Fci.ge

დელ ბოსკე: რთული თამაში გამოვიდა


15-06-2015

დელ ბოსკე: რთული თამაში გამოვიდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, შეაფასა საკუთარი გუნდის გუშინდელი მატჩი სტურმად ბელარუსთან, რომელიც "ფურია როხამ" სესკ ფაბრეგასის ერთადერთი გოლით მოიგო.

 

"საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ თამაშით. მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით ბურთს და მატჩის მსვლელობას, მეორე ტაიმის 15 წუთის გამოკლებით, როდესაც მოწინააღმდეგე მაღალ დონეზე მოქმედებდა.

 

ანგარიშზეც ჩანს, რომ თამაში რთული გამოვიდა. თუმცა, მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, რომელიც დაგვეხმარება ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში. ახლა, სამი გუნდი თანაბრად მიდის ჯგუფში და თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია იმისათვის, რომ ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. ბელორუსები საკმაოდ ჩაკეტილნი იყვნენ. ვცდილობდით არ დაგვერღვია თამაშის წესები და არ აგვეკიდა კუთხურები, რათა მეტოქეს "მეორე სართულის" უპირატესობა არ გამოეყენებინა.

 

ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მეასე მატჩის აღნიშვნას არ ვაპირებ. მე საკუთარ თავზე მეტად, მოთამაშეების წარმატება მახარებს, განსაკუთრებით მათი, რომლებიც გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდნენ. მაგალითად, ალვარო მორატა", - განაცხადა ლეგენდარულმა დელ ბოსკემ.


უკან დაბრუნება