Fci.ge

ჩელსი ინგლისის ჩემპიონია!


3-05-2015

ჩელსი ინგლისის ჩემპიონია!

ალან პარდიუმ და მისმა "არწივებმა" ლონდონური დღესასწაული ვერ ჩაშალეს, "ჩელსი" - ინგლისის ჩემპიონია! 

 

ჟოზე მოურინიოს გუნდმა რამდენიმე წუთის წინ 1:0 დაამარცხა საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასი" და ოფიციალურად გაიფორმა ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტული, სამი ტურით ადრე, "არისტოკრატებს" 13 ქულიანი უპირატესობა აქვთ, ისინი მიუწვდომელნი არიან.

 

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ - "ჩელსიმ" კვლავ მოიგო პრემიერ ლიგა, რაც არავისთვის არის სიურპრიზი, მოურინიომ საწადელს მიაღწია და კარიერაში მესამედ მოიგო პრემიერ ლიგა, "ჩელსიმ" კი მეოთხედ და ამ მაჩვენებლით გადაასწრო პრინციპულ მეტოქე ლონდონის "არსენალს".

 

"ჩელსიმ" გაიმეორა 2004/05 წლების სეზონის შედეგი და 35-ე ტურში გაიფორმა ტიტული, რაც ამ კლუბისთვის საუკეთესო შედეგია. თუ "ლურჯები" დარჩენილ სამივე თამაშს მოიგებენ, მაშინ 28 გამარჯვებას დააგროვებენ სეზონში, რაც საკლუბო რეკორდი იქნება.

 

"ჩელსის" ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა, პრემიერ ლიგა პირველად მოიგო, ამიტომ ეს მათთვის განსაკუთრებული მოვლენაა, ჯონ ტერიმ და დიდიე დროგბამ კი მეოთხედ იზეიმეს ჩემპიონობა.

 

ახლა კი, "არისტოკრატების" კომენტარებს გადავხედოთ, რომლებიც უზომოდ ბედნიერები არიან:

სესკ ფაბრეგასი: "ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს. ჩვენ, ყველანი, ძალიან ბევრს ვმუშაობდით და ვბრძოლობდით ამისათვის, ძალიან ბედნიერი ვარ. "ჩელსი" საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდია, ახლა ზეიმის დროა, ჩემპიონები ვართ!".

 

გარი კეჰილი: "არანორმალური მომენტია, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამისათვის და ნამდვილად დავიმსახურეთ ჩემპიონობა. ასე ადრე ტიტულის მოგება სიგიჟეა, განსაკუთრებული მოვლენა. დღეიდან-დღემდე მუშაობ ამ მომენტისთვის, საოცარი გრძნობაა".

 

ედენ აზარი: "არანორმალურია, დავიმსახურეთ ჩემპიონობა. 13 ქულით ვართ წინ, ყველაფერი დასრულდა. უკვე მოვიგეთ ინგლისის თასი, ახლა კი პრემიერ ლიგის ტიტულიც მოვიგეთ. მოურინიომ თავდაჯერებულობა შემმატა, საუკეთესო ფეხბურთის თამაშის ჩვენებაში დამეხმარა. გუნდს ვჭირდები, მათთვის აუცილებელია ჩემნაერი ფეხბურთელი".

 

დიდიე დროგბა: "ვფიქრობ, ეს ყველაზე ტკბილი გამარჯვებაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ, მაგრამ "ჩელსი" ჩემზე დიდია და ყოველთვის მოიგებს ტიტულებს. ქომაგები დიდებულნი არიან, საუკეთესონი. რა იქნება შემდეგი? კარგი დასვენება, კარგი ზეიმი და ასე შემდეგ".

 

ჯონ ტერი: "ცოტათი სანერვიულო თამაში გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვეთ, ჩემპიონები ვართ. "კრისტალ პალასი" კარგი გუნდია და საქმე გაგვირთულა. ყოველი მატჩის ყოველი წუთი ვითამაშე, რაც ჩემთვის დიდებულია. მზად ვიყავი ყველაფრისთვის და მინდორზე მაქსიმუმი დავდე. პირველი ტიტული განსაკუთრებული იყო, მაგრამ როდესაც ოთხი-ხუთი წელი ვეღარ იგებ ჩემპიონატს, ძალიან გტკივა გული, ამიტომ დიდი სიამოვნება უნდა მივიღოთ".


უკან დაბრუნება