზე.

 

"სასუოლოსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ატალანტამ" ჯერ რომში ითამაშა ფრედ 1:1, ამის შემდეგ კი "ემპოლისთან" სასწაულებრივ გადაარჩინა თამაში ბერგამოში - 1:2-ზე, ბოლო წამებზე შეაგდო დიდებული თავური ხერმან დენისმა, მაგრამ მან ყველაფერი წყალში ჩაყარა ჯერ კიდევ მანამდე. გუნდის კაპიტანმა, მეტოქე გუნდის ცენტრალურ მცველს, ლორენცო ტონელის იდაყვი ჩაარტყა სახეში და დაემუქრა კიდეც, რის გამოც ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და მხოლოდ ბოლო ტურში გავა მინდორზე. ეს "ატალანტასთვის" სერიზოული დანაკლისია, მაგრამ ედუარდო რეიას განკარგულებაში გამოცდილი მაურისიო პინილიაა, ჩილელს შეუძლია დროებით დენისის შეცვლა. რეიამ უკვე 4-2-3-1 ტაქტიკა ჩამოიყალიბა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ნიჭიერ მაქსი მორალესს, ის გუნდის ალბათ მთავარი ფიგურაა. რაიმონდი და ჩერუბინი კვლავ ლაზარეთში იმყოფებინ.

 

თუ "ატალანტა" მოახერხებს გამარჯვების მოპოვებას, ფაქტიურად გაინაღდებს ადგილს სერია ა-ში, მაგრამ იმისათვის, რომ "ქალთევზები" გავარდნენ და მითუმეტეს "ჩეზენა" დარჩეს - ნამდვილი სასწაულია საჭირო.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩეზენა: აგლიარდი - პერისო, ვოლტა, ლუკინი, რენცეტი - ჯორჯი, გასკიონე, კარბონერო - დეფრელი, სუკი, ბრიენცა.

 

ატალანტა: სპორტიელო - ბენალუნი, ბიავა, სტენდარდო, დრამე - ჩიგარინი, კარმონა - საპაკოსტა, მაქსი მორალესი, ა.გომესი - პინილია.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • დინო მანუციზე, "ჩეზენა" 270 წუთიანი უგოლო სერია აქვს სერია ა-ში.

 

  • "ატალანტას" ბოლო ექვსი გასვლითი მატჩი არ მოუგია სერია ა-ში, მაგრამ ზედიზედ სამჯერ ითამაშა ფრედ.

 

  • ეს გუნდები სულ 11-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, "ატალანტამ" ხუთი მატჩი მოიგო და დანარჩენი ექვსი ფრედ დასრულდა.

 

  • სერია ა-ში, "ატალანტამ" სამიდან სამი თამაში მოუგო "ჩეზენას".

 

 

კიევო Vs კალიარი

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: მარკ'ანტონიო ბენტეგოდი, ვერონა

მთავარი მსაჯი: მარკო დი ბელო

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

როლანდო მარანის გუნდი აგრძელებს წარმატებულ სერიას და წინა ტურში გუნდმა "ლაციოს" აართვა ქულები სტუმრად, ალბერტო პალოსკის მორიგი გოლით. გუნდის შემტევი ხაზი უბრალოდ შეუჩერებელი გახდა და საკუთარი გუნდის თამაშით უზომოდ კმაოფილია მარანი. "კიევო" თავის თავს დაემსგავსა და 37 ქულით უკვე მე-14 ადგილზე იმყოფება. ვერონელები უკვე ფიქრობენ მომდევნო სეზონზე, რომელიც აუცილებლად უკეთესი უნდა გამოვიდეს თუ წამყვანი ფეხბურთელები არ წავლენ.  "კიევოს" მეჯორინი და ბირსა დაუბრუნდნენ დისკვალიფიკაციის შემდეგ, მაგრამ ვალტერი სავარაუდო ვერ მოხვდება სასტარტოში. გუნდს კვლავ ფედერიკო მატიელო ვერ ეხმარება საზარელი ტრავმის გამო.

 

როგორც იქნა - "კალიარიმ" სასწაული მოახდინა და გამარჯვება მოიპოვა, თანაც სად? არტემიო ფრანკიზე, "ფიორენტინას" წინააღმდეგ. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "იები" გადაღლილები იყვნენ, მაგრამ ეს სარდინიელების პრობლემა არ არის. ზდენეკ ზემანის განთავისუფლების შემდეგ, ჯანლუკა ფესტამ ჩაიბარა გუნდი დროებით და სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო "კალიარიმ" 3:1, ჩოპის ჩინებული თამაშით. მიუხედავად სერიზოული ფსიქოლოგიური პლიუსისა, "კალიარის" შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ გუნდს დარჩენილი აქვს ორი მატჩი უშუალო კონკურენტის წინააღმდეგ, ამიტომ გამორიცხული მაინც არაფერია. გუნდს, დანილო აველარი ვერ დაეხმარება დისკვალიფიკაციის გამო, მის ადგილს, სავარაუდოდ, ნიკოლა მურუ დაიკავებს დაცვის მარცხენა ფლანგზე.

 

ვერონაში საინტერესო დაპირისპირება გველოდება და ვნახოთ როგორ ითამაშებს "კალიარი", რომელიც იდეალურ განწყობაზეა და ეცდება ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევო: ბიცარი - ფრეი, დაინელი, გამბერინი, ზუკანოვიჩი - სკელოტო, მარიანო ისკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - მეჯორინი, პალოსკი.

 

კალიარი: ბრკიჩი - ბალცანო, როსეტინი, დიაკიტე, მურუ - დესენა, ჟოაო პედრო, ეკდალი - ფარიასი, ჩოპი, მ'პოკუ.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • იტალიის სერია ა-ს ბოლო რვა ტურში, "კიევომ" 12 ქულა მოიპოვა და ერთადერთი მატჩი წააგო (3მ, 3ფ).

 

  • როლანდო მარანის გუნდს ზედიზედ ხუთი თამაში არ წაუგია სერია ა-ში, საკუთარ მოედანზე, რაც 2012 წლის შემოდგომის შემდეგ არ მომხდარა.

 

  • "ფიორენტინას" დამარცხებით, "კალიარიმ" ათმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა სტუმრად.

 

  • "კიევოს" შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს "კალიარისთან" სერია ა-ში.

 

 

პალერმო Vs ტორინო

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: რენცო ბარბერა, პალერმო

მთავარი მსაჯი: ანდრეა ჯერვასონი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, "პალერმომ" მოულოდნელად წააგო სტუმრად "პარმასთან" და ცხრილის ქვედა ნაწილში დაქვეითდა. ჯუზეპე იაკინის გუნდი საკმაოდ არასტაბილური გახდა მეორე წრეში, რაც პრინციპში არ არის გასაკვირი. კლუბი, ახალა იმაზე ზრუნავს თუ რა თანხად გაყიდოს ლიდერები, განსაკუთრებით პაოლო დიბალა, რომლითაც ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" ინტერესდებიან სერიოზულად. ძამპარინი ფიქრობს ფულზე, ფეხბურთელებს კი მოტივაცია არ გააჩნიათ, იაკინისაც უჭირს მათთვის მოდნომების და მოტივაციის ჩანერგვა. ემერსონი, ბარეტო და მორგანელა ლაზარეთში იმყოფებიან, რაც სიახლე ნამდვილად არ არის. ბოლო ტურებში, კარგად წარმოიაჩინა თავი ივაილო ჩოჩევმა და ვნახოთ ეს ფეხბურთელი როგორ დაასრულებს მიმდინარე სეზონს.

 

ჯანპიერო ვენტურას გუნდი აგრძელებს დიდებულად ასპარეზობას - გუნდმა შეწყვიტა ოცწლიანი პაუზა და ტურინული დერბი მოიგო. "ხარებმა", საკუთარ მოედანზე 0:1-დან შემოუტრიალეს "იუვენტუსს", გადამწყვეტი გოლი ფაბიო კვალიარელამ შეაგდო, მატჩის გმირი კი მატეო დარმიანი იყო - ერთი-ერთი საუკეთესო განაპირა მცველი იტალიურ ფეხბურთში. ვენტურას ჩინებული კოლექტივი ჰყავს, ამ გამოცდილმა სპეციალისტმა უდიდესი სამუშაო შეასრულა და გუნდს შეუნარჩუნა სტაბილურობა, კონკურენტუნარიანობა, სტილი და ჯერჯერობით კვლა არის შანსები ევროპის ლიგაზე მოსახვედრად. "ტორინო" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მეექვსე ადგილზე მყოფ "ფიორენტინას". სამწუხაროდ, გუნდს ალესანდრო გაზი და ემილიანო მორეტი ვერ დაეხმარებიან, ორივე მათგანი დისკვალიფიკაცირებულია. მორეტის არყოფნაში, ჩეზარე ბოვოს ხილვაა მოსალოდნელი ძირითადში, გაზის კი, სავარაუდოდ ვივესი ჩაანაცვლებს.

 

რენცო ბარბერაზე საკმაოდ გახსნილი, უხვგოლიანი მატჩია მოსალოდნელი, სადაც ფავორიტის დასახელება რთულია, რადგან ორივე გუნდი ძლიერია და თავისუფლად თამაშობს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

პალერმო: სორენტინო - რისპოლი, ვიტიელო, ჯ.გონსალესი, ანჯელკოვიჩი, ლაზაარი - ჩოჩევი, ჯაიალო, რიგონი - ფრანკო ვასკესი, დიბალა.

 

ტორინო: პადელი - ბრუნო პერესი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, ბოვო, დარმიანი - ბენასი, ვივესი, ელ კადური - კვალიარელა, მაქსი ლოპესი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "პალერმოს", ბოლო ოთხი საშინაო თამაშიდან, მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.

 

  • ბოლო ათი გასვლითი თამაშიდან სერია ა-ში, "ტორინომ" მხოლოდ ერთი წააგო (5მ, 4ფ).

 

  • ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირება სერია ა-ში, ფრედ დასრულდა, აქედან ორი ნულოვანი ფრით.

 

  • "პალერმოს" არასოდეს მოუგია ტურინში, "ხარების" წინააღმდეგ (3ფ, 3წ).

 

 

მილანი Vs ჯენოა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: ჯუზეპე მეაცა, მილანი

მთავარი მსაჯი: .

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

დღეს, ფილიპო ინძაგის და მის კოლექტივს, სავარაუდოდ ბოლო შანსი ექნება, რათა გააგრძელონ ბრძოლა ევროპის ლიგის საგზურისთვის. "როსონერი" 43 ქულით მეათეა და ექვსით ჩამორჩება ევროტურნირების ზონას. "ჯენოა" ოთხი ქულით არის წინ და მილანელები ვალდებულნი არიან მოიგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამთი ამბიციები უსაფუძვლო იქნება. "სამპდორიასთან" და "ინტერთან" ფრის შემდეგ, "მილანმა" ფრიულიზე 1:2 წააგო "უდინეზესთან", რასაც სერიოზული პრობლემები მოჰყვა. ფილიპო ინძაგიმ პირდაპირ შეურაცჰყოფა მიაყენა მოთამაშეებს და მათაც არაფერი დათმეს. ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელმაც პიპოს "მილანისთვის შეუფერებელი" უწოდა, ვინ თუ არა ნეიჯელ დე იონგი? ვეტერანი ჰოლანდიელი, რომელსაც შესაძლოა ინძაგიზე მეტად არ უყვარდეს "მილანი", მაგრამ დღესდღეობით ალბათ ყველაზე გამოცდილია "როსონერის" შემადგენლობაში. ალექსი, მონტოლივო და ელ შაარავი არიან ლაზარეთში, ინძაგი ვალდებულია დღეს სამი ქულა დადოს, რათა კონფლიქტი არ გაცხარდეს.

 

"ჯენოამ" ბოლო პერიოდში მოუმატა და წინა ტურში, "პალერმოსთან" მარცხის გამო, რეაბილიტაცია მოახდინა საკუთარი ქომაგების თვალწინ და 3:1 მოუგო "ჩეზენას". გუნდს ძალიან მოუხდა ბერტოლაჩის დაბრუნება, ფანტასტიკურ ფორმაშია იაგო ფალკე და ნამდვილი აღმოჩენა გახლავთ 26 წლის ლეონარდო პავოლეტი, რომელსაც აქამდე არასოდეს ჰქონდა გატანილი ორი გოლი სერია ა-ში. პავოლეტის, რთული საკადრო მდგომარეობის გამო ანდო ძირითადი პიერპაოლო გასპერინიმ, რომელიც ცდილობს გუნდის ევროპის ლიგაზე გაყვანას, რაც საკმაოდ რთული მისიაა. ტინო კოსტა და მარკო ბორიელო კვლავ ტრავმირებულნი არიან, "ჩეზენასთან" მატჩში კი ბარძაყის დაიზიანა დიეგო პეროტიმ, რომელიც ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ეს სამწუხარო ინფორმაციაა, რადგან არგენტინელი "ჯენოას" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ახლა, ნიანგს მიეცემა შანსი და ვნახოთ როგორ ითამაშებს საკუთარი კლუბის წინააღმდეგ, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება.

 

"ჯენოა" არაფერს დათმობს და ეცდება, რომ მოიპოვოს გამარჯვება, მაგრამ "მილანი" გაბრაზებული, მოტივირებული და მონდომებული იქნება, ამიტომ ვნახოთ როგორი დაპირისპირება გაიმართება ჯუზეპე მეაცაზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მილანი: დ.ლოპესი - აბატე, მექსესი, რამი, ანტონელი - ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა - ჩერჩი, პაცინი, მენეზი.

 

ჯენოა: პერინი - ედენილსონი, რონკალია, ბურდისო, დე მაიო, ბერგდიხი - რინკონი, ბერტოლაჩი - ნიანგი, პავოლეტი, ფალკე.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "მილანს" ზედიზედ ექვსი თამაში არ წაუგია სერია ა-ში, ჯუზეპე მეაცაზე, რაც ამ სეზონში საუკეთესო სერიაა.

 

  • ბოლო რვა გასვლითი თამაშიდან, "ჯენოას" მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, ბოლო ოთხიდან კი - არცერთი.

 

  • "ჯენოას" არასოდეს მოუგია ჯუზეპე მეაცაზე, "მილანის" წინააღმდეგ (2ფ, 7წ).

 

 

სამპდორია Vs ვერონა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: ლუიჯი ფერარი, გენუა

მთავარი მსაჯი: მასიმილიანო ირატი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"სამპდორია" აგრძელებს არასტაბილურად გამოსვლას ეროვნულ ჩემპიონატში. ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, "სამპდორია" წააგო "ფიორენტინასთან", ვერ მოუგო "მილანსა" და "ჩეზენას", წინა ტურში კი სან პაოლოზე დამარცხდნენ 2:4. გენუელები ჯერ კიდევ მეხუთე ადგილზე არიან 50 ქულით, მაგრამ რვით ჩამორჩნენ ჩემპიონთა ლიგის ზონას. "ნაპოლისთან" შეხვედრაში, ედერმა მიიღო მუხლის სერიოზული ტრავმა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. მის არყოფნაში, უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა ლუის მურიელს და ვნახოთ კოლუმბიელი როგორ ათამაშდება. ფაბრისიო კაჩატორე კვლავ ლაზარეთშია. მიჰაილოვიჩი სავარაუდოდ დატოვებს გუნდ სეზონის შემდეგ, მაგრამ რათქმაუნდა სურს, რომ ეს ღირსეულად გააკეთოს და "სამპდორია" რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე გაიყვანოს მიმდინარე სეზონის შედეგად.

 

"ვერონამ" ფლორენციაში შეწყვიტა წარუმატებელი სერია, როდესაც ბოლო წუთებზე იმარჯვა 1:0, რის შემდეგაც შინ მოუგო "სასუოლოს" - 3:2, ლუკა ტონის მორიგი ბრწყინვალე თამაშით. ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი კვლავ აოცებს იტალიური ფეხბურთის მოყვარულს, 37 წლის ასაკში ის ფანტასტიკურად გამოიყურება და გუნდის ლიდერია. ანდრეა მანდორლინის გუნდი უკვე მე-12 ადგილზეა 39 ქულით და გაინაღდა ადგილი იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში, მომავალი სეზონისთვის. იონიტა, ჰალფრედსონი და იანკოვიჩი ლაზარეთში არიან, რაფაელი, მორასი და ობადი კი - დისკვალიფიკაცირებულნი არიან. საინტერესოა რას მოიმოქმედებს მანდორლინი.

 

ლუიჯი ფერარიზე ფავორიტი "სამპდორიაა", მაგრამ "ვერონა" იბრძოლებს და ეცდება, რომ გააგრძელოს წარმატებული სერია.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სამპდორია: ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა - პალომბო, ობიანგი - ე'ტოო, სორიანო, მურიელი - ოკაკა.

 

ვერონა: ბენუსი - პისანო, რაფა მარკესი, გ.როდრიგესი, აგოსტინი - სალა, ტაჰციდისი, ლეანდრო გრეკო - ხ.გომესი, ტონი, ლაზაროსი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდი კვლავ დაუმარცხებელია მიმდინარე სეზონში, ლუიჯი ფერარიზე.

 

  • ზედიზედ სამი თამაში - "ვერონას" 2013 წლის შემოდგომის შემდეგ არ მოუგია სერია ა-ში.

 

  • ბოლო ოთხი გასვლითი მატჩიდან სერია ა-ში, "ვერონას" მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.

 

  • "ვერონას" არასოდეს მოუგია სტუმრად "სამპდორიასთან", ყველა ტურნირზე ერთად: ორი ფრე და ორი წაგება.

 

 

სასუოლო Vs რომა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: ჩიტა დელ ტრიკოლორე, რეჯიო ემილა

მთავარი მსაჯი: პაოლო მაცოლენი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი აგრძელებს იტალიური ფეხბურთის მოყვარულთა გახალისებას, მაგრამ ზედიზედ სამი თამაში არ მოუგია ეროვნულ ჩემპიონატში, რაც რათქმაუნდა ცუდია. თუმცა, "სასუოლოს" არაფერი ემუქრება - 36 ქულა მე-15 ადგილზე მტკიცე არგუმენტია იმისათვის, რომ გუნდი არ გავარდეს სერია ბ-ში. "სოფლელები" კვლავ გახსნილ, შემტევ და ლაღ ფეხბურთს თამაშობენ, რაც მეტოქეებსაც სერიოზულ შანსებს აძლევთ, რადგან დი ფრანჩესკოს არც ისე ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს. მითუმეტეს ახლა, როდესაც გაცოლა, ანტეი, ვრსალკო, ტერანოვა არიან ტრავმირებულნი, აგრეთვე მაგნანელი ვერ ეხმარება გუნდს, რაც ალბათ ყველაზე დიდი დანაკლისია, დომენიკო ბერარდისთან ერთად. ეს უკანასკნელი უბრალოდ დისკვალიფიკაცირებულია და მის ნაცვლად, ანტონიო ფლორო ფლორესის ხილვაა მოსალოდნელი ძირითადში.

 

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, "რომამ" ზედიზედ ორი ფრე ითამაშა და წინა ტურში "ინტერთან" წააგო სტუმრად, სრულიად დამსახურებულად. "მგლებმა" კარგი მეორე ტაიმი ჩაატარეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გუნდს სერიოზული პრობლემები გააჩნია, პირველ რიგში ეს ეხება შეტევით ხაზს. ფრანჩესკო ტოტი ამოვარდნილია ფორმიდან, ჟერვინიო ახლახანს დაბრუნდა, იტურბეც არ არის ოპტიმალურ კონდინციებში, ერთადერთი ადამ ლიაიჩი გამოიყურება შედარებით სტაბილურად და ყოველ თამაშში რაღაცას ქმნის. "კალიარიდან" გადაბირებული ვიქტორ იბარბოც ჯერჯერობით ვერაფერს აკეთებს, სეიდუ დუმბიას მსგავსად. რუდი გარსიას გუნდი 58 ქულით მესამე ადგილზეა და უკვე მხოლოდ ორით უსწრებს "ნაპოლის", ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ "რომამ" დაკარგოს ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელიც ბევრს ნაადრევად ეგონა გაფორმებული. კასტანი და სტროტმანის გარდა, მიმდინარე სეზონში მაიკონიც ვეღარ ითამაშებს.

 

ფურცელზე ფავორიტი "რომაა", მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, "სასუოლო" არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სასუოლო: კონსილი - ტაიდერი, პაოლო კანავარო, აჩერბი, პელუზო, ლონგი - ბიონდინი, მისიროლი - ფლორო ფლორესი, ძაძა, სანსონე.

 

რომა: დე სანკტისი - ფლორენცი, ასტორი, მანოლასი, ტოროსიდისი - პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი - ჟერვინიო, ლიაიჩი, იბარბო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიმდინარე სეზონში, "სასუოლომ" მხოლოდ სამი საშინაო მატჩი წააგო სერია ა-ში: "ნაპოლის", "ფიორენტინას" და "ლაციოს" წინააღმდეგ.

 

  • ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან, "რომამ" მხოლოდ ერთი წააგო ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • ამ გუნდების წინა სამი დაპირისპირებიდან სერია ა-ში, ორი ფრედ დასრულდა რომში, რეჯიო ემილაში კი "მგლებმა" 2:0 იმარჯვეს.

 

 

ლაციო Vs პარმა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: სტადიო ოლიმპიკო, რომი

მთავარი მსაჯი: ჯამპაოლო ჯალვარესე

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"ლაციოს" ფანტასტიკური მოგებათა სერია ტურინში შეწყდა, სადაც "ცისფრებმა" კარგად ითამაშეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ - 0:2 "იუვენტუსთან". ამის შემდეგ კი, "ლაციომ" "კიევოსთან" დაკარგა ქულები საკუთარ მოედანზე, მაგრამ მაინც მოახერხა მეორე ადგილზე გადასვლა და "რომას" ერთი ქულით გაასწრო. სტეფანო პიოლის გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება და დღეს აუცილებლად სამი ქულისთვის იბრძოლებს. ბოლო ტურებში, "ლაციოს" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს, მაგრამ სწორედ ასეთ პრობლემებს უნდა შეეჭიდო, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გსურს გასვლა და ამ საგზურისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. პიოლის მთავარი პრობლემები ნახევარდაცვაში აქვს, რადგან ტრავმირებულია ბილია და ჯერ საეჭვოა მარკო პაროლოს თამაში. გარდა ამისა, წინა ტურში ოგენი ონაზიმ აიკიდა დისკვალიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ნახევარდაცვის ცენტრში, ახალგაზრდა კატალდის თამაშია მოსალოდნელი. დე ვრეი და ჯენტილეტი კვლავ ლაზარეთში არიან. ასევე საეჭვოა მიროსლავ კლოზეს თამაში, რომელმაც "კიევოს" ფანტასტიკური გოლი გაუტანა. ვეტერან გერმანელს, სავარაუდოდ კეიტა ბალდე შეცვლის, რომელიც ამას, როგორც წესი, წარმატებით აკეთებს.

 

"პარმას" გმირობები გრძელდება - "ემპოლისთან" სტუმრად ფრედ 2:2-ს შემდეგ, "ჯვაროსნებმა" 1:0 მოუგეს საკუთარ მოედანზე "პალერმოს" და დაამტკიცეს, რომ კარის გაჯახუნებას აპირებენ. რობერტო დონადონის გუნდს ვეღარაფერი უშველის, მაგრამ "პარმას" ქომაგები უზომოდ ბედნიერები არიან საკუთარი გუნდის ასეთი თამაშით, "ჯვაროსნები" მხოლოდ ქებას და პატივისცემას იმსახურებენ. "პარმა" 16 ქულით უკანასკნელია და ეცდება, რომ ბოლო ტურებში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვოს, რაც მაინც არ იქნება საკმარისი. გალოპა ტრავმირებულია კვლავ, ფედალი და ანდრეა კოსტა კი - დისკვალიფიკაცირებულნი არიან.

 

"ლაციო" აშკარა ფავორიტია, მაგრამ "პარმასგან" გასაკვირი აღარაფერი არის. რომში, წესით კარგი, სანახობრივი მატჩი უნდა გაიმართოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლაციო: მარკეტი - ბასტა, ნოვარეტი, მაურისიო, რადუ - კატალდი, ლედესმა, ლულიჩი - კანდრევა, კეიტა, მაური.

 

პარმა: მირანტე - კასანი, სანტაგროკე, ლუკარელი, გობი - ხოსე მაური, ხორკერა, ნოჩერინო - ბელფოდილი, კოდა, ვარელა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ლაციოს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს ეროვნულ ჩემპიონატში, სტადიო ოლიმპიკოზე (4მ, 1ფ).

 

  • "პარმას" კი, ბოლო 12 გასვლითი თამაში არ მოუგია სერია ა-ში.

 

  • "ლაციოს" ხუთმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს "პარმასთან", იტალიის ჩემპიონატში.

 

  • სტადიო ოლიმპიკოზე კი, "პარმამ" 2009 წელს იმარჯვა ბოლოს, მას შემდეგ კი ოთხიდან ოთხი მატჩი წააგო სერია ა-ს ეგიდით.

 

 

იუვენტუსი Vs ფიორენტინა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXIII ტური

თარიღი: 22:45 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: იუვენტუს არენა, ტურინი

მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports; NTV+ Football2

 

მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" უგოლო ფრე გააგორა "მონაკოსთან" მონტე კარლოში და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, "ბიანკონერიმ" ტურინული დერბის წაგება მოახერხა სტუმრად - 1:2. "იუვეს" ჰქონდა მომენტები, მაგრამ ვერ მოახერხა მათი რეალიზება, მაგრამ ეს კატასტროფა არ არის. "ბებერი ქალბატონი" პრაქტიკულად ჩემპიონია და ეს წოდება შესაძლოა დღესაც გაიფორმონ ოფიციალურად, უბრალოდ ამისათვის სამი ქულა სჭირდებათ და კონკურენტთა წაფორხილება. "ბიანკონერის" ძალიან კომფორტული სიტუაცია აქვს და ახლა, ეს გუნდი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე ფიქრობს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, მაგრამ მანამდე ორი ძალიან რთული მატჩი ელოდება ჩემპიონატში, მათ შორის დღევანდელი დაპირისპირება "ფიორენტინასთან". ასამოა, კასერესი, რომულო და პოგბა კვლავ ტრავმირებულნი არიან, ლეონარდო ბონუჩი კი - დისკვალიფიკაცირებულია. იტალიელი ცენტრალური მცველი დაისვენებს და მის ადგილს, ვეტერანი ბარძალი დაიკავებს. სხავ მხრივ, არ არის მოსალოდნელი განსაკუთრებული ცვლილებები, მასიმილიანო ალეგრის გუნდი კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს მნიშვნელოვან თამაშს.

 

"იუვეს" მსგავსად, "ფიორენტინაც" გავიდა ნახევარფინალში, ოღონდ ევროპის ლიგის. კიევის "დინამოს" შინ დამარცხების შემდეგ, "იებმა" "კალიარისთან" წააგეს 1:3 და ზედიზედ მეორე საშინაო თამაში წააგეს სერია ა-ში. ბოლო სამ ტურში მოპოვებული ნული ქულის წყალობით, ფლორენციული კლუბი უკვე მეექვსეა და მხოლოდ ერთით უსწრეს "ინტერს", ორით "ჯენოასა" და "ტორინოს", რომლებიც ასევე დღეს ჩაატარებენ საკუთარ თამაშებს. ვინჩენცო მონტელამ აღნიშნა, რომ დროა მისი გუნდი მიხვდეს, რომ საჭიროა უკეთ თამაში და უფრო მეტი მონდომება. "ფიორენტინას" სერიოზული პრობლემები აქვს შეტევაში, ბაბაქარი სეზონის ბოლომდე გამოაკლდათ "იებს", მარიო გომესი კი არ არის ფორმაში. მოჰამედ სალაჰსაც ვეღარ გააქვს ისე ხშირად, როგორც ადრე და ნელ-ნელა "ფიორენტინა" კარგავს პოზიციებს ცხრილში, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

ტურინში, ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება და იმედია გუნდები კარგ სანახაობას გვაჩუქებენ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი: ბუფონი - ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, პადოინი - ვიდალი, პირლო, მარკიზიო - რ.ფერეირა - მორატა, ტევესი.

 

ფიორენტინა: ნეტო - სავიჩი, გ.როდრიგესი, ბასანტა, პასკუალი - ვალერო, აკვილანი, მატიას ფერნანდესი - ხოაკინი, მარიო გომესი, სალაჰი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ტურინის "იუვენტუსს" ზედიზედ რვა საშინაო თამაში აქვს მოგებული სერია ა-ში.

 

  • "ფიორენტინამ" 2012 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • სერია ა-ს ეგიდით, "იუვენტუსს" ზედიზედ ექვსი საშინაო თამაში არ წაუგია "ფიორენტინასთან".

 

იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კარლოს ტევესი იუვენტუსი 18 2
2 მაურო იკარდი ინტერი 18 4
3 ლუკა ტონი ვერონა 17 3
4 ჟერემი მენეზი მილანი 16 8
5 გონსალო იგუაინი ნაპოლი 15 3


უკან დაბრუნება